ავთანდილ დემეტრაშვილი:

ავთანდილ დემეტრაშვილი: "მან აბსოლუტურად სამართლიანად დაკარგა მოქალაქეობა, ივანიშვილის ადვოკატებმა შეცდომა დაუშვეს..."

 

"კონსტიტუციის ხშირი ცვლილება არასასურველია, ვინაიდან ასეთი ხშირი ცვლილებები კონსტიტუციურ სტაბილურობას არღვევს, რაც საბოლოო ჯამში პოლიტიკურ ცხოვრებას არაპროგნოზირებადს ხდის. ეს არის იძულებითი ცვლილება, რომელიც პოლიტიკურ სიტუაციას უკავშირდება. ეს არის გამოსავალი იმ პოლიტიკური სიტუაციიდან, რომელიც შეიქმნა. პოლიტიკურ ცხოვრებაში ძლიერი სუბიექტის გამოჩენამ, ასევე მისთვის წაყენებულმა მოთხოვნამ, რომ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, პრობლემა წარმოშვა. როდესაც ძლიერი პოლიტიკური სუბიექტი გამოჩნდა, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა არ აქვს, ცხადია, ეს პრობლემა გახდა. ამიტომ ესაა დროებითი ღონისძიება, რაც, ვფიქრობ, მიზანშეწონილია", - აცხადებს კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ავთანდილ დემეტრაშვილი: კონსტიტუციის ხშირი ცვლა არ შეიძლება"

"სწორი იყო ქრისტიან-დემოკრატების ეს წინადადება, ამ პოლიტიკური ჩიხიდან გამოსავალი უნდა მოძებნილიყო და წარმოადგინეს კიდეც თავიანთი ხედვა. რაც შეეხება შინაარსს, ეს დროებითი ნორმა რომ არის, პირველივე კომენტარში აღვნიშნე. რა თქმა უნდა, ეს დროებითი დებულება უნდა იყოს, რომელიც გარკვეული დროის შემდეგ ალბათ უკვე გაუქმდება, თავის იურიდიულ ძალას დაკარგავს. მე წინააღმდეგი ვიყავი, აღნიშნული ცვლილება კონსტიტუციის ძირითად ტექსტში შესულიყო. ამისთვის მე ვთავაზობდი არა 49-ე მუხლში ცვლილებების შეტანას, არამედ ამ ნორმის განთავსებას გარდამავალ დებულებებში. როგორც ახლა გაირკვა, ცვლილება გარდამავალ დებულებებში იქნება ასახული. ამ ცვლილებიდან გამომდინარე, კონსტიტუციის დებულებების, საარჩევნო კოდექსის და რამდენიმე საკანონმდებლო აქტის კომპლექსურად გადახედვა უნდა მოხდეს", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ავთანდილ დემეტრაშვილი.

"თუ ჩვენ გვინდა, რომ ეს ცვლილება შევიტანოთ კონსტიტუციაში, არა მხოლოდ 49-ე მუხლი უნდა შეიცვალოს, არამედ 29-ე მუხლიც, რომელშიც გათვალისწინებულია შემდეგი რამ: პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე და იმავდროულად სხვა ქვეყნის მოქალაქეა, არ შეიძლება იყოს პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე - ეს მუხლიც არის შესაცვლელი. მე აღვნიშნე, რომ რომ ეს არის გამოსავალი. ამ შემთხვევაში კონსტიტუცია გამოდის როგორც შესაძლებლობა, დაარეგულიროს პოლიტიკური ურთიერთობები. წარმოვიდგინოთ, ეს ნორმა რომ არ იყოს შესული, რამდენად სამართლიანი იქნებოდა პოლიტიკური სიტუაცია და რამდენად სწორი იქნებოდა ხელისუფლების დამოკიდებულება შექმნილი მდგომარეობის მიმართ. მე მესმის, რომ კარგი იქნებოდა ბიძინა ივანიშვილს მოქალაქეობა რომ ჰქონოდა, მაგრამ მან აბსოლუტურად სამართლიანად დაკარგა მოქალაქეობა - მე ვიტყოდი, მისი ადვოკატების მოუქნელი საქმიანობის გამო ვეღარ მოიპოვა მოქალაქეობა, ალბათ ადვოკატებს უნდა ეფიქრათ, რომ ორივე მიმართულებით ნატურალიზაციის გზით და ორმაგ მოქალაქეობაზე შეეტანათ განცხადება. ამით პრობლემა გადაწყდებოდა", - განაგრძობს რესპონდენტი.

"ისევ კონსტიტუციის ცვლილებას რომ დავუბრუნდეთ, როდესაც ასეთი ძლიერი პოლიტიკური სუბიექტი არ იღებს მონაწილეობას, არჩევნები კონკურენტუნარიანი არ იქნებოდა. დიახ, ამ არჩევნებს შეაფასებდნენ როგორც უარყოფით და არადემოკრატიულ არჩევნებს. ამიტომ ვიმეორებ, ეს არის გამოსავალი. კონსტიტუციის ხშირი გადასინჯვის და მისი ერთ პიროვნებაზე მორგების წინააღმდეგი ვარ, თუმცა, ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, ეს უნდა განვიხილოთ, როგორც სიტუაციიდან გამოსავალი. ეს არის დროებითი ღონისძიება და არ უნდა განმეორდეს. ბიძინა ივანიშვილი მოქალაქეობის საკითხი პრეზიდენტის ბრძანებულებით უნდა გადწყვეტილიყო და არა საკონსტიტუციო ცვლილებებით. ვიმეორებ, თავდაპირველი გადაწყვეტილება ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ აბსოლუტურად კორექტული იყო. შემდეგ კი ივანიშვილის ადვოკატებმა შეცდომა დაუშვეს, რადგან მათ მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე ორივე გზისთვის უნდა მიემართათ", - დასძენს ავთანდილ დემეტრაშვილი და შეკითხვას - "ფიქრობთ, რომ პოლიტიკური გარემიოებებიდან გამომდინარე ამ არჩევნებს კითხვის ნიშნები რომ არ მოჰყვეს და ლეგიტიმურობის ფარგლებში იყოს ამიტომ ხდება კონსტიტუციის ცვლილება?" - პასუხობს:

"დიახ, ამიტომ ხდება ეს ცვლილება".