"სააკაშვილი არ გამორიცხავს ბოლომდე გაშიშვლდეს, მაგრამ ხელისუფლება შეინარჩუნოს: დემოკრატია მისთვის უკვე ტვირთია"

 

"მერაბიშვილის განცხადება, - პოლიცია უფრო პოპულარულია, ვიდრე ნაციონალური მოძრაობა ეს ძალიან თამამი განცხადება იყო. მერაბიშვილმა თქვა, რომ ნაციონალური მოძრაობა არაფერი არ არის, რომ ეს იყო თამაში, რომ ქვეყანა პოლიციურია. პოლიტიკური პარტიების რეიტინგებს ნუ ზომავთ, გაზომეთ პოლიციის რეიტინგიო. ის ამბობს: ჩვენ ვართ ბერიას პოლიცია, ჰიტლერის გესტაპო და და ჩვენი რეიტინგი მაღალია. ჩვენ ვიქნებით მუდმივად. ამ ქვეყანაში პოლიტიკას აკეთებს არა პოლიტიკური პარტია, არამედ პოლიცია", - აცხადებს პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "ნაციონალების საარჩევნო სიას ჯკიკაბიძის მსგავსი ხალხით დააკომპლექტებენ".

"რაც შეეხება სააკაშვილს, ის არ გამორიცხავს, რომ ბოლომდე გაშიშვლდეს, მაგრამ ხელისუფლება შეინარჩუნოს. დიახ, მას უნდა როგორმე მოიცილოს დემოკრატის იმიჯი - მთელი ეს პერიოდი დემოკრატიულობით თამაშობდა, მაგრამ უკვე დემოკრატია მისთვის ტვირთია. სააკაშვილი და მერაბიშვილი ერთი იანუსის ორი სახეა. ისინი ერთ საქმეს აკეთებენ. კარგად ესმით, რომ მათი გაყოფა შეუძლებელია - იძირება სააკაშვილი და ძირავს მერაბიშვილს. იძირება მერაბიშვილი და ძირავს სააკაშვილს. არც ერთი სხვა ფიგურა ასე მიბმული არ არის სააკაშვილზე, არც ბოკერია და არც არავინ. მათ შეუძლიათ თავი გადაირჩინონ რაღაც ფორმით, შეუძლიათ დისტანცირება მოახდინონ. მერაბიშვილი ამას ვერ გააკეთებს. ვერც ადეიშვილი - სამსახოვან იანუსზეა საუბარი: მერაბიშვილი, სააკაშვილი და ადეიშვილი. რა თქმა უნდა, ბოკერია და უგულავა ხუთეულის შემადგენელი ნაწილია. ეს არის ხუთეული, რომელიც კონსტიტუციის ფარგლებს გარეთაა. ოლიგარქიულ სისტემას (არ ვგულისხმობ მდიდრების სისტემას) ქმნის ჯგუფი, რომელიც კონსტიტუციის დარღვევით მართავს ქვეყანას. ეს 5 კაცი მართავს ქვეყანას და აქ არ შედის არც პარლამენტის სპიკერი, არც პრემიერ-მინისტრი, არც რომელიმე მინისტრი", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

"5 კაცი იღებს გადაწყვეტილებას და შემდეგ ახსენებენ მთელ საქართველოს, მათ შორის პრემიერ-მინისტრსაც და პარლამენტის თავმჯდომარესაც. მაგრამ მათ შორის არსებობს გარკვეული განსხვავება - ამიტომ არის სწორედ სამს პლუს ორი, სადაც კრიტიკულ სიტუაციაში ბოკერია-უგულავას შეუძლია ხელი ჰკრას ამ სამეულს და დისტანცირება მოახდინონ თუ მათ ეს დასჭირდებათ. ეს შეიძლება საპარლამენტო არჩევნებზე გამოჩნდეს ან არა გამოჩნდეს, ეს დამოკიდებულია ნაციონალური მოძრაობის სიების დაკომპლექტებაზე: რამდენად გაითვალისწინებენ მერაბიშვილი, ადეიშვილი და სააკაშვილი ბოკერია-უგულავას ინტერესებს სიების შედგენაზე. ჩემი აზრით, გაითვალისწინებენ - წინააღმდეგ შემთხვევაში განხეთქილება მოხდება. ბურჯანაძეს სხვა ხომ არაფერი მოუვიდა, თავისი თავი რომ ვერ დაინახა სიებში, ამიტომ გაემიჯნა სააკაშვილს და ამიტომ ვერ ჩაეწერა ბოლომდე ოპოზიციაში. აღმოჩნდა, რომ არ იყო გულწრფელი ოპოზიციონერი, ის ნაძალადევი ოპოზიციონერი იყო. ბურჯანაძაზე ბევრი საუბარი არ მინდა. არ არის ეს საკითხი აქტუალური. ბურჯანაძე ჩაძირულია და ჩაძირულებზე საუბარს აზრი არ აქვს", - მიიჩნევს პოლიტოლოგი.

