ბოლო დროს განვითარებულ მნიშვნელოვან მოვლენებზე «საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრება მსახიობი გურამ ფირცხალავა.
_ ბატონო გურამ, გასულ კვირას, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში სიტყვით გამოსვლისას, სააკაშვილმა, ფაქტობრივად, არ დატოვა საკითხი თუ მოვლენა, რომელსაც არ შეეხო. სულ რაღაც ოცწუთიან საუბარში, ბეჭდური მედიიდან დაწყებული, დამთავრებული პოლიტიკური ოპონენტებით, ყველა მწვავედ გააკრიტიკა. როგორ შეაფასებთ ამ გამოსვლას? _ ყველაფერს, რასაც ახლა ეს გიჟი აკეთებს, ნახევარი ჭკუის დატანებით შვება. მთლიანი ჭკუა ხომ არ აქვს! არჩევნების მოახლოებასთან ერთად მთლად გადაირია. გახსოვთ, ალბათ, თავის დროზე დავით აღმაშენებელს ედრებოდა, ახლა კიდევ ილია ჭავჭავაძე ჰგონია თავი: რაც მაგან რეფორმები გაატარა, ახლა რომ იყოს, ჩემსავით გააკრიტიკებდნენო. ჯერ ერთი, მაგან, როგორც ჩანს, არ იცის, რომ ილიას თავის დროზე კრიტიკა არ აკლდა, მაგრამ ეგ არაფერი. უბედურება ისაა, რომ ამ ავადმყოფს მართლა ჭავჭავაძე ჰგონია თავი, ამიტომაცაა ასეთი პრინციპული და თავდაჯერებული, ფიქრობს, რომ კრიტიკა ყველა რეფორმის, ნოვაციის განუყოფელი ნაწილია... სულ მკიდია, ხალხს მოვწონვარ თუ არა, გავა წლები და ხალხი ძეგლს დამიდგამს, _ აი ესაა მთელი მისი პოლიტიკა და ფსიქოლოგია; მოკლედ, სრულ აგონიაშია ეს ადამიანი, ცალი ფეხი სამარეში აქვს ჩადგმული (პოლიტიკურ სამარეს ვგულისხმობ, რასაკვირველია)... _ ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში გამართულ შეხვედრას სასულიერო პირებიც მრავლად ესწრებოდნენ. სააკაშვილმა ისიც აღნიშნა, რომ მისი რეფორმების წარმატებულობა დიდწილად მათი დამსახურებაა. რა აზრის ხართ ამ ყველაფერზე და საერთოდ, იმ კატეგორიის მამაოებზე, რომლებიც «ბელადის» განცხადებებს ტაშით აგვირგვინებენ ხოლმე? _ მე მგონი, ეს ე. წ. ერთგული მღვდლები გადაცმულები არიან, იმიტომ, რომ, თუ მღვდელი ხარ, რასაც ესენი კადრულობენ, ასეთი რამ არ უნდა იკადრო, მაგრამ, თუ არ ხარ, მაშინ მით უარესი, მღვდლობას რომ იბრალებ. რა განცხადებებსაც ეს ადამიანები აკეთებენ და როგორც იქცევიან, ეს არის ანაფორის შეურაცხყოფა. ამიტომ მითქვამს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ამ ხალხმა უნდა გაიხადოს ანაფორა და ჩაიცვას ის ფორმა, რომელიც მათი შინაგანი მრწამსისთვის ზედგამოჭრილია. ეს, რა თქმა უნდა, ყველას არ ეხება, მაგრამ, მერწმუნეთ, დღეს ძალიან ბევრი ისეთი პიროვნება იმალება წმინდანის მანტიაში, რომელიც ხელისუფლებასთან პირდაპირ კუდითაა გადაბმული. ბევრი მათგანი ცნობილია და საზოგადოებამ იცის, ვინ არიან ისინი, მაგრამ ბევრი ჯერ კიდევ ფარულად მოქმედებს. აი, ის ხალხია ყველაზე მეტად საშიში, სწორედ მათი ძალისხმევით ანგრევს ხელისუფლება ერის სულიერებას და ხალხს ეროვნულ საყრდენს აცლის. ესაა ყველაზე დიდი საფრთხე, რომლისაც მართლა უნდა გვეშინოდეს. _ რამდენიმე