"დამაცადეთ კიდევ 2-3-4 წელი და გაძლევთ გარანტიას, რომ წყალტუბოს ევროპაში ყველაზე მაგარ ადგილად ვაქცევ," - მიხეილ სააკაშვილმა კიდევ რამდენიმე წელი 2 მაისს, ქუთაისში, ლადო მესხიშვილის თეატრში სიტყვით გამოსვლისას ითხოვა.
საერთაშორისო და უსაფრთხოების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი ნიკა ჩიტაძე აცხადებს, სააკაშვილს კონსტიტუციური და მორალური უფლება აქვს ხელისუფლებაში პრემიერად მოვიდეს, მაგრამ მაინც, "სიტყვებზე ნუ გამოვეკიდებით", რადგან სააკაშვილის მიერ კონკრეტული კურორტის შესახებ ნათქვამი შეიძლება სულაც არ ნიშნავდეს იმას, რომ მას ხელისუფლებაში დარჩენა სურს. დიპლომატიური აკადემიის რექტორის სოსო ცინცაძის თქმით, სააკაშვილი პოლიტიკაში ნამდვილად დარჩება. "კაცი რვა წელი ხელისუფლებაშია და მას რომ პოლიტიკაში დარჩენის სურვილი ჰქონდეს, ეს რა საკვირველია?!" - ამბობს ცინცაძე. პოლიტოლოგი და ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძის ცნობით კი ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა სააკაშვილი პოლიტიკაში დარჩენის სურვილებზე ფრაზებით მიგვანიშნებს."რომ შეეკითხო შეიძლება თქვას, რომ უბრალოდ სურვილი გამოვთქვი კურორტის მშენებლობის და მეტი არაფერიო. ეს პირობითი ფრაზაა და მსგავსი ადრეც უთქვამს. თუმცა როდესაც ასეთი რამ ითქმება, ეს ნამდვილად ნიშნავს, რომ მას წასვლის სურვილი არ აქვს. გამიკვირდებოდა კიდეც, მას ეს სურვილი რომ ჰქონოდა. ახალგაზრდა, ენერგიით სავსე ადამიანია და რატომ უნდა უნდოდეს წასვლა?! "მას პრემიერის ვარიანტიც აქვს და პარლამენტის თავმჯდომარის პოსტისაც და რომელსაც თავად აირჩევს, ის გახდება ცენტრალური თანამდებობა", - განმარტავს საყვარელიძე. ცნობისთვის, 1 თებერვალს აშშ-ში ვიზიტის დროს, მსოფლიო ბანკის მიერ ქართულ რეფორმებზე გამოცემული წიგნის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას სააკაშვილმა განაცხადა, რომ მემუარებს 17 წელიწადში დაწერს. თუმცა როდესაც ოპოზიციის მხრიდან ისმება შეკითხვა - 2013 წლის შემდეგ აპირებს თუ არა სააკაშვილი პუტინის გზის განმეორებას და გახდება თუ არა პრემიერი, საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან კეთდება განცხადებები, რომ საქართველოში პუტინიზაცია გამორიცხულია. რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ რადგანაც "დასავლეთი სააკაშვილს პრემიერობაზე ედავება", გამორიცხული არ არის, რომ პრემიერი იყოს მერაბიშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე გახდეს სააკაშვილი. "წლებია მერაბიშვილსა და სააკაშვილს შორის ურთიერთობა ისეა ჩამოყალიბებული, რომ სააკაშვილი მანდატურიც რომ გახდეს, მერაბიშვილისთვის ის მაინც უფროსი იქნება. მათ იერარქიული ურთიერთობა