ხელისუფლება კარგად იცნობს ივანიშვილს და არა აქვს ილუზია, რომ არჩევნებში დამარცხების შემთხვევაშიც ბრძოლის ველს მიატოვებს

ხელისუფლება კარგად იცნობს ივანიშვილს და არა აქვს ილუზია, რომ არჩევნებში დამარცხების შემთხვევაშიც ბრძოლის ველს მიატოვებს

საკონსტიტუციო ცვლილებებსა და წინასაარჩევნო პერიოდში ძირითადი პოლიტიკური სუბიექტების პიარტექნოლოგიების თავისებურებებზე, "ინტერპრესნიუსი" პიარისა და მარკეტინგული კომპანია "ჯეპრას" უფროს კონსულტანტს, სოსო გალუმაშვილს ესაუბრა. 

ბატონო სოსო, მხოლოდ ივანიშვილისთვის ახალი კონსტიტუციური ნორმის დაწესებაზე იურისტებისგან განმრეტებები კი მოვისმინეთ, მაგრამ რჩება შთაბეჭდილება, რომ იმ ნორმით, რომლითაც ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობის გარეშეც ეძლევა არჩევნებში მონაწილეობის უფლება, იურისპრუდენციასთან მხოლოდ ირიბად აქვს კავშირი და ეს ცვლილებებიც სახელისუფლო პიარის ნაწილია. რის დემონსტრირებას ცდილობს ხელისუფლება?
- ხელისუფლების განზრახულობებში გარკვევა საკმაოდ ძნელია. კონსტიტუციაში ამდენი ცვლილების შეტანას აშკარად აჯობებდა ამ საკითხის მარტივად გადაჭრა. თუმცა, ხელისუფლება გარკვეულ საკითხებში სიხისტეს იჩენს, რაც მას შემდეგ ბუმერანგივით პრობლემებად უბრუნდება. ცვლილებების პროექტი სხვა რედაქციით იყო წარმოდგენილი, მაგრამ შემდეგ სხვა ვარიანტი იქნა მიღებული პირველი მოსმენით. ამ ცვლილებებით ხელისუფლება დასავლეთის თვალში დემოკრატიულობის იმიჯს იქმნის. ხელისუფლებას უნდა გააქარწყლოს აშშ-ის კონგრესში გამოთქმული მოსაზრება, რომ წინასაარჩევნოდ "არ ასუფთავებს პოლიტიკურ ველს", მაგრამ იმაში, რომ მათ წინასაარჩევნოდ ჭეშმარიტად დემოკრატიული გარემოს შექმნაც რომ არ გამოსდით, არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ, ეჭვი არავის ეპარება.

სტაბილური კონსტიტუციის მქონე ევროპასა და აშშ-ში გაუგებარია, რატომ ხორციელდება არჩევნებამდე 6 თვით ადრე საკონსტიტუციო ცვლილებები. მით უმეტეს, რომ ეს ცვლილებები მხოლოდ ერთ ადამიანზეა მორგებული. ეს კი დასავლეთში უკურეაქციას იწვევს და ეჭვის ქვეშ აყენებს ხელისუფლების მტკიცებას, რომ სამართლიანი არჩევნების ჩატარება სურს. 

- ხომ არ უნდოდა ხელისუფლებას იმის დემონსტრირება, რომ ბოლომდე პრინციპულები არიან და ივანიშვილს მოქალაქეობას არ უბრუნებენ? 
- ასეთი ტიპის პრინციპულობა საბავშო ბაღებსა და სკოლაში, ისიც დაწყებითი კლასის მოსწავლეებზე მოქმედებს და პატარა ბავშვის დამკვიდრებისთვის გადადგმულ ნაბიჯებს უფრო ჰგავს. არა მგონია, რომ ხელისუფლებას დამკვიდრებისთვის ჰქონდეს საბრძოლი. ხელისუფლების ამგვარი სიხისტე საზოგადოებაში იმავე ხელისუფლებისადმი გაუცხოების საფუძველს ქმნის. საზოგადობა დაბნეულია, ვინაიდან მისთვის გაუგებარია ასეთი ტიპის ცვლილებები, როდესაც ამ საკითხის გადაწყვეტა ძალიან მარტივად შეიძლებოდა. კონსტიტუციაში განხორციელებულ ცვლილებებზე ხელისუფლებამ რაც უნდა ილაპარაკოს, საზოგადოება ამას მაინც დიდ გაუგებრობად მიიჩნევს. 

