ნაციონალების მიერ გაცვეთილები მომავალ პარლამენტში

ნაციონალების მიერ გაცვეთილები მომავალ პარლამენტში

 

არჩევნებამდე საკმაო დრო დარჩა, მაგრამ როგორც ოპოზიციას ასევე მმართველ პარტიას უკვე მთელი ძალისხმევის ამოქმედება მოუწევთ, რომ საშემოდგომოდ ამომრჩეველთა ხმები უკვე გარანტირებული ჰქონდეთ. როგორც ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე ამბობს, არჩევნებამდე დარჩენილი 4 თვე ძალიან ცოტაა, იქიდან გამომდინარე, რომ წინ ზაფხულია, არავინ არ იცის, არჩევნები 6 ოქტომბერს დაინიშნება თუ 26 ოქტომბერს, „ანუ ოქტომბერი ორივე მხარემ უნდა გამორიცხოს და რჩება 4 თვე, აქედანაც ივლისი და აგვისტო დასვენების სეზონია და ვერ წარმომიდგენია როგორი პოლიტიზირებულიც არ უნდა იყოს ადამიანი, თუ უშუალოდ არ არის ჩართული საარჩევნო პროცესებში, იჯდეს ზღვის ნაპირზე და ტელევიზორს უყურებდეს, ან აქციაში მონაწილეობის მისაღებად გამორბოდეს თბილისში. ამიტომ ვამბობ, რომ დარჩენილი 4 თვე ძალიან ცოტაა იმისათვის, რომ სრულფასოვანი საარჩევნო კამპანია აწარმოო“- მიიჩნევს ლაგაზიძე.

ასეა თუ ისე, ორიოდე კვირაში „ქართული ოცნება“ თავის საარჩევნო კამპანიას იწყებს, „ნაციონალური მოძრაობა“ ლამის ერთი წელია, უკვე საარჩევნო რეჟიმში იმყოფება, თუმცა შემოდგომისთვის, ალბათ, კიდევ უფრო მეტად მოუწევს ფანტაზიის მოხმობა, რომ ამომრჩეველი საკუთარ უპირატესობაში დაარწმუნოს. მართალია უკვე 3D ფორმატის მთავრობაც ჰყავს, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, კომპიუტერიდან სამ განზომილებაში ამომხტარი რომელიმე მინისტრი ხალხმა საკუთარი უკეთესი ცხოვრების გარანტად მიიჩნიოს. რას მოიფიქრებს ახალს „ნაციონალური მოძრაობა“ და რითი შეეცდება ამომრჩევლის მოხიბვლას, ძნელი სათქმელია. როგორც ექსპერტები ამბობენ, ასეთი კონკურენტული გარემო მმართველო პარტიისთვის უცხოა და ამიტომ, ამომრჩეველი ექსტრაორდინალური სიურპრიზებით უნდა გააოცოს.

ხათუნა ლაგაზიძე: რაღაც ექსტრაორდინალურ გადაწყვეტილებას თუ არ მიმართავს იმისათვის, რომ ბიძინა ივანიშვილის საპირწონე გამოიყვანოს ასპარეზზე, სხვა ნებისმიერი, ქართული რეალობისთვის პოპულარული სახე ვერაფერს ვერ გადაწყვეტს, იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში, გადამწყვეტია ნდობის ფაქტორი „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ. ანუ, ყველაფერს გადაფარავს „ნაციონალური მოძრაობისადმი“ მხარდაჭერა, ან მის მიმართ უარყოფითი განწყობა. რა სახეც არ უნდა წამოსწიონ, ერთ რამეს ვიტყვი, „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი ბევრს ვერაფერს შემატებს მას. 

უკვე პოლარიზებულია საზოგადოება და „ნაციონალური მოძრაობა“ დამატებითი ხმების გადაქაჩვას საკუთარ ყულაბაში ვერაფრით ვერ შეძლებს, თუ რაღაც განსაკუთრებული არ მოიფიქრა.

თუ ადრე „ნაციონალური მოძრაობა“ ზოგადი ორიენტირი იყო ამომრჩევლისთვის და სახეებს არ ჰქონდა მნიშვნელობა, ახლა როგორი სახეებიც არ უნდა წამოწიოს, თუ რაღაც ექსტრაორდინალურ ნაბიჯს არ გადადგამს და იგივე ლევან ვასაძეს არ წამოაყენებს (ამას მაგალითისთვის ვამბობ, და არც ვიცი, მისი, როგორც საქართველოს არამოქალაქის სტატუსი ჯდება თუ არა იმ საკონსტიტუციო ცვლილებებში რომელიც მიიღეს. უბრალოდ, სიმბოლურად ვამბობ, იმიტომ, რომ კარგად არის ნაცნობი ქართული საზოგადოებისთვის ამ ეტაპზე უცხოეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენებიდან).