ჰქონდათ და იერარქიას ინერცია აქვს ხოლმე" - მიიჩნევს საყვარელიძე. თუმცა პოლიტოლოგი იქვე განმარტავს, რომ სკამების ამგვარი გადანაწილების შემთხვევაშიც, დასავლეთი მაინც კრიტიკული იქნება. რამაზ საყვარელიძე: "ძალაუფლება ხელთ უპყრია პარლამენტის თავჯდომარესაც და პოლიტიკური პროცესების კონტროლიც ისევ სააკაშვილს რჩება. "ერთგვარი მანევრი იქნება გატარებული, მაგრამ რეალური ძალაუფლება რომ ისევ იგივე ფიგურის ხელში დარჩება, კრიტიკას აუცილებლად დაიმსახურებს იმათგან, ვინც შეჩვეულნი არიან, რომ პირველი პირი თანამდებობაზე მუდმივად კი არ უნდა იყოს, არამედ უნდა შეიცვალოს. "თუკი სააკაშვილი დარჩება, იქნება კრიტიკა, შეიძლება ფულადი დახმარების ხარისხმაც იკლოს და ა.შ. ეს ჩემზე უკეთ იცის სააკაშვილმა, მაგრამ ხელისუფლება ტკბილია". სოსო ცინცაძე მიიჩნევს, რომ სააკაშვილი პოლიტიკაში ნამდვილად დარჩება, თუმცა კვლავ ხელისუფლებაში თუ არა, ამაზე საუბარი დღეს ნაადრევია. "სააკაშვილი ხელისუფლებიდან რომ არ წავა, ეს ცხადია. თუ არჩევნები "ნაციონალურმა მოძრაობამ" მოიგო, ბუნებრივია, პარტიის ლიდერი ამა თუ იმ ფორმით - პრემიერად, პარლამენტის სპიკერად ან მინისტრად მოვა. ამიტომაც არის მომავალი არჩევნები უპრეცედენტოდ მნიშვნელოვანი," - ამბობს ცინცაძე. სოსო ცინცაძე: "ახალი კონსტიტუციით, პრემიერი მხოლოდ ერთი პარტიის ლიდერია. თანაც, პრეზიდენტს ყოველთვის შეუძლია პრემიერი როგორც უნდა ისე შეცვალოს და სააკაშილისთვის რამდენად მიმზიდველი იქნება ეს პოსტი, ვერ გეტყვით. "სააკაშვილის გულში არავინ არ ზის. თუ მას გადაწყვეტილი აქვს პარლამენტი გაძლიერდეს და ამის საშუალებას კოსტიტუცია იძლევა, პარლამენტის თავჯდომარის ფუნქციები ძლიერდება. ამდენად იუველირის სასწორზე ასაწონია, რომელი უფრო ეფექტური თანამდებობა იქნება - პრემიერობა თუ პარლამენტის თავმჯდომარეობა. "ნაციონალური მოძრაობა", როგორც ევროპული გაგების პოლიტიკურ პარტიად არ, თუ ვერ ჩამოყალიბდა, ამიტომაც რომელ თანამდებობაზე ვინ იქნება, როგორც სააკაშვილი გადაწყვეტს, ისე იქნება. მეცნიერულ პროგნოზს სხვას ვერ გავაკეთებ. არიან თავხელიძეები, ჯაფარიძეები, რომლებიც ახლა გამოჩნდნენ საექსპერტო არეალზე და მათ შეუძლიათ მკითხაობები". ის ამბობს, რომ დასავლეთში სააკაშვილის მხრიდან ძალაუფლების ვერშელევის შეფასება მნიშვნელოვნად დამოკიდებული იქნება არჩევნების ჩატარების დემოკრატიულობ-არადემოკრატიულობაზე. "შეიძლება თქვან, რომ ეს არის რუსეთის მოდელი და ჩვენ მას არ მოგიწონებთ, მაგრამ მეორეს მხრივ, მათ ასევე შეუძლიათ თქვან, რომ კონსტიტუცია არ ირღვევა. "დასავლეთში უფრო იმას აქცევენ ყურადღებას, კანონის ჩარჩოებში თუ ხდება ყველაფერი, თუმცა ვერ ვიმარჩიელებ რას მოიწონებენ და რას - არა. ის, რომ კონსტიტუცია არ ირღვევა, ეს ძლიერი არგუმენტია", - განმარტავს ცინცაძე. ნიკა ჩიტაძე აცხადებს, რომ სააკაშვილს კონსტიტუციით აქვს უფლება პრემიერი გახდეს. ის კანონს არ არღვევს და ამიტომაც მას დასავლეთი ვერ მიედავება. ნიკა ჩიტაძე: "სააკაშვილის მიერ კონკრეტული კურორტის შესახებ ნათქვამი არ ნიშნავს, რომ მას ხელისუფლებაში დარჩენა სურს. პრეზიდენტმა ისიც თქვა, რომ "ლაზიკას" მშენებლობა 10 წელი უნდა გაგრძელდეს და რა, ეს ნიშნავს, რომ ის 10 წელი აპირებს დარჩენას?! "უბრალოდ, ის მოსახლეობას სთავაზობს წყალტუბოს განვითარების გრძელვადიან პროექტს და საუბარია იმაზე, რომ დატკიცდეს კონკრეტული პროგრამა, ჩაიდოს შესაბამის ინვესტიციები კურორტის რეაბილიტაციის მიზნით. "თუკი ჩნდება კითხვა, დარჩება თუ არა სააკაშვილი პოლიტიკაში და პრემიერი იქნება თუ პარლამენტის თავმჯდომარე, გამოდის, რომ საზოგადოება, თქვენ და მეც ვაღიარებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" იმარჯვებს. "სააკაშვილის გაპრემიერება საკონსტიტუციო ნორმის დარღვევა არ არის და ამაში ვერავინ მოედავება. რაც შეეხება მორალურ მხარეს, გარკვეული მორალური პრინციპების დარღვევას აქაც არ ექნება ადგილი, იმიტომ რომ, ჩვენ ვიცით დასავლეთის დემოკრატიულ სახელმწიფოებში სხვადასხვა პირები გაცილებით დიდი ხანი იმყოფებოდნენ სახელმწიფოს სათავეში. "მაგალითისთვის, შემიძლია დავასახელო გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, სადაც ჰელმუტ კოლს 16 წლის განმავლობაში ეკავა კანცლერის თანამდებობა. ასევე დიდ ბრიტანეთში მარგარეტ ტეტჩერს 11 წელი ეკავა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა. "მეტსაც გეტყვით, შვედეთში, მე მგონი დემოკრატიული ქვეყანაა, სოციალ-დემოკრატიული პარტია 65 წლის განმავლობაში ფლობდა საპარლამენტო უმრავლესობას. "ასე, რომ მორალური დანაშაული არ იქნება, თუ პრეზიდენტმა მომავალში პრემიერის თანამდებობა დაიკავოს. ჩემი პირადი აზრია, რომ ის არც პრემიერად და არც პარლამენტის თავმჯდომარედ არ მოვა. ის, ალბათ, უფრო პარტიის თავმჯდომარე იქნება". ჩიტაძის განცხადებით, "პუტინიზაცია არანაირად არ განმეორდება, რადგან რუსეთში ავტორიტარული მმართველობაა, დასავლეთის თანამეგობრობის მხრიდანაც ამის გამო იყო პრეტენზიები. ნიკა ჩიტაძე: "როცა პუტინი რუსეთის ხელისუფლებაში მოვიდა, მან ქვეყანაში ავტორიტარული მმართველობა დაამყარა და ამის გამო ედავებიან. მართალია, საქართველო არც დასავლურ დემოკრატიულ სტანდარტებს აკმაყოფილებს სრულად, "ფრიდომ ჰაუსის" მონაცემებით საქართველო ნახევრად თავისუფალი ქვეყანაა, მაგრამ ბევრად უფრო თავისუფალია, ვიდრე რუსეთი და ჩვენთან ავტორიტარული მმართველობა არ არის. ამიტომაც იყო რუსეთის მიმართ პრეტენზიები". |