რელიგიურმა კონფესიებმა საქართველოს საპატრიარქოს მოთხოვნას მხარი არ დაუჭირეს

რელიგიურმა კონფესიებმა საქართველოს საპატრიარქოს მოთხოვნას მხარი არ დაუჭირეს

"გუშინდელი ინტერრელიგიური ჯგუფის შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენელმა შეიხმა ვაგიკ აკბეროვმა, რისი მიზეზიც საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლის თეა გოგოტიშვილის განცხადება გახდა, რომლის თქმითაც აზიზიეს მეჩეთის საქართველოში აშენება იგივეა, რაც ისრაელში ჰოლოკოსტის ძეგლის დადგმა. შეხვედრის ერთ-ერთ მთავარ საკითხად საქართველო-თურქეთის ხელშეკრულების პროექტი განიხილეს. საპატრიარქომ კიდევ ერთხელ მოითხოვა, საჯარო გახდეს ხელშეკრულების სამუშაო ვერსია, საზოგადოებას მიეწოდოს ინფორმაცია დოკუმენტის შესახებ და მოლაპარაკებების პროცესში საქართველოს საპატრიარქო იყოს ჩართული - ამ მოთხოვნას სხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებმა მხარი არ დაუჭირეს", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით რელიგიურმა კონფესიებმა საქართველოს საპატრიარქოს მოთხოვნას მხარი არ დაუჭირეს / ინტერრელიგიური ჯგუფის შეხვედრა მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენელმა პროტესტის ნიშნად დატოვა.

"უფრო მეტიც, საკითხზე კამათი არა დოკუმენტის გასაჯაროების ირგვლივ წარიმართა, არამედ სხვადასხვა რელიგიური კონფესიის მხრიდან დაისვა საკითხი, რომ თუკი მისლიმან მორწმუნეთა რაღაც ნაწილს სალოცავი სჭირდება, ის უნდა აშენდეს. საკითხის ამ ჭრილში გადატანის შემდეგ, ფსიქოლოგმა თეა გოგოტიშვილმა განაცხადა, რომ "აზიზიე ქრისტიანებს ხოცავდა" და მისი მეჩეთის საქართველოში აღდგენა იგივეა, რაც "ისრაელში ჰოლოკოსტის ძეგლის დადგმა". ამ განცხადებამ მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენელი შეიხი ვაგიკ აკბეროვი გააღიზიანა - საპასუხოდ მან აღნიშნა, რომ "არაფერი ესაქმება იმ შეხვედრაზე, სადაც ისლამს ჰოლოკოსტს ადარებენ" და სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. "რეზონანსთან საუბრისას აკბეროვი აცხადებს, რომ მუსლიმთა სამმართველო თეა გოგოტიშვილის არაეთიკური განცხადების პასუხად სპეციალურ ტექსტს ამზადებს და ეს ტექსტი დღეს გასაჯაროვდება. ფსიქოლოგმა თეა გოგოტიშვილმა კი დამატებითი განმარტების გაკეთება არ ისურვა", - აღნიშნავს გამოცემა.

"ცნობისთვის, "კავშირის 21"-ის ინიციატივით ინტერრელიგიური ჯგუფის შეხვედრები პერიოდულად იმართება და საქართველოში არსებული ყველა კონფესიის წარმომადგენლები მათთვის აქტუალურ პრობლემატურ საკითხებს განიხილავენ. გუშინდელ შეკრებაზე ორი თემის განხილვა მოხდა. ერთი საქართველოს-თურქეთის ხელშეკრულების პროექტს ეხებოდა, რომლის მიხედვითაც თურქეთმა ოშკისა და იშხანის ტაძრების რეაბილიტაციის ნაცვლად, ბათუმში აზიზიეს მეჩეთის მშენებლობას და ახალციხეში ახმედის კომპლექსის რესტავრაციას ითვალისწინებს. სხდომაზე თეა გოგოტიშვილმა წარადგინა განცხადება, რომლის მიხედვითაც ნებისმიერი ხელისუფლების საქმიანობა დაფუძნებული უნდა იყოს მოქმედი კანონმდებლობისა და საყოველთაოდ აღიარებული სამართლებრივი ნორმების დაცვაზე. ეს მოიცავს საჯაროობასა და ჩართულობას, "როდესაც ადგილი აქვს დიდ საზოგადოებრივ ინტერესს, ეს უკანასკნელი აუცილებლად უნდა იყოს ინფორმირებული ყველა იმ ღონისძიებაზე, რომელიც ხელშეკრულების გაფორმებას მოჰყვება... იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ხელშეკრულება თურქეთის ტერიტორიაზე ოშკისა და იშხანის აღდგენის საკითხს ითვალისწინებს, მოლაპარაკებების პროცესში აღნიშნული ძეგლების ისტორიული მესაკუთრის - საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ჩართულობის საკითხი გარანტირებული უნდა იყოს", - აღნიშნული იყო საპატრიარქოს განცხადებაში" - დასძენს გამოცემა.

