"მაესტროს" ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა მამუკა ღლონტმა მუსიკალური არხის გაკეთება გადაწყვიტა. მისი გადაწყვეტილება ალბათ არცაა გასაკვირი. ყველას გვახსოვს ის დრო, როდესაც "მაესტრო" გასართობი ტელევიზია იყო და მისი რეალური შოუები კონკურენციას სხვა არხის ნებისმიერ გადაცემას უწევდა. მამუკა ღლონტს პოლიტიკური არხის გაკეთება საერთოდაც არ უნდოდა, მაგრამ როგორც თავად ამბობს, ასე ხელისუფლების ქმედებების გამო მოიქცა. მის გვერდით ბევრი პოლიტიკოსი თუ "ტელევიზიონშიკი" დადგა, მაგრამ როგორც მოგვიანებით გაარკვია, ბოლომდე არავის ნდობა არ შეიძლებოდა. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ "მეცხრე არხის" მთავარი საინფორმაციო გამოშვება ეთერში საღამოს ცხრა საათზე გავიდოდა, მამუკა ღლონტმა თავისი აზრი დააფიქსირა და თქვა, რომ "იმედისთვის" "გულავის" საშუალება არ უნდა მიეცათ "მეცხრეარხელებს". ესპანეთიდან დაბრუნებულ მამუკა ღლონტს სხვადასხვა საინტერესო საკითხზე ვესაუბრეთ.
- სულ რამდენიმე დღეა, ესპანეთიდან დავბრუნდი. მეგობრებმა "ბაიერნისა" და "რეალის" თამაშზე დამპატიჟეს.
- კარგი მეგობრები გყოლიათ...
- ასეთი საჩუქარი "ენტევეს" და "ენტევე პლუსის" დიზაინერებმა გამიკეთეს. ისინი "მაესტროს" ახალი სტუდიის დიზაინს გვიკეთებენ. როგორც იცით, "ენტევე პლუსი" ყიდულობს მატჩებს და მათ განსაკუთრებული უფლებები აქვთ. დიზაინერების ხათრით მოგვცეს ბარათი, რომლითაც სტადიონზე შევედით და ბევრი ცნობილი ფეხბურთელი და ჟურნალისტი ვნახეთ. თავად მატჩი ისეთი იყო, რომ ისტორიაში შევა.
- ვის გულშემატკივრობდით?
- "ბაიერნს". თბილისიდან მწერდნენ, თარსი ხარო. მგონი, მთელი თბილისი "რეალს" გულშემატკივრობდა. მე "ბაიერნის" გულშემატკივარი ვარ. ჩემი გუნდისთვის ფეხბედნიერი აღმოვჩნდი. თუმცა მე არ ვარ ფეხბურთის გადამკვდარი გულშემატკივარი. ჩვეულებრივ, რიგით მატჩებს ვერ ვუყურებ. არ მაქვს ამის დრო.
- გავრცელდა ინფორმაცია, რომ თქვენ მალე გასართობ არხ "მმთვ"-ის გახსნით.
- ამასთან დაკავშირებით ბევრი ჭორი გავრცელდა და კარგია, რომ მომეცა საშუალება, ყველაფერი ავხსნა. პირველ რიგში, გეტყვით იმას, რომ "მმთვ" დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში მხოლოდ ქართულ პროდუქტს შემოგთავაზებთ. ეს არხი გაკეთდება ქართველი ემიგრანტებისთვის. ემიგრანტებს გაუჩნდებათ საშუალება, ქართულ სიმღერებს საზღვარგარეთ უყურონ. ერთი წლის შემდეგ, იმის მიხედვით, როგორ განვითარდება ჩვენი ქვეყანა, გადავწყვეტთ, როგორ განვავითაროთ მუსიკალური არხი. საუკეთესო შემთხვევაში გავაკეთებთ დაახლოებით ისეთ არხს, როგორიც მაუწყებლობდა "პირველი სტერეოსა" და "ევრიკას" ეთერში. არხი სატელიტზე გავა და ფასიანი იქნება. საკაბელოები თუ ჩართავენ, ეს მათი ნება იქნება. "მმთვ"-ის ნახვა ძალიან იაფად იქნება შესაძლებელი.
- რა ეღირება?
- თვეში დაახლოებით ერთი ლარი იქნება გადასახდელი. უფრო სწორად, 30-დან 50 ამერიკულ ცენტამდე. ჩვენ ქართული სიმღერების ისეთი ბაზა გვაქვს, რომელიც არც ერთ სხვა არხს არ აქვს და გვინდა, ეს ბაზა გამოვიყენოთ.
