სასჯელაღსრულების მინისტრი არასამთავრობოებს დაემალა

სასჯელაღსრულების მინისტრი არასამთავრობოებს დაემალა

"სამოქალაქო სოლიდარობის კამპანიის წევრებმა გუშინ სასჯელაღსრულების სამინისტროსთან გამართუულ აქციაზე პატიმარ ზურაბ დელიანიძის და სხვა პატიმრების გარდაცვალების ფაქტები გააპროტესტეს. აქციის მონაწილეების თქმით, ამ უწყების და პირადად მინისტრი ხათუნა კალმახელიძის მიმართ უამრავი კითხვაა დაგროვილი. ამის გამო მათ მინისტრთან შეხვედრა და მისგან კითხვებზე პასუხის გაცემა მოითხოვეს. დაახლოებით 40-წუთიანი ლოდინის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ კალმახელიძე მათთან შეხვედრას არ გეგმავდა", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით სასჯელაღსრულების მინისტრი არასამთავრობოებს არ შეხვდა / შორენა შავერდაშვილი: "ჩვენ გვაინტერესებს, რატომ ხდება თითქმის ყოველ მესამე დღეს პატიმრის გარდაცვალება საპყრობილეში".

"მედიის წარმომადგენლები შეხვედრას სამინისტროს ფოიეში ველოდებოდით, ამ დროს კი რეპორტაჟის მოსამზადებლად (მცირედი დაგვიანებით) ტელეკომპანია "მეცხრე არხის" გადამღები ჯგუფიც მოვიდა, თუმცა იგი დაცვამ არ შემოუშვა. "რეზონანსმა" სიტუაციის გარკვევა სცადა და დაცვის თანამშრომელს კითხვით მიმართა თუ რატომ არ უშვებენ "მეცხრე არხს", რომელმაც გვიპასუხა, რომ ასეთი ბრძანება აქვთ. ჩვენს კითხვაზე, მხოლოდ ამ ტელეკომპანისთან მიმართებაში აქვთ ასეთი ბრძანება, დაცვის თანამშრომელი ასე პასუხობს: " არა, ბრძანება მხოლოდ მათზე არ გვაქვს. გვითხრეს, რომ უკვე ბევრი ჟურნალისტია შემოსულიო და აღარავინ შემოუშვათო" აქციის ერთ-ერთი მონაწილე აღშფოთებას ვერ მალავს და პროტესტს აქტიურად გამოხატავს. დაცვის უფროსი მას სთავაზობს, რომ მათი შემოშვების სანაცვლოდ, თვითონ გავიდეს შენობიდან. არასამთავროების 2 წევრი მართლაც გადის და ითხოვენ, რომ სანაცვლოდ "მეცხრე არხის" ჟურნალისტი და ოპერატორი შეუშვან, თუმცა დაცვა პირობას არ ასრულებს. მოგვიანებით ჟურნალისტები კოლეგებს სოლიდარობას ვუცხადებთ. დაცვის უფროსი 2 წუთს ითხოვს და სიტუაციის გარკვევას გვპირდება. ამჯერად იგი პირობას მართლაც ასრულებს და შენობაში "მეცხრე არხის" გადამღებ ჯგუფსაც უშვებს", - წერს რეპორტაჟის ავტორი.

