საქართველოს უფლებადამცველი ორგანიზაციები აქტიურ მოქმედებას იწყებენ ე.წ. პოლიტიკური პატიმრების გასათავისუფლებლად. პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს ხელმოსაწერად გაეგზავნებათ მემორანდუმის ტექსტი, ხოლო ერთიანი პოზიციის შეჯერების შემდეგ, ინფორმაცია გაიგზავნება ევროსაბჭოში. უფლებადამცველთა მთავარი მიზანია, საქართველოში ამუშავდეს ევროსაბჭოს წარმომადგენლობა, რომელიც პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულთა საქმეებს შეისწავლის.
ორგანიზაციების- "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" და "არას"- ინფორმაციით, საქართველოში 93 პოლიტპატიმარია, 11 ადამიანი კი პოლიტიკური დევნის გამო ქვეყნიდან არის გადახვეწილი. მათ ნაწილს უკვე მიღებული აქვს პოლიტიკური თავშესაფარი. უფლებადამცველები ვარაუდობენ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში შესაძლოა იმატოს ადამიანების პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებამ, თუმცა მთავარია არა პოლიტპატიმართა რაოდენობის, არამედ მათი სტატუსის აღიარება.
ნანა კაკაბაძე, თავმჯდომარე არასამთავრობო ორგანიზაციისა "ყოფილი პოლიტპატიმრები-ადამიანის უფლებებისთვის".
- სამწუხაროდ, პოლიტპატიმრების სრული სია არ გვაქვს, ვინაიდან ოპერატიულად ვერ ხერხდება ყველა იმ საქმის შესწავლა, რომლებზეც თვითონ პატიმრებს აქვთ პრეტენზია, რომ ეს არის პოლიტიკური საქმეები. მეორე მხრივ, ეს რიცხვი ხან იზრდება, ხან- მცირდება. პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულთა გათავისუფლება, როგორც წესი, სასჯელის ვადის ამოწურვის შემდეგ ხდება ხოლმე. ერთადერთი, ვინც ვადამდე ადრე გაათავისუფლეს, იყო მაია თოფურია. იგი სააღდგომოდ გამოცხადებული შეწყალებისას, 15 აპრილს გაათავისუფლეს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან. თქვენ იცით, რომ ეს საქმე სერიოზულად გახმაურდა და მასში ჩარეული იყო ამერიკული მხარე- მაიას ჰყავდა ამერიკელი ადვოკატები, ამერიკელმა სენატორებმაც გამოხატეს თავიანთი პოზიციები. მას წელიწად-ნახევარიღა ჰქონდა დარჩენილი და მხოლოდ ახლა შეიწყალეს. ირაკლი ბათიაშვილის შემდეგ, ეს მეორე შემთხვევაა, როცა პოლიტპატიმარი ვადაზე ადრე გათავისუფლდა.
- საერთაშორისო ორგანიზაციებმა რამდენ მათგანს მიანიჭა პოლიტპატიმრის სტატუსი?
- ჯერჯერობით საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ აღიარებულია 20 პოლიტპატიმარი. 19 მათგანი (იგორ გიორგაძის 12 მომხრე, ნორა კვიციანი, მერაბ რატიშვილი, ომარ ქუცნაშვილი, ვლადიმერ ვახანია...) აღიარა ადამიანის უფლებათა დამცველმა საერთაშორისო ორგანიზაციამ, რომლის წარმომადგენლებიც რამდენიმე წლის წინ საქართველოში იმყოფებოდნენ. ორ კვირაში მათ მეტი საქმის შესწავლა ვერ მოასწრეს. ერთი პატიმარი- ვლადიმერ ვახანია პოლიტპატიმრად აღიარა ცნობილმა უფლებადამცველმა, დისიდენტმა კავალიოვმა. ანუ, დღეს საერთაშორისო დონეზე აღიარებული 20 პოლიტპატიმარი გვყავს.
- ხელისუფლება რომ არ აღიარებს ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობას, ეს გასაგებია, მაგრამ რატომ დუმს სახალხო დამცველი. კანონი არ ანიჭებს ამის უფლებას?
