კიდევ 3 გარდაცვლილი პატიმარი 2 კვირაში

კიდევ 3 გარდაცვლილი პატიმარი 2 კვირაში

 

ბოლო 2 კვირის განმავლობაში სასჯელაღსრულების დაწესებულებებში 3 პატიმარი გარდაიცვალა. ჯენერ მატკავას, ზურაბ დელიანიძის და თენგიზ ბელქანიას გარდაცვალება, სასჯელაღსრულების სამინისტროს განცხადებით, მათი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობამ გამოიწვია. თუმცა, როგორც უფლებადამცველები და ადვოკატები ამბობენ, პატიმართა გარდაცვალების მიზეზი სახელმწიფო პოლიტიკის შედეგია და არა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების.

როგორც "მთელ კვირას" ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა უთხრა, პატიმართა გარდაცვალება არა მხოლოდ სასჯელაღსრულების და ჯანდაცვის სამინისტროების ერთობლივი კომისიის დანაშაულია, არამედ იმ ადამიანების, ვინც პენიტენციალურ სისტემაში მუშაობენ.

"იმასაც კი არ აკეთებენ, რომ პატიმარმა უკანასკნელი დღეები თავის ოჯახთან ერთად გაატაროს. ასეთ მდგომარეობაში მყოფი პირი, მოგეხსენებათ, საზოგადოებისთვის საშიშროებას აღარ წარმოადგენს. მათი დანაშაული ის არის, რომ საკითხს ძალიან გულგრილად ეკიდებიან და ადამიანის სიცოცხლე მათთვის არაფერს ნიშნავს.

"სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლი პირდაპირ მიუთითებს, რომ თუ საჯარო მოხელე, ან მასთან გათანაბრებული პირი ამჟღავნებს სამსახურებრივ გულგრილობას, არ ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას, ან არაჯეროვნად ასრულებს, რასაც ფიზიკური პირის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი მოჰყვება, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-დან 5-წლამდე. 

"როცა საქმე პატიმრის გარდაცვალებას ან ჯანმრთელობის შერყევას ეხება, მინიმუმ ამ მუხლის დარღვევასთან გვაქვს საქმე. მაგრამ არ არსებობს არც ერთი შემთხვევა, როდესაც პროკურატურის ან ნებისმიერი სამართალდამცავი ორგანოს მხრიდან ასეთ ქმედებას რეაგირება მოჰყვა.

"როცა იკვეთება სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა და მას არც სიცოცხლის მოსპობა მოჰყვება და არც ჯანმრთელობის მძიმე შედეგი, საქმე გვაქვს ამ მუხლის პირველი ნაწილის დარღვევასთან, რომელიც სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. თუმცა, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც პატიმრის გარდაცვალებასთან გვაქვს საქმე, რეაგირებას არ ახდენენ, იმიტომ, რომ ეს სახელმწიფო პოლიტიკაა", - ამბობს ნიკოლაიშვილი.

მისივე თქმით, როდესაც ასეთი ფაქტები ხმაურდება, ეს უკვე გამოძიების დაწყების საფუძველი უნდა იყოს, თუმცა, ამის მიუხედავად, პროკურატურა გამოძიებას არ იწყებს.

"საგაზეთო მასალა და სატელევიზიო გამოსვლაც კი სავსებით საკმარისია გამოძიების დასაწყებად. მიმართვაც არაერთხელ გაგვიგზავნია გამოძიების დაწყების მოთხოვნით, თუმცა ამ მიმართვებს შედეგი არ მოჰყოლია.

"ბოლო შემთხვევაშიც კი, როდესაც ტერაქტების მოწყობაში ბრალდებულის მერაბ ყოლბაიას, იგივე "კოჭოიას" ცემის ფაქტები გამჟღავნდა, სასამართლო სხდომაზე, ამ სხდომის მონაწილე დაახლოებით ათმა ადვოკატმა ერთობლივი ხელმოწერით მივმართეთ პროკურატურას, რომ ფაქტები გამოიძიოს. 

"მიმართვა რამდენიმე დღის წინ გავაკეთეთ, თუმცა დარწმუნებული ვარ, რეაგირება ტრადიციისამებრ ნულის ტოლი იქნება. ყველა შემთხვევაში ასე ამბობენ, რომ მიმდინარეობს გამოძიება, მაგრამ ეს გამოძიება არ სრულდება, ვადები არ აქვს. რამდენიმე თვის და წლის შემდეგ, როცა პრობლემა აქტუალობას კარგავს და საზოგადოებასაც დაავიწყდება, საქმე შესაძლოა საერთოდ დახურონ იმ მიზეზით, რომ ეს ფაქტები არ დადასტურდა", - ამბობს ნიკოლაიშვილი.

მისივე თქმით, არ შეიძლება ბრალი მხოლოდ სასჯელაღსრულების და ჯანდაცვის ერთობლივ კომისიას დავდოთ. ხშირად საქმე სხვა კომისიების უმოქმედობასთანაც გვაქვს.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით სხვადასხვა კომისიებისთვის მქონდა მიმართული, მაგრამ რეაგირება არცერთი კომისიისგან არ მოჰყოლია. "მქონდა ზოია მჭედლიძის და ანა ბაზანაშვილის საქმეები, რომლებზეც მუდმივმოქმედი კომისიიდან პასუხი არ გვაღირსეს. პატიმრები მძიმე მდგომარეობაში არიან და რამდენჯერმე სამკურნალო დაწესებულებაშიც გადაიყვანეს პროცედურების ჩასატარებლად. 