- თქვენი აზრით, რას შეიძლება ნიშნავდეს საკონსტიტუციო ცვლილების ნორმის მოქმედების ვადის 2014 წლის 1 იანვრამდე განსაზღვრა? ხომ არ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში ივანიშვილს, როგორც მოქალაქეობის არმქონე პირს, 2014 წლის 1-ელი იანვრიდან აღარ ექნება პოლიტიკური საქმიანობის უფლება . . . 
- შესაძლოა, კონსტიტუციონალისტებისთვის ამ ტიპის თარიღებს ჰქონდეს მნიშვნელობა, მაგრამ საზოგადოებისთვის აბსოლუტურად გაუგებარია. ვითარებაში, როცა თავად პროცესია საზოგადოებისთვის გაუგებარი, დაწესებულ ვადებს აღარავითარი მნიშვნელობა არა აქვს. 

ხელისუფლება ძალიან კარგად იცნობს ივანიშვილს და არა მგონია, ისეთი ილუზიები ჰქონდეს, რომ არჩევნებში დამარცხების შემთხვევეშიც კი, უარს იტყვის პოლიტიკურ საქმიანობაზე და მიატოვებს ბრძოლის ველს. ამის კარგი მაგალითია ბანკ "რასიისკი კრედიტში" მისი საქმიანობა. დეფოლტის დროს მას შეეძლო, ყოველგვარი ვალდებულებების გარეშე მიეტოვებინა ბანკი, მაგრამ ბანკი მანამდე არ მიატოვა, ვიდრე ყველა ვალდებულება არ შეასრულა. თუ პროექციას დღევანდელ ვითარებაზე გავაკეთებთ, შემიძლია, დარწმუნებით ვთქვა - არ არის ივანიშვილი ის ადამიანი, რომელიც გარკვეულ თარიღებს მიებმება და, რომლის მოქმედება გარკვეულ ჩარჩოებსა და თარიღებზე იქნება დამოკიდებული. ის პოლიტიკაში იქნება მანამდე, ვიდრე არ გაიმარჯვესბ. თუ "რასიისკი კერდიტის" შემთხვევაში ვალების გასტუმრება იყო, ახლა, ჩვენს შემთხვევაში მისი პოლიტიკური ძალის პარლამენტში უმრავლესობით მოსვლაა. 

თქვენი შეფასებით, რამდენად რეალისტურად აღიქვამს "ენ-დი-აისა" და "აიარაის" კვლევებს საზოგადოება და რა როლს ასრულებს კვლევები საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაში? 
- ჩემი დაკვირვებით, საზოგადოება ნებისმიერი ასეთი ტიპის კვლევისადმი კრიტიკულადაა განწყობილი. საზოგადოება კი იღებს ამ კვლევებზე ინფორმაციას, მაგრამ შემდეგ ძალიან ყურადღებით აკვირდება მის განხილვას და იმას, თუ ვინ როგორ აფასებს ამ კვლევის შედეგებს. როგორი კვლევებიც არ უნდა ატარონ და შეეცადონ ხალხს თავს მოახვიონ, საზოგადოება იმ კვლევის შედეგებს მიიღებს, რომელიც მის საახლობლოსა და სოციალურ ფენაში იქნება მიღებული. 2007 წლის საპროტესტო აქციების შემდეგ პირველად დაფიქსირდა "ნაცმოძრაობის" რეიტინგის ვარდნა და ის, რომ იგი 50%-ზე ნაკლებია. სწორედ ამით აიხსნება სააკაშვილის მხრიდან საარჩევნო კამპანიაში ინტესნიურობა და აქტიურობა, რომელსაც ჩვენ სატელევიზიო ეთერში ვადევნებთ თვალს. 

