რას ნიშნავს ხელისუფლების მიერ, სოციალური მიმართულებით გადადგმული ის ნაბიჯი, რომლითაც, პენსიონერებს ზუსტად სექტემბერში გაუზრდიან პენსიებს საყოველთაო დაზღვევის ჩათვლით, ან რას ნიშნავს სტუდენტების დაზღვევა. იმას ხომ არა, რომ 2012 წლის 5 ოქტომბერს (თუ მანამდე ვადა არ შეიცვალა), ყველამ ერთად და თითოეულმა ცალ-ცალკე, საარჩევნო ყუთთან ერთადერთი ციფრი _ 5 უნდა შემოვხაზოთ? დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტი, სოსო ცისკარიშვილი ,,ვერსიასთან'' საუბრისას ამ ფაქტს ,,ირიბ სამხილს'' უწოდებს. მეტიც, ექსპერტს მიაჩნია, რომ ხელისუფლებამ ხრიკი იხმარა და პენსიის გაზრდა ჯერ კიდევ მაშინ გაახმოვანა, როდესაც ოპოზიცია ვადამდელ არჩევნებზე საუბრობდა, რომელიც ოქტომბერში კი არა, აპრილში ან მაისში უნდა გამართულიყო. მოკლედ, სოსო ცისკარიშვილი ამბობს, რომ თუკი ხელისუფლებას ამ ტიპის ,,ბრალდებას'' წავუყენებთ, უმრავლესობა თავს აი, ამ არგუმენტით გაიმართლებს. თუმცა იქვე დასძინა, რომ დროა, საზოგადოებამაც ვისწავლოთ ხრიკების გამოყენება _ ყველასგან მივიღოთ ყველა სიკეთე, მაგალითად, 20 ლიტრი საწვავი, ან თუნდაც ერთი ტომარა ფქვილი, მაგრამ საარჩევნო ყუთთან ისეთი არჩევანი გავაკეთოთ, რომ საკუთარ სინდისთან მართლები აღმოვჩნდეთ... მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ,,ვერსიასთან'' ინტერვიუში, სოსო ცისკარიშვილი აფასებს:
_ ბატონო სოსო, NDI-სა და IRI-ს სოციოლოგიურ კვლევებში ყველაზე საინტერესო ის არის, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი ,,ნაციონალური მოძრაობის'' იქს კანდიდატს უჭერს მხარს, ოღონდ მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება, მთავარია, უმრავლესობის კანდიდატი იყოს. რას ნიშნავს ეს, ან როგორ შეაფასებთ ამ კვლევებს?
_ ზოგადად, გაკვირვებას იწვევს ,,მაჭანკლის'' როლი, რომელიც თავის თავზე აიღო ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა _ NDI-მ. ფაქტია, რომ თურმე, შვეციის მოქალაქეებს, სხვა არაფერი აინტერესებთ იმის გარდა, რომ საკუთარი შემოსავლების ნაწილი საქართველოში, საზოგადოებრივი აზრის კვლევაში ჩადონ, მაგრამ არც ერთ შვედურ ორგანიზაციას იმდენი გამბედაობაც არ ჰყოფნის, თქვას, რომ ასეთ კვლევებს თვითონ ატარებენ. არა, პოულობენ ,,მაჭანკალს'' NDI-ს სახით და ისიც, როგორც გამოცდილი ,,ხანუმა'', პოულობს ,,სასიძოს'' იმ კომპანიის სახით, რომელიც სინამდვილეში ატარებს ამ გამოკითხვას. როგორც წესი, ეს არის საქართველოს ხელისუფლებასთან საკმაოდ გაშინაურებული ორგანიზაცია და რატომღაც, ამ ყველაფერს ამერიკული კვლევა ჰქვია. არადა, შვედური ფულით, ქართველი თუ რაღაცას იკვლევს, ეს ,,მაჭანკალი'' რა საჭიროა, გაუგებარია. რაც შეეხება IRI-ს, ეს ორგანიზაცია ივანიშვილთან შედარებით, სააკაშვილის მიმართ უფრო ყურადღებიანია. მაშინ, როდესაც ივანიშვილი ასეთი გამოკითხვების შეწყვეტას ითხოვს, სააკაშვილს სურს, ყოველ კვირას თუ არა, თვეში ერთხელ მაინც ტარდებოდეს. აი, სწორედ ეს ,,თვეში ერთხელ'' აიტაცა IRI-მ და მოქმედ პრეზიდენტს საკუთარი გამოკითხვებით ასიამოვნა კიდეც. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ,,ნაციონალური მოძრაობა'' პოპულარული არ არის, მას გააჩნია უამრავი ბერკეტი, მათ შორის, არა მარტო ,,ნაზუქი'', არამედ საკმაოდ მტკივნეული ,,სახრე'' იმისთვის, რომ პოპულარული იყოს ჩვენ მოქალაქეებს შორის. სხვათა შორის, ამ ,,სახრეს'' იყენებს კიდეც, როდესაც ქუთაისში, პარლამენტის შენობის გახსნამდე სამი კვირით ადრე, ისეთი ფრაზები გაისმის პრეზიდენტის მხრიდან, რომ თუ ეს შენობა დროულად არ ჩაბარდება, ვიღაცა თავს წააგებს, ან ვიღაცას ინფარქტი დაემართება...
