"აღმოვაჩინე, რომ 30 თუ 40 წარმომადგენელს აგზავნით ბრაზილიაში გარემოს დაცვის კონფერენციაზე დიდი სტენდის მოსაწყობად. ბიჭებს და გოგოებს ბრაზილიაში გასეირნება მოენატრათ. შაშკინის სამინისტროს ხალხია... ეკონომიკის სამინისტროს ხალხია. ვერა ქობალიამ ატეხა ამბავი. მოდით, საქართველოში გაისეირნეთ ცოტა მეტი, ბიჭებო და გოგოებო... ხომ არ წარმოიდგინეთ, რომ მართლა ემირატების შემოსავლები გვაქვს ან უკვე სინგაპური გვაქვს?" - მიხეილ სააკაშვილმა ხუთშაბათს ყვარელში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში სტუმრობისას მინისტრებს თანამშრომელთა გახშირებული მივლინებების გამო უსაყვედურა.
პრეზიდენტის თქმით, გარშემო წარმოუდგენელი გაჭირვებაა, საზოგადოების 20% დღეში დაახლოებით 2 დოლარზე ნაკლებად ცხოვრობს და "რა დროს აქეთ-იქეთ სეირნობაა?!". "საკუთარი მივლინებებიც კი შევამცირე მკვეთრად. თუ ადრე ჩემი წინამორბედი საზღვარგარეთ 60-კაციანი შემადგენლობით დადიოდა, მე 3-4-5 კაცზე მეტი არასდროს გამყავს ხოლმე. მოიქეცით ისე, როგორც შეესაბამება ჯერ კიდევ ძალიან გაჭირვებული ქვეყნის სახელმწიფო აპარატს", - აღნიშნა პრეზიდენტმა. სულ რამდენი სამინისტროს წარმომადგენელი მიდის ბრაზილიაში და რამდენი დელეგატის გაგზავნა იგეგმებოდა ეკონომიკისა და განათლების სამინისტროებიდან, გასარკვევად სხვადასხვა სამინისტროების პრეს-სამსახურის უფროსებს დავუკავშირდით. აღმოჩნდა, რომ პრეზიდენტის მიერ ნახსენები ეკონომიკის სამინისტროდან ბრაზილიაში წასვლას არავინ აპირებს და როგორც პრეს-სამსახურის უფროსი თეა ბოლქვაძე "რეზონანსთან" საუბარში განმარტავს, არც ერთ კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად მათი უწყებინად 2 კაცზე მეტი არასდროს წასულა. მისივე თქმით, ბრაზილიაში განათლებისა და გარემოს დაცვის სამისტროს წარმომადგენლები მიდიან. თეა ბოლქვაძე: "სამინისტრო ყოველთვის ძალიან შეზღუდული რაოდენობით აგზავნის ხოლმე თანამშრომლებს კონფერენციებზე, რომ მაქსიმალურად იყოს დაზოგილი ბიუჯეტი. მხოლოდ 1-2 ადამიარი მიდის ხოლმე საზღვარს გარეთ კონფრენციებში მონაწილეობის მისაღებად. ბრაზილიაში კი ეკონომიკის სამინისტროდან არავინ არ მიდის". გარემოს დაცვის სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი ეკა ბენდელიანი ამბობს, რომ ივნისის დასაწყისში რიო-დე-ჟანეიროში გლობალური საერთაშორისო მნიშვნელობის გარემოდაცვითი კონფრენცია ტარდება, რასაც გაერო-ს წევრი ქვეყნების 198 ლიდერი ესწრება და მათი სამინისტროდან ბრაზილიაში 4 დელეგატი მიემგზავრება. განათლების სამინისტროს პრეს-სასახურის უფროსმა ნინო პოტრჟებსკაიამ კი დელეგატების რაოდენობაზე საუბარი არ ისურვა. კავკასიის კვლევის საერთშორისო სკოლის დირექტორი, პოლიტოლოგი გია ნოდიას თვალსაზრისით, "შეიძლება ჩაითვლოს, რომ მხოლოდ ხალხის გასაგონად გაკეთდა მსგავსი განცხადება, მაგრამ ხანდხან შესაძლებლია რეალური უმაყოფილებაც, წუხილიც