ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი აცხადებს, რომ ალიანსის მოახლოებულ სამიტზე, რომელსაც ჩიკაგო უმასპინძლებს, ნატო „ძალიან მკაფიოდ“ აღიარებს საქართველოს პროგრესს. ამ საკითხს რასმუსენი შეეხო დღეს, ბრიუსელში რადიო თავისუფლების კორესპონდენტთან საუბრისას. „ჩიკაგოს სამიტი არ იქნება გაფართოების სამიტი, მაგრამ ჩვენ აუცილებლად ვაღიარებთ პროგრესს, რომელსაც საქართველო აღწევს ბოლო წლებში. ჩვენ ამას ვაღიარებთ სამიტის დეკლარაციაში. ჩვენ საქართველოს წვლილს ვაღიარებთ ძალიან მკაფიოდ. ჩიკაგოში საქართველო მონაწილეობას მიიღებს სამ ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრაში“, განაცხადა რასმუსენმა, რომლის განმარტებითაც, ერთ-ერთი შეხვედრა, რომელსაც საქართველოს წარმომადგენელი, კერძოდ საგარეო უწყების ხელმძღვანელი დაესწრება, იქნება ნატოში გაწევრიანების ასპირანტი ქვეყნების წარმომადგენელთა შეხვედრა.
ამავე ინტერვიუში ნატოს გენერალურმა მდივანმა „მოლაპარაკების ტაქტიკა“ უწოდა მოსკოვის განცხადებას, რომ „ჩიხშია შესული“ შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკება ევროპაში ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის განთავსებაზე და რომ რუსეთმა, შესაძლოა, საპასუხო ზომის სახით, რაკეტები განათავსოს კალინინგრადში, რომელიც ნატოს წევრ სახელმწიფოებს ესაზღვრება. რუსეთი აცხადებს, რომ ნატოს ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემამ, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას მის ეროვნულ ინტერესებს. „რამდენიმე წლის წინ ჩვენ გვქონდა ნატო-რუსეთის სამიტი ლისაბონში და გადავწყვიტეთ განგვევითარებინა ჭეშმარიტად სტრატეგიული პარტნიორობა ნატოსა და რუსეთს შორის. მუქარა, რომ განალაგებს ნატოს ტერიტორიის წინააღმდეგ მიმართულ შეტევით იარაღს, რუსეთის ასეთი მუქარები და განცხადებები არ შეესაბამება ჭეშმარიტად სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებას. ასე რომ, რომ მე ძალიან ვწუხვარ ასეთი რიტორიკის გამო,“ თქვა ნატოს გენერალურმა მდივანმა. ანდერს ფოგ რასმუსენის თქმით, ნატოს ჩიკაგოს სამიტზე, ალიანსი მიიღებს გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, თუ როგორი იქნება ალიანსის მისიის კონტურები 2014 წლის შემდეგ, როდესაც ავღანეთს საერთაშორისო ძალების სამხედრო ქვედანაყოფები დატოვებენ. ნატოს გენერალურმა მდივანმა თავი აარიდა საუბარს დეტალებზე, თუ რომელი ქვეყნები აპირებენ გაიღონ ფინანსური დახმარება ავღანეთის უსაფრთხოების ძალების მომზადებაში 2014 წლის შემდეგ. „ჩვენი წინასწარი გათვლებით, მთლიანი ღირებულება ბრძოლისუნარიანი ავღანეთის უსაფრთხოების ძალების გრძელვადიანი უზრუნველყოფისათვის საჭიროა 4 მილიარდი დოლარი, რაც ნატოსა და ISAF-ის პარტნიორებმა სამართლიანად უნდა გაინაწილონ“, დასძინა ნატოს გენერალურმა მდივანმა რადიო თავისუფლებასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში. ნატოს სამიტი ჩიკაგოში 20-21 მაისს გაიმართება. |