- ეს სრულიად გაუგებარია. სახალხო დამცველის უშუალო მოვალეობაა პოლიტიკურად დევნილი ადამიანების და მათი საქმეების პრიორიტეტულად განხილვა. კანონმა როგორ უნდა მიანიჭოს ამის უფლება? არც ერთი ქვეყნის კანონმდებლობაში არ წერია ცნება- პოლიტპატიმარი, რადგან ეს არ არის იურიდიული ნორმა და ამაზე მხოლოდ და მხოლოდ უფლებადამცველები საუბრობენ. ომბუდსმენი ვალდებულია, გამოააშკარაოს ასეთი ადამიანები და დაიცვას ისინი. სწორედ ის უნდა ჩაერთოს საქმეში იმ მომენტში, როდესაც ხელისუფლებასა და პიროვნებას შორის არის კონფლიქტი. ყველაზე გამოკვეთილი და სერიოზული დაპირისპირება ხელისუფლებასა და პიროვნებას შორის არის მაშინ, როცა ხელისუფლებას აქვს პოლიტიკური ინტერესები ამ ადამიანის მიმართ და ამ დროს როგორ შეიძლება ომბუდსმენი ამბობდეს, ეს ჩემი პრეროგატივა არ არისო?!
- ქალბატონო ნანა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ პოსტსაბჭოურ ქვეყნებს შორის პოლიტპატიმრების რიცხვით საქართველო ლიდერობს?
- ახლო მომავალში ვაპირებთ ჩავატაროთ კონფერენცია და გავაკეთოთ შედარებითი ანალიზი პოსტსაბჭოთა ქვეყნებში- უკრაინაში, რუსეთში, სომხეთში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და ბელორუსში როგორც პატიმართა, ისე პოლიტპატიმართა რაოდენობის შესახებ და ვაჩვენოთ არა ჩვენი, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევის შედეგები. შემიძლია წინასწარ გითხრათ, რომ საქართველო პირველ ადგილზეა როგორც პატიმრებისა და პოლიტპატიმრების რიცხვით, აგრეთვე, სასჯელის სიმკაცრით და არაადამიანური მოპყრობით. გვინდა ვკითხოთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც ამბობენ, რომ საქართველოში სხვა ქვეყნებზე მეტი დემოკრატიაა, თანაც, იმავე საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევით პატიმართა რაოდენობით ვართ პირველ ადგილზე- რა კრიტერიუმით საზღვრავენ, რომ საქართველოში პოლიტპატიმრების და პატიმრების მდგომარეობა უფრო დაცულია, ვიდრე სხვა ქვეყნებში? ჩვენთან, ასე ვთქვათ, გაუმჭვირვალე ციხეებია თუნდაც სომხეთთან და აზერბაიჯანთან შედარებით, სადაც, როგორც მთელი მსოფლიო აღნიშნავს, ჩვენზე ნაკლები დემოკრატიაა. ორივე მეზობელი ქვეყნის ციხეებში არის დამოუკიდებელი მონიტორინგი არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან- შეუძლიათ, ნებისმიერ დროს შევიდნენ ციხეებში და გააკონტროლონ ისინი. ჩვენთან ეს გაუქმდა "ვარდების რევოლუციის" შემდგომ. ამ მხრივ ჩამორჩენილები ვართ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ აღიარებულ ნაკლებად დემოკრატიულ ქვეყნებთან შედარებით.
- როგორც ვიცი, ქართველი უფლებადამცველები აპირებთ მიმართოთ ევროსაბჭოს ქართველი პოლიტპატიმრების ცნობის თხოვნით. როგორ ფიქრობთ, ყველა მათგანს მიანიჭებენ ამ სტატუსს?
- გვინდა, ვთხოვოთ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, რომ ისინი დადგნენ იმ პოლიტიკაზე მაღლა, რომელიც დღეს მსოფლიოშია. "ვარდების რევოლუცია" მხარდაჭერილი იყო დასავლეთის მხრიდან და ამერიკის მეშვეობით შეიქმნა იმიჯი, რომ საქართველო არის დემოკრატიის შუქურა. აქედან გამომდინარე, უფლებადამცველ ორგანიზაციებს უჭირთ, დღესაც აღიარონ, რომ ეს იყო ყალბი პიარი და რეალობა არის სხვა. გვსურს, აგრეთვე, მივმართოთ ევროსაბჭოს: ხომ გაბედეს და თქვეს, რომ აზერბაიჯანში, უკრაინაში, სომხეთში, რუსეთსა და ბელორუსში არიან პოლიტპატიმრები, თუ ისინი მართლაც ჭეშმარიტად ემსახურებიან დემოკრატიას და ადამიანის უფლებების დაცვას, აღიარონ, რომ საქართველოშიც არიან პოლიტპატიმრები.
- ბევრი ამბობს, რომ ოქტომბრამდე გაიზრდება პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულთა რიცხვი...
- თუ ხელისუფლება ისეთ პოლიტიკას განაგრძობს, როგორსაც დღეს ადგას, რა თქმა უნდა, მოიმატებს, მაგრამ თუ სამოქალაქო საზოგადოება იმძლავრებს და იაქტიურებს- ვერა.