იყოს იმის გამო, რომ საქართველოში ხელისუფლების წარმომადგენლები მოგზაურობისთვის შესაძლებლობებს ზედმეტად იყენებენ და ზედმეტ ფულს ხარჯავენ". გია ნოდია: "შეიძლება ვივარაუდოთ, რომ პრეზიდენტმა უსაყვედურა შაშკინს, მაგრამ ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ მადისციპლინერებელი განცხადებები სხვა დროსაც ჰქონია პრეზიდენტს. ადრე იყო ნათქვამი, რომ ბიზნესკლასით ნუ დადიანო..." მისი თქმით, პრეზიდენტის განცხადება ყოველთვის ახდენს გავლენას და ალბათ ახლა, ის, ვინც მილინებაში წასვლას აპირებდა, აღარ წავა. "11 თვე ვიყავი მინისტრი და ჩემს დროს არ მახსოვს მივლინებაში 2-3 კაცზე მეტი წასულიყო. 10-კაციანი მივლინება არ მახსოვს. პრეზიდენტმა გააკეთა შეფასება, რომ ბრაზილიაში რაღაც გამოფენაში მონაწილეობის მიღებას არ სჭირდება დიდი, 30-კაციანი დელეგაცია და ამდენი ფული დახარჯო", - დასძენს ნოდია. პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილის განცხადებით, მომჭირნეობის მაგალითს სამინისტროებს პრეზიდენტი უნდა აძლევდეს და სააკაშვილის მხრიდან მოქალაქეთა გაჭირვებაზე ასეთი მაგალითის მოყვანა და წუხილი, არადამაჯერებელია. სოსო ცისკარიშვილი: "პირადი მაგალითი ყოველთვის კარგი არგუმენია, როგორ უნდა მოიქცეს ხელქვეითი, მომჭირნეობის შემოქმედი კი სააკაშვილი არასდროს ყოფილა. "ვეთანხმები ბატონ პრეზიდენტს, რომ ხელმომჭირნეობა სჯობია ასეთ დროს, მაგრამ "ნიანგის ცრემლების" ღვრა მოქალაქეთა გაჭირვებაზე, თან ასეთი მაგალითის საფუძველზე, არადამაჯერებელია ისეთი პრეზიდენტისგან, რომელიც შეიძლება არა მარტო რეგიონში ლიდერობდეს საკუთარ ახირებების განხორცილებისთვის დახარჯულ თანხებით. არ დაგვავიწყდეს მისი მოგზაურობები, მასაჟისტის თუ კონცერტისთვის სხვა ვიღაცეების მოწვევა, დაუსრულებელი ფანტაზიების რეალიზაციის სურვილი და ა.შ. "გაივლის რამდენიმე კვირა და ისევ ვნახავთ რამდენი ხნით გაუჩინარებულ პრეზიდენტს. ჩვენ ხომ გვახსოვს, როცა სამხრეთ ამერიკაში ერთი ქვეყნის პრეზიდენტის ინაუგურაციზე წავიდა, რამდენიმე დღით და შემდეგ 10-12 დღის განმავლობაში ვეძებდით, რომელ კურორტზე ისვენებდა. თუ მომჭირნეობაზე საუბრობს, თავად მისცეს მაგალითი. როდისმე ცარიელი ყოფილა მისი 150-კაციანი თვითმფრინავი?! 3-4 კაციან ამალას მხოლოდ მინისტრებს თუ ეძახის, ყველა მინისტრს ხომ ვერ წაიყვანს ასე წამდაუწუმ საზღვარგარეთ?! "მას არაერთხელ მოუწოდებია, ქამარი შემოიჭირეთო, ასეთ ვითარებაში ძნელია დამაჯერებელი მიბაძვის სურვილი გამოიჩინონ ხელქვეითებმა და ამიტომაც მთავრობის წევრებმა საერთოდ შეიხსნეს ქამრები". ცისკარიშვილი ამბობს, რომ როცა ჟურნალისტებმა გამოაქვეყნეს მინისტრთა მიერ საკუთარ თავზე გამოწერილი პრემიები, რომლებიც ხელფასზ ორჯერ მეტი იყო, თუკი მფლანგველობაზე გული შესტკიოდა, ეს უნდა გაეკრიტიკებინა. "დელეგაციის თემა მხოლოდ პირდაპირ ეთერში გამოსვლისთვის იყო