"აირაის" და "ენდიაის" რეიტინგებს არ ვენდობი. როდესაც ავტორებმა ნახეს, რომ საზოგადოების დიდი ნაწილს ამ კვლევებისადმი უნდობლობა აქვს, აღარ უნდა ჩაეტარებინათ. ვფიქრობ, კარგად უნდა დაფიქრდნენ, რისთვის სჭირდებათ კვლევა: იმისთვის რომ მხოლოდ შედეგები დადონ თუ იმისთვის, რომ საზოგადოებას ამ კვლევების მიმართ ნდობა ჰქონდეს. სამწუხაროდ, მეორე ინტერესი აქ არ არსებობს. საარჩევნო წელს, როგორც წესი, ინტენსიური კვლევების შედეგებს ვიღებთ, რომელთა მეშვეობითაც მოსახლეობის ზომბირება ხდება. ამ კვლევის ჩატარება ამის კიდევ ერთი მაგალითია", - აცხადებს საარჩევნო პოლიტტექნოლოგიების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი კახი კახიშვილი გაზეთ "რეზონანსისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით კახი კახიშვილი: "აირაის" და "ენდიაის" რეიტინგებით ხელისუფლება ხალხის ზომბირებას ცდილობს / ექსპერტის აზრით, ოპოზიციის მიზანი პოლიტიკური ტემპერატურის აწევა და ხალხისთვის მოტივაციის შექმნა უნდა იყოს.
"დარწმუნებული ვარ, არჩევნებამდე კიდევ რამდენიმე კვლევის შედეგებს გაგვაცნობენ. ცდილობენ საზოგადოება მოამზადონ, რომ "ნაციონალებს" სერიოზული მხარდაჭერა აქვთ და რომ ხვალ-ზეგ არ გაგვიკვირდეს, თუკი არჩევნებში გაიმარჯვებენ. მოსახლეობას და ოპოზიციას დოზირებულ ინფორმაციას აწვდიან. აქვეყნებენ იმ მონაცემს, რა მონაცემებიც სურთ, რომ არჩევნებზე დააფიქსირონ. ივანიშვილის წინაზე 10% რომ დაუწერეს, ალბათ თვითონვე იფიქრეს, რომ ეს შედეგი ივანიშვილისთვის ძალიან ცოტაა. ხედავენ მოსახლეობის განწყობას და ამიტომ მომატება არჩიეს. მაგრამ ამასთანავე მაინც თარგამაძის პიროვნული რეიტინგი დააყენეს წინ, რაც აბსურდად მეჩვენება... რაც შეეხება ოპოზიციურად განწყობილი ელექტორატის ნდობის 87-დან 83 პროცენტამდე დაცემას, გამოდის, რომ ივანიშვილი მოქმედებების გამო მივიღეთ ასეთი შედეგი", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კახი კახიშვილი. "ივანიშვილმა ოპოზიციურ პარტიებს ხელისუფლებისთვის რეალური ოპონირების შანსი გაუჩინა, მაგრამ, სამწუხაროდ, როდესაც ოპოზიციურად განწყობილი მოსახლეობისთვის დამაბნეველი განცხადებები კეთდება, ეს კვლავ ხალხის ნიჰილიზმში ჩაგდების წინაპირობას ქმნის - ადამიანს იმის აღარ სჯერა, რისაც მანამდე სჯეროდა. ივანიშვილმა შეცდომები დაუშვა, განცხადებებმა, რომელიც ძირითადად იმ მედიის კრიტიკაზე იყო ორიენტირებული, ვისი მხარდაჭერაც უნდა ჰქონოდა ივანიშვილს, ხალხი დააბნია. ერთი მხრივ, თუ შენ განსხვავებული აზრი გაღიზიანებს, როგორ შეიძლება დავიჯერო, რომ ხელისუფლებაში ყოფნისას კრიტიკა არ გაგაღიზიანებს?! ამას გარდა, რა შემატა ივანიშვილს პირველივე განცხადებაში ოპოზიციური პარტიების ლიდერების კრიტიკამ? ფაქტობრივად, არაფერი. პირიქით, უფრო დაძაბა მდგომარეობა. როდესაც აცხადებ, რომ მეუღლე იქნება შენი პარტიის თავმჯდომარე, ბოლო წუთს არ უნდა გაგახსენდეს, რომ იგი ტელევიზიის მფლობელია", - მიიჩნევს ექსპერტი. "არის ნიუანსები, რომლებიც გვაჩვენებს, რომ მართვა ბოლომდე ორგანიზებული არ არია. როდესაც ხედავ, რომ მართვა არ არის ორგანიზებული, რეგიონებში პრობლემაა, კოალიციაში შემავალ პარტიებს დაპირისპირება აქვთ და ცენტრალურ ოფისშიც არაა იდეალურად მდგომარეობა, გარკვეული ეჭვები ჩნდება. სხვათა შორის, ნაციონალებშიც ანალოგიური სიტუაციაა. არიან ძალები, რომლებიც არც კი ელაპარაკებიან ერთმანეთს, მაგრამ როცა საჭიროა, ერთ მუშტად იკვრებიან, კოალიციაში კი ვხედავთ, რომ რამდენიმე პარტია აქტიურობს, ამავდროულად ვხედავთ სუსტ პარტნიორულ რგოლებს. ეს ყველაფერი კი იმის საშიშროებას ქმნის, რომ რეალური პოლიტიკური ოპონირების პირობებში შეიძლება კოალიციას პრობლემები შეექმნას", - განაგრძობს კახი კახიშვილი. "როდესაც ივანიშვილმა თავმჯდომარედ კობახიძე წარადგინა, პარტიის წევრებმა პირველივე პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ კობახიძე ფორმალური თავმჯდომარეა და მისი თავმჯდომარეობა არაფერს ნიშნავს - პრობლემა ისაა, რომ თუ ივანიშვილის გჯერა და მან თქვა, რომ კობახიძეა თავმჯდომარედ საჭირო, არ უნდა თქვა, რომ ის ფორმალური ლიდერია - ასეთი განცხადებით იუსტიციის სამინსიტროს საფუძველი არ უნდა მისცე, რომ რეგისტრაციის დროს ამის გამო პრობლემები შეგიქმნას - გამოვლენ და იტყვიან, თვითონ ადასტურებდით, რომ პარტიის ყრილობა და თავმჯდომარის არჩევნები ფორმალობა იყო და რეგისტრაციაში როგორ გაგატაროთო. ვფიქრობ პარტიის რეგისტრაციაზე უარის თქმის პროცენტი დაბალია, მაგრამ უარის თქმის შემთხვევაში რეგისტრაციის გაჭიანურების ერთ-ერთ მიზეზად, ესეც დაასახელონ. უფრო დიდი პრობლემა კი ის არის, რომ თვითონ კობახიძეს უქმნიან უხერხულ მდგომარეობას. ერთი მხრივ, მის ფორმალურობაზე საუბრობენ, მეორე მხრივ კი, პარტიის წესდების თანახმად, ძალია ბევრი უფლებამოსილება აქვს და ასეთი დამოკიდებულებით შეიძლება იმ მდგომარეობამდე მივიდეთ, რომ კობახიძის გადაწყვეტილებების შესრულების დროს პრობლემები შეიქმნას", - დასძენს რესპონდენტი და შეკითხვას - "კოალიცია მაისის ბოლოს აქციებს გეგმავს. რამდენად იმოქმედებს ეს მოსახლეობის განწყობაზე?" - პასუხობს: "ძალიან კარგია, რომ მაისი ბოლოს მოსახლეობის კონსოლიდაცია ხდება. მაგრამ აქვე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ნებისმიერ დიდ აქციას მიზანი უნდა ჰქონდეს. თუ გავიხსენებტ, მოსახლეობა ნიჰილიზმში სწორედ დაუგეგმავი აქციების გამო ჩავარდა. ქუჩაში ხალხი გამოდიოდა, რამდენიმე დღის მანძილზე "მიშა წადის" ყვიროდა, სააკაშვილი კი არ მიდიოდა. მიტინგში მონაწილეობის გამო ხალხს ხელისუფლებისგან ბევრი პრობლემა ექმნებოდა. ყველა პოლიტიკური პროცესის პარალელურად ხელისუფლებაზე ზემოქმედება მშვიდობიანი აქციების გზითაც უნდა მოხდეს. ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის მოტივაციის ასამაღლებლად ყველაფერი უნდა გაკეთდეს. არჩევნებზე ხელისუფლება იგებს იმით, რომ მისი ყველა ამომრჩეველი მიდის უბანზე, ოპოზიციურად განწყობილი მოსახლეობა კი ნიჰილიზმშია ჩავარდნილი. არჩევნების დღეს ან სახლში რჩება ან თუ მიდის, იმდენი პარტია ხვდება, რომ იბნევა. შემდგომში ოპოზიციის ხმებიც იხლიჩება. ამიტომ უნდა იყო მიზანი პოლიტიკური ტემპერატურის აწევა და ხალხისთვის მოტივაციის შექმნა". |