15 წელი გაატარა ჟურნალისტიკაში და ახლა წელიწად-ნახევარია, პოლიტიკაში აგრძელებს გზას. მიაჩნია, რომ ჯერ კიდევ მაშინდელი პოპულარობა მოჰყვება და ახლა პოლიტიკაში დაუდგა გადამწყვეტი მომენტი. ჯერ კიდევ კარიერის დასაწყისში უთხრა ეროსი კიწმარიშვილმა, რომ მაგარი ხმა ჰქონდა. გამორჩეული ხმის ტემბრი საბოლოოდ მის სავიზიტო ბარათად იქცა. ზოგს აღიაზიანებდა, აკრიტიკებდნენ, მაგრამ მის გადაცემებს ყველა უყურებდა. კარიერულ გზას ინგა გრიგოლიამ კიდევ ერთხელ ჩვენთან ერთად გადაავლო თვალი.
- ინგა, საუბარი ბავშვობით დავიწყოთ, ოღონდ არ გკითხავთ, სად და როდის დაიბადეთ. უბრალოდ, მაშინ რა გადაცემებს უყურებდით? - პირველ რიგში, სად დაბადებაზე გამეცინა. დაბადებული ვარ სამტრედიის რაიონში. მამა იქიდან არის წარმოშობით და პრაქტიკაზე იყო მშობლიურ კუთხეში წასული. იქ იმშობიარა დედაჩემმა. ერთხელ ვთქვი, სამტრედიაში დავიბადე-მეთქი. მას შემდეგ ბევრს ჰგონია, რომ იქ ვარ გაზრდილი. ერთმა ქალბატონმა შალვა რამიშვილთან გადაცემაში დამირეკა და მითხრა, სოფლელებმა თავი დაგვანებეთ, წადით და თქვენს სოფლებს მიხედეთო. მე ვუთხარი, სოფლელი რომც ვიყო, ამას სიამაყით ვიტყოდი-მეთქი. სრულიად გაოგნებული დავრჩი ამ ზარით. ამიტომ ხმამაღლა ვამბობ, რომ დაბადებული ვარ სამტრედიაში და გავიზარდე თბილისში. დაბადების მოწმობაში სამტრედიის რაიონი მიწერია. იყო ასეთი სოფელი, ნაფაღაური ერქვა და მოწმობაში წერია, სამტრედია, ნაფაღაურის სოფ. საბჭო. დედაჩემს დღემდე ვაშაყირებ, გასაგებია, რომ მშობიარობა სამტრედიაში მოგინდა, მაგრამ სოფ. საბჭო რაღამ ჩაგაწერინა-მეთქი. ასე რომ, იმათ გულის გასახეთქად, ვისაც სოფლელები არ უყვარს, ხმამაღლა ვაცხადებ ჩემი დაბადების ადგილს. ამის არასოდეს არ შემრცხვება და თუნდაც სოფელში გავზრდილიყავი, რა არის ამაში სასირცხვილო. ვისაც თავი მაგარი მარტო იმიტომ ჰგონია, რომ თბილისელი და ვაკელია, ხშირად ჩემს თვალში სასაცილოები არიან. რაც შეეხება ტელევიზიას, მიუხედავად იმისა, რომ ჩემს ბავშვობაში ბევრი თამაში არსებობდა, მე დედაჩემის დეზოდორის ფლაკონი მეჭირა და ვმღეროდი ან ლექსს ვამბობდი. იდეა ის იყო, რომ აუცილებლად ტელევიზორში ვჩანდი. რაზეც მიოცნებია, ყველაფერი ამისრულდა. ხანდახან ჩემს თავზე ვამბობ, კუდიანი ვარ-მეთქი. რაღაცას თუ ავიკვიატებ, აუცილებლად ხდება. ასე იყო ტელევიზიაზეც. - მაშინდელი სატელევიზიო გადაცემები გაიხსენეთ. - ბრეჟნევის ეპოქაში გავიზარდე და გადასარევად მახსოვს "ვრემია" და ისეთი პროპაგანდისტური გადაცემები, დღეს რომ გადის ტელევიზიებით. ჩემს ბავშვობაში იყო ერთი გადაცემა "სამეურნეო სიახლენი, მექანიზმი, პრობლემები", დღეს მიშას გამოსვლებს რომ ვუყურებ, მეცინება, ერთი