უკანასკნელი დღეების ყველაზე აქტუალური თემა IRI-ს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებია. „ნაციონალური მოძრაობის“ და ქრისტიან-დემოკრატების გარდა ამ შედეგებით კმაყოფილება არავის გამოუხატავს, მათ შორის, არც პოლიტიკურ ექსპერტებს. თუმცა ბევრი თანხმდება იმაზე, რომ ერთ-ერთი საკითხი, რომელიც შეიძლება მართლაც ობიექტურად იყოს ამ კვლევაში ასახული, არის პარტიების აქტივობა რეგიონებში. ამ მხრივ კვლევის შედეგები ასე გადანაწილდა - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 34%, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ - 4%; „ქართული ოცნება“ - 3%, „ლეიბორისტული პარტია“ – 0,4%, „ახალი მემარჯვენეები“- 0,3%, კითხვაზე პასუხი არ იცის გამოკითხულთა 30%-მა, თავი შეიკავა - 33%-მა. ამ საკითხზე და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე presage.tv-ს პოლიტიკური ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე ესაუბრება. ხათუნა ლაგაზიძე: დავიწყოთ რეგიონებში „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივობაზე საუბრით. კვლევის შედეგებში ამ კითხვაზე პასუხი შეიძლება ყველაზე ახლოს იყოს რეალობასთან. რა თქმა უნდა, კონკრეტული პროცენტები რამდენად შეესაბამება რეალობას, ამის განხილვას ვერ დავიწყებ, მაგრამ ფაქტია, რომ რეგიონებში „ნაციონალური მოძრაობა“ ყველა სხვა პოლიტიკურ ძალასთან შედარებით ბევრად აქტიურია. „ქართულ ოცნებას“ რეგიონებში აქტიურობა ჯერ არ დაუწყია, თუ არ ჩავთვლით ოფისების გახსნას, რაც აქტიურობად ვერ ჩაითვლება და მხოლოდ ტექნიკური საკითხია. ამდენად, ამ კითხვასთან დაკავშირებით ყველაზე ნაკლები პრობლემაა. პოლიტიკური პარტიების რეიტინგებზე რას გვეტყვით? - დავიწყოთ იმით, რომ NDI-ც და IRI-ც ფაქტობრივად, ერთი სახელმწიფოს ადმინისტრაციული აპარატის განშტოებებია. აქედან გამომდინარე IRI, NDI-სგან განსხვავებულ შედეგებს ვერ აჩვენებდა იმ მარტივი ლოგიკით, რომ მაშინ NDI-ს სანდოობა ეჭვქვეშ დადგებოდა. ეს არის ერთ-ერთი ფაქტორი, რომლის გამოც IRI-მ თითქმის ანალოგიური შედეგები აჩვენა. მეორე თემა გახლავთ ის, რომ სოციოლოგიური კვლევების დროს საზოგადოება რეალურად ვერ გამოხატავს თავის განწყობებს, რადგან მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს საკუთარი აზრის დაფიქსირების ეშინია. ბუნებრივია, კვლევის შედეგებზე ესეც აისახება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ ჩემთვის უცნობია, რა მეთოდით ჩატარდა ეს კვლევა, როგორი იყო გამოკითხულთა შერჩევის პრინციპი, აქედან გამომდინარე, ვერ ვისაუბრებთ რამდენად რეპრეზენტატიულია გამოკითხვა და ა.