"ისინი სასჯელს თაღლითობისთვის და ტრეფიკინგისთვის იხდიან - 8 და 10 წლით აქვთ თავისუფლების აღკვეთა მისჯილი. მიუხედავად იმისა, რომ ორივეს სასჯელის ნახევარზე მეტი აქვს მოხდილი, არც შეწყალების კომისია, არც ვადამდე პირობით გათავისუფლების კომისია და მით უმეტეს ჯანდაცვის და სასჯელაღსრულების კომისია მიმართვებზე არ რეაგირებს. პირველი ორი კომისია პატიმრებს გათავისუფლებაზე უარს ეუბნება, მესამე კი საერთოდ არ რეაგირებს", - ამბობს ნიკოლაიშვილი.

როგორც ადვოკატი "მთელ კვირასთან" საუბარში აღნიშნავს, პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა არა მხოლოდ სასჯელაღსრულების სისტემის თანამშრომლებს არ აინტერესებთ, ნათესავებსაც კი არ აძლევენ დახმარების საშუალებას.

"არის ისეთი შემთხვევები, როდესაც ნათესავებს მედიკამენტების შეტანის უფლებას არ აძლევენ. მაგრამ ესეც გულგრილობაში და დაუდევრობაში გადის. იმიტომ, რომ ეს რით უნდა აიხსნას, თუ არა გულგრილობით და უმოქმედობით? როდესაც მე ვამბობ, რომ ეს სახელმწიფო პოლიტიკაა, ვგულისხმობ იმას, რომ ვერცერთი კონკეტული მოხელე პენიტენციალურ დაწესებულებაში ვერ გაბედავს, თავისი ინიციატივით გულგრილობა და დაუდევრობა გამოიჩინოს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის მიმართ, თუ მას არ ექნება ბრძანება ან წახალისება, ან სიტყვიერი თანხმობა მაინც თავისი ხელმძღვანელობისგან. 

"აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, თითოეული მოხელეც დამნაშავეა. მაგრამ, რომ იყოს სახელმწიფოს პოლიტიკის ნება, ასეთი მოხელეები დაწესებულებებში ვერ გაჩერდებოდნენ და ასეთნაირად მუშაობის საშუალებაც არ ექნებოდათ. ისინი არ არიან იმაზე მომართულები, რომ მაინცდამაინც ადამიანი აწამონ, უბრალოდ, ასეთია მათი დავალება. ამას სწორედ ის მაფიქრებინებს, რომ ასეთი შემთხვევების შემდეგ არცერთი მათგანი არ დასჯილა ", - აღნიშნავს ნიკოლაიშვილი.

როგორც "მთელ კვირასთან" საუბარში არასამთავრობო ორგანიზაცია "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის" თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე ამბობს, "ხელისუფლების პოლიტიკა იქეთკენ არის მიმართული, რომ პატიმრებს მარტო თავისუფლება კი არ შეუზღუდონ, არამედ მათ მიმართ ისეთი მოპყრობაც გამოიყენონ, რომელსაც დღეს ციხეებში იყენებენ - ცემის, წამების და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს ვგულისხმობ".

"ეს ზოგადი პოლიტიკაა და სასჯელაღსრულების და ჯანდაცვის ერთობლივი კომისიაც ამის მიხედვით მოქმედებს. კონტექსტიდან ამოგლეჯილად მხოლოდ კომისიის დადანაშაულება სისულელეა იმიტომ, რომ კომისიის მუშაობა იმ პოლიტიკის ასახვაა, რომელსაც ხელისუფლება ეწევა. ცალკე ეს კომისია რომ იყოს დამნაშავე, ის დიდი ხნის წინ დაისჯებოდა. მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ამ კომისიის პირადი, კერძო გულგრილობა. თუ საკითხს კონკრეტულად მივუდგებით, შეიძლება პირდაპირი მნიშვნელობით პასუხისმგებლები, დამნაშავეები ეგენი იყვნენ, მაგრამ პასუხი ამაზე პირველმა პირმა - მინისტრმა უნდა აგოს, რომლის უწყებაშიც ეს შემთხვევები ხდება", - ამბობს კაკაბაძე.

რაც შეეხება პატიმართა გარდაცვალების სტატისტიკას, კაკაბაძე ამბობს, რომ გამოქვეყნებული ინფორმაციები არასრულია და სანდო არ არის.

"ოფიციალურ მონაცემებს სასჯელაღსრულების დეპარტამენტი რომც იძლეოდეს, ეს ინფორმაცია სარწმუნო არ იქნება. ამ ფაქტების გახმაურება ადვოკატების ან პატიმართა ოჯახის წევრების მხრიდან თუ არ ხდება, თვითონ სამინისტრო ასეთ ფაქტებს არ ახმაურებს. მის ინტერესებში ამ ფაქტების დამალვა უფროა, ვიდრე გამჟღავნება. 

"ასეთი სტატისტიკა სრულფასოვანი ვერ იქნება. დამოუკიდებელი მეთვალყურეების მხრიდან მონიტორინგი კი აკრძალულია. ასე რომ, ჩვენ, ვისაც სურვილი გვაქვს, სწორი ინფორმაცია გვქონდეს, ამის ხელმისაწვდომობა საქართველოში არ არის", - ამბობს კაკაბაძე.