IRI-ის მორიგი კვლევების შედეგებზე, პრეზიდენტის ქუთაისში ხელისუფლებაში დარჩენის სურვილის შესახებ გაკეთებულ განცხადებებზე და საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებულ პრობლემებზე "ინტერპრესნიუსი" დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტს, სოსო ცისკარიშვილს ესაუბრა.
- ბატონო სოსო, პრეზიდენტმა ქუთაისში გამოსვლისას საზოგადოებას ხელისუფლებაში დარჩენა მისთვის უჩვეული თხოვნის ტონით გამოხატა. კერძოდ, - "დამაცადეთ 2-3-4 წელი და გაძლევთ გარანტიას, რომ წყალტუბოს ევროპაში ყველაზე მაგარ ადგილად ვაქცევ". საყურადღებო იყო მეორე გამონათქვამიც – "ანაკლია არის ჩემი მიწა, მინდა იქ მოაფინონ ჩემი ფერფლი, როცა აღარ ვიქნები". როგორ შეაფასებდით პრეზიდენტის ამ განცხადებებს? - თემები, რომელსაც უკანასკნელ პერიოდში აჟღერებს ბატონი პრეზიდენტი, ძნელად პროგნოზირებადია და ალბათ არ მოასწავებს რაიმე წინასწარგანსაზრულ და დაგეგმილ ფრაზათა კორიანტელს. ეს არის ემოციური გამოსვლები, ნაკლებად კონტროლირებადი ავტორის მიერ. იგი სუბიექტური აზრის გადმოცემის დიდოსტატი ნამდვილად გახლავთ. ბატონი პრეზიდენტის მოსმენისას მეხსიერებაში ძალაუნებურად ჩნდება პარალელები. "გვაცალეთ, ბატონო, გვაცალეთ!" - ამბობდა ეკრანიდან ვარლამ არავიძე; "ვაცალოთ, ვაცალოთ!" - იძახდნენ ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერები, "ვაცალოთ, ვაცალოთ!" - თითქმის სამი ათწლეული აცხადებდნენ შევარდნაძის მომხრეები, მაგრამ ვარლამ არავიძის გარდა, პირადად და საჯაროდ არავის უთქვამს მაცალეთო. დანარჩენზე, ყოველ შემთხვევაში, ხალხის ნაწილი ვაცალოთ, ვაცალოთო, თავად იძახდა. სააკაშვილის ამ განცხადებაში ერთი პროგრესული ის გახლავთ, რომ პრეზიდენტი კონკრეტულ ვადებს - 2-3-4 წელს ითხოვს ხელისუფლებაში დასარჩენად, რომ ააღორძინოს წყალტუბო. მაგრამ საქართველოში წყალტუბოს მსგავსად დანგრეული იმდენი ქალაქია, ალბათ მთელი საქართველოს ევროპულ დონეზე აღორძინებას რამოდენიმე ასეული წელი დასჭირდება. ღმერთმა ხელი მოუმართოს, ჯანი მისცეს და ბარაქა! - IRI-ს კვლევის შედეგების მიხედვით, ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს, "ნაცმოძრაობის კანდიდატს" 37%-მა დაუჭერდა მხარს, "ქართული ოცნების" კანდიდატს 19%, ხოლო ქდმ-ს კანდიდატს 10%. ხოლო კითხვაზე - თუ რომელ ოპოზიციონერ ლიდერს ენდობით მეტად, შედეგი ასეთია - გიორგი თარგამაძე - 28%, ბიძინა ივანიშვილი 21%. როგორ შეაფასებდით მორიგი კვლევის შედეგებს? - ჩემი აზრით, ენ-დი-აი და აი-რაი ისეთივე გამძაფრებით ებრძვიან საქართველოში ერთმანეთს, როგორც წინასაარჩევნო პერიოდში - მათი მმართველი პარტიები ამერიკაში. მსხვერპლი კი, დაბნეული საქართველოს მოსახლეობაა, ვინაიდან ისინი საჯაროდ არ საუბრობენ კვლევისას გამოყენებულ მეთოდოლოგიაზე და მათ მიერ ჩატარებულ კვლევებს პრაქტიკულად ისედაც დაბნეული და დაშინებული მოსახლეობის დაკითხვის