ერთში მეორდება და მიშაზე ვამბობ, რომ ბრეჟნევის პროპაგანდა აქვს გადმოტანილი. იყო ბევრი გადაცემა, რომელიც დეტალურად არ მახსოვს. ვერ გეტყვით, რომ ძალიან მაინტერესებდა პოლიტიკა ან ინფორმაცია. - ცოტა უცნაურია... - დიახ, მახსოვს, სტუდენტი ვიყავი, დედა რომ მეუბნებოდა, სირცხვილია, ტელევიზორს მაინც უყურე, შენს ქვეყანაში რა ხდებაო. არ მაინტერესებდა პოლიტიკა და ყოველთვის შოუბიზნესზე, მსახიობობასა და ტელევიზიით ამ ფორმით გამოჩენაზე ვოცნებობდი. არასოდეს მიფიქრია სერიოზული პოლიტიკური გადაცემების წაყვანაზე. - პირველად როდის სცადეთ ბედი ჟურნალისტიკაში? - ეს იყო საინფორმაციო სააგენტო "გეა", სადაც "ნიუსებს" ვაგროვებდი. თავიდან ვფიქრობდი, რომ ვცდიდი და ვნახავდი, თუ გამოვიდოდა. გულწრფელად გეტყვით, ისე დავიწყე მუშაობა, პარლამენტში რომ გამიშვეს, შევარდნაძე და ჟვანია ვიცოდი, მაგრამ, მარიამს გეფიცებით, საერთოდ არ ვიცოდი, რას ნიშნავდა კომიტეტი ან ვინ იყო მისი თავმჯდომარე. ერთი თვეც არ დამჭირვებია, ისე მივეჩვიე. რამდენიმე თვეში ირმა ნადირაშვილმა წამიყვანა ტელევიზიაში. - "რუსთავი 2"-ში? - დიახ, ირმამ შემომთავაზა "კურიერში" მუშაობა. ჩემს პირველ რეპორტაჟებსაც მას ვუკითხავდი და სულ მეჩხუბებოდა. - გახსოვთ პირველი სიუჟეტი? - დიახ, ეს იყო დევნილების თემაზე. აწ გარდაცვლილ თამაზ ნადარეიშვილს ბორის კაკუბავა უჩიოდა თუ პირიქით. მოკლედ, ერთმა მხარემ მეორეს დებილი უწოდა. ამას წინათ, ვიღაცამ "ფეისბუქის" კედელზე დამიდო ეს ვიდეო და ბევრი ვიცინე. რეპორტაჟის გასვლის შემდეგ არავის უთქვამს, რომ კარგი იყო, მაგრამ გამოვიდა ეროსი კიწმარიშვილი და მითხრა, ძალიან მაგარი ხმა გაქვსო. ეს ხმა მერე ჩემი ბრენდი გახდა. ასე დავიწყე ტელევიზიაში მუშაობა. - პირველად ეკრანზე როდის გამოჩნდით? - კარგად მახსოვს, ელიავას აჯანყების დროს ზურაბ ჟვანიას რაღაც ვიზიტზე ვახლდი აზერბაიჯანში. იქიდან მოვფრინავდით და ამ დროს ნიკა ტაბატაძე დამიკავშირდა, მითხრა, რომ პირდაპირი ჩართვა უნდა მქონოდა მაშინდელი "ფორტუნას" ოფისიდან-, რომლის ხელმძღვანელიც იყო გოგა ხაინდრავა. მრგვალი მაგიდა იდგა და მის გარშემო ვისხედით. დღემდე მახსოვს, ეს იყო საოცარი შიშის შეგრძნება, იმიტომ, რომ ღია ეთერში გამოჩენა ჩემთვის კატასტროფა იყო. ბოლო გადაცემის ჩათვლით, ეთერში შესვლამდე ყოველთვის პირჯვარს ვიწერდი და არ მახსოვს არც ერთი ეთერი, რომ არ მენერვიულა. პირველ სიტყვებს სანამ ვიტყოდი, ცუდად ვიყავი და მერე დაძაბულობა მეხსნებოდა. ბედნიერი ადამიანი ვარ, რომ ამდენი წელი საყვარელი საქმით ვიცხოვრე. დღესაც იმ საქმეს ვაკეთებ, რომელიც მაინტერესებს, მაგრამ ჯერჯერობით ისე არ მიყვარს, როგორც ტელევიზია. შეიძლება