გასაგებია, თუ რომელ “სხეულის ნაწილს” გულისხმობდა სააკაშვილი _ პუტინს ხომ მისი “ერთი ადგილით” დაკიდება სურდა, მაგრამელისო, თქვენი აზრით, ასეთი ირონიული დამოკიდებულებითა და ტერმინებით “პირველი” რის მიღწევას ცდილობს?
_ სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი, რომელიც ქვეყნის სიმბოლოა, ძალიან ბევრს და საოცრებებს ლაპარაკობს. ეს კიდევ ერთი ძალიან ცუდი, არადიპლომატიური და უზრდელური გამონათქვამია, რომელიც ისედაც დაძაბულ რუსულ-ქართულ ურთიერთობებს უფრო ამწვავებს. ამ განცხადებით ისიც გამოჩნდა, რომ სააკაშვილი ტერიტორიების დაბრუნების საკითხსაც არასერიოზულად უდგება...
მე, როგორც საქართველოს მოქალაქეს, შემეშინდა, რომ ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი ასეთი ტერმინებით ლაპარაკობს და, ამავე დროს, თავი უხერხულადაც ვიგრძენი იმიტომ, რომ სააკაშვილს უცენზურო სიტყვების გავრცელების განუსაზღვრელი საშუალება აქვს და ეს მაშინ, როცა ინტელიგენტ და დალაგებული აზრის ადამიანებს ხშირად აზრის გამოთქმის საშუალებას არ აძლევენ. სააკაშვილის ზემოხსენებულ გამონათქვამში შეუძლებელია, რამე პოზიტიური აღმოვაჩინოთ. მართალია, ხელისუფლების მომხრეები ამბობენ, პრეზიდენტმა იმავე ტონით უპასუხა, რა ტონითაც მედვედევი საქართველოზე ლაპარაკობსო, მაგრამ ამ გამონათქვამებით კიდევ ერთხელ მტკიცდება, რომ გაუწონასწორებელი და არადიპლომატი პრეზიდენტი გვყავს.
მსგავსი ფრაზეოლოგია ე.წ. საერთაშორისო ურთიერთობების ენაში დასაშვებია თუ არა და, საერთოდ, ასეთი ლექსიკის მქონეპრეზიდენტს პროდასავლურ პოლიტიკოსობაზე პრეტენზია უნდა ჰქონდეს?
_ ასეთი ლექსიკის პოლიტიკოსი ნამდვილად არ მახსენდება. არიან ექსცენტრიული ადამიანები, მაგრამ ასეთი ტიპის ციტატები და გამონათქვამები ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან არასოდეს მომისმენია. 2004 წელს, როგორც დამკვირვებელი, გერმანიის საპარლამენტო არჩევნებს ვესწრებოდი და ყველაზე ცუდი ეპითეტი, რაც გერმანელმა პოლიტიკოსებმა ერთმანეთის მიმართ გამოიყენეს, “მატყუარა” იყო. ვისურვებდი, საქართველომ მიაღწიოს იმ დონეს, როცა პოლიტიკოსი ოპონენტს ქუჩის გამონათქვამებით კი არ მიმართავს, არამედ, _ კულტურულად, ცივილურად და დალაგებულად.
ისე, სააკაშვილის სატელევიზიო გამოსვლასა და ჟესტიკულაციაზე, ცალკეულ შემთხვევებში, იმიჯმეიკერები ზრუნავენ, მაგრამ იმ პრობლემებს, რაც მას აქვს, მაინც ვერ ფარავენ. მახათას მთაზე გადაღებული სიუჟეტი რომ ვნახე, სიმართლე გითხრათ, ერთდროულად სიბრალული და საფრთხე ვიგრძენი. ბათუმელ სტუდენტებთან შეხვედრისას კი, პრეზიდენტმა უამრავი სისულელე თქვა, “ეშმაკისბორბლიანი” ტექნოლოგიური უნივერსიტეტის იდეა ხომ, საერთოდ, საოცრებაა. მოკლედ, მისი ყველა გამოსვლისას არადექვატურობა თვალშისაცემია და პიარტექნოლოგიით ვერ დაიფარება.
ბუნებრივია, მსურს, რომ ნებისმიერი პოლიტიკოსი, პრეზიდენტი იქნება თუ რომელიმე პოლიტიკური გუნდის წევრი, უფრო კულტურულად საუბრობდეს. საერთოდ, გარკვეული ცენზის დაწესება საკუთარი თავის მიმართ აუცილებელია.
ზოგი სააკაშვილის ამ გამონათქვამებს “ხალხურობით” ხსნის...