- ერთ-ერთ ინტერვიუში თქვით, ხელისუფლებამ მაიძულა, პოლიტიკური არხის გაკეთება, თორემ ჩემი საქმე მუსიკალური არხის ხელმძღვანელობა იყოო. ბოლო დროს ისევ მუსიკალური გასართობი არხის გაკეთების სურვილი რატომ გაგიჩნდათ?
- "მაესტროს" დამფუძნებლების, მათ შორის არხის ერთ-ერთი მეწილის მაკა ასათიანის მიმართულება პოლიტიკა არ არის. ჩვენ იძულებით მოვხვდით ამ სფეროში. ხელისუფლების მხრიდან არხის გაკოტრების მცდელობის შემდეგ ჩვენი პროტესტი პოლიტიკური არხის შექმნით გამოვთქვით, რომელიც მოგვიანებით ერთ-ერთ წამყვან ასეთი სახის ტელევიზიად გადაიქცა. ვფიქრობთ, რომ თუ გადავალთ გასართობ არხზე და იქ გავაგრძელებთ მოღვაწეობას, კარგი იქნება. "მაესტროში" კი დარჩებიან ის ადამიანები, რომლებიც არხზე მუშაობენ და უკვე კარგი პროფესიონალები არიან.
- ე.ი. თქვენ "მაესტროს" საერთოდ ჩამოშორდებით?
- ჩემი ოცნებაა, ჩამოვშორდე პოლიტიკურ ტელევიზიას და ჩემი საქმე ვაკეთო. ჩემი საქმე კი არის მუსიკალური პროდიუსერობა და გასართობი გადაცემების სცენარის წერა. თუნდაც რეალური შოუების გაკეთება. სამწუხაროა, რომ ამ საქმეს ყოველთვის ხარისხიანად ვერ ვაკეთებდი ტოტალური უფინანსობის გამო. ყოველდღიური საქმიანობა "მაესტროზე" აღარ მექნება, მაგრამ მე "მაესტროს" ერთ-ერთ მესაკუთრედ ვრჩები. მუსიკალური არხის მენეჯმენტში ვიქნები. "მაესტროში" კი უკვე აღარ ვარ მენეჯმენტში. როგორც იცით, "მაესტროს" გენერალური დირექტორი ილია კიკაბიძეა და მთავარი პროდიუსერი ეკა აკობია. ამ ეტაპზე შემიძლია მხოლოდ ის გითხრათ, რომ მუსიკალურ-გასართობ არხზე ჩემთან ერთად ეკა აკობია წამოვა. ამ არხის შექმნაზე ამ ეტაპზე არანაირი კაპიტალი არ იხარჯება ერთი სერვერის გარდა, რომელიც 2000 დოლარი ღირს და რომელიც კლიპებს დაატრიალებს ეთერში. იმაზე, თუ როგორ განვითარდება მოვლენები საქართველოში, ბევრი რამეა დამოკიდებული. თუ სააკაშვილი ხელისუფლებაში დარჩა და პრემიერ-მინისტრად მოგვევლინა, შეიძლება, აღარც რადიო "მაესტრო" იყოს, აღარც ტელეკომპანია "მაესტრო", აღარც "მმთვ" და აღარც "მეცხრე არხი". თუმცა შეიძლება, ყველაფერი პირიქით მოხდეს, მოვიდეს ჯანსაღი ძალა და გაიხსნას სარეკლამო ბაზარი. ამ შემთხვევაში ჩვენ საკმაოდ წარმატებული ბიზნესი გვექნება.
- ვის ხელში დატოვებთ "მაესტროს"?
- "მაესტროს" "ნიუსრუმის" შეფი არის ხატია ქვათაძე, რომელიც, თუ არ ვცდები, 23 წლისაა და როგორც ჟურნალისტი დაიბადა და გაიზარდა "მაესტროში". ეს ახალგაზრდა გოგონა თავის საქმეს არაჩვეულებრივად ართმევს თავს. ჩვენ უკვე უამრავი პროფესიონალი კადრი გვყავს. ამიტომ არ მეპარება ეჭვი, რომ ვინც არხზე დარჩება, ჩვენზე უკეთ გააგრძელებს საქმეს.
- "მაესტროდან" თქვენი ჩამოშორება იმან ხომ არ განაპირობა, რომ ვინც გვერდში გედგათ, სანდონი არ აღმოჩნდნენ?
- ვის გულისხმობთ?
- ეროსი კიწმარიშვილის კედელზე გადაძრომის თემას რომ აღარ შევეხოთ, ერთ დროს თქვენ გვერდით იდგა კახა ბექაური, რომელიც ცოტა ხნის წინ "მეცხრე არხის" გენერალური დირექტორი გახდა. მისი გადაწყვეტილებით, არხის მთავარი საინფორმაციო გამოშვება ცხრა საათზე გადის, ზუსტად მაშინ, როცა ეთერში "მაესტროს" მთავარი საინფორმაციოა...
