"ბიძინა ივანიშვილის პრესპიკერმა მაია ფანჯიკიძემ "რეზონანსს" განუცხადა, რომ რომ სწორედ იმიტომ შეჩერდა არჩევანი თავისუფლების მოედანზე, რომ სტადიონი თუ რომელიმე დახურული შენობა ხალხის იმ რაოდენობას ვერ დაიტევდა, რამდენსაც "ქართული ოცნება" ელოდება", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით 27 მაისს "ქართული ოცნება" თავისუფლების მოედანზე 70 ათას ადამიანზე მეტს ელოდება.
"მოგეხსენებათ, დინამოს სტადიონი 65-70 ათას ადამიანს იტევს. ბევრად მეტი ეტევა მაშინ, როცა მოედანიც შეგიძლია გამოიყენო. შესაბამისად, ჩათვალეთ, რომ 70 ათასზე ბევრად მეტ ხალხს ველოდებით აქციაზე, რადგან თავისუფლების მოედანზე გადავწყვიტეთ აქციის ჩატარება", - ამბობს ფანჯიკიძე. პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ 27 მაისს თავისუფლების მოედანზე მისული ხალხის რიცხვი ივანიშვილის მხარდამჭერების რაოდენობას და ივანიშვილის რეიტინგს განსაზღვრავს. ასევე იმასაც, თუ რა რეაქცია ექნება საზოგადოებას არჩევნების გაყალბების შემთხვევაში და რამდენი ხალხი გამოვა გარეთ თავისი ხმების დასაცავად. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კოალიცია "ქართული ოცნება" 27 მაისს მანიფესტაციას "თავისუფლების მოედანზე" გამართავს, ბიძინა ივანიშვილის ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე 20-წამიანი ვიდეომიმართვით გავრცელდა, სადაც ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებას "თავისუფლების მოედანზე მისვლისკენ მოუწოდებს", - აღნიშნავს გამოცემა.
"მე, ბიძინა ივანიშვილი, კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერი, 27 მაისს, დღის სამ საათზე გელოდებით თავისუფლების მოედანზე, რომ ერთად დავიწყოთ ჩვენი სამშობლოს გაერთიანების პროცესი და ყველამ ერთად ავიხდინოთ "ქართული ოცნება" - ამბობს ივანიშვილი მიმართვაში. "ოცნების" პრესსპიკერი მაია ფანჯიკიძე აცხადებს, რომ 27 მაისს კოალიცია ძალიან ბევრ ადამიანი ელოდება - კონკრეტული ციფრის დასახელება რთულია, მაგრამ ვერც ერთი საქართველოში არსებული დახურული შენობა ხალხის ამ რაოდენობას ვერ დაიტევს. "თავისუფლების მოედანი არის უბრალოდ შეკრების ადგილი, ყველაზე დიდი და ყველაზე ფართო. ეს არ არის ქუჩის აქცია იმ გაგებით, რა გაგებითაც ადრე ტარდებოდა ხოლმე თბილისში აქციები. მინიმუმს და მაქსიმუმს ვერ გეტყვით, მაგრამ გეტყვით, რომ ძალიან ბევრ ხალხს ველოდებით", - დასძინა პრესსპიკერმა, რომლის თქმით, ამ აქციაზე კოალიცია ხალხს კიდევ ერთხელ დაარწმუნებს, რომ არჩევნებს მოიგებს", - აღნიშნავს გამოცემა.