და არა გამოკითხვის დაღი აზის. ცხადია, რომ ასეთ ვითარებაში ჭეშმარიტების კვლევისგან შორს ვიქნებით, მაგრამ ციფრებს საკუთარი ლოგიკა მაინც აქვს. არ გამკვირვებია ის ფაქტი, რომ ოპოზიციურ ლიდერთა ჭიდილში ლიდერობს ბატონი გიორგი თარგამაძე, რადგან ყველა ის მოქალაქე, რომელიც უპირატესობას "ნაცმოძრაობას" ანიჭებს, ვალდებულია, ოპოზიციურ ველში თავის ფავორიტად გიორგი თარგამაძე დაასახელოს. ამიტომ, თუ "ნაცმოძრაობის" ხმები ოპოზიციაზე გადანაწილდა, მაშინ მართალია, თავად "ნაციონალებს" აღარ ეყოფათ ეს ხმები. ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რატომ არ ენანება ხელისუფლებას გიორგი თარგამაძის ყველაზე სანდო ოპოზიციურ ლიდერად წარმოჩენა. სხვათა შორის, ეს ამბავი მაინცადამაინც არც საზღვარგარეთს გაუკვირდება. რადგან, წლების განმავლობაში თარგამაძე აქტიურად ურთიერთობს ოკეანის ორივე მხარეს სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებთან და ქვეყანაში ოფიციალურად სახელდებულია, როგორც კონსტრუქციული ოპოზიციის ლიდერი. ჩვენ ნელ-ნელა შეგვაჩვიეს, თითქოს გიორგი თარგამაძე ყველაზე რეიტინგული ოპოზიციური ლიდერია და, შესაბამისად, აღარც ამის დამატასტურებელი ციფრები უნდა გვიკვირდეს, რომელიც აშკარად შელამაზებულია. ჩვენ ამაზე თავადაც არ გვაქვს რაიმე რეაქცია, თუმცა სინამდვილეში ეს გახლავთ საშინაო დავალება "ნაცმოძრაობის" აქტივისტებისთვის, რომ ოპოზიციურ ველში სხვა რომელიმე კონკურენტი რაც შეიძლება შორს იყოს ქდმ-ს ლიდერისგან. - საარჩევნო სიების დასაზუსტებლად პროგრამა "კარდაკარი" 24 აპრილს კი დაიწყო, მაგრამ თუ რადიო "პალიტრაში" არა მარტო თბილისიდან მოქალაქეების ზარებით ვიმსჯელებთ, "კარდაკარის" წარმომადგენლები ამა თუ იმ მისამართზე ბინების მეპატრონეთათვის უცნობი და მიწერილი პირების ფაქტებზე არ რეაგირებენ, რა აზრი აქვს ამგვარ "კარდაკარს?" ამ პრორგამის მიმართ ბევრი თავიდანვე სკეპტიკურად იყო განწყობილი, თქვენი მოლოდინი როგორია? - სახეზეა უსუსურობა და დანაშაულებრივი თვალთმაქცობა, თითქოსდა საამაყო სამოქალაქო რეესტრის, რომელიც წლების განმავლობაში თავს არ იწუხებს იმისათვის, რომ რეალური სურათი წარმოაჩინოს. ჩნდება ეჭვი, რომ სწორედ ასეთი დარღვევებისთვისაა უფრო მოწოდებული ამ რეესტრის საქმიანობა, ვიდრე მოსახლეობის მომსახურებისას რაიმე სიკეთის საქმნელად. დღეს ძნელია საუბარი, თუ რა შედეგით დასრულდება "კარდაკარ" შემოწმების პროცესი. მე დიდი სურვილი მაქვს, ეს პროცესი ღირსეულად დასრულდეს და არა მარტო გამოვლინდეს, აღმოიფხვრას ყველა ის დარღვევაა, რომელიც რეალურად არსებობს ამ საკითხში. იმედი მაქვს, რომ თავად კომისია, რომელიც შექმნილია და ბიუჯეტიდან მილიონობით ლარს მოიხმარს მიზნის მისაღწევად, არ იქნება მდუმარე და მოსახლეობის თვალებში ნაცრის შეყრის პრინციპს არ დაადგება, რომ კვლავ თეთრი შავად მოგვაჩვენოს. რასაკვირველია, აზრი ექნებოდა ცხელი ხაზის