_ უკაცრავად, მაგრამ სწორედ ამ ფრაზებისა და ვადებში ზუსტად ასეთი დათქმების გამო გამახსენდა ისტორიული ფაქტი, როგორ დაემუქრა ბერია ქართველ ფეხბურთელებს თამაშის წინ და მატში მოვიგეთ...…შეიძლება ეს ლეგენდაა, მაგრამ მაინტერესებს, რა განსხვავებას ხედავთ ლავრენტი ბერიასა და მიხეილ სააკაშვილს შორის?
_ სამწუხაროდ, ბერიასთან პარალელები სხვადასხვა მიმართულებებით შეიძლება გაივლოს. რაიმე მიზნის მიღწევისას, შესაძლოა, ბევრ პოლიტიკოსს საკუთარ არსენალში იმპერატიული ფორმები ჰქონდეს კიდეც, მაგრამ თარიღების მიმართ ფეტიშიზმი ნამდვილად ბოლშევიკური პროპაგანდის ერთ-ერთი მთავარი ნიშანია. განსხვავება ერთია: ბერიას დროს, ასეთი ვალდებულებების აღება საჭირო არ იყო, საკმარისი იყო ბრძანება და ყველაფერს პატიმრები აშენებდნენ, მაგრამ ახლა, პატიმრების როლში სიამოვნებით იყენებს თავს საქართველოს მოსახლეობის ის ნაწილი, რომელსაც დასაქმების არავითარი პერსპექტივა არ აქვს. თუ ასეთ შედარებებს გავყვებით, ჩემთვის ყველაზე უფრო მძიმე ფაქტი ის არის, რომ 1937 წელს, ბერიას მმართველობის დროს, სისხლის სამართლის საქმეებში, პროკურატურა შემთხვევათა 7%-ში დამარცხდა, 2011 წელს კი ამერიკული წყაროების მიხედვით, ეს მაჩვენებელი 0,1%-ია. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენდა საუბედუროდ, უბრალო სტატისტიკით, ლავრენტი ბერიას სასამართლო 70-ჯერ უფრო ლმობიერი იყო, ვიდრე ზურაბ ადეიშვილის სასამართლოა. ამიტომ ნუ გაგვიკვირდება, რომ იგივე _ ,,გვაცალეთ, ბატონო, გვაცალეთ'', გარკვეულ მსგავსებას იწვევს ბერიას პერიოდთან და მის ფავორიტ, თუნდაც მხატვრულ სახესთან ვარლამ არავიძის სახით, თენგიზ აბულაძის კინოფილმიდან _ ,,მონანიება''.
_ დიახ, პრეზიდენტმა გვთხოვა, რომ 3-4 წელი კიდევ ვაცალოთ, არ მგონია, სააკაშვილმა ეს ვადა მხოლოდ წყალტუბოს ასაღორძინებლად ითხოვა, კონკრეტულად, რა დარჩა გასაკეთებელი, ან რისთვის სჭირდება ეს სამი-ოთხი წელი, პრეზიდენტად ვეღარ იყრის კენჭს და პრემიერ-მინისტრობა უნდა, თუ პარლამენტის თავმჯდომარეობა?