"ქართულ ოცნებას" საყვედურობდნენ, რომ პასიურები არიან, შესაბამისად, ეს აქცია იქნება იმის მცდელობა, რომ ამ მოძრაობამ პასიურობის იარლიყო ჩამოიშოროს. თუმცა ამ აქციაში სხვა მიზანს უფრო ვხედავ, თუკი აქციაზე ბევრმა ხალხმა მოიყარა თავი, რაც მოსალოდნელია, ეს ბევრ კითხვაზე გასცემს პასუხს. კერძოდ, ადამიანთა რაოდენობა განსაზღვრავს ხელისუფლებისთვის იმას, თუ რამდენად დიდია ივანიშვილის მხარდამჭერთა რიცხვი. ხელისუფლება ამით დაინახავს, რა მასშტაბის შეიძლება იყოს საპროტესტო მუხტი, რაც შეიძლება ივანიშვილის მიმართ ჩადენილ უსამართლობას მოჰყვეს. ასევე თვითონ საარჩევნო პროცესსაც ასეთი აქციები გამოადგება იმ მხრივ, რომ ხელისუფლება დაინახავს, რა შეიძლებ მოჰყვეს არჩევნების ხელყოფას და გაყალბებას", - აცხადებს გამიცემის კორესპონდენტტან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
"27 მაისს თუ აქციაზე ხალხის საკმარისი რაოდენობა მოვიდა, ეს იქნება გარკვეული გაფრთხილება ხელისუფლებისთვის, რომ გაყალბება არ შერჩებათ. ასევე მოსახლეობის გამოსაფხიზლებელი აქცია იმისთვის, რომ მომავალი დარღვევების პრევენცია მოხდეს. ანუ, ამ აქციაზე მისული ივანიშვილის მხარდამჭერების მიზანი უნდა იყოს, რომ ჯერ ხელისუფლებას დაანახონ, რომ ბევრნი არიან და დარღვევებს არ აპატიებენ, შემდეგ კი მხარდამჭერებმა თავისი რაოდენობით უნდა დაანახონ ინერტულად განწყობილ მოსახლეობას, რომ გამოფხიზლება საჭიროა და გააქტიურონ საზოგადოების ის ინერტული ნაწილიც", - მიიჩნევს რამაზ საყვარელიძე.
"ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის ინფორმაცია ცნობილი იქნება მალე, როგორც კი დასრულდება ამაზე მუშაობა. გეტყვით იმას, რაც ამ დროისთვისაა გაცხადებული თავად ბატონი ბიძინა ივანიშვილი მიერ: შეკრება დაიწყება 27 მაისს 3 საათზე თავისუფლების მოედანზე, ანუ ჩვენ ყველანი, "ქართული ოცნება" ველოდებით ხალხს თავისუფლებაზე და გამოვაცხადებთ საარჩევნო კამპანიის დაწყებას და საქართველოს გაერთიანების დაწყებას", - აცხადებს "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მანანა კობახიძე გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით რას გეგმავს ივანიშვილი 27 მაისის აქციაზე?
"ეს ადგილი იმიტომ ავირჩიეთ, რომ ძალიან ბევრ ადამიანს ველოდებით ამ დღეს, თავისუფლების მოედანი ეს არის საქართველოს დედაქალაქის გული და ადამიანთა დიდ რაოდენობას დაიტევს. იცით რა, ჩვენ რეგიონალურ ღონისძიებას არ ვატარებთ, ეს არის თბილისის მასშტაბით განსაზღვრული აქცია, მაგრამ თუ რეგიონებიდან ჩამოვლენ სტუმრები, რა თქმა უნდა, ამას არავინ შეეწინააღმდეგება. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ: ეს არის თბილისზე გათვლილი აქცია. ლოკომოტივის სტადიონი გამოირიცხა, რადგანაც იქ დაახლოებით 28 000 ეტევა და ამაზე მეტ ადამიანს ველოდებით", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისა მანანა კობახიძე და შეკითხვას - "ამდენი ხალხი რომ შეიკრიბება, სადმე წასვლას აპირებთ შემდეგ?" - პასუხობს:
"შეკრებაც იქნება და მსვლელობაც მოეწყობა. ამდენი ხალხი ეს უკვე მანიფესტაციაა და მსვლელობაა. დანარჩენ დეტალებს, კიდევ ერთხელ ვიტყვი, მოგვიანებით გაგაგებინებთ".