ხეების გაჩეხვის გამო თბილისში ონკოლოგიური დაავადებების მატებაა მოსალოდნელი

ხეების გაჩეხვის გამო თბილისში ონკოლოგიური დაავადებების მატებაა მოსალოდნელი

 

თბილისში ხეების მასობრივი გაჩეხვა მიმდინარეობს - რუსთაველის, აღმაშენებლის გამზირებისა და სანაპიროს შემდეგ მრავალწლიანი ხეები ვორონცოვზეც მოჭრეს. სპეციალისტთა აზრით, ეს ქალაქის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე აისახება. მათი თქმით, მოსახლეობაში ეს სიმსივნური დაავადებების გავრცელების კუთხით სავალალო შედეგს მოიტანს. 

"მწვანეთა პარტიის" ლიდერის, გია გაჩეჩილაძის განცხადებით, ხეების გაჩეხვამ სისტემატური ხასიათი მიიღო, რაც კატასტროფით დამთავრდება. 

"დავით აღმაშენებლის გამზირი ცნობილია, როგორც თბილისის ეკოლოგიურად ყველაზე მძიმე ტერიტორია. აქ ჰაერში ტოქსიკური ნივთიერებების ყველაზე მაღალი კონცენტრაცია იყო. ზოგადად, ფოთლოვან მცენარეებს ტოქსიკური ნივთიერებების შეწოვის უნარი აქვთ, სხვათა შორის, ბაქტერიების დიდ ნაწილსაც სპობენ. 

"ხეების გაჩეხვის შემდეგ გამონაბოლქვის კონცენტრაცია გაიზრდება. გარდა ამისა, ისინი ქარის სიჩქარეს ანელებენ და მათი მოჭრის შემდეგ ამ უბნებში ქარის სიჩქარე გაიზრდება, რაც მტვრიანობის ხარისხს გაზრდის. 

"აღმაშენებლის გამზირი საქართველოს ხელისუფლების და თბილისის მერიის ქალაქისადმი დამოკიდებულების სიმბოლოა. ვაპირებთ, რომ ზაფხულში აღმაშენებლის პროსპექტი ეკოლოგიური კატასტროფის ზონად გამოვაცხადოთ, რადგან იქ ცხოვრებისათვის საშინელი პირობები იქნება. 

"პირველ რიგში, ეს ონკოლოგიური და ალერგიული დაავადებების მატების თვალსაზრისით გამოჩნდება", - აცხადებს გაჩეჩილაძე. 

როგორც "მწვანეთა პარტიის" ლიდერი აღნიშნავს, მავალწლიანი ხეების ნაცვლად დარგულ ნერგებს მსგავსი ეფექტი ვერ ექნებათ, რადგან თავის დროზე ჭადრები თბილისის ეკოლოგიური და ესთეტიკური მხარის გასაუმჯობესებლად სპეციალურად შეარჩიეს. 

"როგორც ჩანს, თბილისში მწვანე ნარგავების საერთოდ განადგურებას აპირებენ. მათ ორმაგი მიზანი აქვთ. პირველი: ამაში ფული კეთდება. მრავალწლიან ხეებს ჭრიან და მათ მაგივრად ახალ ნერგებს რგავენ, რომელიც ქალაქის ბიუჯეტს ათმაგი ფასი უჯდება. მეორე: მონოპოლისტ ფირმებს, რომლებიც სხვადასხვა მაღაზიებს ხსნიან და ქსელებს აფართოებენ, ეს ხეები ხელს უშლის თავიანთი ბიზნესინტერესების განხორციელებაში. 

მაგალითად, ჭავჭავაძეზე პირწმინდად მოჭრეს ხეები, რადგან მაღაზიას აშენებენ. მრავალწლიანი ხეების მაგივრად კი გაურკვეველი ფუნქცია-დანიშნულების ნარგავები დარგეს", - აცხადებს "მწვანეთა პარტიის" ლიდერი. 

სპეციალისტის თქმით, მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს ის კანონმდებლობა, რაც ხეების მოჭრასთან დაკავშირებით არსებობს. 

"ხელისუფლებამ კანონში უპრეცედენტო ცვლილება შეიტანა. ცვლილების მიხედვით, თუ ფულს გადაიხდი, ყველაფრის განადგურების შესაძლებლობა გექნება. ამასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელიც შევიტანეთ. თუ ეს საკანონმდებლო პრობლემა არ გადაიჭრა, სხვანაირად შეუძლებელია მწვანე საფარის მოსპობის პრობლემასთან გამკლავება. 

"მაგალითად, ახლა ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს მხოლოდ იმიტომ ჩეხენ, რომ სააკაშვილმა გადაწყვიტა, იქ ვესლოსიპედებით იარონ. ის კი 1840 წელს შექმნილი ბაღი და კულტურული მემკვიდრეობაა. 

"იმედი მაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში "მწვანეთა პარტიის" მიერ შეტანილი სარჩელი დაკმაყოფილდება და ყველაფერი სამართლებრივ ნორმებში ჩაჯდება. მხოლოდ ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი ბრძოლის აქტიურ ფაზაში გადაყვანა", - აცხადებს გაჩეჩილაძე. 

