აფხაზებსა და ჩერქეზებს შორის ურთიერთობა იძაბება

აფხაზებსა და ჩერქეზებს შორის ურთიერთობა იძაბება

 

დღეს აფხაზებსა და ჩერქეზებს შორის ყველანაირი ურთიერთობა გაწყვეტილია. არა თუ სოხუმისა და ნალჩიკის უნივერსიტეტის პროფესორები არ ეკონტაქტებიან ერთმანეთს, თურქეთშიც კი, სადაც აფხაზები და ჩერქეზები კომპაქტურად ერთად მოსახლეობენ და საკმაოდ ავტორიტეტული ერთობლივი პოლიტიკურ-კულტურულ თუ საგანმანათლებლო ორგანიზაცია ჰქონდათ, შარშან ზაფხულში აფხაზები გამოეყვნენ და ცალკე შექმნეს აფხაზურ-აბაზური ორგანიზაცია, - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ჩერქეზული კულტურის ცენტრის დირექტორი, თსუ-ს პროფესორი მერაბ ჩუხუა.

ის ამბობს, რომ დაპირისპირების მიზეზი საქართველოსთან ჩერქეზების ურთიერთობა გახდა.

"აფხაზები ჩერქეზებს საყვედურობენ, რატომ გაგვცვალეთ ქართველებშიო. ჩერქეზების პასუხი ასეთია, აფხაზებმა ყველაფერი რუსებს მიყიდეს, უარი თქვეს სისხლით მოპოვებულ "დამოუკიდებლობაზე" და ახლა მათაც უშლიან ხელს, რომ საკუთარი ქვეყნის მომავალზე იფიქრონ. უფრო მეტიც, ჩერქეზები ამბობენ, რომ აფხაზებმა სოჭი, სადაც მათი გენოციდი განხორციელდა, აფხაზურ ქალაქად გამოაცხადეს," - აფხაზურ-ჩერქეზული დაპირისპირების დეტალებზე საუბრობს ჩუხუა.

აფხაზებსა და ჩერქეზებს შორის დიდი განსჯის საგანი პირველად იანვარში გამოქვეყნებული 1992-93 წლების ომის "გმირის", ყაბარდოელი იბრაჰიმ იაგანოვის ინტერვიუ გახდა. ყველაზე დიდი პოლემიკა გამოიწვია იაგანოვის მტკიცებამ, თითქოს აფხაზური ახალგაზრდობა "საქართველოსკენ იყურება."

სხვადასხვა ფორუმებსა თუ სოციალურ ქსელებში დაპირისპირება ახლაც გრძელდება. ჩერქეზები აფხაზეთის ისტორიის ფალსიფიკაციაში ადანაშაულებენ და წერენ, რომ 2010 წელს აფხაზეთის "პრეზიდენტმა" სერგეი ბაღაფშმა თავის ოფიციალურ საიტზე ისტორიის ფალსიფიკაცია მოახდინა და აფხაზური ერის ნაწილად არ მარტო საძები (აფხაზურ-ადიღური ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები), არამედ უბიხებიც უნდა რომ აქციოს."არც ჩერქეზები აკონტროლებენ სოჭსა და კრასნაია პალიანას, და არც აფხაზები, მაგრამ ბოლო წლებში თეორიული დაპირისპირება არსებობს იმაზე, სად იყო ჩერქეზეთის და სად იყო აფხაზეთის საზღვარი. ეს არის ის ტერიტორია, სადაც კავკასიის ომი დამთავრდა და კამათი მიდის იმაზე, ვის ეკუთვნოდა ეს ტერიტორია და უბიხები ვინ იყვნენ," - ამბობს ანჩაბაძე და განმარტავს, რომ საერთოდ უბიხები ცალკე ხალხი იყო, რომელიც ჩერქეზების და აფხაზების მონათესავე ხალხი იყო, მაგრამ მე-19 საუკუნეში ჩერქეზულ ენაზე გადავიდნენ.

გეოპოლიტიკური კვლევის ცენტრის მრჩეველი, გიორგი ვოლსკი ამბობს, რომ თუ ემოციები დაოკებული არ იქნება, თუკი პრაგმატულად არ იფიქრებენ ახალგაზრდები და ისტორიკოსები, შესაძლოა ამას კავკასიაში დესტაბილიზაციაც მოჰყვეს.

"აფხაზებსა და ჩერქეზებს შორის დაპირისპირება არის, მაგრამ ეს არის ნაწარმოები. ჯერჯერობით ეს არის რიტორიკა და ვფიქრობ, რომ ორივე მხარე უნდა ეცადოს თავი აარიდოს შემდგომ გართულებას", - მიიჩნევს ვოლსკი და განმარტავს, რომ ჩერქეზულ-აფხაზური დაპირისპირების ერთ-ერთი მიზეზი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ჩერქეზების გენოციდის აღიარებაა.