დღის წინ «გერმანულ სახლში» გამართული ინტერრელიგიური ჯგუფის სხდომა ხმაურიანად დასრულდა. სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენლებმა მხარი არ დაუჭირეს პატრიარქის განცხადებას, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ საჯარო გახდეს თურქეთ-საქართველოს შორის ოშკისა და ზარზმის აღდგენის საკითხთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულების სამუშაო ვერსია. თქვენი აზრით, რა შეიძლებოდა ჰქონოდათ ამ ინიციატივის საწინააღმდეგო სხვა კონფესიებს? _ მინდა, ვკითხო ყველა იმ კონფესიის წარმომადგენლებს, რომლებიც გააღიზიანა საპატრიარქოს განცხადებამ: მასში რამე ეწერა ისეთი, რაც თქვენს უფლებებს ლახავს? ჩვენ რა, არ შეიძლება, ვიცოდეთ, რა ხელშეკრულებას მოაწერა ხელი ქვეყანამ? ამ ყველაფრის უკან დგას ხელისუფლების პოლიტიკა, ანუ ხელისუფლება უწყობს ხელს იმათ, რომ რელიგია, სულიერება რაც შეიძლება დაკნინდეს. შეხედეთ, რა ხდება: მიდის პატრიარქის გამალებული დისკრედიტაცია, იმ სასულიერო პირებს კი, რომლებიც «ნაცმოძრაობის მრწამსზე» არ მოექცა, მოსაკლავად დასდევენ, კულტურულ მემკვიდრეობას, ძეგლებს ასხვისებენ. ახლახან, სულ რამდენიმე დღის წინ, კიდევ დავით გარეჯი დავკარგეთ... ხშირად მომისმენია მწვავე განცხადებები აზერბაიჯანული მხარის მისამართით, მიწას გვართმევენო. მე კი, სიმართლე გითხრათ, ვერ გამიგია, რა შუაშია აზერბაიჯანი _ უპატრონოდ მიგდებულ სიმდიდრეს რომ მიიტაცებს ვინმე, რა გასაკვირია... _ გასულ კვირას აზიზის მეჩეთის ასაშენებელი ტერიტორიაც შემოიღობა და ახლა იქ არავის უშვებენ. ამაზე საერთოდ ხმაც არ ამოუღიათ არც პოლიტიკოსებს და არც საზოგადოებას. _ ინდაურებივით რომ ვყლაპავთ ყველაფერს, იმიტომაა ეს იდიოტი, რასაც სიზმარში ნახავს, ეგრევე რეალობად აქცევს ხოლმე. ჯერ კიდევ სად ვართ, მაგის ფანტაზიას საზღვარი არ აქვს. აქედან აზერბაიჯანი გვიპყრობს, იქიდან _ სომხეთი, თურქეთს ხომ ისედაც ნაყიდი ვყავართ და რაღა დარჩა _ ვიქნებით მარტო ისტორიის ფურცლებზე. ესაა ამათი მიზანი და აღწევენ კიდეც ამ მიზანს. რაც შეეხება აზიზის მეჩეთს, არაერთხელ მითქვამს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ, თუ ქართველ ხალხს ოდნავ მაინც შერჩა ღირსების გრძნობა, დიდ-პატარა უნდა გამოვიდეს ქუჩაში და რა ფორმითაც იქნება საჭირო, ხელი შევუშალოთ ამ უმსგავსობას. არ დავუშვათ საქართველოში ქართველების სისხლის მსმელის, ჩვენი წინაპრების შემმუსვრელის, ვინმე აზიზის თუ აზიზიეს სახელობის მეჩეთი აშენდეს, თორემ ესენი თუ მივუშვით, აქაოდა ირანთან დიპლომატიურ ურთიერთობას ვამყარებთო, მალე შაჰ-აბასის ძეგლსაც წამოგვიჭიმავენ. ამათთვის არაფერს ნიშნავს ქრისტიანობა _ მართლმადიდებლობა, წარსული და ისტორია. მათთვის ყველაფერი იქმნება ახლა, დღეს და მხოლოდ დღევანდელი დღით ცხოვრობენ ეს ადამიანები. ამიტომ ებრძვიან ისინი ყველაფერს, რაც ისტორიის ფესვებთანაა დაკავშირებული; როგორმე