დღეს რაც დარჩა არსენალში „ნაციონალურ მოძრაობას“, არის ის, რომ მეტ-ნაკლებად ივანიშვილის საპირწონე ფიგურა შემოიყვანოს ასპარეზზე. მონახო ივანიშვილის საპირწონე, თუნდაც საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველებში ურთულესი ამოცანაა, მაგრამ მეტ-ნაკლებად მსგავსი ფიგურის მოძებნა, გარკვეულ კრიტერიუმებს მაინც რომ აკმაყოფილებდეს, შესაძლებელია.

სავარაუდოდ, ამ ტიპის ფიგურით იმოქმედებდნენ ელექტორატზე, რომელიც ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელია, მაგრამ თუ თვალს გადავავლებთ ბოლო თვეების „ნაციონალური მოძრაობის“ არსენალს, ვერ ვიტყვით, რომ მათ შეუძლიათ ამ ტიპის ექსტრაორდინალური შემოთავაზების გაკეთება. თუმცა, არ გამოვრიცხავ, ასეთი რამ მოიფიქრონ, იმიტომ რომ მათი საარჩევნო ტაქტიკა ბოლო წლების მაძილზე დაცლილია შემოქმედებითი მუხტისგან. ისინი ვერ გამოვიდნენ და დღემდე შოკში არიან ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის გამო და ამიტომ,  რაციონალურ გადაწყვეტილებებს დღემდე მოკლებულნი არიან.

თუ საქართველოში მოღვაწე ფიგურების მიმართ ხელისუფლებას გარკვეული ბერკეტები გააჩნია, ასეთი ბერკეტები არ მოქმედებს უცხოეთში მოღვაწე ქართველების მიმართ, აქ მეორე ფაქტორიცაა, რამდენი უცხოეთში მოღვაწე ქართველი ისურვებს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასოცირებას და თუნდაც ამ გზით ხელისუფლებაში მოსვლას ესეც საკითხავია. თეორიულად, მსგავსი ტიპის შემოთავაზების შანსი არსებობს, თუმცა რამდენად დარჩათ მათ ამისთვის შემოქმედებითი მუხტი, ეს ძნელი სათქმელია“.

სხვათა შორის, მოსკოვში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენის, ლევან ვასაძის ქართულ პოლიტიკაში მოსვლის შესახებ ორი-სამი წელია, დრო და დრო ვრცელდება ხოლმე ხმები. რამდენად მოდის მისი ფიგურა „ნაციონალურ“ აზროვნებასთან უნისონში, ძნელი სათქმელია, თუმცა პიარ-კომპანია „ჯეპრას“ ხელმძღვანელი სოსო გალუმაშვილი დარწმუნებულია, რომ შეუძლებელია, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ივანიშვილის საპირწონე ფიგურის მოძებნა შეძლოს.

„ვინ არის დღეს ივანიშვილის საპირწონე, ან ასეთი როგორ უნდა მოძებნონ. შეიძლება, ძალიან კარგი ადამიანია ლევან ვასაძე, მაგრამ პოლიტიკური კაპიტალი არ გააჩნია, რამდენიმე ლექსითა და ორიოდე საბავშვო ბაღის დახმარებით შეუძლებელია, ვიღაც გახდეს ივანიშვილის საპირწონე. აქ ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ. 20 წლის განმავლობაში ქველმოქმედება და 2 მილიარდამდე დახარჯული ფინანსები იმდენად მოცულობითია, რომ ამის საპირწონედ ვინმეს მოძებნა და მერე ასპარეზზე გამოყვანა შეუძლებელი იქნება. ერთადერთი საპირწონე ვინც შეიძლება იყოს, ეს სააკაშვილი იქნება“, - აცხადებს გალუმაშვილი.

თავად სააკაშვილის ხასიათიდან და წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, ნაკლებად სავარაუდოა, მან ფსონი ვინმეზე დადოს, ასე, რომ ნაციონალური მატარებლის მესაჭედ კვლავ ის მოგვევლინება.

