,,ქართულ ოცნებას

,,ქართულ ოცნებას" თბილისის საკრებულოში უკვე საკუთარი ფრაქცია აქვს

 

საქართველოს პოლიტიკურ არენაზე ძალთა გადანაწილება გრძელდება. მცირემასშტაბიანი პოლიტიკური გადაჯგუფება თბილისის საკრებულოშიც მოხდა. კერძოდ, ფრაქცია „დედაქალაქი“, რომლის წევრებიც იყვნენ „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა, „თავისუფალი გზის“ წევრი ნათელა მაჭავარიანი და „ხალხის პარტიის“ ლიდერი კობა დავითაშვილი, დაიშალა.

ამის შესახებ ინფორმაცია კახა კუკავამ სოციალურ ქსელ facebook-ში საკუთარ გვერდზე დადო, სადაც ეწერა - „დღეს დილით საკრებულოს აპარატის უფროსმა შემატყობინა, რომ ჩვენი ფრაქციიდან გასულან კობა დავითაშვილი და ნათელა მაჭავარიანი.

 დეპეშა მაინც გამოეგზავნათ :).“

presage.tv ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად კობა დავითაშვილს დაუკავშირდა. მან ჩვენთან საუბარში დაადასტურა, რომ ფრაქცია მართლაც დატოვა, ამასთანავე დედაქალაქის საკრებულოში ახალი ფრაქციის შექმნის შესახებ შეგვატყობინა.

„ფრაქცია „დედაქალაქი“ გუშინ დაიშალა. მე, ვიქტორ დოლიძემ და ზურაბ აბაშიძემ ჩამოვაყალიბეთ ახალი ფრაქცია და ამიტომ დავტოვე ფრაქცია „დედაქალაქი“.

presage.tv-ს  კითხვაზე, ეს გადაწყვეტილება ხომ არ არის დაკავშირებული იმასთან, რომ ვიქტორ დოლიძეც, ზურაბ აბაშიძეც და კობა დავითაშვილიც კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრები არიან, კობა დავითაშვილი დადებითად პასუხობს და ამბობს, რომ ვინაიდან ისინი ერთ კოალიციაში არიან, მიაჩნიათ, რომ საკრებულოშიც ერთი ფრაქციის ფარგლებში მათი მუშაობა უფრო ეფექტური იქნება.

ახალი ფრაქცია „თბილისის“ შექმნა და მასში დავითაშვილთან ერთად ნათელა მაჭავარიანის გაწევრიანება დაადასტურა ზურაბ აბაშიძემაც.

ამის შემდეგ კახა კუკავას პოზიციით დავინტერესდით. როგორც გაირკვა, კუკავასთვის დავითაშვილისა და მაჭავარიანის გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა, თუმცა, იგი ამბობს, რომ ზოგადად ლოგიკურია, რომ ადამიანებმა, რომლებიც ერთ კოალიციაში არიან გაწევრიანებულები, საკრებულოშიც ერთ ფრაქციაში მოიყარონ თავი.

„ლოგიკურია მათი გადაწყვეტილება, რადგან ერთი პოლიტიკური პლატფორმა აქვთ.  უბრალოდ, წინასწარ არაფერი შეუტყობინებიათ  ჩემთვის, თორემ, ზოგადად მათი გადაწყვეტილება ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა“, - აცხადებს კახა კუკავა presage.tv-სთან საუბარში.

მისი თქმით, ვინაიდან ფრაქცია „დედაქალაქი“ დაიშალა, დღეიდან კუკავა საკრებულოში მოღვაწეობას გააგრძელებს, როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი.