NDI-სა და IRI-ს გაზაფხულის კვლევები როგორც იქნა, მოვითავეთ, თუმცა NDI-ს ქართული ოფისის ხელმძღვანელმა ლუის ნავარომ გვამცნო, რომ არჩევნებამდე კიდევ ორი კვლევის ჩატარებას აპირებს.
„არა მხოლოდ ნავარო, ასეთი ტიპის გამოკვლევებს ძალიან ბევრი ორგანიზაცია ჩაატარებს. მერე „რუსთავი 2“ და „იმედიც“ ჩაატარებენ რაღაც გამოკვლევებს, ეს არის პრაქტიკა საარჩევნო წელს მოსახლეობის განწყობის კონტროლისთვის. ანუ, მოსახლეობას ამ კვლევებით უგზავნიან მესიჯს, რომ აგერ, ასეთია შედეგი და ვიღაც-ვიღაცეებზე დიდი წარმოდგენა ნუ გაქვთო.
პირველ რიგში, ძალიან დიდ პატივს ვცემ ბატონ ნავაროს საქმიანობას, მაგრამ როდესაც იმ საზოგადოების დიდი ნაწილი, ვისთვისაც ეს კვლევა ტარდება, მის მიერ ჩატარებულ კვლევებს ეჭვით უყურებს, იქნებ იფიქროს ბატონმა ნავარომ ისეთ მეთოდოლოგიაზე, რომელიც ეჭვქვეშ არ დააყენებს მისი კვლევის შედეგებს. ვიცი, მაგალითად, რომ როდესაც NDI ემზადებოდა კვლევის ჩასატარებლად, სხვადასხვა სოციოლოგებმა შესთავაზეს, რომ ერთად განეხილათ სხვადასხვა საკითხები, თავიდან მან თანხმობა განაცხადა თუმცა საბოლოოდ ეს კონსულტაციები მაინც არ შედგა“,- ამბობს ექსპერტი კახი კახიშვილი.
საზოგადოების აზრისა და განწყობის კვლევა და, ასე ვთქვათ, საზოგადოების პულსზე ხელის დადება ყოველთვის საინტერესოა, თუმცა სიტუაციას ძაბავს ის მომენტი, რომ ამერიკული ორგანიზაციების კვლევის პოლიტიკურ ნაწილს სახელისუფლებო პარტიისა და მისი სატელიტი სუბიექტების მეტი არავინ ეთანხმება. საკამათო ხდება ზოგიერთ საზოგადოებრივ საკითხთან მიმართებაში გამოკითხულთა პოზიციაც.
მორიგი მითქმა-მოთქმა პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერის, კახა კუკავას განცხადებას მოჰყვა, სადაც ის ამბობს, რომ არა პრო-ამერიკული პოლიტიკური ძალები IRI-ის გამოკითხვაში საერთოდ არ ფიქსირდებიან, „ამ ფარსის თანამონაწილეები - მეორე და მესამე ადგილზე გასული პარტიები გამოკითხვის შედეგებს ცალკეულ ნაწილში მორცხვად აკრიტიკებენ, თუმცა მთლიანობაში გამოკითხვის სანდოობას სადავოდ არ ხდიან“, - აცხადებს კუკავა.
როგორც კუკავა ამბობს, NDI-ის კვლევების მიხედვით, „თავისუფალი საქართველოს“ რეალური რეიტინგი 14% შეადგენს, რაც საპრეზენტაციო ვერსიაში არ გამოქვეყნებულა. კუკავა NDI-ის კვლევას არაობიექტურს უწოდებს და იმასაც აცხადებს, რომ აღნიშნულ კვლევაში „თავისუფალი საქართველო“ საერთოდ ამოღებული იყო.
კუკავა pesage.tv-სთან საუბრისას იმასაც აცხადებს, რომ ეს ორგანიზაციები ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტისა და აშშ-ს საელჩოს აზრს გამოხატავენ.
თავის დროზე NDI-ის კვლევაზე მძაფრი რეაქცია ჰქოდა კოალიცია „ქართულ ოცნებასაც“ და მისმა წარმომადგენლებმა არჩევნებამდე სოციოლოგიური კვლევების შეჩერებაც კი მოითხოვეს და იმის მიუხედავად, რომ ადრესატი არ იყო, აშშ-ს ელჩს NDI-ის კვლევაზე პრეტენზიებით სავსე წერილიც გაუგზავნეს. ასე რომ, ამ ორგანიზაციის კვლევებით უკმაყოფილო მხოლოდ არა პროამერიკული ძალები არ არიან.
ეჭვები და პასუხგაუცემელი კითხვები დაუგროვდათ არა მხოლოდ პოლიტიკოსებსა და ექსპერტებს, არამედ სოციოლოგებსაც.
თუმცა, რისთვის ირჯებიან ეს ორგანიზაციები, თუკი ობიექტურ სურათს ვერ ასახავენ, უცნობია. თანდათან უფრო მძაფრდება ეჭვი, რომ ხელისუფლებისთვის ხელსაყრელი სურათის დადება და ამით საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედება მხოლოდ ხელისუფლებას აწყობს, ამისთვის კი ავტორიტეტულ ორგანიზაციებს იყენებს.
„ერთ პუნქტში, რომ ამ ორგანიზაციის კვლევები არაობიექტურია, კუკავას ვეთანხმები, მაგრამ მეორე ნაწილში, სადაც მას ახსნა უნდა ამ არაობიექტურობის, ძნელია დათანხმება. კერძოდ, ეს რომ აშშ-ს საელჩოსა და ადმინისტრაციის პოზიცია იყოს, სურათი სხვანაირი იქნებოდა. ვიცით, აშშ-ს მომავალი და მოქმედი ელჩების შეფასებები და ერთმანეთზე უფრო მომთხოვნია საქართველოს მთავრობის მიმართ. მომთხოვნია არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების საკითხში ამ პოზიციის არდანახვა შეუძლებელია, მითუმეტეს, როდესაც აშშ-ს პოზიცია იყო გადამწყვეტი ბევრ იმ დათმობაში, რომელიც ხელისუფლებამ გააკეთა ივანიშვილის ფიგურის სასარგებლოდ, ამის არდანახვის მოტივი გაუგებარია“, - ამბობს ექსპერტი რამაზ საყვარელიძე.
გამოხატავენ თუ არა ეს ორგანიზაციები აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განწყობას თუ NDI და IRI ქართულ რელობას ისე შეერწყა, რომ მისი ერთადერთი მიზანი „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერა გახდა, უპასუხოდ რჩება. ექსპერტები იმასაც ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, დაზიანებული ველი და ცოტა არაკეთილსინდისიერება ერთობლიობაში იძლევა სურათს, რაც რეალობისგან საკმაოდ განსხვავებულია.
რამაზ საყვარელიძე: ამერიკული მხარისა და NDIა და IRI-ს პოზიციები ერთმანეთისგან განსხვავდება, თუმცა ეს კიდევ სხვა საკითხია და სულ არ არის საჭირო ერთ მთლიანობაში განიხილო აშშ-ს ადმინისტრაცია და ეს ორგანიზაციები. ეს ამერიკაა და არ არის საქართველო, სადაც დამოუკიდებელი „ენჯეო“ თითქმის არ არსებობს. არასამთავრობო ორგანიზაციებს თავიანთი პოლიტიკა აქვთ და თავიანთი ხაზი, თუმცა, ეს არასამთავრობო ორგანიზაციები რა ურთიერთობაში არიან ხელისუფლებასთან, ეს ცალკე თემაა. ელჩს ცვლიან ხოლმე იმის გამო, რომ ადგილობრივ ვითარებას არ შეეგუოს და მისი ათქვეფა არ მოხდეს ადგილობრივ გარემოსთან. NDI და IRI როგორც ჩანს, მეტისმეტად გაუშინაურდა და დაუახლოვდა ხელისუფლებას და, როგორც ჩანს, უფრო ადვილად დგამენ ისეთ ნაბიჯებს, რომელიც აწყობს საქართველოს ხელისუფლებას, ვიდრე ისეთს, რომელიც მისაღები იქნება ამერიკის ხელისუფლებისათვის.
ზაზა შათირიშვილი, ფილოსოფოსი: როდესაც NDI და IRI ატარებენ კვლევებს, ქირაობენ ადგილობრივ სპეციალისტებს და მათ უბრალოდ ვერ წარმოუდგენიათ, რომ ვისაც ქირაობენ, შეიძლება იყვნენ ასეთი ნახევრად კეთილსინდისიერები. მეორე მხრივ, თვითონ კვლევის ველი იმდენად გადღაბნილი, არეულ-დარეული და ატალახებულია, ძალიან ძნელია სურათის შექმნა. მოსახლეობის გარკვეული ნაწილი არ არის გულწრფელი, ამბობენ ერთს, ფიქრობენ მეორეს და ხმას აძლევენ სულ სხვანაირად. ესეც სერიოზული პრობლემაა, რომ ნდობის ფაქტორი სრულიად დარღვეულია. თუმცა, გარკვეული არაპროფესიონალიზმიცაა.
სამწუხაროდ, ასეთი მომენტები (ნავაროს უარი სხვა სოციოლოგებთან კონსულტაციაზე) ეჭვს აჩენს. ამერიკის შეერთებული შტატების ისტებლიშმენტი და ლუის ნავარო თუ მის მიერ დაქირავებული სპეციალისტები ერთ კონტექსტში არ უნდა განვიხილოთ. ეს არ არის ფეოდალური სისტემა, მოგეხსენებათ, დემოკრატია არ არის ყველაზე სრულყოფილი, ის არსებულ სისტემებს შორის ყველაზე უკეთესია. ასე რომ, ვერ გავიზიარებ იმ აზრს, რომ ეს აშშ-ს პოზიციაა.
პრობლემას ქმნის სოციუმის განწყობაც, რომ ის მალავს პოზიციას და თუ რატომ, ამას თავისი მიზეზები აქვს, არის კიდევ გარკვეული პიროვნული ურთიერთობების მომენტიც, რა თქმა უნდა ისიც, რომ ნავარო არ თანამშრომლობს სხვა სოციოლოგებთან, მართლაც ბადებს გარკვეულ ეჭვებს, მაგრამ ვიტყოდი იმასაც, რომ არ ღირს შორს წასვლა და სჯობს, გავჩერდეთ ნავაროს დონეზე.
ეს კვლევები საზოგადოებაზე ზემოქმედებას ვერ მოახდენს, ხომ ვიცით, რომ არსებობს სხვა კვლევებიც, რომლებიც საკმაოდ განსხვავებულ სურათს გვაჩვენებენ. მაქვს ნანახი სხვა კვლევები, რომელთა დასახელება არ შემიძლია, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ აბსოლუტურად სხვა სურათია. ორი-სამი წლის წინ ასეთი კვლევები კიდევ შეიძლებოდა ზეგავლენად ჩაგვეთვალა, დღევანდელ სიტუაციაში კი არ ვიცი, მოახდენს ისეთ ზეგავლენას, როგორიც შეიძლებოდა მოეხდინა 2-3 წლის წინ? არ მგონია“.
კახი კახიშვილი: არ ვიცი, ნავარომ რამდენად იცის სოციალური ფონი საქართველოში როგორია, მაგრამ არ მგონია ხალხი, რომელიც ასეთ გაჭირვებაშია, კმაყოფილი იყოს, ან ამ ხელისუფლებით, ან ქვეყანაში არსებული მდგომარეობით.
ეს ორი ორგანიზაცია არის მათი და ამიტომ, უკავშირდება აშშ-ს როგორც სახელმწიფოს. აქედან გამომდინარე, უნდა ვივარაუდოთ, რომ როდესაც იზრდება მოსახლეობის უნდობლობის პროცენტი, ამ ორგანიზაციების მიმართ, პირველ რიგში, აშშ-ს მთავრობა უნდა დაფიქრდეს, რამდენად უღირს, რომ ერთი მხრივ, მათ მიერ დახარჯული ფულით მიღებულ კვლევებს უნდობლობა მოჰყვეს და მეორე, მოსახლეობამ იფიქროს, რომ აშშ მის შიდა პოლიტიკაში აშკარად ერევა ამ კვლევების მეშვეობით.