- კახას ამ გადაწყვეტილებით კმაყოფილი ვარ მხოლოდ იმიტომ, რომ ვიცი, კონკურენციას მხოლოდ სიკეთე მოაქვს. თუმცა უკმაყოფილოც ვარ. როცა ტოტალიტარულ მმართველობას სიმართლით ებრძვი, ერთი ხელი არ უნდა იქნიო, როცა ორი ხელის მოქნევის საშუალება გაქვს. მხოლოდ ამ კუთხით ვარ უკმაყოფილო, თორემ, სხვა რა უფლება მაქვს. ჩემი ვარაუდით, "მეცხრე არხის" მთავარი საინფორმაციოს ცხრა საათზე გაშვება შეცდომა იყო. როდესაც უზარმაზარ პროპაგანდისტულ მანქანას ებრძვი, ორი დამოუკიდებელი ტელევიზიის საინფორმაციო ერთსა და იმავე დროს არ უნდა გადიოდეს. ისიც კარგად მესმის, რომ კონკურენციას მხოლოდ სიკეთე მოაქვს. დიდ წარმატებას ვუსურვებ "მეცხრე არხს". დიდხანს შეენარჩუნებინოს სიცოცხლე. წლების წინ, როცა დაიხურა, გული ძალიან დამწყდა.
- "მეცხრე არხთან" დაკავშირებით უკმაყოფილება მხოლოდ "ფეისბუქზე" გამოთქვით, თუ თქვენი აზრი ბექაურთან პირად საუბარშიც დააფიქსირეთ?
- მე არ ვარ ტყეში დაბადებული და გაზრდილი და კარგად მესმის, რომ სხვა ტელეკომპანიის საქმეებში ჩარევა ჩემი საქმე არაა. უბრალოდ, ჩემი არგუმენტირებული აზრი დავაფიქსირე.
- უყურეთ "მეცხრე არხის" პირველ ეთერს?
- ვუყურე და ვფიქრობ, რომ პირველი ეთერის კვალობაზე საკმაოდ ეფექტურად გავიდნენ. ვფიქრობ, უფრო მეტად ამოქოქავენ, რადგან არხზე პროფესიონალები მუშაობენ. მაგალითისთვის შეიძლება მოვიყვანო თუნდაც თამარ რუხაძე. თამარმა "მაესტროს" "ნიუსრუმი" შექმნა. ის მაღალი დონის სპეციალისტია და იმედი მაქვს, თავს ყველაფერს კარგად გაართმევს.
- თამარ რუხაძის "მაესტროში" დატოვების მცდელობა არ გქონიათ?
- როდესაც თამარ რუხაძემ განმიცხადა, რომ წასვლა უნდოდა, ვთხოვე დარჩენა და ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ არ წასულიყო. თუმცა ისიც ვუთხარი, რომ პატივს ვცემდი მის გადაწყვეტილებას. ჩემთვის მთავარია, ჩემი თანამშრომელი და მეგობარი კარგად და კომფორტულად გრძნობდეს თავს. თუ ის კარგად ვერ იქნება, სულ არ მინდა მისი მუშაობა. სამწუხაროდ, "მაესტროში" თამარის დატოვება ვერ შევძელი. მას ჰქონდა თავისი მიზნები და მათ განხორციელებაში ხელს ვერ შევუშლიდი.
- "რუსთავი 2" აქტიურად მუშაობს იმ საკითხზე, რომ მათმა ჟურნალისტებმა არ დატოვონ არხი. როგორც ამბობენ, ისინი ჟურნალისტებთან ახალ ხელშეკრულებებს დებენ. თქვენ რა გააკეთეთ, რომ ჟურნალისტებს ტელევიზია არ დაეტოვებინათ?
- "მაესტროზე" ბევრი ჟურნალისტი მუშაობს, რომლებმაც ფეხი ჩვენთან აიდგეს. მე მათ გარკვეული ვადა მივეცი და ვთხოვე, თუ წასვლა გინდათ, ამ ეტაპზევე წადით, თორემ შემდეგ თქვენი წასვლა მეწყინება-მეთქი. არხი ჟურნელისტების ტრენინგებში ფულს ხარჯავს და ბუნებრივია, საწყენია, როდესაც ადამიანში კაპიტალს და გულს ჩადებ და შემდეგ ეს ადამიანი ამ ყველაფერს სხვაგან წაიღებს. თუმცა კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ მე ვარ თავისუფლებისმოყვარე ადამიანი. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება პროტესტი გამოვხატო და შეიძლება მეწყინოს ვინმეს წასვლა, ძალით სამსახურში არავის დავაკავებ. ეს, პირველ რიგში, ჩემი ღირსების შელახვა იქნება. თუმცა არ მგონია, "მეცხრე არხი" ისე მოიქცეს, რომ სატელევიზიო ბაზარი დაარღვიოს და ყველა ჟურნალისტი გადაიბიროს. ჩვენ სწორედ მონოპოლიების შექმნას ვებრძვით. დარწმუნებული ვარ, "მეცხრე არხი" მონოპოლიას არ შექმნის.