"აქციის მიმდინარეობის დროს"ლიბერალის" მთავარმა რედაქტორმა შორენა შავერდაშვილმა განაცხადა, რომ მათ აინტერესებთ, რატომ უთხრეს ოჯახს თავდაპირველად რომ პატიმარი დელიანიძე გულით გარდაიცვალა, შემდეგ კი სამინისტრომ განსხვავებული ინფორმაცია გაავრცელა - "ჩვენი მოთხოვნაა, უშუალოდ მინისტრისგან მივიღოთ პასუხი კითხვებზე, რატომ ხდება მსგავსი ფაქტები სასჯელაღსრულების დაწესებულებებში. მხოლოდ შარშანდელი სტატისტიკით 140 პატიმარია გარდაცვლილი. ჩვენ გვაინტერესებს, რატომ ხდება ასე ხშირად, თითქმის ყოველ მესამე დღეს პატიმრის გარდაცვალება საპყრობილეში?" - კითხულობს შავერდაშვილი. "როგორც მინიმუმ, აქ საუბარი უნდა იყოს პატიმრის მიმართ არასათანადო მოპყრობაზე. პატიმარი მძიმე სნეულებით იყო დაავადებული და ის საჭიროებდა სპეციალურ მკურნალობას. გავრცელებული ფოტომასალა ეჭვს აჩენს, რომ შესაძლოა, ის წამების მსხვერპლი ყოფილიყო - თუმცა რა აზრი აქვს, წამებით მოკლავენ ადამიანს თუ შესაბამისი მკურნალობის გარეშე დატოვებენ და პატიმარი ასე გარდაიცვლება", - ამბობს შორენა შავერდაშვილი. მისივე თქმით. სხვა არაერთი საქმეა, რომელზე პასუხისმგებელიც ეს სამინისტროა - ომბუდსმენის ანგარიშის თანახმად, 2011 წელს 40 პატიმარი გახდა წამების მსხვერპლი და ამიტომ სურთ მინისტრთან შეხვედარ და კითხვებზე პასუხის გაცემა", - აღნიშნავს გამოცემა.

"მოვითხოვთ სასჯელაღსრულების მინისტრთან შეხვედრას. ასევე ცნობილია ისიც, რომ საჯარო უწყებები და უმთავრესად კალმახელიძის უწყება, საჯარო ინფორმაციას საზოგადოებას არ აწვდიან. ის მოქალაქეებიც კი ვერ იღებენ ინფორმაციას, რომლებიც მას წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე ითხოვენ. გუშინ გავრცელებული ფაქტის შემდეგ, მინისტრთან კითხვები კიდევ დაგვიგროვდა. სწორედ ამ ფაქტები და უმთავრესად გუშინ მომხდარის გათვალლისწინებით, გადავწყვიტეთ, რომ აქცია გაგვემართა და სამინისტროს თანამშრომლებისა და პირდადად მინისტრისთვის გვეთქვა, რომ ისინი ანგარიშვალდებულნი არიან საზოგადოების წინაშე. მათ ყვეკლა კითხვაზე პასუხი უნდა გაგვცენ ჩვენც და მედიასაც - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას საიას იურისტი თათული თოდუა.

"აქციის შემდეგ ორგანიზატორებმა მინისტრთან შეხვედრა მოითხოვეს. ადმინისტრაციის თანამშრომელმა მათ უთხრა, რომ 2 წუთში ყველაფერს გაარკვევდა და პასუხს შეატყობინებდა, თუმცა ის აღარ გამოჩენილა. თავდაპირველად ტელეფონს სამინისტროს პრესსამსახურის უფროსიც არ პასუხობდა, თუმცა მოგვიანებით თეა სუხიტაშვილმა შორენა შავერდაშვილს უთხრა, რომ მინისტრი მათ ასე ვერ შეხვდებოდა. მან მოუწოდა, რომ კალმახელიძესთან შეხვედრა წერილობითი ფორმით მოეთხოვათ. რამდენიმე წუთის შემდეგ კი სუხიტაშვილმა აღნიშნა, რომ ხათუნა კალმახელიძე სამინისტროში არ იმყოფებოდა. ცოტა ხნის შემდეგ მან ისიც თქვა, რომ მინისტრი ქალაქშიც არ არისო, რაზეც შავერდაშვილმა უპასუხა: "ნახევარი საათის წინ ადმინისტრაციის თანამშრომელმა გვითხრა, რომ სამინისტროშია. გარდა ამისა 40-50 წუთის წინ მასთან ინტერვიუ "პირველმა არხმა" ჩაიწერა და ახლა უკვე ქალაქშიც არ იმყოფება?!" სუხიტაშვილმა აქციის ორგანიზატორებს განუმარტა, რომ მინისტრი ვერ შეგვხვდებათ, მაგრამ ამის შესახებ წერილობით პასუხს მაინც მიიღებთო", - დასძენს რეპორტაჟის ავტორი.