გაკეთებული. თანამოაზრეების ანაზღაურებას არ ჰგავს ამხელა პრემიები, რაც ჩვენ მინისტებს ჰქონიათ. ეს უფრო თანამზრახველთა შორის ფინანსური კეთილდღეობის გადანაწილებას ჰგავს, რადგან არავინ იცის, სანამ გაგრძელდება ამა თუ იმ ადამიანის მინისტრობა და ამიტომ ყველა ცდილობს, რაც შეიძლება მეტი პრემია მიიღოს", - მიიჩნევს ცისკარიშვილი და დასძენს, რომ "ნურავის შეშურდება მინისტრების, რადგან შაშკინი თუ სხვა მისი კოლეგა 24-საათიანი მუქარის ქვეშ არიან. არავინ არ იცის რამდენი საათი დარჩა მინისტრობის სავარძელში. ყოველი წუთი საფრთხის შემცველია და ასეთი ვითარების გამო მთავრობის წევრები მხოლოდ ნევროზით არიან დაჯილდოვებულები და მათ მიერ მართულ სისტემებში რეალობაც შესაბამისია". ცისკარიშვილის მოსაზრებას გია ნოდია არ ეთანხმება და მიაჩნია, რომ მინისტრებს მაღალი ხელფასები და პრემიები რომ აქვთ, ეს ოფიციალური შემოსავალია და ირიბად შეიძლება მიანიშნებს იმას, რომ ისინი ფულს არ იპარავენ. "მეც ვიყავი მინისტრი და პრემიები ხელფასზე მეტი არ ყოფილა. იმის თქმა, რომ მინისტრებმა ნაკლები პრემიები უნდა გამოიწერონ, ეს უფრო პოპულისტური განცხადება იქნებოდა. მინისტრი საკმაოდ მნიშვნელოვანი პირია, მას უნდა ჰქონდეს მაღალი ხელფასი, იმიტომ, რომ არ მოიპაროს და ეს არის სწორი. ასე რომ, ოფიციალური შემოსავალი ხელფასის სახით ექნება თუ პრემიის სახით, ეს გადამწყვეტი არ არის", - კოლეგას პასუხობს ნოდია. პოლიტოლოგი და ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ პრეზიდენტმა ამ გამოსვლით სიტყვიერად "დასაჯა" თანაშრომლები, რაც სხვა დროსაც მოგვისმენია, მაგრამ ამას არფერი მოჰყოლია, მხოლოდ პიარ-კამპანიის შემადგენელ ნაწილად დარჩა. რამაზ საყვარელიძე: "პირველი არ არის ანალოგიური განცხადება, როდესაც პრეზიდენტი სჯის სიტყვიერად. მმართველ გუნდს მენეჯმენტი არ ესწავლება და წესით, სირთულეს არ წარმოადგენს სამინისტროების წარმომადგენლების მივლინებებში ვიზიტების დადგენა და წესისა და რიგის შემოღება. "ახლაც როგორ მოხდა კრიტიკა, ვინმეს რომ "მათრახი" მოხვედროდა, არ ვიცით, არც მათი გვარები დასახელებულა, ვინც დელოგაციაშია. მხოლოდ სიტყვის მასალა იყო. თავის დროზე პრეზიდენტისგან ისიც ითქვა, ჩემს მინისტრებს ზედმეტი სახლი და მანქანა თუ ექნებათ, პირველი მე დავითხოვო, მაგრამ მოხდა რამე? "ეს განცხადება იმისთვის გაკეთდა, რომ ვიფიქოთ, შაშკინს გაუნაწყენდა. მაგრამ თუ დავაკვირდებით სააკაშვილის უნარს, მას საქმის ორგანიზება კარგად შეუძლია და ამიტომ გაუგებარია რატომ ყვირის საზოგადოების წინაშე. უსუსური მმართველის ფრაზაა, როცა საზოგადოებას უზიარებს იმას, რომ მისი თანამშრომლები ისე არ იქცევიან, როგორც საჭიროა. გონიერი, ძლიერი მმართველი ამას საზოგადოების შეწუხების გარეშეც აკეთებს. სააკაშვილი ძლიერი მმართველია და ასეთი დაჩივლება მისი მხრიდან დამაჯერებლად არ გამოიყურება", - განაცხადა საყვარელიძემ. |