დაწესებას, რომელზეც ყველა კარდაკარით უკმაყოფილო მოქალაქე პოლიტიკური სიმპატია-ანტიპატიის განურჩევლად დარეკავდა საარჩევნი სიების დაზუსტების კომისიაში და წვრილად მოუყვებოდა თავის დაკვირვების შედეგებს. - უკეთესი ხომ არ იქნებოდა ცესკო-ს საარჩევნო უბნები განესაზღვრა, ამ უბნებზე "კარდაკარის" ხალხს ჰქონოდა ოფისები, რომელშიც გამოკრული იქნებოდა ამომრჩეველთა სიები და მათ დაზუსტებაში მონაწილეობის მიღბის საშუალება მთელ საზოგადოებას ექნებოდა? ასეთ ვითარებაში ძალიან ბევრი საკითხი ხომ ოპერატიულად გადაწყდებოდა . . . - თქვენი მოსაზრება მარწმუნებს, სრულიად კანონზომიერია ის ფაქტი, რომ თქვენ არ ხართ საარჩევნო კომისიაში. თქვენი რეცეპტით აღარც მილიონების დახარჯვა იქნებოდა საჭირო და ჩვენი ამომრჩევლის მაღალი მოქალაქეობრივი შეგნება საკმარისი იქნებოდა იმისთვის, რომ უბანზე მისულიყო და ადგილზევე თავად ემხილებინა ის სიცრუე, რომელშიც ათეულობით წლებია, ვიმყოფებით. თქვენს მიერ შემოთავაზებულ მოდელს სათაურად ჰქვია გამჭვირვალობა. გამჭვირვალობა, როგორც დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი აუცილებელი წყარო, ჩვენი ხელისუფლებისთვის სრულიად მიუღებელია. სამწუხაროდ, თქვენი წინადადება იმის გამო ვერ იქნება რეალიზებული, რომ ჩვენს ხელისუფლებას ეშინია დემოკრატიის და მას ყველა საშუალებით გაურბის. - ვიცე-სპიკერმა ლევან ვეფხვაძემ გაზეთ "ვერსიისთვის" მიცემულ ინტერვიუში გამოთქვა მოსაზრება, რომ "ივანიშვილმა ფულით გარყვნა პოლიტიკური ელიტა და სრულიად მოკლა საექსპერტო საზოგადოება". თქვენ, როგორც დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტი, როგორ შეაფასებდით ვიცე-სპიკერ ვეფხვაძის მოსაზრებას? - უპიველეს ყოვლისა, მე ეს ფრაზა მესმის, როგორც ბატონ ვეფხვაძის უკიდურესი გულწრფელობა და თვითკრიტიკა. საქართველოში პოლიტიკური ელიტად მას ეგულება "ნაცმოძრაობა" და "ქრისტიან-დემკრატიული მოძრაობა". ქდმ-ს პოლიტიკური გუნდი პოლიტიკურ ელიტად სხვას არავის მიიჩნევს. თუ ამ ორი პარტიის სახით წარმოდგენილი პოლიტიკური ელიტა ცდილობს, თავისი შესაძლებლობებით დაეწიოს ბიძინა ივანიშვილს, რასაკვირველია ის საკუთარ თავს რყვნის. რაც უფრო მალე შეჩერდებიან ამ გზაზე, უმჯობესი იქნება, როგორც საკუთრივ მათთვის, ისე - ქვეყნისთვის. რაც შეეხება ივანიშვილის მიერ საექსპერტო საზოგადოების "მოკვლას". ვეცდები, მოვასმენინო ბატონ ვეფხვაძეს ხმა სამარიდან, ანუ, 7 მაისს ვიწვევ "დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის" შრომათა კრებულის პრეზენტაციაზე, რომელსაც სახელად "საქართველოს დემოკრატიზაციის გზამკვლევი" ჰქვია. თუ მას თავად დემოკრატია ეგულება მიცვალებულად, იქნებ თავადაც გამოთქვას სამძიმარი და ამ ნაშრომთა განხილვაში მიიღოს მონაწილეობა და დაგვარწმუნოს, რომ ძალულს, პოლიტიკურ ელიტაში დარჩენა. - "ქართული ოცნების" იურისტის, ზაქარია ქუცნაშვილის ინფორმაციით, ყოვნდება მათ მიერ ივანიშვილის მოქალაქეობის აღდგენის საკითხზე შეტანილი სარჩელის განხილვასა და პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" რეგისტრაციას. თქვენი აზრით, რა ხდება? უფრო სწორად ამ პასუხგაუცემელ კითხვებზე როგორი იქნება ხელისუფლების პასუხი? - ჩემი აზრით, დადგება დრო, როდესაც ხელისუფლება მიხვდება, რომ ის არა კოშმარულ სიზმარში, არამედ - რეალობაშია. როდესაც ცუდ სიზმარს ხედავ, გამოფხიზლება, გამოღვიძება სულის მოთქმაა. ის, რაც ხდება, ხელისუფლებას ურჩევნია, წარმოიდგინოს როგორც სიზმარი, არარეალობა და იქონიოს იმედი, რომ გაახელს თვალს და ეს ყველაფერი აღარ იქნება. ხელისუფლება რაც უფრო ადრე გამოფხიზლდება და შეეცდება ღირსების დაბრუნებას, ეს ქვეყნისთვის და "ნაცმოძრაობის" ლიდერებისთვის უმჯობესი იქნება. სრულიად მკაფიოა, რომ სახელმწიფო მართვის საჯარო პარადოქსების პროცესში ვიმყოფებით. შესაძლოა, ამგვარ პარადოქსებს ზოგმა მარაზმიც უწოდოს. ნებისმიერ შემთხვევაში ქვეყნის ავტორიტეტი ძალიან შებღალულია, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. ახლა შველა უნდა თავად სახელს ქვეყნისას, რომელსაც საქართველო ჰქვია. - აქტუალურ თემად იქცა, მისცემს თუ არა ხელისუფლება "ქართულ ოცნებას" საარჩევნო კომპანიის ფარგლებში ახალი ეტაპის დასაწყებად რომელიმე სტადიონზე მასშტაბური ღონისძიების ჩატარების უფლებას. თინა ხიდაშელის თქმით, "ქართული ოცნება" ხელისუფლებას ცივილიზებული ფორმით ურთიერთობას სთავაზობს." თქვენ როგორ ფიქრობთ, როგორი იქნება ხელისუფლების საპასუხო ნაბიჯი? - ცივილიზებული ფორმით თანამშრომლობა შესაძლებელია მხოლოდ ცივილიზებული მხარეებისთვის. ჯერჯერობით ხელისუფლებას ოპონენტებთან ცივილიზებული ფორმით ურთიერთობისადმი გამჟღავნებულ რაიმე სიმპათიას ვერ ვატყობ. ის არსენალი, რომელიც მათ მიერ არის გამოყენებული სხვაგვარად მოაზროვნე პოლოტიკოსთა, პოლიტიკურ ძალთა თუ უბრალო მოქალაქეთა მიმართ, არ მაძლევს საშუალებას ვიფიქრო, რომ რაიმე ადეკვატურ, ზომიერ გამოსავალს იპოვიან. სხვა თუ არაფერი, იქნებ ხელისუფლებამ "ქართულ ოცნებას" რუსთავში ახალგახსნილი მოტორბოლების ველი დაუთმოს. ერთადერთი ობიექტი, სადაც შეიძლება ბევრი ხალხი დაეტიოს, ორიოდე დღის წინ გახსნილი მოტორბოლების ველია, რომელსაც რემონტი არ სჭირდება. შესაძლოა, შემომედავონ, სააკაშვილის მიერ გახსნილ ობიექტებს არსებობის გაგრძელება მშენებლობის დასრულების რეჟიმში უწევთ. ასეა თუ ისე, არა ერთი ისტორიული ველია ქართველთა გამარჯვებისა და "ქართული ოცნების" შეკრება მაინც შედგება. უბრალოდ, შერცხვენილები დარჩებიან ის ადამიანები, რომლებიც ცოდვა-ტირილს დაიწყებენ იმის გამო, რომ მესხისა და პაიჭაძის სტადიონი რემონტდება, მაინცადამაინც იმ დღეებში ქუჩებში წყალგაყვანილობები უნდა იქნას გაყვანილი. თავს მასხრად იგდებენ, მაგრამ სამწუხაროა, რომ ასეთ ვითარებაში ჩვენი ქვეყანაც დედამიწაზე მასხრად გამოიყურება. |