იმიტომ, რომ იქ მაინც შემდგარ, წარმატებულ ადამიანებთან მქონდა ურთიერთობა, ოპოზიციაა ეს თუ პოზიცია. დღეს ჯანდაცვის სოციალურ საკითხთა კომისიაში ვმუშაობ, სადაც უკიდურესად გაჭირვებული ადამიანები მოდიან. ალბათ ამიტომაც ვამბობ, რომ ბედნიერება ტელევიზიამ მომიტანა და იმედს ვიტოვებ, რომ პოლიტიკაც ისეთივე წარმატებული იქნება ჩემთვის. თავდაპირველად, როცა ტელევიზიით ჩემი გადაცემა გავიდა, ორი წელი ჩემი გინების მეტი არაფერი წამიკითხავს პრესაში. - ნერვიულობდით ამაზე? - რასაკვირველია, და სარკის წინ საკუთარ თავზე ვმუშაობდი. მინდოდა, ხმის ტემბრი დამეგდო, მიმიკებზე მემუშავა, მაგრამ არაფერი გამომდიოდა. ეთერში ფიქრს რომ ვიწყებდი, როგორ გამეკონტროლებინა თავი, მერე მავიწყდებოდა, რაზე უნდა მელაპარაკა. ორი წელი ლანძღვა-გინების ქარ-ცეცხლში გამატარეს. მერეც არ დაუკლიათ. მე მგონი, მე ვარ ჟურნალისტი საქართველოში, რომელსაც ყველაზე მეტი გინება აქვს მოსმენილი. ორი წელი დამჭირდა, რომ წარმატებული და მაღალრეიტინგული გამხდარიყო ჩემი გადაცემა. - ჟურნალისტურ წლებში ამოჩემებული რესპონდენტები თუ გყავდათ? - ალბათ მყავდა, რადგან ყველაზე მაღალრეიტინგული რესპონდენტები, რომლებიც მე მახსენდებიან, იყვნენ შალვა ნათელაშვილი, მიხეილ სააკაშვილი და კახა თარგამაძე. ცოტა უფრო მოგვიანებით, ლევან ბერძენიშვილი, გიგა ბოკერია, გიორგი თარგამაძე, როცა ის ჩემი რესპონდენტი იყო, ასევე თინა ხიდაშელი. - თქვენს გადაცემებში ზოგიერთი პოლიტიკოსის მიერ ნათქვამი "მარგალიტი" დღემდე პოპულარულია. ეთერშივე ხვდებოდით, რომ ამა თუ იმ ფრაზას მეორე დღეს ყველა აიტაცებდა? - ხანდახან კი, მაგალითად, როდესაც სტუმრად კახა თარგამაძე მყავდა, იმდენ "მარგალიტს" ისროდა, იქვე ვკვდებოდი სიცილით. ბატონ კახას ცოტა იმერული დიალექტი ჰქონდა და სიტყვას - "გიმეორებ", ხშირად ამბობდა, მაგრამ კუთხურად "გიმიორებ". მეუბნებოდა ხოლმე "გიმიორებ", "გიმიორებ", მაგრამ შენ მაინც სააკაშვილის დაკრულზე ცეკვავო. მაგარი ფრაზები ჰქონდა თემურ შაშიაშვილს. სულ მემახსოვრება ერთი ამბავი. ერთ წელს ჩემს საუკეთესო რესპონდენტად დავასახელე. მახსოვს, შაშიაშვილი და სააკაშვილი ისხდნენ ერთმანეთის პირისპირ, მიშა მაშინ იუსტიციის მინისტრი იყო, ბატონი თემური - გუბერნატორი. უცებ შაშიაშვილი წამოიწია, თავში შემოირტყა ხელები, ვაი, უბედურო საქართველო, ვის ხელში ვარდებიო. რამდენჯერ თემურ შაშიაშვილს ვნახულობ, ვეუბნები, როგორ იწინასწარმეტყველეთ-მეთქი (იღიმება). - ინგა, თქვენს ეთერში თუ უტირია რესპონდენტს? - (ფიქრობს) როდესაც ზაზა კოლელიშვილსა და ნინელი ჭანკვეტაძეს ბინები წაართვეს, სტუმრად მყავდნენ და ეთერში რუსუდან კერვალიშვილმა თუ მაიამ დარეკა და უთხრა, რომ მათ ბინებს აჩუქებდა. მეც ბევრჯერ მნდომებია ჩემს ეთერში ტირილი. მაშინ, როცა გადაცემა არ გამოგდის. მახსოვს, ჩემი სამი ყველაზე მძიმე გადაცემა, როდესაც სტუმრად გიგა ბოკერია, კახა ბენდუქიძე და ზურა ჭიაბერაშვილი მყავდა. იმ დღეს შემხვდა ზურა, ვიცინოდით, ის ეთერი გავიხსენეთ. ყველას ახსოვს კახა ბენდუქიძის ეთერი, მაგრამ არ ახსოვთ, რა დღეში ჩამაგდო ზურა ჭიაბერაშვილმა. როცა საკრებულოში მოვხვდი, ზურა მაშინ ევროსაბჭოში ჩვენი ელჩი იყო. დამირეკა და მითხრა, რაც შენზე ბოღმა მქონდა გულში, ახლა უნდა ვიყაროო (იცინის). ყველაფრის მიუხედავად, რესპონდენტებთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა. იყო დაძაბული პერიოდები, მაგრამ ცუდი არა. - მუქარა არა, მაგრამ შენიშვნა თუ მიგიღიათ მათგან? - მუქარა ყოფილა, მაგრამ არა რესპონდენტების მხრიდან. ვფიქრობ, რომ ეს გარკვეული სპეცსამსახურებიდან მოდიოდა. ამ თემაზე ერთხელ უკვე ვისაუბრე. მეც არ მახსენდება, ვინმესთვის შეურაცხყოფა მიმეყენებინა. ხშირად ჟურნალისტიკა სარკაზმში ერევათ. სარკაზმი კარგია, მაგრამ მე არასოდეს მომიკლავს გული არც ერთი რესპონდენტისთვის. იმის მიუხედავად, რომ არ ვაცდიდი ლაპარაკს, ყოველთვის კეთილგანწყობილი ვიყავი. ალბათ იმიტომ, რომ საქართველოში არსებული ექსკლუზივების დიდი წილი ჩემს გადაცემაზე მოდიოდა. - მიხეილ სააკაშვილი ახსენეთ, მაგრამ არ გიხსენებიათ ედუარდ შევარდნაძე. როგორი ურთიერთობა გქონდათ მაშინდელ პრეზიდენტთან? - ბატონი ედუარდისგან, როგორც ჟურნალისტს, შეურაცხყოფა არასოდეს მიგრძნია. ცოტა ხნის წინ უცხოელი ჟურნალისტები მეკითხებოდნენ, რომელია შენი ყველაზე სკანდალური გადაცემაო. ის ეთერი გამახსენდა, როდესაც მაშინდელი ოპოზიციონერი მიშა სააკაშვილი მყავდა სტუმრად და ეთერში მაშინდელმა პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ დარეკა. ბატონ ედუარდთან ყოველთვის კორექტული ურთიერთობა მქონდა და ვისაც ჩემი ნათქვამი არ მოეწონება, ცივი წყალი დალიოს. რეალურად შევარდნაძის დროს, როცა მე დავიწყე მუშაობა, ტელევიზიებისთვის იყო თავისუფლების ხანა. დღეს სააკაშვილის პირობებში მოკვდა ეს ყველაფერი. შევარდნაძესთან კარგი ურთიერთობა შემინარჩუნდა. უკვე დიდი ხნის გადამდგარი იყო და პერიოდულად მირეკავდა, ვურეკავდი, მოვიკითხავდი. მახსოვს, პირველად მძიმე ოპერაცია რომ გავიკეთე, ორივე პრეზიდენტმა დამირეკა. მიშასთან მაშინ ჯერ კიდევ არ მქონდა ურთიერთობა გაფუჭებული. დღეს ბევრი ჟურნალისტი ამბობს, რომ არ შეიძლება რესპონდენტებთან მეგობრობა, კომპრომისზე წასვლა. მე კომპრომისზე წავსულვარ იმისთვის, რომ ექსლუზიური ინფორმაცია მქონოდა. - ყოფილა შემთხვევა, რესპონდენტი