ერთია, რომ შენი სურვილით კვლევა ჩაატარო, მაგრამ ამ შენი კვლევით რომ შემდეგ ხუთდღიან ბრიფინგებს მართავ, მოსახლეობას აცნობ შედეგებს ისე, რომ მანამდე არავინ არ გთხოვდა, გინდა თუ არა, კვლევა ჩაატარეო, მაშინ რამენაირად უნდა შეათანხმო ამ საზოგადოებასთან, როგორ აპირებ ამ კვლევის ჩატარებას. ან, უნდა გახადო გამჭვირვალე კვლევის ჩატარების პროცესი.
კიდევ ვიმეორებ, კვლევის ჩატარების დროს ძალზე მნიშვნელოვანია ველის სწორად შერჩევა. გააჩნია როგორ სამიზნე ჯგუფს ამოირჩევ, შესაძლებელია,100%-იანი შედეგიც კი მიიღო.
თუ მიზანია, რომ პოლიტიკურ პარტიებს გააცნო ეს კვლევის შედეგები, ეგებ პოლიტიკურ პარტიებსაც გააცნო ეს თემა. მეორეა, რომ NDI უშუალოდ თვითონ კვლევებს არ ატარებს და მას სხვა ორგანიზაციებს უკვეთავს, როდესაც რამდენჯერმე ერთი და იგივე ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ კვლევებს მოჰყვა უნდობლობა, მინიმუმ, ის ორგანიზაცია მაინც უნდა შეცვალო, ვინც ამ კვლევებს ატარებს“.
ექსპერტთა ნაწილი იმასაც უშვებს, რომ შესაძლოა, არა ამ კონკრეტული ორგანიზაციების მეშვეობით და არა ამ კონკრეტულ მომენტში, მაგრამ აშშ იქნება ეს თუ სხვა ქვეყანა, საქართველოში საკუთარი პოლიტიკის გატარებისთვის სხვადასხვა მეთოდებს იყენებდეს. შესაძლოა, მათ ჩვენს ქვეყანაში თავისი ფავორიტებიც ჰყავდეს, მაგრამ როგორც რამაზ საყვარელიძე ამბობს: „პირდაპირ ვერცერთი ქვეყანა ვერ იტყვის ვის უჭერს მხარს, ასეთი ოდიოზური მინიშნებები რამდენჯერმე პუტინმა გააკეთა თავის დროზე ამა თუ იმ არჩევნების დროს, ეს იყო უკრაინაში, აფხაზეთში და ა.შ. და მიიღო კიდეც შედეგები. ასეთ ნაბიჯს, რომ აშკარად დააფიქსიროს ვის უჭერს მხარს, სერიოზული პოლიტიკური მოღვაწე არ გადადგამს“.
კახი კახიშვილი ამბობს, რომ აშშ-ს პოზიცია გააჟღერა ობამამ სააკაშვილთან შეხვედრის დროს, როდესაც თქვა, რომ საქართველო და საქართველოს პრეზიდენტი არის დემოკრატიის შუქურა რეგიონში და კარგი იქნებოდა, ხელისუფლების ფორმალური გადაბარება მომხდარიყო.