ჩერქეზული კულტურის ცენტრის დირექტორი, მერაბ ჩუხუა ამბობს, რომ დაპირისპირება ჩერქეზებსა და აფხაზებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველომ ჩრდილოკავკასიელებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. შემდეგ კი, როცა შარშან მაისში საქართველოს პარლამენტმა ჩარქეზების გენოციდი აღიარა, აფხაზების მხრიდან კრიტიკა უფრო გამწვავდა.

"ჩერქეზებს ეგონათ, რომ აფხაზების დამოუკიდებლობა ნამდვილი დამოუკიდებლობა იქნებოდა, თავისი მთელი ატრიბუტიკით, მიღწევის გზებით და ა.შ. ჩერქეზებთან ურთიერთობა გვაქვს და მათი სიტყვებით გეუბნებით, ისინი ამბობენ, რომ მათთვის აფხაზურმა გზამ არ გაამართლა, რომ აფხაზები რუსებს მიეყიდნენ, რომ ჩერქეზებმა საკუთარ თავზე გამოსცადეს რა არის რუსული გენოციდი, ამიტომაც ემიჯნებიან აფხაზები დღევანდელ კურსს.

"როგორც აფხაზეთის ომის მონაწილე, ადიღეელი იბრაჰიმ იაგანოვი ამბობს, როცა ის აფხაზეთში იბრძოდა, მას სჯეროდა, რომ ეს იქნებოდა ჩერქეზებისთვის ფანჯარა მომავლისკენ, მაგრამ კარი ჩაგვერაზაო. საზღვარგარეთ მყოფი 5 მილიონამდე ჩერქეზის სამშობლოში რეპატრიაციის საშუალებაც არ გვაქვსო. სირიელი ჩერქეზები რუსებს ეხვეწებიან, საკუთარ სამშობლოში დაგვაბრუნეთ, მაგრამ ასეთი რამ არ ხდება და ამიტომაც ვამბობთ, რომ რუსეთის შემადგენლობაში არმყოფი აფხაზები დღეს უფრო ოკუპირებული და კონტროლირებადია რუსების მიერ და ჩვენთვის აფხაზური მოდელი მიუღებელიაო", - ყვება ჩუხუა.

მისი თქმით, როცა ჩერქეზებმა თავიანთი სახელმწიფოს მომავალზე ფიქრი დაიწყეს, ნახეს, რომ აფხაზური მოდელი აღარ გამოადგებოდათ და საქართველოდან დაიწყეს გასასვლელის ძიება.

მერაბ ჩუხუა: "პირველი სერიოზული ნაბიჯი იყო სავიზო რეჟიმის მოხსნა და შემდეგ ჩერქეზების გენოციდის აღიარება. აფხაზებსა და ჩერქეზებს შორის წინააღმდეგობა სწორედ ჩვენთან ამ დაახლოებას მოჰყვა.

"ჩერქეზები ამბობენ, რომ თუკი საქართველო აღიარებს ჩვენს გენოციდს, მოძმე აფხაზებს რა გიშლით რომ ეს საკითხი დასვათო. აფხაზებს ერთი პასუხი აქვთ, ჩვენ გვიღალატეთ და საქართველოსკენ მიდიხართ. ამის გამო აფხაზები ჩერქეზებს მტრად მოეკიდნენ.

"ჩერქეზები ამბობენ, რომ ერთი რომ გაყიდეთ ყველაფერი რუსებზე, ახლა ჩერქეზებსაც გადმოგვწვდით, სოჭი აფხაზურ ქალაქად გამოაცხადეთ და სადაც ჩვენი გენოციდი განხორციელდა, იმ ტერიტორიასაც გვედავებითო. დენის ჩაჩხალიამ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადა, რომ ჩერქეზებს რა უფლება აქვთ გააპროტესტონ აფხაზურ ქალაქ სოჭში ოლიმპიადის ჩატარება, ეს ჩვენი ტერიტორია იყო, აფხაზი თავადის სამფლობელო. ამ განცხადებას ჩერქეზების მხრიდან საშინელი რეაქცია მოჰყვა.