სოსო გალუმაშვილი დარწმუნებულია, რომ ამ შემთხვევაში მხოლოდ სააკაშვილის იმიჯზე დაიდება ფსონი და ის საარჩევნო სიის პირველ ნომრად არავითარ შემთხვევაში არ მოგვევლინება.

სოსო გალუმაშვილი: „არ იქნება მიხეილ სააკაშვილი საარჩევნო სიაში, მას აქვს გარკვეული მისია, მან უნდა დაასრულოს ეს ვადა. მისი მხრიდან ძალიან უხერხული იქნება არა მხოლოდ საქართველოს  საზოგადოებისთვის, არამედ საერთაშორისო საზოგადოებისთვის ამ ნაბიჯის გადადგმა. ის პირდაპირ დაემსგავსება მთელი ამ წლების განმავლობაში მის ძირითად ოპონენტს ვლადიმერ პუტინს.

აბა, ეს 8 წელი რაზე ლაპარაკობდა. იგი ვერ გახდება პრემიერ-მინისტრი ვერასოდეს, ეს გამორიცხულია, იმიტომ, რომ ეს იქნება პუტინის ავტოკრატიული რეჟიმის გადმოტანა, შემცირებული მაშტაბით. მაშინ, უნდა ჩამოირეცხოს და ჩამოიბანოს დემოკრატიულობის იმიჯი,  ჩამოიგლიჯოს დემოკრატიის შუქურის ნიღაბი და წარმოიდგინეთ, რომ არც ერთი ნორმალური ქვეყანა მას აღარ დაელაპარაკება და საქართველო გადაიქცევა ისეთ ქვეყნად, როგორიც იყო ლიბია, აფრიკის ე.წ. ბანანის რესპუბლიკები, ან სამხედრო რეჟიმის მქონე ბირმა.

ნამდვილად არ ფიქრობს სააკაშვილი ასეთი სახელმწიფოს მშენებლობას. არის რაღაც, რაზედაც ვერავინ ვერასოდეს ვერ წავა ეს პირდაპირი მიმანიშნებელი იქნება, რომ ქვეყანა გადაუხვევს ნატოსა და ევროკავშირის, დემოკრატიის კურსიდან, ეს წინასწარი დამარცხება იქნებოდა“.

როგორც სოსო გალუმაშვილი თვლის, „ნაციონალურ მოძრაობას“ პარლამენტში უმრავლესობის მოსაყვანად იმ რესურსის მაქსიმალურად გამოყენებაღა დარჩა, რაც მას უკვე გააჩნია.

ვინ იქნებიან ნაციონალური მოძრაობის წამყვანი სახეები, ამის შესახებ გარკვეული წარმოდგენა უკვე არსებობს.

„ნაციონალური მოძრაობა“ ფსონს კვლავ ბიზნესზე ჩამოვა და ყველა, ვინც კი სასათბურე პირობებში ჰყავდა, ვალდებული იქნება, დაგროვილი კაპიტალით მაჟორიტარული ოლქები „მოიპოვოს“ მმართველი პარტიისთვის.

ამ დავალებას ქართულმა ბიზნესმა წინა არჩევნებზე საკმაოდ კარგად გაართვა თავი, თუმცა რამდენიმე მათგანს ბიზნესი უკვე აღარ აქვს.

სოსო გალუმაშვილი მიიჩნევს, რომ პოლიტიკაში წასვლა არანაირ კავშირში არ არის მათი ქონების დაკაგვასთან. „გოგუაძის შემთხვევაში მან შეგნებულად საკუთარი სურვილით გაასხვისა წილი. რაც შეეხება „ცენტრ პოინტს“, მან ბიზნესი ვერ აწარმოა კარგად და ამიტომ გაკოტრდა, ეს პარლამენტის ცხოვრებასთან არანაირად არ იყო დაკავშირებული. პარლამენტში არიან ადამიანებიც, რომელთა ბიზნესები უფრო გაფართოვდა და გაიფურჩქნა“, - ამბობს გალუმაშვილი.