შ. საერთოდ კვლევის შედეგების რეალურობაზე ძალიან ბევრი ფაქტორი მოქმედებს. რეპრეზენტატიულობაზე როდესაც ვსაუბრობთ, თეორიულად შეიძლება დავუშვათ, რომ გამოკითხულთა უმეტესი ნაწილი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრე და შესაბამისად, ეს აუცილებლად შედეგზე აისახებოდა, ან პირიქით, შეიძლებოდა გამოკითხულთა უმეტესობა „ქართული ოცნების“ მომხრე ყოფილიყო და შედეგზე ეს ამ შემთხვევაშიც იქონიებდა გავლენას. ამიტომ, ასე ცალსახად ამ შედეგების შეფასება ძალიან ძნელია, რადგან კვლევის დაგეგმვის და მისი ჩატარების პროცესში ძალიან ბევრ ფაქტორს აქვს მნიშნელობა. ამდენად, შეიძლება მიზანმიმართულად ისეთი მეთოდი იქნეს შერჩეული, რომელიც რაღაც კონკრეტული შედეგის მიღებას და არა რეალური სურათის ასახვას ემსახურება. მე არაერთხელ მითქვამს (ეს არის სოციოლოგიის ანაბანა), რომ სოციოლოგია შეიძლება ემსახურებოდეს არა საზოგადოებრივი აზრის ასახვას, არამედ უფრო მეტად საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებას. შეიძლება საზოგადოებას ისეთი ციფრები მიეწოდოს, რომლებიც რეალობას არ შეესაბამება, იმისთვის, რომ საზოგადოება ამ გამრუდებულ რეალობაში დაარწმუნონ, რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება ამომრჩეველზე ფსიქოლოგიური ზემოქმედებისთვის იყოს გამოყენებული. ბოლო დროს ძალიან ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ ამერიკის ადმინისტრაციის დამოკიდებულება ქართული ხელისუფლებისა დაოპოზიციის მიმართ რადიკალურად არის შეცვლილი და ის საქართველოს ხელისუფლების უპირობო მხარდაჭერას აღარ გულისხმობს.თქვენთვის რისი მანიშნებელია ამ ორი ამერიკული ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევები, რომლებმაც ნაციონალური მოძრაობისდა მისი ლიდერის ასეთი მაღალი რეიტინგი აჩვენა? - გააჩნია, ამ კვლევის ჩამტარებლებს რა მიზანი ამოძრავებდათ, რეალური სოციოლოგიური სურათი ასახვა თუ საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედება, მასზე მანიპულაციის მიზნით. რაც შეეხება ზოგადად საქართველოში მოსალოდნელი არჩევნების მიმართ ამერიკის პოზიციას, როგორც ჩანს, აქ ცალსახა სურათი არ გვაქვს. ერთი მხრივ, ჩვენ ვხედავთ ამერიკის ადმინისტრაციის ძალიან მაღალი რანგის პირების ძალიან მკვეთრ განცხადებებს. მაგალითად, შეგვიძლია გავიხსენოთ საგარეო საქმეთა კომიტეტში მოსმენა, როდესაც საქართველოში ამერიკის ახალმა ელჩმა და რამდენიმე კონგრესმენმა საქართველოში დემოკრატიის მძიმე მდგომარეობის მიმართ ძალიან მკვეთრი პოზიცია დააფიქსირეს. ასევე შეგვიძლია გავიხსენოთ ჯონ ბასის რეაქციები ამა თუ იმ პროცესებთან დაკავშირებით, რომლებიც საქართველოში წინასაარჩევნოდ ვითარდება. მეორე მხრივ, გვაქვს ამერიკის სახელმწიფო ორგანიზმის ისეთი მნიშვნელოვანი სტრუქტურების, როგორიც არის NDI და IRI, საქართველოში პოლიტიკურ ძალთა გადანაწილების მიმართ ასეთი დამოკიდებულება. ყველაფერი ეს ჩემთვის იმის მანიშნებელია, რომ ამერიკაში ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული ერთიანი ხედვა იმაზე, თუ რა პოზიცია უნდა დაიკავონ საქართველოში დაგეგმილი არჩევნების მიმართ და იმის მიმართ, ამერიკისთვის საქართველოს ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ დარჩენა კვლავ მისაღებია, თუ უფრო მისაღებია „ქართული ოცნების“ მოსვლა ხელისუფლებაში. ამდენად, ამ შემთხვევაში, ასეთი გაორებული პოზიცია იჩენს თავს. ამას თუ დავურთავთ ევროკავშირის პოზიციას, რომელიც, ზოგადად, ძალიან პასიურია, მაგრამ ჩვენთვის თვალსაჩინოა დიმიტროვის გამოსვლებით, აქაც შეიძლება იგივეზე ვისაუბროთ. ევროკავშირის შემთხვევაშიც, თუ შეიძლება ასე ითქვას, „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელისუფლებიდან წასვლის განაჩენი გამოტანილი არ აქვს. 