თქვენი აზრით, პრაქტიკულად განუსაზღვრელი დოზით პრეზიდენტის სატელევიზიო გამოსვლები, პიარის თვალსაზრისით რამდენად მომგებიანია თავად მმართველი გუნდისთვის?
- ჩემი აზრით, ასეთი დოზითა და ინტენსივობით სააკაშვილის ტელეეთერებში აქტიურობა მმართველი გუნდისთვის ძალიან წამგებიანია. ისეთი ნიჭიერი და მჭერმეტყველი ადამიანისთვის, როგორც სააკაშვილია, ძალიან ძნელია ყოველდღე საზოგადოებისთვის ახალი იდეებისა და ინიციატივების მიწოდება. ხშირად მის ინიციატივებს სპონტანური ხასიათი აქვს. ამის კარგი მაგალითია სკოლაში ცეკვისა და მეღვინეობის შესწავლის ინიციატივა. პრაქტიკულად ანეკდოტად იქცა მისი ორი განცხადება იმის შესახებ, რომ ქართული სკოლები საუკეთესოა ევროპაში და 2015 წლისთვის საქართველოში მცხოვრებ ყველა არაქართველ მოქალაქეს ეცოდინება ქართული ენა. ასეთი განცხადებებით სურვილებისა და ინიციატივების ერთმანეთში აღრევა ხდება. ასეთი ინიციატივები მოსახლეობაში ჯერ ღიმილს იწვევდა, რაც შემდეგ შეშფოთების საფუძველში გადაიზარდა. ამას ხომ არა სკოლის მოსწავლე ლაპარაკობს, რომელსაც თავისუფალი თემა აქვს დასაწერი, არამედ ქვეყნის პრეზიდენტი, რომლის თითოეულ სიტყვასაც რიგითი მოქალაქისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. 

"ქართულმა ოცნებამ" უკვე დააანონსა 27 მაისისთვის თავისი ღონისძიება. თქვენი აზრით, რამდენად ეფექტურია კოალიციის ლიდერის კლიპი. მხედველობაში მაქვს თავისუფლების მოედანზე მდგომი ივანიშვილი, რომელიც საზოგადოებას 27 მაისს თავისუფლების მოედანზე შეკრებისკენ შემდეგი სიტყვებით მოუწოდებს - "ერთად დავიწყოთ ჩვენი სამშობლოს გაერთიანების პროცესი და ყველამ ერთად ავიხდინოთ ოცნება"? 
- ამ კლიპის კრიტიკოსებმა ძირითადი აქცენტი კლიპის ტექნიკურ მხარეზე გაამახვილეს. ამ კლიპმა ერთი რამ აჩვენა - ვიზუალებზე, შთაბეჭდილების მომხდენ კასკადზე "ქართული ოცნება" არ იფიქრებს. კოალიციის კამპანია იქნება მშრალი, აგრესიული, შეიძლება ითქვას, სუპერაგრესიულიც, რომლის დროსაც მთავარი აქცენტები გაკეთდება სიტყვაზე, მოწოდებებზე და ნაკლები ყურადღება დაეთმობა კლიპების ვიზუალურ მხარეს. კოალიციის ლიდერებმა იციან, რომ ჩაებნენ პოლიტიკურ ბრძოლაში. პოლიტიკური რეკლამის თვალსაზრისით, შესაძლოა, უამრავი შეცდომა იყოს დაშვებული, მაგრამ ჩემი აზრით, ამას ამ ეტაპზე "ქართული ოცნებისთვის" არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. ივანიშვილის კლიპი იმაზე მიუთითებს, რომ "ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანია ასეთი ტიპის კლიპებზე იქნება აგებული.