„წინა არჩევნებზე არსებითი მნიშვნელობა არც ჰქონდა, რა სახეებით წარდგებოდა „ნაციონალური მოძრაობა“, მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო 2008 წელი და ოპოზიციას გარკვეული რეიტინგი ჰქონდა. მიუხედავად ამისა, შეიძლება ითქვას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მაინც კონკურენტულ გარემოში ატარებდა არჩევნებს. ბიზნესმენების წინა პლანზე წამოწევა მაშინ „ნაციონალურ მოძრაობას“ ორი ფაქტორის გამო დასჭირდა. ერთი, რომ მათ ჰქონდათ რესურსი, რბილად თუ ვიტყვით, ამომრჩევლის მხარდაჭერის მოსაპოვებლად და მეორე - თუ ისინი საკუთარ რესურსებს ჩადებდნენ არჩევნებში, ნაციონალებს საკუთარი რესურსების დახარჯვა აღარ მოუწევდათ. ასეთი სახეების წინ წამოწევის მიზეზები ეს იყო, თორემ, ზოგადად, ბიზნესი აფიშირებას ერიდება და რომ ვთქვათ, რომელიმე მათგანი ცნობადი სახე იყო და ამ ცნობადობის გამო აკრიფა ხმები, ეს მოსაზრება არასწორი იქნება. ამ შემთხვევაშიც სახეებს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ექნება“, - ამბობს ხათუნა ლაგაზიძე.

საზოგადოებაში უკვე დადის ხმები, თუ ვინ იქნება ნაციონალური ლოკომოტივის გამწევი ძალა, სახელდებიან ძმები ფხაკაძეები, პაატა კურტანიძე, ცეზარ ჩოჩელსაც აძლევს ახალი ბიზნესი პოლიტიკაში ხელახლა მოხვედრის შანსს, თუმცა როგორც ექსპერტები ამბობენ, ამ შემთხვევაში სახელებს და გვარებს ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება და ალბათ, გამოიყენებენ ისეთ სახეებს, რომლებსაც დაფინანსების კუთხით შეუძლიათ კონკურენცია გაუწიონ ივანიშვილს.

„დავუშვათ, ერთ კონკრეტულ ბიზნესმენს შეუძლია ერთ მაჟორიტარულ ოლქში, დაახლოებით, იმდენი ფული ჩადოს, რაც დავუშვათ, ივანიშვილმა შეიძლება დახარჯოს, მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ საარჩევნო კანონმდებლობა მაქსიმალურად ზღუდავს ოპოზიციის მხრიდან ფინანსების თავისუფალ გამოყენებას. ამ თვალსაზრისით ისევ ფსონს დადებენ მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებზე, რათა შეძლონ ივანიშვილის განეიტრალება და ამით შეეცადონ მაჟორიტარული ოლქების მოგებას. ასე რომ, თავისთავად შეიძლება ფხაკაძე ძლიან კარგი ბიზნესმენია, მაგრამ ის, რომ იგი პოპულარულია საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, ამისი თქმა გამიჭირდება. ის ფასეულია „ნაციონალური მოძრაობისთვის“ არა როგორც ცნობადი სახე, არამედ როგორც ადამიანი, რომელსაც შეუძლია ფული დაუპირისპიროს ფულს კონკრეტულ მაჟორიტარულ ოლქში და ლოგიკურიც არის, რომ ასეთ ადამიანებზე აკეთებენ ფსონს“, - ამბობს ხათუნა ლაგაზიძე. 

სოსო გალუმაშვილის ვარაუდითაც მაჟორიტარობის შანსს „ნაციონალური მოძრაობა“ მხოლოდ ფინანსურად უზრუნველყოფილ სახეებს მისცებს, „ვინ იქნება ნამდვილად ვერ გეტყვით, მაგრამ მაჟორიტარებად წამოაყენებენ ისეთ ფიგურებს, რომლებსაც ხმების მოტანა შეეძლებათ და ამისათვის გარკვეულ ფინანსებსაც დახარჯავენ. მაჟორიტარები ვერ იქნებიან ცნობილი და პოპულარული სახეები. აქ ისევ ბიზნესმენებს უნდა ველოდეთ. მსახიობები, თეატრალური მოღვაწეები და მომღერლები არ მგონია მაჟორიტარებად წამოაყენონ, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ლელა წურწუმია პოპულარული იყოს საზოგადოებაში, მაგრამ ის ვერასოდეს ვერ გახდება ისნის მაჟორიტარი, ეს გამორიცხულია. არსებობს პოპულარობის კაპიტალი, პოლიტიკური კაპიტალი და ეს ყოველთვის ერთმანეთს არ უდრის. რაც შეეხება სიებს, აქ უკვე შეიძლება თავმოყრილი იყვნენ ცნობადი სახეები, მაგრამ არა  წინასაარჩევო პერიოდში მოლაპარაკე თავები“,- ამბობს გალუმაშვილი.

