4 მაისს კახა კალაძეს მეორე ვაჟი შეეძინა. საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა და მისმა მეუღლე ანუკი არეშიძემ ახალშობილს მამის სახელი - კახა დაარქვეს. იტალიური "ჯენოას" მცველი არ მალავს, რომ წლების შემდეგ, ნაკრებში მოთამაშე კიდევ ერთ კახა კალაძეს სიამოვნებით ნახავდა... თუმცა ეს მომავლის საქმეა, მანამდე კი უფროს კახა კალაძეს საფეხბურთო და პოლიტიკურ ამბებზეც დავეკითხეთ.
- ახალშობილს კახა იმიტომ დაარქვით, რომ გინდათ, საქართველოს ნაკრებში კიდევ ერთმა კახა კალაძემ ითამაშოს, თუ ეს ანუკის არჩევანი იყო?
- ერთობლივად გადავწყვიტეთ. და რას ერჩით? - მშვენიერი ქართული სახელია (იცინის). რაღა დაგიმალოთ და, სიამოვნებით ვნახავდი კახა კალაძის თამაშს საქართველოს მომავლის ნაკრებში და ვისურვებდი, სანაკრებო დონეზე მამაზე მეტი წარმატებისთვის მიეღწიოს. თუმცა, ნიჭისა და მონდომების გარდა, ამისთვის ძალიან დიდი შრომაც დასჭირდება. რაც შეეხება მის უფროს ძმას, 3 წლის ლევანიკოს უკვე ეტყობა, რომ ბურთთან მწყრალად არ არის, ბურთით თამაში ძალიან უყვარს. თანაც, ისიც ჩემსავით ცაციაა...
- შვილის შეძენა საქართველოდანაც ბევრმა მოგილოცათ, თუ გასული წლის ოქტომბერში გაკეთებული არჩევანის გამო თქვენი "მეგობრების" რაოდენობა შემცირდა?
- ძალიან ბევრმა მოგვილოცა მსოფლიოს ყველა კუთხიდან. მინდა, კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა ჩვენს ყველა კეთილისმსურველს. დადარაჯებული ნამდვილად არ ვყოფილვარ - აბა, ვინ მომილოცავს და ვინ არა-მეთქი. თუ გაუხარდა და ჩემი ბედნიერება გაიზიარა, ხომ კარგი, თუ არადა, ყველას თავის გზაზე მოუმართოს ღმერთმა ხელი...
- რა სჭირს "ჯენოას"? გუნდის თამაშის გამოსწორება ვერც ახალმა მწვრთნელმა შეძლო და სერია B-ში დაქვეითების საფრთხეც ისევ არსებობს...
- ბოლო ტურებში ჩვენი გუნდი მართლაც ცუდად გამოიყურებოდა და რამდენიმე ქულა ტყუილად დავკარგეთ, მაგრამ მინდა, კლუბის ყველა გულშემატკივარი დავამშვიდო - "ჯენოა" არ გავარდება!
- კონტრაქტის მიხედვით, "ჯენოაში" კიდევ ერთი წლის განმავლობაში უნდა ითამაშოთ, მაგრამ თუ უფრო აქტიურად ჩაერთეთ პოლიტიკურ საქმიანობაში, შესაძლოა, ფეხბურთელის კარიერა მალევე დაასრულოთ?
- იტალიის ჩემპიონატში ერთი ტური კიდევ არის დარჩენილი. ამიტომ, მოვლენებს ნუ გავასწრებთ - სეზონი დასრულდეს და თქვენს კითხვას მერე უფრო კონკრეტულად ვუპასუხებ.
- 21 აპრილს გამართულ "ქართული ოცნების" ყრილობას რატომ არ დაესწარით?
- თბილისში ჩამოსვლა გადატვირთული გრაფიკის გამო ვერ შევძელი, თუმცა, სულითა და გულით ჩემი მეგობრების გვერდით ვიყავი. გარდა ამისა, ყრილობაზე დამსწრეებისადმი ჩემი მიმართვაც წაიკითხეს.
- "ქართული ოცნება" წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს - რას გეგმავთ და რას ელით ხალხისგან?
- ხალხისგან ველით ნდობას და მხარდაჭერას! ქართველ ხალხს მეტს არც არაფერს ვთხოვთ, ჩვენი მხრიდან კი მზად ვართ, მათთან ერთად ბოლომდე ვიბრძოლოთ და შევძლებთ, ეს სამარცხვინო რეჟიმი წარსულს ჩავაბაროთ. მიხეილ სააკაშვილმა იცის, რომ ქართველები სიმართლის და კანონიერების მხარეს დადგებიან, დიახ, მან იცის, რომ ხალხი "ქართულ ოცნებას" უჭერს მხარს და სწორედ ამის შიში აქვს. მიშა, ნუ გეშინია! მოსახდენი უკვე მოხდა, ქართველმა ხალხმა უკვე სძლია შიშს, შენს ჩამოშორებას უკვე სამართლებრივი გზით ცდილობს და ჩამოგიშორებს კიდეც!
- უკვე გადაწყვეტილია, რომ 27 მაისს დაგეგმილი მანიფესტაცია მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება? "დინამო არენა" გამოირიცხა?
- სამშობლოდან შორს ვარ და ასე დეტალურად ვერაფერს გეტყვით. თუმცა, თავიდანვე ვიცოდი, რომ ლაჩარი ხელისუფლება არ მოგვცემდა "დინამოს" სტადიონზე შეხვედრის გამართვის უფლებას. მათ კარგად იციან, რომ ხალხს ვერც ეროვნული სტადიონი დაიტევდა და ამის შეეშინდათ.