უნდა ამოთხარონ და ამოძირკვონ ეს ფესვები, აქეთაა მიმართული მთელი მათი ძალისხმევა. _ ისტორიის ფესვები ახსენეთ და დაახლოებით ერთი თვის წინ პოლიტოლოგი ალექსანდრე ჭაჭია ჩვენს გაზეთთან ინტერვიუში ამბობდა, რომ უკვე 20 წელიწადზე მეტია, ერი დამანგრეველ იდეოლოგიურ თავდასხმას განიცდის. მისი თქმით, წლების მანძილზე ინერგებოდა უარყოფითი დამოკიდებულება ჩვენი ერის წარსულისადმი, როგორც არასწორისა და მსოფლიო ცივილიზაციიდან ამოვარდნილის მიმართ. თქვენი აზრით, ის, რასაც დღეს სააკაშვილის ხელისუფლება აკეთებს, ამ პროცესის გაგრძელებაა? _ ალექსანდრე ჭაჭია ჭკვიანი ადამიანია და მისი შეფასებები ყოველთვის რეალურ საფუძველს, მიზეზს ემყარება ხოლმე. რაც შეეხება თქვენს კითხვას, ნაწილობრივ უკვე გიპასუხეთ ამაზე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ამ ხელისუფლებისთვის ისტორია არაფერს ნიშნავს. პირიქით, ეს ყველაფერი ერთგვარი ბორკილია სააკაშვილისთვის, ვინაიდან სწორედ ისტორიაა ის, რაც გვახსენებს და გვეუბნება, რომ, ვთქვათ, აბდულ აზიზი ჩვენი მოყვარე კი არა, დაუძინებელი მტერი იყო; რომ თურქეთი საქართველოს ისტორიული მეგობარი არასდროს ყოფილა, რომ მართლმადიდებლობა ჩვენი სულიერი საზრდოა და ა. შ. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, სავსებით ლოგიკურია ის, რომ ხელისუფლება ებრძვის ისტორიას. თუმცა ამათ ისიც კარგად იციან, რომ საბოლოოდ მაინც არაფერი გამოუვათ და პირადად სააკაშვილისთვის ამის გაფიქრებაც კი ტრაგედიის ტოლფასია... _ მოახლოებულ არჩევნებზეც, მინდა, გკითხოთ. გასულ კვირას ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ეკონომიკურ კონფერენციაზე სააკაშვილმა განაცხადა, ოპოზიციას აქვს საკმარისი თანხა იმისთვის, რომ ჩამოიყვანოს ე. წ. თავისი დამკვირვებლები და არჩევნების შედეგები ეჭვქვეშ არ დადგეს. როგორ ფიქრობთ, რამდენად მისაღებია ეს ინიციატივა და, საერთოდ, რას ელოდებით მომავალი არჩევნებისგან? _ ჩვენ გვაქვს წარსულის გამოცდილება, თუ როგორ ტარდებოდა არჩევნები აქამდე და რას ვიღებდით შედეგად. იმ გამოცდილების გათვალისწინებით, უკვე იმთავითვე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს რეჟიმი ყველაფერს გააკეთებს, რათა როგორმე მოიგოს და შეინარჩუნოს ძალაუფლება. რაც შეეხება სააკაშვილის გამოსვლას, აბსურდია ის განცხადება, რომ, თუ ოპოზიცია თავის დამკვირვებლებს ჩამოიყვანს, გაყალბება იქნება შეუძლებელი. ისე გააყალბებენ, როგორც დაგიბარებია, და ხახვსაც ვერავინ დააჭრით ყურებზე. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, მოსახლეობა დადგეს მოწოდების სიმაღლეზე და ხელისუფლებამ იგრძნოს, რომ საზოგადოებას აქვს ძალა. დღესდღეობით სააკაშვილი ამას ვერ გრძნობს, იმიტომ, რომ რამდენჯერაც გამოვედით ქუჩაში, შემოგვისია თუ არა თავისი ჯალათები, მაშინვე დავიშალეთ და ყველაფერი დამთავრდა. ეს არ უნდა განმეორდეს. ხომ გაგიგონიათ, ძალა აღმართს ხნავსო. ძალას თუ შეგვატყობენ, ადრინდელივით აღარ გაუვათ მაიმუნობა. _ ქუჩაში გამოსვლა ახსენეთ და, რაც დრო გადის, ყველა ოპოზიციური სუბიექტი, მათ შორის ბიძინა ივანიშვილიც, მიდის იმ დასკვნამდე, რომ ამ გზით პროცესების წარმართვა მომავალშიც გარდაუვალია. თქვენი აზრით, დღეს, როცა ხელისუფლება ფაქტობრივად პოლიტიკურ ისტერიკაშია, რამდენად დიდია საფრთხე, რომ, ქუჩის გამოსვლების შემთხვევაში, «ნაცმოძრაობამ» ადრინდელივით ძალა გამოიყენოს? _ ვფიქრობ, მსგავსი რამ ოთხმოცდაცხრამეტი პროცენტითაა მოსალოდნელი, ვინაიდან ის პირსისხლიანი ჯალათები, სააკაშვილის გულისთვის საკუთარ დედასაც რომ არ დაინდობენ, მართლა ყველაფერზე არიან წამსვლელები. ბრეივიკის საქმე ხომ იცით, უდანაშაულო ხალხი რომ დახოცა? აი, ზუსტად მაგ კატეგორიის ადამიანები არიან ისინიც... რა, 26 მაისს ბრეივიკები არ იყვნენ, მომიტინგეებს დამიზნებით რომ ესროდნენ და ახალგაზრდები რომ დახოცეს?! მოკლედ, რა თქმა უნდა, სააკაშვილისნაირი გიჟისგან ყველაფერია მოსალოდნელი, მაგრამ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საზოგადოება თუ მტკიცედ დადგება, ხალხზე დიდი ძალა არ არსებობს. ეს ძალიან კარგად იცის თვითონ ხელისუფლებამაც და ამიტომაა, რომ ახლა ყველაფერს აკეთებს, რათა მოსახლეობა რაც შეიძლება დაქსაქსოს, გათიშოს ერთმანეთისგან. _ ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ, მეორე მხრივ, ფაქტია, რომ ამ ხელისუფლებას აქვს საერთაშორისო მხარდაჭერა. იგივე ამერიკელი დიპლომატების ბოლოდროინდელი განცხადებებიც ამაზე ნათლად მეტყველებს. ასეთ პირობებში, როგორ ფიქრობთ, ხალხის პოზიციას რამდენად გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება? _ თქვენ თუ დასავლეთის მხარდაჭერას ეძახით ჯონ ბასის, მაილსისა და რუმბივით თავგასიებული ნავაროს განცხადებებს, თავისი ქოჩრით ოროსან მოსწავლეს რომ ჰგავს, ეგ არ ვიცი! თუ არა და, რაში ჩანს, რომ ამათ ვინმესგან სერიოზული მხარდაჭერა აქვთ, ვერ ვხვდები. არავითარი მხარდაჭერა დღეს სააკაშვილის რეჟიმს არსაიდან არ აქვს. ერთადერთი, რასაც იგი ემყარება, არის პოლიცია და მთლიანად ძალოვანი სტრუქტურები. ესაა მისი უკანასკნელი საყრდენი და საძირკველი. ასე რომ, ეს ბარიერი თუ გადაილახება, დამიჯერეთ, ამ რეჟიმის რღვევა ისე დაიწყება, რომ ამ პროცესს თვით მამაზეციერიც ვერ შეაჩერებს. მაგრამ, ამასთანავე, ყველაფრისთვის უნდა ვიყოთ მზად, იმიტომ, რომ ამ აწყვეტილი გიჟების ხროვას უკვე არაფერი მოეკითხება. კაცი რომ ილია ჭავჭავაძეს შეადარებს საკუთარ თავს და დავით აღმაშენებელს, ასათიანზეა მაგის ადგილი... ერთი სიტყვით, ხელისუფლება თავისი საქციელით თვითონ გვკარნახობს, რა გამოსავალიც არსებობს _ ხალხი უნდა აჯანყდეს და გამოვიდეს ქუჩაში. ვიღაცას შეიძლება ცუდად ხვდება ყურში ეს სიტყვა, მაგრამ ამ რეჟიმმა ხალხს სხვა გზა არ დაუტოვა. ხალხმაც ის გზა უნდა აირჩიოს, რომელიც რეალურია... |