დაგპირებიათ, მაგრამ ეთერში არ მოსულა? - დიახ, ასლან აბაშიძემ გადაიფიქრა, ოღონდ ბათუმიდან მერთვებოდა. მაშინ "მზეზე" მიმყავდა გადაცემა, ვარდების რევოლუცია უკვე მომხდარი იყო, ოღონდ არა აჭარაში. ეთერამდე ხუთი წუთით ადრე ადგა და გავიდა. კინაღამ შოკი მივიღე. მანამდე ჯემალმა დამამშვიდა, რომ ის იქნებოდა. ჩართვა დაიწყო და დავინახე, რომ ასლანის მაგივრად ჯემალ გოგიტიძე იჯდა. მიშა ბევრჯერ ვახსენე და როცა მედიაზე ვსაუბრობ, მაშინ ვხვდები, რომ ამ კაცს ყველაზე მეტად ეს ვერ ვაპატიე. თვითონ მედიის დახმარებით მოვიდა ხელისუფლებაში და მერე ფეხებით შედგა და თავზე გადაუარა. მედია, რომელთანაც ვითომ მეგობრობდა, აღმოჩნდა, რომ იყო მისი ნიღაბი მიზნისკენ მიმავალ გზაზე და სწორედ იმ მედიას გადაუარა თავზე ხელკეტებით. - როდის დასვით წერტილი ჟურნალისტიკაში? - როდესაც მეხუთე თუ მეექვსე გადაცემა დამიხურეს. არ დავიღალე, უბრალოდ, პროტესტი გამიჩნდა. ვოცნებობ იმ დღეზე, რომ ვთქვა - სამთავრობო სტრუქტურებიდან ნაციონალები წავიდნენ. იმიტომ ვოცნებობ, რომ ყველაზე მთავარი, რის გამოც ამ კაცისთვის, თავისი გუნდიანად, ვერ მიპატიებია, მედიაზე გადავლაა და ეს საკუთარ თავზე გამოვცადე. თქვენ რა გგონიათ, რატომ აღმოჩნდა ამდენი ჟურნალისტი პოლიტიკაში, იმიტომ, რომ ყველაზე ადეკვატურები არიან, ყველაზე კარგად რეაგირებენ რეალურ პრობლემებზე. მედიის თემას რომ ეხება საქმე, გონება მეკეტება. - თუმცა ჟურნალისტიკაში უფრო დიდი იყო თქვენი აუდიტორია... - აქ შეზღუდულია, იმიტომ, რომ მე არ ვარ საქართველოს პარლამენტის წევრი. საკრებულოს სხდომები კი არ შუქდება. არადა, ძალიან საინტერესო მოვლენები ხდება. ამ არჩევნების შემდეგ მე ჩემი გეგმები მაქვს, რომელიც ამ აქტიურობის პიკი იქნება. - პარლამენტარობას აპირებთ? - ჯერ არ ვართ ჩამოყალიბებული. ამაზე პარტიის მთავარი კომიტეტი მიიღებს გადაწყვეტილებას. - დღეს ხშირად გაიგონებთ, რომ ქართულ ტელეჟურნალისტიკას ძალიან აკლია ინგა გრიგოლია. - ეს ძალიან სასიამოვნო მოსასმენია. არ მინდა, ყალბად გამომივიდეს, მაგრამ ჯილდოა. 15 წელი ვიმუშავე ამ სფეროში. დღეს მინდა ვიყო ისეთივე წარმატებული აქაც, სადაც ფეხი შემოვდგი. ჯერ ისევ ჟურნალისტური პოპულარობა მომყვება. როდესაც რეიტინგებზე ატყდა საუბარი, როგორ შეუძლება, გრიგოლიას ასეთი რეიტინგი ჰქონდეს და ბიძინა ივანიშვილს დაბალიო, მეცინებოდა, პირდაპირ ვთქვი, რომ ეს არ არის ჩემი პოლიტიკური რეიტინგი, არამედ ეს არის ჩემი სატელევიზიო რეიტინგი. - აღარ ფიქრობთ ტელევიზიაში დაბრუნებაზე? - ჟურნალისტიკაში დავბრუნდები და ჩემი მომავალი აუცილებლად ამ სფეროსთან იქნება დაკავშირებული. ახლა ამისი დრო არ არის. წინ არჩევნებია და