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდთან თუ პარალელს გავავლებთ, მაშინ სრულიად სხვა რეალობა გვქონდა. ამერიკის და ევროპის პოლიტიკური ელიტის საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების მიმართ დამოკიდებულება ცალსახად ცნობილი იყო და ის იყო მკვეთრად უარყოფითი. დღეს ასე მკვეთრად გამოხატულ პოზიციას ჯერჯერობით, ვერ ვხედავ. ჯერჯერობით, რაღაც ორი მიმართულება იკვეთება. ქალბატონო ხათუნა, კვლევა, რომც არ ჩატარებულიყო, ჩვენ ყოველდღე ვხედავთ სააკაშვილის და „ნაცმოძრაობის“ სხვა ლიდერებისვიზიტებს რეგიონებში და მოსახლეობასთან შეხვედრებს. საზოგადოებაში კი ხშირად ისმის პრეტენზიები „ქართული ოცნების“მისამართით პოლიტიკური პასიურობის კუთხით. ყველაფერ იმის ფონზე, რაზეც აქამდე ვისაუბრეთ, როგორ შეაფასებდით „ქართულიოცნების“ წინასაარჩევნო აქტივობებს? - სიმართლე გითხრათ, ჩემთვის სრულიად გაუგებარი და აუხსნელია „ქართული ოცნების“ სტრატეგია და ტაქტიკა საარჩევნო პოლიტ-ტექნოლოგიებთან მიმართებაში. ზოგჯერ მრჩება შთაბეჭდილება, ხომ არ ხდება მათი მხრიდან ხელისუფლების ცვლილების ახალი ფორმების შემოღება და აპრობაცია, რადგან ის, რაც მათ დღემდე გვაჩვენეს საქართველოში ხელისუფლების ცვლის არც ერთ მოდელში არ ჯდება. მე არ ვგულისხმობ მაინცდამაინც ძალისმიერ და არაძალისმიერ მეთოდს. ის პასიური პოლიტიკური ტექნიკა, რასაც ისინი იყენებენ, საქართველოში დღემდე გამოყენებული არ ყოფილა. ამიტომ, ამ გადასახედიდან, შედეგის თვალსაზრისით, მათი ამ სტრატეგიის შეფასება მე ძალიან მიჭირს. რამდენადაც ვიცი, ისინი დარწმუნებულები არიან ამ ტაქტიკის ეფექტურობაში და იმაში, რომ ამ ტაქტიკით ისინი არჩევნებში ხმების უმეტესობას მიიღებენ. მსოფლიოში აპრობირებული კლასიკური პოლიტ-ტექნოლოგიებიდან გამომდინარე, ის, რასაც „ქართული ოცნება“ დღემდე აკეთებდა, ეს ნამდვილად ვერ არის შედეგზე ორიენტირებული. მაგრამ ამ ქვეყნად ყველაფერი ვითარდება, და მათ შორის, პოლიტიკური ტექნოლოგიებიც. შეიძლება ისინი იმ ტექნოლოგიას მიმართავენ, რომელიც დღემდე აპრობირებული არ ყოფილა და არის ყველაზე წარმატებული. საბოლოოდ, ამას დრო გვიჩვენებს. მინდა შევეხოთ ნინო ბურჯანაძესა და „ქართულ ოცნებას“ შორის არსებულ დაპირისპირებას, რომელმაც უკანასკნელი რამდენიმე დღისწინ კვლავ იჩინა თავი. მართალია ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლისთანავე დააფიქსირა, რომ ნინო ბურჯანაძესთანპოლიტიკური პარტნიორობა არ სურს, მაგრამ რაღაც პირდაპირი ბრალდებები დღემდე არც ერთი მხრიდან არ ყოფილა. თქვენი აზრით,ახლა რა მოხდა? - ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ძალიან გამიჭირდება, თუმცა ზოგადად, ერთი რამ შემიძლია ვთქვა - ოპოზიციური ძალების მიერ ერთმანეთისთვის ხმების წართმევას არასოდეს მოუტანია სიკეთე. სიმართლე გითხრათ, მე ვერც ვხედავდი იმის აუცილებლობას, რომ ნინო ბურჯანაძე მაინცდამაინც ყოფილიყო კოალიცია „ქართულ ოცნებაში“. მაგრამ იმ მორატორიუმის ფონზე, რომელიც „ქართულ ოცნებასა“ და ნინო ბურჯანაძეს შორის ერთმანეთზე თავდაუსხმელობის შესახებ არსებობდა, ბოლოდროინდელი მოვლენები სრულიად მოულოდნელი იყო. ხომ არ ფიქრობთ, რომ ვინაიდან ივანიშვილს დიდი ხნის განმავლობაში საკმაოდ ახლო ურთიერთობა ჰქონდა საქართველოსხელისუფლებასთან (რომლის წევრიც ნინო ბურჯანაძეც იყო), შესაძლოა, ივანიშვილმა მასზე რაღაც ისეთი იცის, რაზეც არ საუბრობს,მაგრამ რის გამოც ბურჯანაძესთან პოლიტიკური პარტნიორობა არ სურს? - როგორც მოგახსენეთ, ერთმანეთზე თავდაუსხმელობის მორატორიუმი ორივე პოლიტიკური ძალისთვის ხელსაყრელი იყო, მაგრამ დღეს ისინი პრაქტიკულად ერთმანეთის დაძირვაზე მუშაობენ. ეს კი ჩემთვის მართლა გაუგებარია, რადგან ბურჯანაძეს ამ შემთხვევაში, გაცილებით მეტი ზიანის მოტანა შეუძლია „ქართული ოცნებისთვის“, ვიდრე „ქართულ ოცნებას“ ბურჯანაძისთვის და ეს რატომ ვერ გათვალეს, უბრალოდ ვერ ვიგებ. ბურჯანაძეს, ამ სტატუს-კვოთი, რაც მას დღეს აქვს, მაინც გაუჭირდებოდა საპარლამენტო ბარიერის გადალახვა. სწორედ აქედან გამომდინარე ვამბობ, რომ ივანიშვილმა ბურჯანაძეზე რაც არ უნდა იძახოს, მის რეიტინგს მაინც პრაქტიკულად ვერაფერს დააკლებს. ბურჯანაძე იმდენს არაფერს კარგავს, რაც ბურჯანაძის, ლეიბორისტების და სხვა ამგვარი პოლიტიკური ძალების მასირებული შეტევის შემთხვევაში შეიძლება დაკარგოს „ქართულმა ოცნებამ“. შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ ბურჯანაძის განეიტრალებით „ქართული ოცნება“ მის ხმებს მიიმატებს, მაგრამ ასე პირდაპირ ხმების ერთი კალათიდან მეორეში გადანაცვლება არ ხდება. საერთოდ, ჩვენ გავმხდარვართ მომსწრე, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუქმნია თითქოსდა ოპოზიციური პარტია და შემდეგ, იგი პარლამენტშიც შეუყვანია, მაგრამ ამ შემთხვევაში, ამ სქემასთანაც არ გვაქვს საქმე. შეიძლება დავუშვათ, რომ ბურჯანაძემ წაიღოს პრორუსული ხმები, პარლამენტში შევიდეს და შემდეგ გააფორმოს რაღაც თანამშრომლობა. ამ შემთხვევაში, ესეც გამორიცხულია, რადგან როცა შენ ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალას ბრალს სდებ ხელისუფლებასთან გარიგებაში, ეს სერიოზული დარტყმაა. შეიძლება მას ეძახო პრორუსული, დაუწუნო ხედვა, ორიენტაცია და ა.შ. ეს იმხელა დარტყმას არ აყენებს, რამდენადაც ხელისუფლებასთან შეკრულობის ბრალდება. ამიტომ, იმ ტაქტიკასაც გამოვრიცხავ, რომ ივანიშვილი ამ დაპირისპირებით რეალურად ქმნიდეს მის პარტნიორ ოპოზიციურ ძალას, რომელიც ოპოზიციურ, მაგრამ არა მის კუთვნილ ხმებს წაიღებს და ასე შევა პარლამენტში. ამ ტაქტიკასაც ვერ ვხედავ. ამიტომ, რაზეა მიმართული ეს ყველაფერი, ცოტა გაუგებარია. როდესაც ადამიანს ასეთ დარტყმას მიაყენებ, ის გულხელდაკრეფილი არ დაჯდება. ამიტომ მიმაჩნია, რომ ეს დაპირისპირება „ქართულ ოცნებას“ წაართმევს ხმებს. |