"ჩერქეზები აფხაზებს საყვედურობენ, რატომ გაყიდეთ აფხაზეთი რუსებზე და რას ეუბნებით იმათ, რომლებმაც სისხლი დაღვარეს იმ დამოუკიდებლობაში, რომლისაც ჩვენ გვჯეროდა. ეს დამოუკიდებლობა რატომ გაყიდეთო. გარდა ამისა ეუბნებიან, რომ თუკი ქართველები აფხაზებს მკურნალობენ ზუგდიდსა და თბილისში, რატომ არ გინდათ ქართველებთან დიალოგი დაიწყოთ. არა თუ თქვენ არ გსურთ ურთიერთობა, ჩვენც გვიშლით ხელს.

"აფხაზებს პასუხი არ აქვთ, ისინი მხოლოდ იმას იმეორებენ, რომ რატომ გაგვცვალეთ ქართველებშიო."

ჩუხუას განცხადებით, შარშან მაისში, იმ დღეს, როდესაც საქართველოს პარლამენტმა ჩერქეზთა გენოციდი აღიარა, ნალჩიკში გამოვიდნენ ჩერქეზები და დიდ პლაკატებზე საქართველოს ხუთჯვრიანი დახატეს და ისე გამოვიდნენ და ამას სოხუმში ძალიან ცუდი რეაქცია მოჰყვა.

"უფრო მეტიც, ჩერქეზულ-აფხაზური დაპირისპირება სოხუმიდან გარეთ გავიდა და თურქეთში, სადაც აფხაზები და ჩერქეზები კომპაქტურად ერთად მოსახლეობენ, საკმაოდ ავტორიტეტული ერთობლივი პოლიტიკურ-კულტურულ თუ საგანმანათლებო ორგანიზაცია ჰქონდათ, შარშან ზაფხულში ორად გაიყო. აფხაზებმა სახელწოდებიდან ჩერქეზული ამოიღეს და დღეს ორგანიზაციას აფხაზურ-აბაზური უწოდეს. ჩერქეზებმა კი საკუთარი ორგანიზაცია ცალკე შექნეს. გაყოფის მიზეზი საქართველოსთან ურთიერთობა გახდა. აფხაზები ამბობენ, რომ ჩერქეზები და აფხაზები საქართველოსთან დაპირისპირებაში ერთად უნდა იდგნენ. ჩერქეზები პასუხობენ, რომ საქართველომ მათ დახმარების ხელი გაუწოდა და უარი რატომ უნდა თქვან?!

"ჩერქეზებთან მიმოწერა გვაქვს და მათ გვითხრეს, რომ თუკი სოხუმში გამართულ ყველა კონფერენციაზე ნალჩიკის უნივერსიტეტის წარმომადგენლებს გვიწვევდნენ, ახლა სრული სიჩუმეა, არავინ გვეძახისო. მიზეზი საქართველოსთან კარგი ურთიერთობააო", - დასძენს ჩუხუა.

"ის რომ საძები და უბიხები არა ჩარქეზი ერის ნაწილია, არამედ აფხაზების, ეს გულუბრყვილო შეცდომაა თუ მიზანმიმართული საინფორმაციო კამპანია ჩერქეზი ერის ერთიანობის დასანგრევად, ხალხის წინააღმდეგ მიმართული, რომელიც რუსეთმა დაგეგმა?! ამ პოლიტიკის შემდეგ აფხაზები ისევ ისევ დაიწყებენ მტკიცებას, რომ ჩერქეზების ძმები არიან?!

"აფხაზებს უბიხები არ სჭირდებათ, მათ მხოლოდ უბიხების ტერიტორია სურთ. რატომღაც ისინი დარწმუნებულები არიან, რომ უბიხები აღარ არსებობენ, მაგრამ ისინი, დაახლოებით მილიონამდე თურქეთში ცხოვრობენ. მათ ენა დაკარგეს, მაგრამ არა ეროვნული მეხსიერება და ჩერქეზების სიყვარული...

"როცა, წესით, აფხაზები საკუთარი ხელისუფლების პოლიტიკის წინააღმდეგ უნდა გამოდიოდნენ, ვხედავთ, რომ ისინი მთლიანად მხარს უჭერენ საკუთარი ხელისუფლების მხრიდან რუსეთზე ორიენტირებულ პოლიტიკას...

"2014 წლის სოჭის ოლიმპიადის შემდეგ აფხაზეთის "დამოუკიდებლობიდან" რამე მაინც შენარჩუნდება, თუკი ჩვენ ჩერქეზებმა, ნამდვილმა კავკასიელებმა, რუსების წინააღმდეგ რაიმე ძალისხმევა არ გავატარეთ..." - წერენ ჩერქეზები.

ისტორიკოსი გია ანჩაბაძე ამბობს, რომ უბიხების საკითხზე ჩერქეზებსა და აფხაზებს შორის დაპირისპირება მართლაც არსებობს.