_ იმერეთის ერთ-ერთ მაღალმთიან სოფელში დავიბადე და გავიზარდე. დღემდე ძალიან ცოტა შემხვედრია ისეთი კულტურული ადამიანი, როგორიც ბაბუაჩემი, ალექსანდრე ჩაფიძე გახლდათ, რომელიც არათუ ასეთ სიტყვებს ამბობდა, მოწესრიგების გარეშე მეზობელსაც არ ესტუმრებოდა. ეს ჩვეულებრივი ეტიკეტია. ვინც ამბობს, მიშა ხალხის ენაზე ლაპარაკობსო, მას ქართველ ხალხსა და, ზოგადად, ჩვენს კულტურაზე, ალბათ, ძალიან ცუდი წარმოდგენა აქვს. უძველესი კულტურის მქონე ქართველი ხალხი იმ დონეზე არაა დასული, რომ თავისი ქვეყნის პირველი პირი “სლენგებითა” და ისეთი სიტყვებით ელაპარაკებოდეს, რასაც ნამდვილად ვერ გავიმეორებ.
პრეზიდენტის მეტყველება ხან რასისტულია, ხანაც _ დისკრიმინაციულ-ძალადობრივი. მაგალითად, სააკაშვილმა თქვა: “ჩვენ, რა,ზანგები ვართ?”, “ჩარეცხილები”, “მუმიები”, “დაგზილავენ”. ასეთ მარგალიტებზე საზოგადოება იცინის, ან ინდეფერენტულია...
_ ხელისუფლების ქმედებებზე საზოგადოების სიცილი და ინდეფერენტულობა ყველაზე საშიში რეაქციაა იმიტომ, რომ ადამიანთან, რომელიც პროტესტს გამოთქვამს, ან ამა თუ იმ საკითხზე სერიოზული ტონით საუბრობს, დიალოგში შესვლა შეიძლება, მაგრამ როცა შენს ქმედებებზე ადამიანი იცინის, ეს იმას ნიშნავს, შენს მიმართ შიში დაძლია და მისთვის ავტორიტეტი აღარ ხარ. პრეზიდენტმა ავტორიტეტი კარგა ხანია, დაკარგა.
სააკაშვილს ყველა ფრაზა ეპატიება, მაგალითად, რობერტ სტურუა კი, ქსენოფობიაში დაადანაშაულეს და რუსთაველის თეატრიდანსწორედ გამონათქვამის გამო გააძევეს. გამოდის, რომ მნიშვნელობა სიტყვას კი არა, მის ავტორს აქვს. ელისო, ეს ტოტალიტარიზმისმაჩვენებელია?
_ სამწუხაროდ, ასეთი რეალობაა, მაგრამ თუკი სტურუას გამონათქვამები გარკვეული ეროვნული უმცირესობების მიმართ ქსენოფობიურად ჩაითვალა, მაშინ იგივე ქსენოფობიური დამოკიდებულება გამოამჟღავნა მინისტრმა ვარძელაშვილმა ებრაელების მიმართ _ მხიარულთა და საზრიანთა გუნდს ანტისემიტური ხუმრობა მოუწონა. მართალია, ამის გამო შემდეგ ბოდიში მოიხადა, მაგრამ არავის გადაუყენებია.
საერთოდ, როცა იმას ამბობ და აკეთებ, რაც გინდა, ეს ძალაუფლების უზურპაციაა... ეს რომ არ მომწონს, ამიტომაც ვარ ოპოზიციაში. უზრდელობა არავის ეპატიება. ხშირად სიტყვებით კარგად ჩანს ადამიანის შინაგანი სამყარო და შეგვიძლია, გავარჩიოთ, ვინ ვინაა. ჩემთვის მიუღებელია უხამსობა, როგორც პრესაში, ასევე, _ საჯარო გამოსვლებისას.
ელისო, როგორც ყოფილი ჟურნალისტი, მიხეილ სააკაშვილის გარდა, ვის მიიჩნევთ ყველაზე უხამსი ლექსიკის პოლიტიკოსად?
_ არ დავასახელებ, თუმცა მედიაში მუშაობის დროს, ყველაზე უცენზურო სიტყვა, რომელიც რესპოდენტმა გამოიყენა, “სუპერაფერისტი” იყო და ამ სიტყვით ერთ-ერთი მინისტრი შეამკო. სათაურადაც ეს სიტყვა იყო გამოტანილი, რის გამოც ორი წლის განმავლობაში სასამართლო დავა მიმდინარეობდა.
სხვათა შორის, სამთავრობო მედია ხშირად დასცინის ბიძინა ივანიშვილის ლექსიკას და მას ციტატების ცოდნასაც უწუნებს...
_ ამაში განსაკუთრებული არაფერია _ ადამიანის ზოგჯერ შეიძლება, რაღაც დაავიწყდეს და ეს ქილიკის საბაბი არ უნდა გახდეს, მაგრამ ყველაფერზე ჩასაფრებულები არიან!