"მოვა დრო, როდესაც არაკომპეტენტურობისა და ქვეყნის საწინააღმდეგო მოქმედებებისთვის პასუხს აგებს არა მხოლოდ პრეზიდენტი"

"როგორც წესი, როდესაც ქვეყანაში რამე უბედურება ხდება, და 12 მაისის ღამე სწორედ ასეთი იყო, სახელმწიფოს მეთაურები თუ ქვეყნის გარეთ არიან, უმნიშვნელოვანეს ოფიციალურ ვიზიტებსაც კი წყვეტენ და სამშობლოში ბრუნდებიან. ჩვენ კი სრულიად საპირისპირო რამ ვნახეთ. სხვა შემთხვევაში პრეზიდენტის საფეხბურთო მატჩზე დასწრება არ გამოიწვევდა საზოგადოების ასეთ უარყოფით რეაქციას, მაგრამ ამ ვითარებაში პრეზიდენტის გამგზავრება სლოვენიაში მართლაც ყოვლად გაუმართლებელი იყო. შეიძლება ასეთი მაღალი თანამდებობის პირი საკუთარ თავს არ სცემდეს პატივს, მაგრამ ის ვალდებულია, ქვეყნის პრესტიჟი დაიცვას. ქვეყნის პრეზიდენტი თავის მინისტრებთან ერთად თითქმის ცარიელ სტადიონზე არ უნდა იჯდეს", - აცხადებს პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი გაზეთ "ყველა სიახლისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "სააკაშვილმა ბავშვების თამაშზე ისე იხალისა, საკუთარი მიცვალებულები გადაავიწყდა".


"ეს რამე სახელმწიფოებრივი მოქმედება კი არა, ალბათ უფრო ერთი კაცის ახირება იყო - კაცისა, რომელიც იმ ქვეყნის პრეზიდენტია, რეგულარულად რომ უხდება წუწუნი საერთაშორისო ასპარეზზე და სულ პოლიტიკური თუ ეკონომიკური ხასიათის დახმარების მოლოდინშია. სააკაშვილმა კი ბავშვების თამაშზე ისე იხალისა, რომ საკუთარი მიცვალებულები გადაავიწყდა. ნორმალურ ქვეყნებში არსებობს სტანდარტი, სად უნდა დადიოდეს პრეზიდენტი და სად - არა. ეს სახელმწიფოებრივი პრესტიჟის საკითხია. გარდა ამისა, პრეზიდენტს ჩვევად ექცა და ამას ჩვენც შევეჩვიეთ, რომ რომელიმე ქვეყანაში ვიზიტისას, როგორც წესი, სხვაგანაც "გაირონიებს" ხოლმე. ამჯერად სლოვენიიდან იტალიაში, მილანში გამოუვლია. როგორც ჩანს, ჩვენი ფეხბურთელების დამარცხებამ დაამწუხრა და საყიდლებს გადააყოლა გული. ეს ის "მომჭირნე" პრეზიდენტია, რომელიც თურმე სამ-ოთხ კაცს წაიყოლებს ხოლმე უცხოურ ვიზიტებში, მისი ოჯახის წევრები კი ეკონომკლასით მგზავრობენ. საინტერესოა, რა ხარჯებით და რა სატრანსპორტო საშუალებით მოგზაურობს მსოფლიოში?", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილი. 