_ დავიწყოთ იქიდან, რომ გამორიცხული არაფერია, რადგან არ გაგიკვირდებათ, თუკი მომავალ კვირას კონსტიტუცია შეიცვლება და ერთი და იგივე პირის პრეზიდენტად ორჯერადად არჩევის ნაცვლად, ოთხჯერად არჩევას შემოიღებენ. დიახ, გააპროტესტებენ არასამთავრობო ორგანიზაციები, თავს გადაიქნევენ დასავლელი ლიდერები, მწვავე სტატიებიც დაიბეჭდება საზღვარგარეთ, რაც წარმოჩინდება, როგორც რუსეთიდან შემოსული ფულის ხარჯვის ფაქტი საქართველოს ,,გასაშავებლად''... როდესაც ჩვენი პრეზიდენტი ცდილობს, მუდმივად ეჯიბრებოდეს პუტინს და მათ შორის, პრაქტიკულად, დაუფარავი პაექრობაა ლოზუნგით _ ,,თხა თხაზე ნაკლები, მგელმა შეჭამოსო'', ბატონი სააკაშვილი მგელს თავს არ შეაჭმევინებს, რადგან იმის ინსტიქტი ნამდვილად აქვს, რომ თვითგადარჩენაზე იმუშაოს. შესაბამისად, აუცილებლად მოახერხებს იმ თანამდებობის დაკავებას, რომელიც მისთვის უფრო უსაფრთხო და მსუყე შემოსავლების პერსპექტივას განაპირობებს. გავყვეთ მოვლენათა კრიალოსანს და ნუ ვეცდებით, რაიმე გრძელვადიანი პროგნოზი გავაკეთოთ, რადგან სააკაშვილმა რომ იცოდეს რა უნდა, რასაკვირველია, ის თანამდებობა უკვე შემკული იქნებოდა უფრო მეტი უფლებამოსილებებით. მეტიც, ამ თანამდებობაზე სააკაშვილის მისადაგების ხოტბის შესხმაც უკვე დიდი ხნის დაწყებული ექნებოდა პარლამენტის კაჭკაჭთა გუნდს, მაგრამ როდესაც სააკაშვილის პერსპექტივასთან დაკავშირებით, უმრავლესობის კაჭკაჭები ჩუმად არიან, ეს ეს იმას ნიშნავს, რომ საკუთარი ჭიკჭიკისთვის საკონტროლო დავალება ჯერ არ მიუღიათ.
_ თუ სააკაშვილი-პუტინის პაექრობის თქვენეულ ლოგიკას გავყვებით, მაშინ გამოდის, რომ პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრად უნდა დარჩეს, ხომ?
_ სააკაშვილმა უკვე გაიარა ეს პერიოდი იმ თვალსაზრისით, რომ პრეზიდენტს აღმასრულებელი ხელისუფლების მართვის უფლებაც აქვს. ვიმეორებ, პროგნოზს მაშინ ექნება აზრი, როდესაც თავად სააკაშვილი ჩამოყალიბდება საკუთარ თავთან. ვფიქრობ, მას განმარტოებისა და ამ საკითხზე ფიქრის საშუალება არ ეძლევა, რადგან მისი გარემოცვისთვის ეს პოლიტიკური სამარე იქნება. სააკაშვილის წასვლა უმაღლესი მმართველობის ოლიმპიდან მისი გარემოცვის კრახს ნიშნავს. აღარც იმის მჯერა, რომ ბატონი სააკაშვილი თავისუფალია გადაწყვეტილებების მიღებაში, რადგან მან ჯერ კიდევ 2004 წელს თქვა უარი თანამოაზრეების გუნდთან ერთად მუშაობაზე და მხოლოდ თანამზრახველები შემოიკრიბა. თანამზრახველებს კი განშორების საკუთარი ნორმები აქვთ, რაც პრაქტიკულად, არ განსხვავდება იმ ,,ქურდული სამყაროს'' ნორმებისგან, რომელსაც ბატონი პრეზიდენტი ასე ხშირად ახსენებს ნეგატიურ კონტექსტში.
