ამ ბოლო დროს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი ჟურნალისტებისთვის ისეთი მიუწვდომელი გახდა, რომ ლამის ვუმღეროთ, - "თქვენ დაგეძებთ დილაა თუ ბინდია..." საიდან არ ვცადეთ დაკავშირება, მაგრამ აღარც საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური აქვს, არც თანაშემწე ჰყავს და, მგონი, არც გულშემატკივარი. ბატონი ზურაბის ადგილსამყოფლად ხან პარიზი დაასახელეს, ხან ვენა და ხანაც მოსკოვი (?!). ერთი სიტყვით, ფაფუ!.. მართალი გითხრათ, ჟურნალისტებს გული კი დაგვწყდა, რადგან ბატონი ზურას სახით ერთ-ერთი ყველაზე საინტერესოდ მოსაუბრე რესპონდენტი დავკარგეთ. ერთ დღესაც კი, არც მეტი, არც ნაკლები, ზურაბ ნოღაიდელი და ქალაქის მერი გიგი უგულავა ლესელიძეზე მდებარე სახინკლე "შემოიხედე გენაცვალეში" უნახავთ, საიდანაც ძალიან კეთილგანწყობილი ღიმილით გამოსულან და შავ, დაბურულმინებიან ჯიპში ჩამსხდარან!.. რახან ბატონი ზურაბის ნომერი და კვალი, როგორც პოლიტიკოსებმა იციან ხოლმე თქმა, ბუნებაში არ არსებობს, იძულებული გავხდი, პარტია "სამართლიანი საქართველოსთვის" წევრ პეტრე მამრაძეს დავკავშირებოდი:
- საერთოდ არ ვიცოდი, თუ ბატონი ზურაბი საქართველოში იმყოფებოდა. არ მახსოვს, მას ბოლოს როდის ვესაუბრე. საქმე არ ითხოვს მასთან ხშირ ურთიერთობას... მეც გაოცებული ვარ. არ ვიცოდი, ნოღაიდელსა და გიგი უგულავას ერთად ქეიფი თუ შეეძლოთ. ასეა თუ ისე, ეს სამოქალაქო საზოგადოების კულტურის ამაღლებაზე მიანიშნებს. კარგია, თუ ქართველებს, სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების მიუხედავად, ერთმანეთთან სხვა თემაზე შეგვიძლია შეხვედრა და საუბარი. თუმცა არა მგონია, ასე იყოს...