„აშშ ყველა სახელმწიფოსთან ურთიერთობაში გამოდის, პირველ რიგში, საკუთარი და არა იმ მოსახლეობის ინტერესებიდან, რომელიც იქ ცხოვრობს. აქედან გამომდინარე, მათთვის მნიშვნელოვანი აშშ-ს პოლიტიკის უალტერნატივო გატარებაა, ანუ განხილვა კი არ დაიწყოს, რამდენად მისაღებია აშშ-ს წინადადება, არამედ შესრულებული იყოს ისე, როგორც აშშ-ს სურს. ამ მხრივ მას პრობლემა არ ექმნება და ის, რომ აქაური მოსახლეობის სოციალური ინტერესებიდან გამომდინარე დაიწყებენ პოლიტიკურ დაფაზე ფიგურების შეცვლას, ასე არ იქნება და სხვათა შორის, ამისი წინაპირობა არც ჩანს, იმიტომ, რომ როდესაც მათ უნდოდათ შევარდნაძის შეცვლა, ძალიან აქტიური იყო როგორც საელჩო, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციები. ამ ორგანიზაციების, ტელევიზიების, სამოქალაქო სექტორის, არასამთავრობო ორგანიზაციების დემოკრატიის თვალსაზრისით გაძლიერებით. „კმარა“ ფინანსდებოდა, ფინანსდებოდა ისეთი მნიშვნელოვანი პროექტი, როგორიცაა საგამოძიებო ჟურნალისტიკა, იმიტომ, რომ საგამოძიებო ჟურნალისტიკით ყველაზე ადვილია მოსახლეობამდე ამა თუ იმ პრობლემის მიტანა და ხელისუფლების ნამდვილი სახის დანახება.
თვითონ აშშ ითხოვდა ისეთ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც სახელმწიფო სექტორს ავალდებულებდა, საჯარო ინფორმაცია გაეცა. დღესდღეობით ასეთ აქტივობას აშშ-ს მხრიდან ვერ ვხედავ, იმიტომ, რომ შევარდნაძის მმართველობის ბოლო პერიოდსა და დღევანდელ სიტუაციას შორის პარალელებს ვერ ვხედავ“, - ამბობს კახიშვილი.
კახიშვილი თვლის, რომ თუ ვინმეს მიხეილ სააკაშვილის წასვლა უნდა, თვითონ უნდა იაქტიუროს და მოსახლეობის გასაკეთებელს ვერც ამერიკა გააკეთებს, ვერც ევროპა და ვერც რუსეთი.
შევარდნაძის მმართველობის ბოლო პერიოდში მართლაც გვახსოვს აქტიური ამერიკა და სხვათა შორის, ამერიკის მხარდაჭერით გაძლიერებული ქართული მედია, თუმცა მას შემდეგ, რაც სააკაშვილის მმართველობა დაიწყო, აშშ-მ ნელ-ნელა დახურა მედიის დემოკრატიულ განვითარებასთან დაკავშირებული პროექტები. სხვადასხვა დონეზე გაკეთებული განცხადებების გარდა, დღეს ოპოზიციისთვის სასარგებლო ბევრი არაფერი მომხდარა, თუმცა არც ის არის გამორიცხული, რომ შესაძლოა, აშშ ჯერ კიდევ გარკვეული ეჭვით უყურებდეს დღევანდელ ოპოზიციას.
„თუ სუვერენული ქვეყანა ვართ, პირველ რიგში, მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს, ვის შეხედოს ეჭვის თვალით და ვის ნდობით თუ შევეგუეთ იმას, რომ თუ აშშ-ს ინტერესში არ ჩაჯდა რომელიმე პოლიტიკური ფიგურა, მის პოლიტიკურ კარიერას ხაზი აქვს გადასმული, ეს მხოლოდ და მხოლოდ აძლიერებს იმ აზრს, რომ არ ვართ დამოუკიდებელი ქვეყანა და გეოპოლიტიკურ თამაშში ვასრულებთ ერთი ჭანჭიკის როლს. არც ამერიკამ უნდა დაგვინიშნოს ხელისუფალი და არც რუსეთმა და საქართველოს ხელისუფლებას კონსტიტუციის თანახმად უნდა ირჩევდეს საქართველოს მოსახლეობა.
თუ ადამიანს აქვს განცდა, რომ მისი ხელისუფლება უნდა შეიცვალოს, არჩევნებზე უნდა მივიდეს და საკუთარი ხმა დააფიქსიროს. ამ ყველაფრის შემდეგ თუ ნახა, რომ მისი ხმა დაიკარგა, არსებობს პროტესტის ფორმა, რომლის გარანტია საქართველოს კონსტიტუცია“,- ამბობს კახი კახიშვილი.