წავა თუ არა ხალხი 27 მაისს დაგეგმილ

წავა თუ არა ხალხი 27 მაისს დაგეგმილ "ქართული ოცნების" აქციაზე?

 

"კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი საკუთარ მხარდამჭერებს 27 მაისს 15 საათზე თავისუფლების მოედანზე შეკრებისკენ მოუწოდებს. მართალია, აქცია 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს იყო დაგეგმილი, მაგრამ სახალხო კრებასთან სკანდალის შედეგად, როგორც ჩანს, გადაწყვეტილება შეიცვალა. შეიცვალა შეხვედრის ადგილიც - ფილარმონია და სტადიონი - თავისუფლების მოედნით. კოალიციის ლიდერები აცხადებენ, რომ არ აპირებენ საკუთარი პარტიის აქტივი და მხარდამჭერები რეგიონებიდან ჩამოიყვანონ და ბიძინა ივანიშვილის მოწოდება მხოლოდ თბილისსა და ახლომდებარე რაიონების მოსახლეობაზე ვრცელდება. ივანიშვილის იურისტთა ჯგუფის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი კი აცხადებს, რომ 27 მაისს აქცია მანიფესტაციით დაიწყება და მასობრივი შეკრებით თავისუფლების მოედანზე დასრულდება", - წერს გაზეთი "ვერსია" სტატიაში სათაურით წავა თუ არა ხალხი 27 მაისს დაგეგმილ "ქართული ოცნების" აქციაზე?

"იმის გამო, რომ აქციაზე ადგილი არ ჰქონდეს პროვოკატორების შემოგზავნასა და ზოგადად პროვოკაციებს, ჩვენ მერიას მივმართეთ წერილობითი მითხოვნით, გამოყონ უფლებამოსილი პირები, რომლებიც ჩვენ მიერ გამოყოფილ უფლებამოსილ პირთან, ზვიად ძიძიგურთან ერთად დააკვირდება აქციის მიმდინარეობას. პროვოკაციული სიტუაციის შემთხვევაში ჩვენ მას ვთხოვთ, მოახდინოს ფაქტზე შებამისი რეაგირება" - მოითხოვა მერიის ზედამხედველის გამოგზავნა ზაქარია ქუცნაშვილმა და დასძინა, რომ მერია მიცემულ ვადაში, ალბათ არ შეასრულებს მათ მოთხოვნას, პარტია კი დაჟინებით შეეცდება მათი მოთხოვნა დაკმაყოფილდეს. საინტერესო იდეაა, თუმცა თუ ხელისუფლებას პროვიკაციის მოწყობა უნდა, საქმეს ვერც მერიისა და ვერც გუბერნატორის წარმომადგენლების ზედამხედველობა ვერ უშველის. მოკლედ, ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ფაქტია, რომ 12 მაისს "განახლებული საქართველოსთვის" ლიდერი მინდია გულუა უხმობს დევნილებს ყრილობის ჩასატარებლად, 21 მაისს ნინო ბურჯანაძისა და სახალხო კრების აქციები იწყება, რომელიც მხოლოდ განცხადებით, პარაკლისითა და ერთდღიანი შიმშილობით შემოიფარგლება და 26 მაისს დასრულდება. პარალელურად, ალბათ და ხელისულებაც აღლუმს ჩაატარებს, თუმცა ნაციონალების ზეიმის ეპიცენტრი ქუთაისში იქნება, სადაც, დაპირებისამებრ, პარლამენტის ახალი შენობა უნდა გაიხსნას", - აღნიშნავს გამოცემა.

"ვინ გამოუცხადებს სოლიდარობას სახალხო კრებას და მის დაპატიმრებულ წევრებს, მივა თუ არა ბიძინა ივანიშვილი ნუნო ბურჯანაძესტან სამების ტაძარში, ეს ჯერ კიდევ უცნობია. სანამ პოლიტიკოსები მხარდამჭერებს დღეების მიხედვით თვლით იყოფენ და იმას არკვევენ, გამოუცხადონ თუ არა სოლიდარობა ერთი წლის წინ ცხვირპირდამტვრეულ ხალხს, რომელიც ასე უმოწყალოდ გაიმეტეს, "ვერსია" მარჯანიშვილის მოედანზე სულ რაღაც 1 საათით გავიდა და ხალხს გაესაუბრა - აპირებს თუ არა 27 მაისს, თავისუფლების მოედანზე "ქართული ოცნების მხარდასაჭერად მისვლას. საინტერესოა, რომ უმეტესმა მათგანმა ვინაობის დასახელება არ ისურვა", - დასძენს გამოცემა.

"53 წლის მამაკაცი: "არა, არ წავალ, არ მაინტერესებს აქციები და მიტინგები. ვინც არ უნდა მოვიდეს, ჩემთვის და ჩემისთანა ხალხისთვის მაინც არავინ იქნება, მუშა ვიყავი და და მუშად დავრჩები..."; 58 წლის ქალბატონი: "არა, არ წავალ, რა აზრი აქვს, მე მაინც არავინ მომისმენს"; 54 წლის მამაკაცი: "რაღა დროს ჩემი აქციაზე სიარულია, სახლში მყავს ოჯახის წევრები, რომლებიც წავლენ"; 45 წლის ქალბატონი: არ წავალ, რა აზრი აქვს, ჩემი მისვლით მაინც ვერაფერს შევცვლი"; 54 წლის ქალბატონი: "კი წავალ, მაინტერესებს რას გვთავაზობს ახალი პოლიტიკური გუნდი და ბიძინა ივანიშვილი, მისი აზრები მაინტერესებს"; 19 წლის მამაკაცი: "არ წავალ, მაგისთვის არ მცალია"; 56 წლის მამაკაცი: "წავალ, გავიგებ რა უნდა, რას გვთავაზობს ახალს"; 22 წლის მამაკაცი: რასთან დაკავშირებითაა ეგ აქცია წესიერად ეგეც არ ვიცი და რა მინდა მიტინგზე, არ წავალ"; 20 წლის ქალბატონი: "არ წავალ, პოლიტიკაში არ ვერევი; 45 წლის ქალბატონი: "არ წავალ, არ მაინტერესებს მაგათი პოლიტიკა, თვითონ მიხედონ თავიანთ საქმეს"; ელიზბარ კირვალიძე, 72 წლის: "რომც შემეძლოს, მაინც არ წავიდოდი. სულ ერთია ვინ იქნება ქვეყნის მეთაური, ისე, საერთოდ რომ ვთქვათ, მიშა ბევრ კარგ რაღაცებს აკეთებს, აქაურობა და სახლებიც გაალამაზა"; ელენე ტაბატაძე, 30 წლის: "არ ვაპირებ მაგ აქციაზე წასვლას, პირველ რიგში სურვილი არ მაქვს. რომ აქციებზე და მიტინგებზე ვიარო", - წერს რეპორტაჟის ავტორი.