_ ბატონო სოსო, აუცილებლად უნდა გაგახსენოთ ვანო მერაბიშვილის განცხადება პარლამენტში, ანუ ის ფაქტი, რომ პოლიციას უფრო მაღალი რეიტინგი აქვს, ვიდრე ,,ნაციონალურ მოძრაობას'', თქვენმა კოლეგა ექსპერტებმა უკვე შეაფასეს, როგორც პრემიერ-მინისტრობის დაუფარავი სურვილი შინაგან საქმეთა მინისტრის მხრიდან. ამ სიტუაციაში, სად არის სააკაშვილის ადგილი, ან რას ნიშნავს ვანო მერაბიშვილის განცხადება?
_ შეიძლება, ადამიანს ნებისმიერი ფრაზა წამოსცდეს, მაგრამ არ მგონია, ბატონ ვანოს ერთ წინადადებაში სამ-ოთხსვლიანი კომბინაციების ჩაქსოვება სჩვევია. ზოგჯერ, მისი დუმილი უფრო მეტყველია ჩემთვის, ვიდრე რაიმე განცხადება. კერძოდ, ჩვენ მოვისმინეთ პრეზიდენტის სრულიად გამაოგნებელი განცხადება ასევე პარლამენტის ტრიბუნიდან, რომ ის არის პერსონალური გარანტი სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებისა, მეტიც, ის ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაიმარჯვოს ,,ნაციონალურმა მოძრაობამ''. ჯერჯერობით, ამ განცხადების პირველ ნაწილზე ბატონი პრეზიდენტი დუმს და რა ხდება იმისთვის, რომ არჩევნები იყოს სამართლიანი და გამჭვირვალე, კომენტარს არ აკეთებს. ის ფაქტი, რომ ყველაფერს გააკეთებს ,,ნაციონალური მოძრაობის'' გამარჯვებისთვის, არავის ეჭვქვეშ არ დაუყენებია და გაუგებარია, ასეთი დაუნდობელი გუნდი რატომ ჰყავს ირგვლივ, რომ ადამიანს დასვენების საშუალებასაც კი არ აძლევენ. უკვე მერამდენედ შემოურბინა სააკაშვილმა საქართველოს მაცნესავით, რომ ყველას გააგებინოს, რა საფრთხე მოდის რუსეთიდან, ან რა მზაკვარი ძალა იკვრება მის წინააღმდეგ. როდესაც ვთქვი, ვანო მერაბიშვილის დუმილი უფრო მეტყველია, სწორედ იმას ვგულისხმობ, რომ ისიც ატარებს აქტიურ ინსტრუქციას ,,ნაციონალებთან'' საარჩევნო თემებზე, მაგრამ მერაბიშვილს არსად არ წამოსცდენია, რომ არჩევნები იქნება გამჭვირვალე, დემოკრატიული და სამართლიანი. როგორ, სხვადასხვა ტიპის არჩევნების მოლოდინშია ეს ორი ადამიანი? დარწმუნებული ვარ, არჩევნების სამართლიანობასა და გამჭვირვალობის თაობაზე პრეზიდენტისგან არავითარი ინსტრუქცია არ მიუღია არც მერაბიშვილს და არც ადეიშვილს.
_ გამოდის, გაყალბებული არჩევნების მოლოდინში ვართ, მაგრამ სად არის ამ დროს ოპოზიცია?
_ არსებობს არჩევნების მორიგი გაყალბების მცდელობის მოლოდინი და ხელისუფლებას ამის მზაობა აქვს. ეს მოლოდინი საზოგადოებაში პესიმიზმს ბადებს, მაგრამ ჩნდება გარკვეული, პოზიტიური ნიშნები _ საქართველო იღვიძებს. უპირველეს ყოვლისა, ეს ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს ემჩნევა, რომლებიც კვალიფიკაციით არაფრით არ ჩამოუვარდებიან ხელისუფლებას, მოქალაქეობრივი ღირსებებით კი ნამდვილად სჭარბობენ. ისინი სულ უფრო აქტიურები და არგუმენტირებული არიან, უფრო მარტივად აღწევენ საზღვარგარეთის იმ კაბინეტებამდე, სადაც ადრე მხოლოდ ,,ნაციონალური მოძრაობის'' ელიტას ჰქონდა საშვი, რაც გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვების პერსპექტივას იძლევა. მიუხედავად ამისა, თუ ამ რეალობას საქართველოს მოსახლეობა თვითონ არ შექმნის, ვერც ერთი და ვერც მეორე, თავსმოხვეული იდეა ვერ იქნება დამაჯერებელი.
_ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო სიას თუ გადავხედავთ, სოსო ფხაკაძე _ ,,ვისოლიდან'', პაატა კურტანიძე _ ,,ავერსიდან'', მამუკა ხაზარაძე _ ,,თი ბი სი ბანკიდან'', ოთარ ტატიშვილი _ ,,ღამის შოუდან'', გიგა ნასარიძე ახლა უკვე ,,საზოგადოებრივი მაუწყებლიდან'' და რაც მთავარია, ხელისუფლება არ ახმაურებს, მაგრამ დადასტურებულ ინფორმაციით, ვაკეში კენჭს იყრის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, გიორგი კარბელაშვილი, ისანში _ ლელა წურწუმია... ბიზნესმენი მაჟორიტარები ამ პარლამენტშიც უხვად არიან, მაგრამ რას ნიშნავს ხელისუფლების ასეთი გადაწყვეტილება, ან რისი ეშინია უმრავლესობას?
_ მაინცდამაინც რაიმე სისტემურ ცვლილებას ,,ნაციონალური მოძრაობის'' ცნობიერებაში ვერ ვხედავ, თუნდაც იმ მიდგომაში, რაც ახლა ბრძანეთ. დიახ, წინა მოწვევის პარლამენტში ბიზნესმენთა დიდი ნაწილი საკუთარი სურვილის წინააღმდეგ აღმოჩნდა, რადგან სხვა ალტერნატივა არ ჰქონდათ. არაერთი ცნობილი სახეც იყო მაშინდელ სიაში, ზოგი _ ხათრით, ზოგი _ სიხარბით, მაგრამ იყვნენ ღირესულებიც, რომლებიც დროულად განერიდნენ. ის ბიზნესმენები, რომლებიც დაასახელეთ, პრაქტიკულად, წილნაყარნი არიან იმ ელიტურ კორუფციასთან, რაც ქვეყანაში მძვინვარებს. პრაქტიკულად, ეს არის არა პარლამენტართა გვარები, არამედ _ იმ ჯიბეების დასახელება, რომელშიც ხელისუფლება ხელის ჩაყოფას და საკუთარ მადაზე მართვას აპირებს. დამისახელეთ, რომელი ბიზნესმენი გაიფურჩქნა პარლამენტში არჩევის შემდეგ? ყველას ბიზნესი დაღმა წავიდა, მაგრამ ყველაფრის მკადრებელთა კასტა წამოჩიტდა, რომელსაც ხელისუფლებამ დამატებით, ბიზნეს-პერსპექტივაც გაუჩინა. ვინც ბიზნესში, მეტ-ნაკლებად დამოუკიდებლად მოიპოვა წარმატება, მათთვის ყველაზე ძნელი გამოცდა უარის თქმაა, თუმცა ხელისუფლება მათ უარს უპირობოდ არ მიიღებს _ ,,ნაციონალურ მოძრაობას'' გარანტია უნდა ჰქონდეს, რომ ეს ადამიანები, სხვა, რომელიმე პოლიტიკური ძალის სიაში არ აღმოჩნდებიან. ნურც ის გაგვიკვირდება, რომ ამ სიაში ზოგიერთი ცნობილი ხელოვანიც ვიხილოთ, რომელიც შორსაა პოლიტიკისგან, მაგრამ თავისუფლად ამბობს სადღეგრძელოებს ხელისუფლების საამებლად და ერთმანეთისგან კარგადაც ვერ არჩევს, სინამდვილეში, პრეზიდენტს ირჩევენ, თუ თამადას.