"არ გამოვრიცხავ, რომ სააკაშვილის გარემოცვისთვის პრეზიდენტის გარეშე გატარებული ყოველი დღე არის შვება და არც ცდილობენ და ვერც გაბედავენ, გადააფიქრებინონ უგუნური ახირებები. სააკაშვილის ბოლო ინიციატივები - აეროპორტში ვენახის გაშენებისა თუ ელექტრონული მთავრობის თაობაზე, თუ პიარაქციებია, მაშინ ეს ძალზე უნიჭოდაა გაკეთებული, ხოლო თუ ეს ვინმეს ინდივიდუალური ნააზრევია, მაშინ ვშიშობ, რომ ჩემი კომპეტენცია ასეთი მოქმედებების შეფასებას ვერ გასწვდება... რაც ჩვენ ვნახეთ, ეს იყო თითოეული მაშველის პერსონალური გმირობა. მაგრამ როგორც სპეციალისტებიც აღნიშნავენ, შეიძლებოდა წყალდიდობის შედეგები გაცილებით ადვილად გადაგვეტანა, ხელისუფლებას რომ მეტი წინდახედულობა გამოეჩინა. თუმცა სწორედ წინდახედულობაა ამ ხელისუფლებისთვის ყველაზე დეფიციტური. ფაქტია, რომ სანიაღვრე ჭები და შესაბამისი კომუნიკაციები ასეთი წვიმისთვის მოუმზადებელი აღმოჩნდა. შესაბამისად, ძალიან მაშფოთებს ჰიდროელექტროსადგურებისა თუ ლაზიკის მშენებლობის პროექტები - არავინ იცის, ამ კომპეტენციის ხალხი რას და როგორ ააშენებს.", - განაგრძობს რესპონდენტი. 

"ჩვენ მოწმენი ვართ კოლექტიური უპასუხისმგებლობისა. ხელისუფლების მაღალჩინოსნები დარწმუნებული არიან, რომ ყველა უარყოფით შედეგზე პასუხს აგებს მხოლოდ ერთი კაცი - პრეზიდენტი სააკაშვილი. არა მგონია, საქართველოს მოსახლეობას ეს სამართლიანად მიაჩნდეს. ამდენ თანამდებობის პირს შორის კაცი არ ჩანს, ვინც კრიტიკული თვალით შეხედავს სააკაშვილის ფანტაზიის მარგალიტებს. არ შეიძლება პრეზიდენტი იყოს ყველა საკითხში ყველაზე უფრო კომპეტენტური, მთავრობა იმიტომ არსებობს, რომ სხვადასხვა სფეროში სხვადასხვა კომპეტენციის ხალხი მოღვაწეობს. როდესაც ამ კომპეტენციას არ ამჟღავნებ, ამას ორი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, ან თვითონაც არაფერი იცი, ან საკუთარ კეთილდღეობას უფრთხილდები და სისულელეებს აკეთებ. მოვა დრო, როდესაც არაკომპეტენტურობისა და ქვეყნის საწინააღმდეგო მოქმედებებისთვის პასუხს აგებს არა მხოლოდ პრეზიდენტი, არამედ ის ადამიანებიც, ვინც თანამდებობრივად და პროფესიულად არიან ვალდებული აღკვეთონ ქვეყნისთვის საფრთხის შემცველი პროექტების განხორციელება", - მიიჩნევს სოსო ცისკარიშვილი.

"ფაქტია, რომ დღეს ყველანი ვიმკით ერთპარტიული მმართველობის შედეგს. არ არსებობს თემა, რომლის გადაწყვეტა მოინდომოს პრეზიდენტმა და საპარლამენტო უმრავლესობიდან ვინმემ გაბედოს მისი გაპროტესტება. თუნდაც ქუთაისში პარლამენტის გადატანა ავიღოთ - ეს არის თავიდან ბოლომდე ერთი კაცის შიშისა და ახირების შედეგი. ის, რომ პრეზიდენტი მუქარით აიძულებს ხელქვეითებს, შეუძლებელი გააკეთონ და 26 მაისამდე დაასრულონ პარლამენტის შენობა, მახსენებს სოლჟენიცინის "გულაგის არქიპელაგს", როდესაც ტყვეები და პატიმრები მუშაობდნენ მუქარის ქვეშ და ასე შენდებოდა საბჭოთა კავშირი. დიდია საფრთხე, რომ იმავე ბოლშევიკურ-ჩეკისტური მეთოდებით აშენებული საქართველო ერთ მშვენიერ დღეს თავზე დაგვემხოს", - დასძენს პოლიტოლოგი.