- როგორ ფიქრობთ, მაკა ასათიანს პრობლემები მხოლოდ იმიტომ ექმნება, რომ "მაესტროს" მეწილეა?
- ეჭვიც არ მეპარება, რომ ასეა. მაკას ოცი წლის წინანდელი საქმე ამოუწიეს და ედავებიან. რამდენიმე კვირის წინ ცხრაასი ათასი ლარით დააჯარიმეს. ჩვენ კარგად ვხედავთ, როგორ აჯარიმებენ "ქართუ ბანკს" და სხვადასხვა ორგანიზაციას. ესაა ხელისუფლების ტაქტიკა. მაკა და მისი ოჯახი "მაესტროში" დიდ ინვესტიციებს ახორციელებს. მისთვის ცხრაასი ათასი ლარი საკმაოდ დიდი თანხაა და ალბათ ამ ჯარიმის გადახდა "მაესტროს" საქმიანობაზეც აისახება. სამწუხაროა, რომ ხელისუფლება ასე იქცევა. ჩვენ ჩვენი რეიტინგის საპირწონე შემოსავალი არ გვაქვს. ვცადეთ გვეპოვა შემოვლითი გზები, გამოვნახეთ ინვესტორი მაკა ასათიანის სახით და ახლა ხელისუფლება ჩვენთვის ამ გზის ჩაკეტვასაც ცდილობს. ამბობს, საქართველოში თავისუფალი სიტყვააო, მაგრამ იმას არასდროს ამბობს, რომ თავისუფალი სიტყვის დაფინანსება და მასში რეკლამის მოტანა საქართველოში პრობლემაა. შესაბამისად, თავისუფალი სიტყვა ჩვენს ქვეყანაში მხოლოდ მაშინ იქნება, როდესაც რეკლამის მოტანა იქნება შესაძლებელი. თორემ გავალ ქუჩაში, ხეზე ავძვრები და ვილაპარაკებ, რაც მინდა. ეს ხომ არ იქნება სიტყვის თავისუფლება. თავისუფალი სიტყვის თქმისთვის ზიანი არ უნდა მომადგეს.
- მაკა ასათიანი ხომ არ დაფიქრდა "მაესტროში" თავისი წილის დათმობაზე?
- პირიქით, რაც უფრო მეტია ზეწოლა, მით უფრო მეტია ჩვენგან წინააღმდეგობა. ასე გაგრძელდება მომავალშიც. რაც უფრო მეტ ზეწოლას განახორციელებენ ჩვენს ტელევიზიაზე, მით უფრო მეტ ობიექტურ მასალას მიიღებენ ჩვენგან. საქართველოში არ ყოფილა პრეცედენტი, რომ ოცი წლის ორგანიზაციას ამ ხნის განმავლობაში ერთი და იგივე მფლობელები ჰყავს. ასეთი მხოლოდ "მაესტროა". დამფუძნებლებმა შევძელით, ერთგულებით მოგვეყვანა ტელეკომპანია დღემდე. საქართველოში წარმატებას რომ მიაღწევენ, მერე ერთმანეთს დაერევიან ხოლმე. გარდა ამისა, როცა ტელეკომპანიას გაუჭირდა, ყველა მისი პერსონაჟი რადიო "მაესტროს" სამ ოთახში წამოვიდა და არ დარჩა არხზე ეროსის დაპირებული ფულებისთვის. ჩვენ შეგვიძლია, წლობით ვიყოთ შავ პურსა და წყალზე, მაგრამ მაინც ვიმუშავებთ. ასეთი ხრიკები "მაესტროს" წინააღმდეგ არასდროს გასვლიათ.
- თქვენ მხოლოდ მაკასთან აწარმოებთ მოლაპარაკებას თუ მის მეუღლე კოტე გოგელიასთანაც?
- მაკა "მაესტროს" თანამეწილეა, ბუნებრივია, მისი ოჯახის წევრებიც ყველაფრის საქმის კურსში არიან. მე დასამალი არაფერი მაქვს. კოტესთანაც და მაკასთანაც ხშირად ვსაუბრობ. კოტე წარმატებული ბიზნესმენია და ხშირად გვაძლევს რჩევებს.
- მუსიკალურ არხს ვინ დააფინანსებს?
- მაკა ასათიანს გასართობ არხზე ზუსტად ისეთივე სტატუსი ექნება, როგორიც "მაესტროში" აქვს.