სააკაშვილის ოპონენტებს საქართველოს განახლება უნდათ

სააკაშვილის ოპონენტებს საქართველოს განახლება უნდათ

ერთ-ერთ ბოლო კვირა დღეს, თბილისის ცენტრალურ, რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტის წინ ახალი კანონის გასაპროტესტებლად რამდენიმე ათეული ადამიანი შეიკრიბა.

მათ განაცხადეს, რომ კანონი მიწათმფლობელებს თავიანთ საკუთებაზე ნებისმიერი ქმედების შესაძლებლობას აძლევს (ისეთის, როგორიცაა ტყეების უკონტროლო ჩეხვა და რადიაციული ნარჩენების დამარხვაც კი) მთავრობისგან ყოველგვარი კონტროლის გარეშე და პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმაში დაადანაშაულეს, რომ მან დიდი ბიზნესის ინტერესები ეკოლოგიურ პრობლემებზე მაღლა დააყენა. 

აქციაზე, რომელიც რუსთაველის გამზირზე გაიმართა, რამდენიმე მონაწილეს ხელში ბანერები ეჭირა წარწერებით, რომელიც ღრმა შეშფოთებას გამოხატავდა საქართველოს მდგომარეობის გამო სააკაშვილის (დასავლეთის წამყვანი მოკავშირისა და სტრატეგიულ და არასტაბილურ სამხრეთ კავკასიაში დემოკრატიისა და თავისუფალი ბაზრისთვის მებრძოლი საიმიჯო ბიჭუნას) მმართველობის პირობებში.

„მან კარგი რაღაცეებიც გააკეთა. თბილისი უფრო დინამიკურია. სერიოზული ინფრასტრუქურა ააგო და კარგია, რომ აქ ტურისტები ჩამოდიან“, ამბობს 31 წლის თამუნა ზანდუკელი.“მაგრამ მედია ტოტალურად სააკაშვილის სამსახურშია. არ არსებობს არანაირი პლატფორმა იმისთვის, რომ ოპოზიციამ თავისი შეხედულებები გაავრცელოს“. მისი მეგობარი 23 წლის თორნიკე კუსიანი კი აცხადებს, რომ პრობლემები ბევრად უფრო ღრმაა, ვიდრე მხოლოდ მედიის სიბიექტურობა.

„მე არჩევნებზე დამკვირვებელი ვიყავი და ვნახე, რომ მათ შეუძლიათ აკეთონ ის რასაც მოისურვებენ. ხმების დათვლის დროს, მათ უბრალოდ გამორთეს უსაფრთხოების კამერები და დაწერეს ის ციფრი, რომელიც მათ სურდათ. ოპოზიციას შანსი არ აქვს“.

ეს ის ახალგაზრდა, ნიჭიერი ადამიანები არიან, რომლებიც სააკაშვილის თქმით საქართველოს მომავალს წარმოადგენენ, ქვეყნის, რომელიც 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ გაჩნდა, როდესაც მან და მისმა მხარდამჭერებმა პარლამენტი შტურმით აიღეს და იქიდან საბჭოთა ეპოქის დაღლილი ელიტა განდევნეს.

ხელისუფლების უსისხლო გადაცემას საქართველოში ექსტრაორდინარული ცვლილებები მოჰყვა, მათ შორის საგზაო პოლიციის დაახლოებით 30 000 თანამშრომელი სამსახურიდან დაითხოვნა, დაბერებული რუსოფილი ჩინოვნიკები კი ახალგაზრდა ინგლისურად მოლაპარაკე, ევროპასა და შეერთებულ შტატებში განსწავლულმა კადრებმა ჩაანაცვლა.

ახალმა საქართველომ მოსკოვთან კავშირი გაწყვიტა და ცდილობდა ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას; სააკაშვილი ბიუროკრატიის შეზღუდვით უცხოურ ინვესტიციებს იზიდავდა: მსოფლიო ბანკის ბოლო რეიტინგებით საქართველო ბიზნესის იოლად კეთების რეიტინგებში 16-ე ადგილზეა და გერმანიას და იაპონიას უსწრებს; რუსეთი 120-ე პოზიციაზეა ჩარჩენილი.

საქართველოს ეკონომიკა 2003 წლის შემდეგ მტკიცედ გაიზარდა, თბილისსა რეგიონის ქალაქებში თვალშისაცემი ნაგებობები და ხიდები გაჩნდა. მაგრამ თბილისის ძველი ქალაქის ახლახანს რებილიტირებულ ნაწილში, სადაც ღამით განათებული ღია კაფეებია, ახალი პოლიტიკური ძალა საქართველოს მომავალს სააკაშვილის გარეშე გეგმავს.