"სხდომაზე კულტურის სამინისტროს წარმომადგენელმა ბესი მაცაბერიძემ განაცხადა, რომ მოლაპარაკებებში საპატრიარქოც არის ჩართულიო, თუმცა ეს ცნობა საპატრიაროს წარმომადგენლებმა თეა გოგოტიშვილმა და მამა ზვიად ცხოვრებაძემ უარყვეს. საბოლოოდ, საპარტიარქოს განცხადების პროექტს შეხვედრაში მონაწილე სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებმა მხარი არ დაუჭირეს - მათი თქმით, ხელშეკრულების დეტალები მათთვის უცნობია და ფიქრობენ, რომ არასაკმარისი ინფორმაცია აქვთ, რათა აღნიშნულ საკითზე პოზიცია დააფიქსირონ. ინტერელიგიური ჯგუფის სხდომაში საპატრიარქოსა და კულტურის სამინისტროს წარმომადგენლების გარდა მონაწილებდნენ: სომხეთის სამოციქულო ეკლესიის, რომის კათოლიკე ეკლესიის, ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის, ევანგელურ-ლუთერანული ეკლესიის, ხსნის არმიის მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესიის, მუსლიმური თემის და 50-იანელთა ეკლესიის წარმომადგენლები", - წერს სტატიის ავტორი.

"ამავე სხდომაზე საპატრიარქოს მეორე განცხადებაც განიხილეს, რომელიც ახოსპირელის ქუჩაზე მდებარე სომხური ეკლესიის კონსერვაციის საკითხს ეხებოდა და ამ საკითხზე საპატრიარქოს ინიციატივის წინააღმდეგი სომხური ეკლესიის წარმომადგენელი ნარეკ კუშიანი იყო. საპატრიარქოს წარმოდგენილ დოკუმენტში აღნიშნული იყო, რომ 2009 წლის სამთარში ამ ეკლესიის გუმბათი ჩამოიქცა, ამის შემდეგ იქ მცირედი საკონსერვაციო სამუშაოები განხორციელდა და ეს სამუშაოები არასაკმარისია და ვერ უზრუნველყოფს ძეგლის გადარჩენას. საპატრიარქოს წარმომადგენელთა განცხადებით, ეკლესიის კედლები მძიმე მდგომარეობაშია, დაზიანებულია დარჩენილი ნაწილის სახურავი და იქმნება საშიშროება ტაძრის დანარჩენი ნაწილი და სახურავზე მდებარე მცირე სამრეკლო ჩამოინგრეს და ძეგლი საბოლოოდ განადგურდეს. აღნიშული ტექსტი ნარეკ კუშიანისთვის მიუღებელი აღმოჩნდა და მიუღებლობის მთავარი მოტივი ის იყო, რომ საპატრიარქოს დოკუმენტში დაკონკრეტებული უნდა ყოფილიყო ტაძრის სომხური სახელწოდება - სურბ გევორქის ეკლესია. მისივე განცხადებით, ახოსპირელის ქუჩაზე სხვა ეკლესიების არის და ტექსტში უნდა დაკონკრეტებულიყო სურბ გევორქის ეკლესია. შესაბამისად, აღნიშნული საკითხი ვერ გადაწყდა... გარდა ამისა, კუშიანის თქმით, "ძეგლის საკონსერვაციო სამუშაოები უკვე ჩატარებულია, შექმნილის სპეციალური კომისია, რომელიც ამ საკითხზე მუშაობს და ის აღნიშნულ კომისია სრულად ენდობა", - დასძენს სტატიის ავტორი.