"ასევე ჩაიძირებიან ან სამეული, ან ის ორი. დარჩება და იტივტივებს ერთ-ერთი - გააჩნია, ვინ როგორ გამოიყოფა, მაგრამ თუ სიებზე შეთანხმდნენ, მაშინ განხეთქილებას ვერავინ ვერ დავინახავთ. თუ მათ მოახერხეს სიების შედგენა კარგად და არჩევნების მოგება ანუ უმრავლესობის მოპოვება, მაშინ დაპირისპირებას ვერ დავინახავთ, სანამ საპრეზიდენტო არჩევნები არ მოვა. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ საპარლამენტო არჩევნებში ვერ გაიმარჯვებენ. ვინც არ უნდა შეიყვანონ სიაში. ხალხი არ ყავთ, ნაფტალინიდან ამოქექეს თარგამაძე, იძულებული არიან თვით მერაბიშვილიც კი წაიყვანონ მასწავლებლებთან შეხვედრაზე. რა მონოლითზეა საუბარი, როდესაც ყველა გასაქცევი გაექცათ? ოქრუაშვილი, ბურჯანაძე, ნოღაიდელი წავიდნენ. წურწუმიას დონეზე დავიდნენ. ახლა მაჟორიტარებად მსახიობების გაყვანა უნდათ", - დასძენს პაატა ზაქარეიშვილი.

"სააკაშვილის მანკიერ აზროვნებაში ჩასვლა ძნელია. კაცმა როდესაც თქვა, აფხაზეთი საქართველოს არასდროს არ ეკუთვნოდაო, რაზე შეიძლება იყოს საუბარი. მუდმივად აძლევ რუსებს კოზირს - ჯერ სამხრეთ ოსეთი აღუდგინა და ახლა არგუმენტი აფხაზებს გაუმყარა. აფხაზები გვეტყვიან - ნახეთ, რას ამბობს თქვენი პრეზიდენტიო. ვერ წარმოვიდგენდი ვერასდროს, რომ სააკაშვილი ამის გამკეთებელი იყო, ეთქვა - აფხაზეთი საქართველოს არასდროს ეკუთვნოდაო. როდესაც ასე საუბრობს, რთულია სიების დაკომპლექტებაზე ისაუბრო. თუ ქართველმა ხსაზოგადოებამ ახლა გაუშვა ხელიდან თავისი განვითარების პერსპექტივები, 10-15 წელი არ გვექნება შანსი - დაახლოებით ის მოგვივა, რაც გამსახურდიას დროს, როცა აშშ-ს არ დაუჯერა, ბალტიისპირეთის გზით არ წავიდა. ახლა გვიჩნდება შანსი ხელახლა დავიბრუნოთ ევროპული, ნატო-ს ორიენტაცია", - აცხადებს რესპონდენტი და შეკითხვას - "მაისის ბოლოს ჩიკაგოს სამიტიდან რას უნდა ველოდოთ?" - პასუხობს:

"არც არაფერს. გვეტყვიან, კარგი ბიჭები ხართ, განაგრძეთ ავღანეთში მოღვაწეობა, რაც მეტს გააგზავნით უკეთესი იქნება, გვჭირდება საზარბაზნე ხორცი ავღანეთშიო. ასევე გვეტყვიან, აუცილებლად გახდებით ნატო-ს წევრი, მაგრამ როდის გავხდებით, არსად არ იქნება დაფიქსირებული".