"ქართული ოცნება" პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულთა ოჯახებს თვეში 1500-დან 5000 ლარამდე გადაუხდის

"მოგიწოდებთ ყველას - ნუ შეგეშინდებათ ხელისუფლების წნეხის და საარსებო საშუალების დაკარგვის. ყველა ადამიანი, რომელსაც სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლებენ, ან სხვა პრობლემას შეუქმნიან, ფინანსურ დახმარებას მიიღებს. ამ მიზნით ფონდი "ქომაგი" დაარსდა. ამ ფონდში თანხებს უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები და ბიზნესმენები ჩარიცხავენ," - ასე ამცნო საზოგადოებას საქველმოქმედო ფონდ "ქომაგის" დაარსება "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა.

როგორც ფონდის თავმჯდომარე ია მეტრეველი აცხადებს, ფონდის შესახებ კონკრეტული დეტალები მიმდინარე კვირას გახდება ცნობილი. მანამდე კი ამბობს, რომ ფონდის მიზანი ხელისუფლებისგან შევიწროვებული მოქალაქეების სამართლებრივი, მორალური და ფინანსური მხარდაჭერა იქნება.

"დავეხმარებით იმ ადამიანებს, რომლებიც თავისუფალი სიტყვისა და განსხვავებული აზრის გამო გაათავისუფლეს სამსახურებიდან. დახმარებას აღმოვუჩენთ მათ, ვისაც სახელმწიფო შემწეობას მოუხსნიან, დააჯარიმებენ, ქონებას წაართმევენ, დაასახიჩრებენ, ციხეში გამოამწყვდევენ ან სხვაგვარად შელახავენ მათ უფლებებს. 

"ალბათ დავიწყებთ პედაგოგებით, რადგანაც ახლახან იყო მათი გათავისუფლების მთელი ტალღა. ისინი პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს სამსახურებიდან.

დავეხმარებით ყველას, ვისაც ამ ხელისუფლების პოლიტიკური რეპრესიები შეეხება. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ რომელი პარტიის მხარდამჭერი იქნება. არამარტო ფინანსურ, არამედ იურიდიულ და მორალურ მხარდაჭერასაც აღმოვუჩენთ," - ამბობს მეტრეველი.

მისივე თქმით, ფონდი დაზარალებულ მოქალაქეს გამოუყოფს ადვოკატს; აუნაზღაურებს მკურნალობის და სხვა ხარჯებს; მისცემს წართმეული სოციალური შემწეობისა და დაკარგული ხელფასის სრულ კომპენსაციას; პოლიტიკური პატიმრების ოჯახებს საჭიროებებიდან გამომდინარე, 1500-დან 5000 ლარამდე ყოველთვიურ დახმარებას გამოუყოფს. ია მეტრეველის თქმით, თითოეულ საქმეს სპეციალური კომისია შეისწავლის, რომელიც გამგეობასთან ერთად გადაწყვეტს, ვის რა სახის დახმარება გაეწიოს.

"გვეყოლება ძალიან სანდო ადამიანებისგან შემდგარი კომისია, რომელიც თითოეული დაზარალებულის მდგომარეობას შეისწავლის. ამის შემდეგ შეიკრიბება გამგეობა. გამგეობის თავმჯდომარე და წევრები ერთად დავადგენთ, რა გადაწყვეტილება მივიღოთ და ვის დავეხმაროთ. ჩვენ, პირველ რიგში, მათ მორალური და პროფესიული დახმარება უნდა აღმოვუჩინოთ, ამიტომ მჭიდროდ ვითანამშრომლებთ იურისტებთან, უფლებადამცველებთან, მასმედიის წარმომადგენლებთან და მათ გაერთიანებებთან," - აცხადებს მეტრეველი.

მისი თქმით, "ქომაგის" თანადგომა იქამდე გაგრძელდება, სანამ სამართლიანი სასამართლოს გზით პოლიტიკური დევნის მსხვერპლთა უფლებების აღდგენა და ზარალის ანაზღაურება არ მოხდება.

როგორც "ქართული ოცნების" წარმომადგენელი, იურისტი არჩილ კბილაშვილი აღნიშნავს, ხელისუფლებას "ქომაგის" საქმიანობის ხელის შემშლელი არავითარი სამართლებრივი ბერკეტი არ გააჩნია. თუ იგი რაიმე ფორმით მაინც შეზღუდავს ფონდის საქმიანობას, ეს მხოლოდ მისი თვითნებობა იქნება. როგორც იურისტი განმარტავს, სხვა რაიმე სახის სამართლებრივი პრობლემა ამასთან დაკავშირებით არ არსებობს.

"კონტროლის პალატა იმდენად არაპროგნოზირებადია, რომ შესაძლოა, მისი შემოწმების ობიექტი ყველაფერი გახდეს. ამ მხრივ, პროგნოზის გაკეთება ძნელია. ფონდმა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლთა თანადგომა უნდა გასწიოს. ეს შეიძლება იყოს ყველა, არა მარტო კონკრეტულად "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული პირი. ამ ფონდის საქმიანობა მიმართული არ იქნება მხოლოდ ერთი რომელიმე პოლიტიკური სუბიექტის იდეის მხარდამჭერთა დასახმარებლად. ამდენად, თავისი შინაარსითა და მოცემულობით, ის ვერ გახდება კონტროლის პალატის ყურადღების საგანი. 

ასეთი რამ ობიექტური ანალიზის საუძველზე შეიძლება ითქვას, მაგრამ კონტროლის პალატის მოქმედებებზე პროგნოზის გაკეთება ძნელია," - აცხადებს კბილაშვილი.

იურისტის თქმით, მოსახლეობისთვის დახმარების გაწევა სამართლებრივად ვერც ამომრჩევლის მოსყიდვის კატეგორიაში გავა, რადგან ფონდის საქმიანობა მხოლოდ რეპრესირებულ მოქალაქეებზე გავრცელდება.

"ამომრჩევლის მოსყიდვა ისეთი ქმედებაა, როდესაც მოქალაქეს მისი ხმის მიღების სანაცვლოდ გარკვეულ საზღაურს ან მატერიალურ სარგებელს ჰპირდები. 

ამ შემთხვევაში, მე რამდენადაც ვიცი, ფონდის საქმიანობა მხოლოდ იმათზე გავრცელდება, ვინც ხელისუფლებისგან იქნება რეპრესირებული და არა მთელ საზოგადოებაზე. ამდენად, ფონდის საქმიანობის ამომრჩევლის მოსყიდვის კატეგორიაში გაყვანა მცდარია," - აღნიშნავს კბილაშვილი.