თუმცა ექსპერტი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ ეს ხერხი ნაციონალებს დაუძველდათ.

„მეეჭვება, რომ ბიზნესმენები გამოიყვანონ ახალ სახეებად, იმიტომ, რომ ფაქტობრივად ამოწურა ამ მეთოდმა თავისი თავი, რადგან ესენი არ არიან ისეთი მეტყველი სახეები, რომ პოლიტიკაში მათი ადგილი იყოს. აღარ იმუშავებს ეს ხერხი. მე მაინც მეჩვენება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ახალ სახეებს ახალგაზრდებში დაუწყებს ძებნას. ამას მაფიქრებინებს ის, რომ  დეპუტატობის ასაკი 21 წლამდე ჩამოვიდა. შემთხვევითი ხომ არ არის ეს ცვლილება. მათი წინ წამოწევა მოხდება. ის, რომ ახალგაზრდები ქვეყანას ააშენებენ, ამისი უფრო სჯერა ამომრჩეველს.

ნებისმიერი პოლიტიკური პარტია იყენებს ხოლმე ცნობილ ადამიანებს. ხელოვნებაში შოუ-ბიზნეში თუ სპორტში ცნობილ ადამიანებს, თავიანთ საარჩევნო სიებში სხვამენ ხოლმე, არც ეს არ იქნება სიახლე“, - მიიჩნევს საყვარელიძე.

თუმცა, ხათუნა ლაგაზიძე ვარაუდობს, რომ ნაკლებად სავარაუდოა, ახალგაზრდების პოლიტიკაში მოყვანის თვალსაზრისით, „ნაციონალური მოძრაობის“ ტაქტიკამ გაამართლოს:

„არჩევნების სპეციფიკა ასეთია, რომ ახალგაზრდები მიუხედავად თავიანთი ენერგიულობისა, ნაკლებ დაინტერესებას ამჟღავნებენ ხოლმე პოლიტიკით და ნაკლებად არიან ჩართულნი საარჩევნო ციებ-ცხელებაში, თუ რა თქმა უნდა, ვიღაცამ მიზანმიმართულად არ იმუშავა და მაგალითად, პატრიოტული ბანაკების ახალგაზრდობა არ გამოიყენა. თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ეს იქნება გადამწყვეტი. ამის საპირწონედ ძალიან კარგი რესურსი აქვს ივანიშვილს ბერას სახით, თუ შეძლებენ და ამ რესურსს გონივრულად გამოიყენებენ. როდესაც ვამბობდი, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სტრატეგიასა და ტაქტიკას აკლია შემოქმედებითობა, არანაკლები კითხვის ნიშნები მაქვს ივანიშვილის საარჩევნო სტრატეგიასთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ მას აქვს უზარმაზარი რესურსი, ამ შემთხვევაში ფულად რესურსს არ ვგულისხმობ, რესურსი საზოგადოების მოლოდინისა და მხარდაჭერის სახით, რაც უამრავი კომპონენტისგან შედგება. ერთი ასეთი კომპონენტია ბერა და თუ შეეცდებიან ამ რესურსის კარგად ამოქმედებასა და ხორცშესხმას, ეს „ქართულ ოცნებას“ ძალიან ბევრს შემატებს, თუნდაც, ახალგაზრდული ხმების თვალსაზრისით“, - ამბობს ლაგაზიძე.

მას შემდეგ რაც საზოგადოებაში ნაციონალური ინტერესების დამცველად ახალი, არანაციონალური სახეები გამოჩნდნენ, გაჩნდა ვარაუდი, ხომ არ დადებდა მომავალ საპარლამენტო არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობა“ ფსონს სწორედ მათზე. მაგალითად, მიხეილ თავხელიძეს და ზურაბ ჯაფარიძეს არაერთხელ უწინასწარმეტყველეს „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიებში მოხვედრა, თუმცა, როგორც ექსპერტები ამბობენ, ასეთი სახეების გამოჩენას წინასაარჩევნო პერიოდში სხვა დატვირთვა და ფუნქცია აქვს.