თქვენი ვარაუდით, რამდენად მრავალრიცხოვანი შეიძლება იყოს "ქართული ოცნების" მიერ 27 მაისისთვის დაანონსებული აქცია? და შეეცდება თუ არა ხელისუფლება აქციის ჩატარებაში ხელის შეშლას? 
- ხელისუფლებამ უკვე შეუშალა ხელი იმით, რომ "ქართულ ოცნებას" უარი უთხრა ღონისძიების ეროვნულ სტადიონზე ჩატარებაზე. რასაკვირველია, ხელისუფლება შეეცდება, რეგიონებიდან თბილისში ჩამოსვლის მსურველებს შეუქმნას პრობლემები და თანაც ძალიან დიდი დოზით. მიუხედავად ამისა, ჩემი აზრით, ეს ღონისძიება ძალიან მრავალრიცხოვანი იქნება. დღეს კოალიციაში შემავალი ლიდერები საკმაოდ გამოცდილები არიან ასეთი ტიპის აქციების ორგანიზებაში. ის, რომ მათ შეგნებულად თქვეს უარი ღონისძიების "ლოკომოტივის" სტადიონზე ჩატარებაზე, იმაზე მიუთითებს, რომ დარწმუნებული არიან, რომ მათ მიერ დაანონსებულ აქციაზე ბევრი ადამიანი მივა. ღონისძიების თავისუფლების მოედანზე დაანონსებით მათ აიღეს კიდეც პასუხისმგებლობა, რომ თავისუფლების მოედანზე 30-35 ათას ადამიანზე მეტი მივა. 

ჩემი აზრით, აქცია 27 მაისს იმიტომ კეთდება, რომ ამინდის თვალსაზრისით მალე ძალიან ცხელი, ხოლო პოლიტიკური თვალსაზრისით ძალიან გრილი სეზონი მოდის. "ქართულმა ოცნებამ" 27 მაისი უნდა გამოიყენოს საზოგადოებაში მუხტის ასაწევად, რომლითაც შემდგომ თავის საქმიანობას რეგიონებში გააგრძელებს. ეს იქნება ე.წ. სტარტაპი შემოდგომაზე მოქმედებისთვის. 

რით უპასუხებს "ქართული ოცნების" გააქტიურებას ხელისუფლება? რეგიონებში არა ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება. ოპოზიცია ხელისუფლებას პარტიული მიზნებისთვის საბიუჯეტო სახსრების გამოყენებაში, ხოლო კონტროლის პალატასაც უმოქმედობაში ადანაშაულებს. ეს გასაგებია, მაგრამ ასეთ ფონზე რამდენად სავარაუდოა რეგიონებში ადგილობრივი აქტივისტების შევიწროების პრაქტიკის გაგრძელება?
- ვერ დავეთანხმები ბრალდებას, რომ ხელისუფლება არჩევნებისთვის საბიუჯეტო სახსრებს სათავისოდ ხარჯავს. გასაგებია, რომ ამ ტიპის აქტივობები მმართველ პარტიას მიეწერება, მაგრამ ამაში ცუდი არაფერია. იმის გათვალისწინებით, რომ საარჩევნო წელს ეს დასავლეთშიც ასეა, საზოგადოებამ და ოპოზიციამ ეს ჩვეულებრივ ფაქტად უნდა აღიქვან. ჩემი აზრით, მთავარი პრობლემა იმაშია, რომ ხელისუფლებას არ აქვს სტაბილური და სერიოზული ინიციატივები, რომელიც მომხიბვლელი იქნებოდა საზოგადოებისთვის. რასაც ახლა ხელისუფლება აკეთებს, საზოგადოებისთვის ხელისუფლებაში ქცევის ჩვეულებრივი გაგრძელებაა. სააკაშვილი ხშირად აღნიშნავს, ცენტრალური გზიდან რომ გადაუხვევს, ქვეყანში სიღარიბე და უმძიმესი სოციალური მდგომარეობაა. ამიტომ, ჩემი აზრით, "ნაცმოძრაობას" იმ ინიციატივების გაცოცხლება მოუწევს, რომელიც 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ჰქონდა. ეს ინიციატივები ეხება საშემოსავლო და დამატებითი ღირებულების გადასახადის შემცირებას და ასე შემდეგ. 

კარგად ვიცით, თუ როგორ ეპყრობა ხელისუფლება იმ ხალხს, ვინც მისი მხარდამჭერი არ არის. თუმცა, იმედი უნდა გვქონდეს, რომ პროცესებზე დაკვირვების საერთაშორისო მონიტორინგი რეგიონებში ოპოზიციონერ აქტივისტებზე რეპრესიების ხარისხს მნიშვნელოვნად შეამცირებს.