„ზუსტად ერთი წლის შემდეგ მას ხელისუფლებაში ყოფნის ათწლეული უსრულდება. ეს საკმარისია – მან გააკეთა ის რაც შეეძლო“, ამბობს ირაკლი ალასანია, ერთ დროს სააკაშვილის მოკავშირე და ახლა მისი წამყვანი ოპონენტი.

„საქართველოს აქვს განახლების უფლება. ახლა სააკაშვილს შეუძლია ხელი შეუწყოს იმას, რომ საქართველომ პირველად, შეძლოს ხელისუფლების დემოკრატიული გადაცემა. ეს შეიძლება იქცეს მის მემკვიდრეობად და ის დარჩეს ისტორიაში, როგორც ნამდვილი დემოკრატი რეფორმატორი“.

მთელი მისი ეკონომიკური რეფორმებისა და პრო-დასავლური რიტორიკის მიუხედავად, სააკაშვილის დემოკრატიული რეპუტაცია კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

საერთაშორისო კრიტიკა მიმართული იყო საქართველოში არჩევნების ჩატარებისა და იმისკენ, რომ სააკაშვილი ანტისამთავრობო გამოსვლების წინააღმდეგ ზოგჯერ სასტიკ პოლიციურ ძალას იყენებდა.

მას დასცინოდნენ იმის გამო, რომ ოპოზიციური პარტიების და კრიტიკულად განწყობილი მედიის დამორჩილებას ცდილობდა, და ადანაშაულებდნენ რომ საქართველოს მუდმივად ზღვარზე ამყოფებდა რუსეთის ჯაშუშებზე საფრთხის გაზვიადებითა და იმის მტკიცებით, რომ მის პოლიტიკურ მოწინაღმდეგეებს კრემლი აკონტროლებს.

მას ასევე ადანაშაულებენ 2008 წლის რუსეთთან ომისთვის საქართველოს გამოყოფილი სამხრეთ ოსეთის რეგიონის გამო, რომლის დროსაც 150 ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, რუსეთმა საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო ბაზები შექმნა და სერიოზულად დააზიანა ქვეყნის ინფრასტრუქტურა, ისევე როგორც სააკაშვილის რეპუტაცია.

ზოგიერთები ელოდებიან, რომ სააკაშვილი მომავალ წელს პრეზიდენტობის შემდეგ პრემიერ-მინისტრის ძლიერი პოსტის დაკავებას მოინდომებს, ისევე როგორც ეს მისმა მოსისხლე მტერმა, რუსეთის ვლადიმერ პუტინმა გააკეთა.

ალასანია, რომელიც 2006-08 წლებში გაეროში საქართველოს ელჩად მუშაობდა, ამბობს, რომ ოპოზიციის აქტივისტებს და მათ ნათესავებს უკვე დევნიან და აშინებენ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ, იმ არჩევნების, როდესაც პრეზიდენტის პარტია ახალი და სახიფათო გამოწვევის წინაშე აღმოჩნდება. ალასანიას პარტია შეუერთდა ბიძინა ივანიშვილის, ქართველის მილიარდერის კოალიციას, რომლის ფუტურისტული სასახლეც დედაქალაქს თბილისის ფერდობიდან გადმოჰყურებს. შიგნით, პიკასოს, შილეს და ლიჰტენშტეინის ნამუშვრების ასლებია; მან მიზანშეწონილად მიიჩნია, ორიგინალები უცხოეთში შეენახა.

ივანიშვილი ამბობს, რომ მას შეუძლია საქართველოს აყვავებულ და ფუნქციონირებად დემოკრატიად გარდაქმნა, მაგრამ საკუთარი ამბიციების გაცხადებიდან რამდენიმე დღეში, სააკაშვილმა მას საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვა, პოლიციამ კი მისი ბანკიდან ერთ მილიონზე მეტი ევროს კონფისკაცია მოახდინა. ეს იოლი ბრძოლა არ იქნება.

ალასანიას სჯერა, რომ ევროკავშირი და ვაშინგტონი დაიღალა არაპროგნოზირებადი სააკაშვილისგან, და იმედი აქვს, რომ ისინი საკმარისი რაოდენობის დამკვირვებლებს გამოგზავნიან იმის გარანტირებისთვის, რომ ეროვნული არჩევნები წელს და მომავალ წელს სუფთად ჩატარდება.

„როდესაც ივანიშვილი პოლიტიკურ ლიდერად გამოჩნდა, ჩვენი კოალიცია გახდა მმართველი პარტიის მკაფიო ალტერნატივა“, – ამბობს ალასანია. „ჩვენ სერიოზული ძალა ვართ და სააკაშვილს ახლა ჰყავს რეალური ოპონენტი“.
foreignpress.ge