"გრინფისის" მხარდამჭერთა ჯგუფის თანათავმჯდომარე, ეკოლოგიის მაგისტრი ლაშა ჩხარტიშვილი კი ამბობს, რომ ხეების გაჩეხვა სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით ადამიანის სულიერი და ფიზიკური არსებობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს წარმოადგენს. 

"საქართველოში ისედაც შეიმჩნევა მწვანე ნარგავებისა და გამწვანებული ტერიტორიების დეფიციტი. ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით, თბილისში განმწვანებული ტერიტორიები ევროპულ სტანდარტებზე ათჯერ ნაკლებია. 

"საინტერესოა, რომ ხელისუფლების სხავადასხვა დაინტერესებული წარმომადგენლები ბოლო პერიოდში ხეების გაჩეხვის შედარებით ფარულ ტაქტიკას მიმართავენ. ისინი დღისით სამუშაოს ამზადებენ და საქმეს იიოლებენ, რომ ღამით ადვილად გაჩეხონ ხეები. ასე მოხდა ვორონცოვზე და ბარათაშვილის ქუჩაზეც, სადაც აბსოლუტურად საღი ცაცხვის ხეები გაიჩეხა", - აცხადებს ეკოლოგიის მაგისტრი. 

ჩხარტიშვილის თქმით, ბრიტანული კომპანიის კვლევების თანახმად, 2003 წელს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მიხედვით, თბილისი ევროპის ყველაზე დაბინძურებული დედაქალაქი იყო. ასეთი მიდგომით და ხეების მასობრივი ჩეხვის შედეგად კი დღეის მდგომარეობით მსოფლიოში ერთ-ერთი დაბინძურებული ატმოსფერული ჰაერის მქონე დედაქალაქი გვექნება. 

"არაფერი რომ აღარ ვთქვათ მწვანე საფარის რეკრეაციულ ფუნქციაზე, ადამიანის სულიერი სამყაროს ფორმირების თვალსაზრისით, რა ფუნქცია აქვს პარკებს, გამწვანებას და ხეებს, ეს ყველა ნორმალურმა ადამიანმა იცის, თუმცა ასეთები ხელისუფლებაში პრაქტიკულად არ არიან. 

"იჩეხება აბსოლუტურად ყველა ტიპის გამწვანება. ბაღები და პარკები, ქუჩისპირა გამწვანება... ვიცით, რომ მთელი სანაპირო გაიჩეხა, სხვადასხვა მიზნებითა და დანიშნულებით იჩეხება შიდაპარკული გამწვანებაც. 

"ხეები კორუფციული ინტერესების გამო ან სახლების ასაშენებლად იჩეხება. გამწვანებული ტერიტორიების ადგილზე ადმინისტრაციული შენობები და პოლიციის შუშის შენობებს აგებენ. 

"ეს უიშვიათესი თვითნებობაა და ავტორიტარიზმის მახინჯი გამოვლინება. ხეები მხოლოდ იმიტომ იჩეხება, რომ ხელისუფლებამ შემდგომ პიარი აწარმოოს. ნგრევის პირას მყოფ სახლებს ფასადებს უღებავენ და მის ფონზე სურთ ინტერვიუების მიცემა. 

"დედამიწაზე გაუგია ვინმეს, რომ შეღებილი ფასადების თვალსაჩინოების გამო ვინმეს ხეები გაეჩეხოს?! რამდენად თავსებადი უხეო ქალაქი და ამასთან ერთად ევროპულ განვითარებასა და ქალაქის მშენებლობის ევროპულ სტილზე საუბარი?! 

"შეიძლება ჩვენი ჯანმრთელობა რისკის ქვეშ იმის გამო დადგეს, რომ მერიის წარმომადგენლებმა ფული იშოვონ და საკუთარი სახლები აიშენონ? აქ არ არის საუბარი ჩვენს გრძნობებსა და ესთეტიკურ სიამოვნებაზე. საუბარია ჩვენს სიცოცხლეზეც კი. 

"სიმსივნური დაავადებების კოლოსალური ზრდა, რომელიც საქართველოში და, განსაკუთრებით თბილისში აღინიშნება, გარემოს დაცვის სტანდარტებთან პირდაპირ კავშირშია. ვისაც სკოლაში ბიოლოგია უსწავლია, ყველამ იცის, რომ ხეები დაბინძურებულ ჰაერს წმენდს. მათი გაჩეხვა კი კიდევ უფრო ზრდის ისედაც დაბინძურებული ეკოლოგიური გარემოს მავნე ზემოქმედებას ადამიანის ჯანმრთელობაზე. 

"ახლახან მსოფლიოს ოთხას ქალაქს შორის თბილისი უსაფრთხოების თვალსაზრისით მე-200 ადგილზე გამოცხადდა. ერთ-ერთი კრიტერიუმი სწორედ ჰაერის დაბინძურება იყო, ამასთან კი ხეების ჩეხვა პირდაპირ კავშირშია", - აცხადებს ლაშა ჩხარტიშვილი.