რამაზ საყვარელიძე: „არ არის გამორიცხული, საარჩევნო სიაში ვიხილოთ, მაგრამ თუ მიხეილ თავხელიძის გამოყენებას აპირებენ, ის მეტისმეტად ჩართეს უკვე დისკუსიებში და ჩართეს ძალიან შეზღუდული ჩარჩოებით. ხშირად ისეთი პოზიციების დაცვა უწევდა თავხელიძეს, რაც გაუგებარი იყო მისი მსმენელებისთვის და ამან მის პოპულარობაზე ზემოქმედება იქონია. თუმცა ვთვლი, რომ  მისი პოტენციალის მქონე ადამიანი საპარლამენტო ტრიბუნასთან უდავოდ გამოსადეგი იქნებოდა. შეიძლება დღეს ის უკვე წამგებიანი იყოს, რადგან საკმაოდ ცუდად გამოიყენეს. იგივე შეიძლება ითქვას ყველა იმ სახეზე, რომლებიც ამ პერიოდში აამოქმედეს. ის სახეები, რომლებიც დღეს თავგამოდებით იცავენ არამომგებიან პოლიტიკას, შემდეგ კარგავენ პოპულარობას. ჩვენ გვახსოვს „ნაციონალური მოძრაობის“ სახეები, რომლებიც დღეს ჩრდილში არიან“.

სოსო გალუმაშვილი: „მათ თავის თავზე აიღეს ის უარყოფითი დამოკიდებულება, რაც დაგროვილი იყო საზოგადოებაში. ისინი შეეცადნენ აერიდებინათ ნაციონალური მოძრაობისთვის დარტყმები და უარყოფითი მუხტის დაგროვება „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ. ერთადერთი ფუნქცია აქვთ, ისინი არიან მეხამრიდები“.

ხათუნა ლაგაზიძე: „ნაციონალური მოძრაობის“ ისტორიას თუ გადავავლებთ თვალს, ის ორიენტირებულია სახეების ერთჯერად გამოყენებაზე. ერთი საარჩევნო ვადით ის რაღაც სახეებს ქმნის და შემდეგ ეს სახეები იმდენად იცვითებიან, რომ კიდევ ერთხელ გამოყენებისთვის ისინი უვარგისნი ხებიან.  ჩვენ ბევრი ასეთი სახე გვახსოვს დაწყებული 2003 წლიდან, ეს სახეებიც იგივე ბედს გაიზიარებენ და ერთჯერადი ფუნქცია აქვთ ხელისუფლებისთვის. იგივე „მოქალაქეთა კავშირს“ ჰქონდა ასეთი პოლიტიკა, ქმნიდა ახალ სახეებს, არსებული სახეების პოპულარიზაციას ეწეოდა წინასაარჩევნო პერიოდში და შემდეგ მათ სვამდა სიაში და სარჩევნო სიის ნახევარზე მეტი არაპარტიული სახეებით იყო დაკომპლექტებული, მაგრამ მაშინ ჰყოფნიდათ ჭკუა იმისათვის, რომ ეს სახეები არჩევნებამდე არ გაეცვითათ. დღეს უკვე იმისი მოწმენი ვხდებით, რომ ეს სახეები არჩევნებამდე გაცვეთილნი არიან და ამიტომ, მათ პოპულარობაზე საუბარი სრულიად ალოგიკურია“.

როგორც ლაგაზიძე ამბობს, ერთი რამ უნდა განვასხვავოთ - არსებობს „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი, რომლისთვისაც ეს სახეები აბსოლუტურად მისაღებია და არსებობს უკვე მყარად ოპოზიციური ელექტორატი, რომელთათვისაც ეს სახეები ცალსახად მიუღებელია, მაგრამ იმ ჩამოუყალიბებელ ელექტორატზე საკმაოდ დიდი წილია დღეს და ამ ტიპის სახეებით „ნაციონალური მოძრაობა“ ხმებს ვერ აკრეფს.

„ამიტომ ვამბობ, რომ ისინი დღემდე შოკიდან არ გამოსულან და ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ, ფაქტობრივად, მეორე სუნთქვა ვერ გაეხსნათ. ისინი ფაქტობრივად უკონკურენტო სივრცეში მოღვაწეობენ 2003 წლიდან 2011 წლის ოქტომბრამდე და არც უწევდათ ბოლომდე დაძაბვა იმისათვის, რომ რაღაც საინტერესო და ინოვაციური შეეთავაზებინათ მოსახლეობისთვის და როდესაც კონკურენტულ გარემოში გამოვიდნენ, რაციონალური და პრაგმატული აზროვნების უნარი დაკარგეს. ისინი ისევ და ისევ, ძველ მეთოდებს იყენებენ, როდესაც სრულიად ახალ გარემოში უწევთ მოღვაწეობა“-აცხადებს ლაგაზიძე.