ვაპირებ ბოლომდე ჩავება. თან მინიმუმ ორი წელი ვერ დავიწყებ გადაცემას. საკრებულოს წევრიც რომ არ ვიყო, ვერ ვიქნები ობიექტური პოლიტიკური პროცესების მიმართ. მესამეც, ნაძირალა უნდა იყო ადამიანი, რომ ტელევიზიაში გინდოდეს წასვლა და გადაწყვეტილება არჩევნების წინ მიიღო. ყველაზე მეტად პარტიიდან პარტიაში გადასვლა არ მიყვარს. მე ვთქვი, რომ ჩემი პირველი და ვფიქრობ, უკანასკნელი პარტია ის იქნება, სადაც ახლა ვარ. ამ სამი ფაქტორის გათვალისწინებით, მე ჯერ არსად წასვლას არ ვაპირებ. მაია ასათიანის გადაცემაში ვთქვი, რომ ტელევიზიაში დავბრუნდებოდი, მაგრამ თემა არ გავშალე. იმედი მაქვს, ერთ წელიწადში ტელევიზიებში ცენზურა აღარ იქნება და ამ არჩევნების შემდეგ პარლამენტში უმრავლესობაში აღარ იქნებიან ნაციონალები. - "მეცხრე არხიდან" არ გქონიათ შეთავაზება? - არ მინდა იმაზე ლაპარაკი, სად და როგორ, რადგან ვამბობ, რომ ჯერ არსად არ მივდივარ. თუმცა ყველა ეტაპზე ყოფილა წინადადებები. "მეცხრე არხთან" დაკავშირებით, არა. ისე, კახა ბექაურთან მისაუბრია, წარმატებები ვუსურვე. - როდესაც მაია ასათიანი ჩავწერე ამ რუბრიკაში, მითხრა, რომ ტელევიზიამ შუშის ყუთში ჩასვა. - ეგ ინტერვიუ რომ წავიკითხე, პირდაპირ დავეთანხმე მაიას. როცა სულ სტუდიაში ხარ, გიჩნდება განცდა, რომ ცხოვრობ, მაგრამ სინამდვილეში ეს ვირტუალური ცხოვრებაა. შენი რესპონდენტები შენთან სტუდიაში მოდიან და იქ ხვდები. ერთ მშვენიერ დღეს, როცა ეს ყველაფერი აღარ იყო, აღმოვაჩინე, რომ თურმე არ ვცხოვრობდი. ძალიან მწარე რეალობაა. მე მეგონა, რომ აქტიურად ვცხოვრობდი. უფრო მეტიც, მეგონა, რომ ბევრი მეგობარი მყავდა, მაგრამ სულაც არ ყოფილან მეგობრები. საჭიროებისამებრ მიყენებდნენ, იმიტომ, რომ ტელევიზიაში ვმუშაობდი. აღმოვაჩინე, რომ სამი-ოთხი მეგობარი მყოლია და რეალურად სულ სხვა ცხოვრება მაქვს. სიყვარულიც კი ლამის ვირტუალურ დონეზე იყო დასული. - პირადი ცხოვრებაც ვირტუალური იყო? - არა, ყოველთვის ვპოულობდი ამისთვის დროს, მაგრამ ერთს გეტყვით, როცა ტელევიზიიდან წამოვედი, ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა. ურთიერთობებშიც და პირადშიც. როცა მეგონა, რომ აქტიური ცხოვრებით ვცხოვრობდი. სინამდვილეში ტელევიზია ილუზორულ მდგომარეობაში მამყოფებდა. საბოლოო ჯამში, როცა ყველაფერი დამთავრდა, მივხვდი, რომ თურმე ჩემი ცხოვრებით არ მიცხოვრია. მივხვდი, რომ ჩემი ცხოვრება არის სხვა რაღაცებიც და უფრო საინტერესო შეიძლება იყოს დღეს. თან ძალიან სასაცილო მდგომარეობაში აღმოვჩნდი. ჩემი პოლიტიკური პოზიციების გამო, ადამიანების გარკვეული ჯგუფი ცოტა დისტანცირებული გახდა. ყველას გზა დავულოცე და ახალი, კარგი ცხოვრება დავიწყე. |