,,გასულ ოთხშაბათს, პარლამენტში მომხდარ პროვოკაციას, შესაძლოა, საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელებსა და სომხებს შორის დაპირისპირება მოჰყოლოდა. ეს დაპირისპირება ისედაც მორყეულ სახელმწიფოში, კიდევ უფრო დიდ რყევებს გამოიწვევდა. თუმცა, საბედნიეროდ, თბილისელი სომხები ამ პროვოკაციას არ აჰყვნენ’‘, _ მიიჩნევენ წინააღმდეგობის მოძრაობა ,,იბერიას’‘ წევრები. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ პარლამენტარ ჯონდი ბაღათურიას, ერთი შეხედვით, უწყინარ განცხადებას _ ჩერქეზების გენოციდის აღიარებისგან თავი უნდა შეგვეკავებინა, რათა სომხებს არ მოეთხოვათ თავისი გენოციდის აღიარებაო, _ აზერბაიჯანული წარმოშობის პარლამენტარის _ აზერ სულეიმანოვის მხრიდან სრულიად არაადეკვატური რეაქცია მოჰყვა: სომხების გენოციდის აღიარებას თუ აპირებთ, მაშინ სომხებმა რაც აზერბაიჯანელებს მოუწყვეს, ისიც უნდა აღიაროთო.
პარლამენტში დაწყებულ ხმაურს, პარლამენტსგარეთ აზერბაიჯანელი ახალგაზრდების სკანდირება შეუერთდა _ ,,ბაღათურია მოღალატეო’‘. ,,ვერსიასთან’‘ საუბარში ჯონდი ბაღათურია დაგეგმილ პროვოკაციაზე საუბრობს და აცხადებს: ,,ნამდვილად არ ვიცი, რა უნდოდა, სულეიმანოვს. ლაპარაკი თუ იცოდა საერთოდ, ისიც კი არ ვიცოდი. ეს ყველაფერი იყო დადგმული პროვოკაცია. ეტყობა, ყველაფერი წინასწარ იყო გამზადებული. მე კი, უნებლიედ, მეხამრიდის როლი შევასრულე. აზერბაიჯანელების საწინააღმდეგო რა უნდა მეთქვა?! ისინი ჩვენი მოქალაქეები არიან და დიდ პატივს ვცემ.Uუბრალოდ, რაღაც ძალებს სურდათ პროვოკაციის მოწყობა. აბა, რით აიხსნება, რომ აზერბაიჯანის ხუთი ნაციონალური არხი წინასწარ იყო ჩამოსული ამ მოვლენების გასაშუქებლად(!) აზერბაიჯანელებსა და სომხებს შორის დაპირისპირებას ცდილობდნენ’‘. სომხებისა და აზერბაიჯანელების დაპირისპირებას რომ გამოუსწორებელი შედეგები მოჰყვება ჩვენი ქვეყნისათვის, ამას ბევრი მტკიცება არ უნდა. უფრო საინტერესო სრულიად სხვა საკითხია: რა ხდება, სახელმწიფო მასშტაბების პროვოკაცია პარლამენტში იგეგმება? ეს სერიოზული შეკითხვაა, რაც ასევე, სერიოზულ დაფიქრებას საჭიროებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, რაც დღეს ვერ მოხერხდა, შეიძლება ხვალ განხორციელდეს. ,,იბერიას’‘ ლიდერი ვაჟა წიკლაური მიიჩნევს, რომ ნებისმიერ სახელმწიფოში სულეიმანოვისნაირ პიროვნებას დეპუტატის იმუნიტეტს იმავე სხდომაზე გაუუქმებდნენ და პროვოკაციის მოწყობის მცდელობისთვის დააპატიმრებდნენ, თუმცა ასეთი სახელმწიფოებრივი მიდგომა არც პარლამენტს ახასიათებს და არც სპეცსამსახურებს. ვაჟა წიკლაური: _ საქმე გვაქვს სახელმწიფო სტრუქტურებში არსებულ მანკიერ გამოვლინებასთან, რაც ჯერ კიდევ შევარდნაძის დროიდან იღებს სათავეს. ფაქტებზე ვისაუბროთ: გასული საუკუნის 90-იან წლებში, ანტიქართული გამოსვლები რომ იყო ქვემო ქართლში, მაშინ გამოიკვეთა ვინმე ოსმან ახმედოვის ფიგურა, რომელიც ქვემოქართლელი ,,აშუღების კავშირის’‘ თავმჯდომარე და მაშინდელი გამოსვლების ერთ-ერთი მთავარი სულისჩამდგმელი იყო. სოფელ-სოფელ დადიოდა და ,,ბორჩალო _ შაჰ-აბასის’‘ ძახილით საქართველოს წინააღმდეგ გამოსვლისკენ აგულიანებდა ხალხს. საბედნიეროდ, მაშინ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა და ,,ქვემო ქართლის ავტონომია’‘ არ შედგა, მაგრამ მაშინვე უნდა დასმულიყო დამნაშავეთა პასუხისმგებლობის საკითხი. ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ სპეცსამსახურებს ასეთი ხალხი გაეკონტროლებინა და გაენეიტრალებინა, ჩვენმა მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მსგავსი ჯერ არც ერთ სახელმწიფოს არ მიუღია _ ერთ მშვენიერ დღეს, ოსმან ახმედოვი ,,ღირსების ორდენით’‘ დააჯილდოვა შევარდნაძემ. ასეთი ფაქტები ბევრია. ახლა, გარდაცვლილი კაცია და შეიძლება არ ღირდეს საუბარი, მაგრამ თვითონ ფაქტია საინტერესო: 90-იანი წლების იმავე მოვლენების დროს, როცა ქვემო ქართლი, ლამის მეორე აფხაზეთად იქცა, სეპარატისტების ბანაკში კიდევ ერთი კაცი _ ალახვერდ უმბათოვი აქტიურობდა. როცა ეს ამბები მიწყნარდა და ახმედოვმა ,,ღირსების ორდენი’‘ მიიღო, უმბათოვი მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარედ მოგვევლინა. მერე პარლამენტის წევრიც გახდა ,,მოქალაქეთა კავშირის’‘ სიით. იცით, რა ეწერა ანკეტაში? საკუთარი თვალით რომ არ მეხილა, სხვას არ დავუჯერებდი. გრაფაში, თუ რომელ უცხო ენას ფლობს, უწერია ქართული(!) შეიძლება საქართველოში მცხოვრები ვინმე აზერბაიჯანელისათვის ქართული მართლაც უცხო ენა იყოს, მაგრამ არა პარლამენტის წევრისთვის. ეს კაცი დღეს გარდაცვლილია, ამიტომ მასზე აღარ ვისაუბრებ, თუმცა რაც ვთქვით, ისიც საკმარისია, იმ ტენდენციის შესაფასებლად, რომელიც მემკვიდრეობით მიიღო ნაციონალურმა მოძრაობამ. _ კი მაგრამ, რატომ ელოლიავებოდა ხელისუფლება ასეთი რეპუტაციის ხალხს? _ იმიტომ, რომ შევარდნაძის ხელისუფლებაც ნახევრადკრიმინალური იყო და ისეთივე გვყავს დღესაც. კრიმინალებს კი ასეთი პრინციპი აქვთ: ,,მეგობრები ახლოს უნდა გყავდეს, მტრები კი უფრო ახლოს’‘. დონ კორლეონეს ამ მაფიოზური პრინციპით მოქმედებენ ბიჭები. იცით, რა გათვალეს? ეს ხალხი, ასე თუ ისე, ავტორიტეტები არიან, ამიტომ რაზე დავიჭიროთ, ბარემ გვერდით დავიყენოთ და ეს ეთნოსი ვმართოთო. რომ დაუკვირდები, მთლად უტვინო გათვლა არ არის, არჩევნების დროს ხმებს წამოიღებ რეგიონებიდან, მაგრამ ხელისუფლებას ცოტა მეტიც მოეთხოვება. ასეთი ხალხის ნდობა, როგორ შეიძლება? კიდევ ერთი აზერბაიჯანელი პარლამენტარი გვყავდა, ცოტა ხნის წინ. მის წინააღმდეგ აზერბაიჯანის გენერალურმა პროკურატურამ აღძრა საქმე: 1992-94 წლებში ნავთობბიზნესში საქმიანობდა. აზერბაიჯანიდან საქართველოში შემოჰქონდა ბენზინი და აქედან სომხეთში გაჰქონდა. აზერბაიჯანს კი, იმ დროს, ყარაბაღის გამო ომი ჰქონდა. სწორედ ეს გაუხსენეს. მერე საქმე შეწყდა, მაგრამ ხომ დაისმება შეკითხვა: თუკი თვითონ აზერბაიჯანი ღალატში სდებდა ბრალს ამ კაცს, ჩვენ რატომ გვეჯდა პარლამენტში? ასეთი ხალხი ავტორიტეტები არიან და უადვილდებათ ადამიანთა მართვა, ამიტომაც ხელისუფლება ყოველთვის თვალს ხუჭავდა მათ გარკვეულ ცოდვებზე, სამაგიეროდ, არჩევნებში იყენებს ხოლმე. _ აზიკ სულეიმანოვი ვინ არის? მე ვიცი, რომ მას ანტიქართული გამოსვლები არასოდეს ჰქონია, თქვენ მიერ ჩამოთვლილთა მსგავსად. _ თუ არ ვცდები, იგი ,,აზერბაიჯანელთა კავშირის’‘ თავმჯდომარე იყო. ანტიქართულ გამოსვლებში არ არის შემჩნეული, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, ვიღაცის დავალებას ასრულებდა ანუ მის უკან დგას ძალა, რომელსაც აწყობს, თბილისში, ეთნიკურ ნიადაგზე არეულობა დაიწყოს. _ მაინც ვის აწყობს ეს არეულობა? _ ყოველი ახალი დღე მომავალ არჩევნებთან გვაახლოებს. ხელისუფლებას სურს, ეს გაცხოველებული სამზადისი გადაფაროს, ოპოზიციას გადააბრალოს არეულობა და არჩევნები საერთოდ აღარ ჩაატაროს. საბედნიეროდ, სომხები არ წამოეგნენ ამ პროვოკაციას და თანაც, მთლიანობაში, ეს იყო უნიჭოდ დადგმული სპექტაკლი. ბაღათურიას მართლაც არაფერი უთქვამს ისეთი, რასაც შეიძლება ვინმეს გაღიზიანება მოჰყოლოდა, მით უმეტეს, აზერბაიჯანელების. ასე რომ, ვინც ეს დაგეგმა, საქმის ბოლომდე მიყვანის საფუძველი არ მიეცა, მაგრამ ხომ შეიძლება, კიდევ განმეორდეს მსგავსი პროვოკაცია? შევარდნაძის დროიდან დღემდე, ხელისუფლების უმაღლესი შტოები დაფუძნებულია იაფფასიან ღირებულებებზე და არა სახელმწიფოებრივ ინტერესებზე. _ თქვენ, როგორც სპეცსამსახურების საკადრო ოფიცერს, შეგიძლიათ მითხრათ, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი ჩვენს სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის დაპირისპირება მოხდება? _ ამას გამოუსწორებელი შედეგები მოჰყვება. არ მინდა აპოკალიფტური პროგნოზები ვაკეთო, მაგრამ დაპირისპირება ჩვენ ქვეყანას დაშლამდე მიიყვანს. ჩვენმა ხელისუფლებამ, კეთილი ინებოს, და ეს მომენტი გაითვალისწინოს. ნურავინ იფიქრებს, რომ მსგავსი პროვოკაციის განხორციელების შემთხვევაში, ასეთი ღალატი შერჩება. მხოლოდ უცხოები მოიგებენ. ყველა ქართველი, ვინც მათ გვერდით აღმოჩნდება, სასტიკად აგებს პასუხს...’‘ ასე აფასებს ,,წინააღმდეგობის მოძრაობა’‘ პარლამენტში მომხდარ ფაქტს. ძალიან ბევრი ადამიანი ადასტურებს, რომ საქმე ეხებოდა წმინდა წყლის პროვოკაციას. ამას არც აზერბაიჯანული წარმოშობის დეპუტატი აზიკ სულეიმანოვი უარყოფს. ,,ვერსიასთან’‘ საუბარში პარლამენტარიც პროვოკაციაზე საუბრობს, ოღონდ სხვა წყაროსკან იშვერს თითს. აზიკ სულეიმანოვს ტელეფონით დავუკავშირდით: _ ბატონო აზიკ, დათო დევიძე ვარ, ჟურნალისტი ,,ვერსიიდან’‘, გუშინწინდელ ინციდენტზე მინდოდა თქვენთან საუბარი. _ ბოდიშს მოვითხოვ, მაგრამ ინტერვიუს ვერ მოგცემთ. არ არის საჭირო, თანაც შეუძლოდ ვარ. _ ინტერვიუს არც გთხოვთ, უბრალოდ, შემიფასეთ იმდღევანდელი სიტუაცია და მეტს აღარ შეგაწუხებთ. _ რა უნდა შევაფასო? ბაღათურია არის პროვოკატორი. აზერბაიჯანელებისა და სომხების წაკიდება უნდოდა. სომხების გენოციდის აღიარების საკითხი რომ დააყენა, სომხებმა ხოჯალოში რაც გაუკეთეს აზერბაიჯანელებს, იმაზე რატომ არაფერი თქვა? _ ბატონო აზიკ, არავის არ ვიცავ, მაგრამ ბაღათურიას სომხების გენოციდის საკითხი არ დაუყენებია, პირიქით... _ როგორ არა. პროვოკაციის მოწყობა უნდოდა. თუ დაწერთ, ასე დაწერთ, თორემ მე მეტს აღარაფერს ვიტყვი. _ დაწერით კი დავწერთ, მაგრამ თქვენ კიდევ უფრო მაფიქრებთ. იმას ვამტკიცებთ, რაც არ მომხდარა. არ შეიძლება, შევხვდეთ და ვრცელი ინტერვიუ ჩავწეროთ? _ კი, ბატონო, საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. ორშაბათს დამირეკეთ... ერთი სიტყვით, ძვირფასო მკითხველო, კიდევ ერთი სიახლე აღმოვაჩინეთ _ ყველა სხვა სიკეთესთან ერთად, პარლამენტში იმის გარკვევაც შეუძლებელი ყოფილა, ვინ რას ამბობს, მთავარია, ვის როგორ ესმის. უფრო სერიოზულ შედეგებზე არავინ ფიქრობს. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია! |