მისივე განმარტებით, მოსკოვში ყოფნა იმის გამო გაუგრძელდა, რომ თავად მოუწია გერმანიაში გარკვეული დროით გამგზავრება და წიგნზე მუშაობა გაჭიანურდა: „სერგეი სოხუმში რამოდენიმე დღის წინ გაემგზავრა“, - აცხადებს ტარას შამბა, რომლის მტკიცებითაც, სერგეი შამბასაც და პირადად მასაც „პრეზიდენტ“ ანქვაბთან საკმაოდ კარგი დამოკიდებულება აქვთ, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სერგეი შამბას ანქვაბზე განხორციელებულ თავდასხმაში მონაწილეობა ედება ბრალად, ჭორია.
„ეტყობა, ამ ტიპის ინფორმაციის გავრცელებით, ვიღაც სერგეი შამბას დისკრედიტაციას ცდილობს“, - აღნიშნავს ტარას შამბა. მისივე თქმით, ამჟამად სერგეი შამბა არსად არ მუშაობს. „ვერ გეტყვით რატომ არსად არ მუშაობს სერგეი შამბა. ეს ის საკითხია, რომელიც პრეზიდენტ ანქვაბს უნდა ჰკითხოთ“, - დასძინა კავკასიელ ხალხთა კონგრესის თანათავმჯდომარემ, ტარას შამბამ.
შეგახსენებთ, რომ ანქვაბზე თავდასხმაში ეჭვმიტანილმა აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ალმასბეი კჩაჩმა სამართალდამცველების მიერ დაკავების მომენტში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. საქმის კიდევ ერთმა ფიგურანტმა თემურ ხუთაბამ სოხუმის წინასწარი დაკავების იზოლატორში ჩამოიხრჩო თავი. მესამე ეჭვმიტანილმა - მურმან სექანიამ დაკავებისას ყელის გამოჭრა სცადა, თუმცა ეს ვერ მოახერხა.
„პრეზიდენტ“ ალექსანდრე ანქვაბზე ბოლო თავდასხმა 22 თებერვალს განხორციელდა. გუდაუთის რაიონში ანქვაბის კორტეჟს ჯერ გზაზე ფუგასი აუფეთქეს, ხოლო შემდეგ ტყვიამფრქვევებითა და ყუმბარმტყორცნებით დაცხრილეს. შედეგად, დაიღუპა ერთი და მძიმედ დაიჭრა დაცვის ორი თანამშრომელი. თავად ანქვაბი უვნებლად გადარჩა. 12 აპრილს კი აფხაზეთის დე ფაქტო სამართალდამცველმა ორგანოებმა აღნიშნულ თავდასხმაში ეჭვმიტანილი ექვსი პირის დაკავების შესახებ განაცხადეს. მათგან ორი მოგვიანებით გაათავისუფლეს, დანარჩენ ოთხს კი პატიმრობა აქვს მისჯილი.
აღსანიშნავია, რომ ეს იყო ალექსანდრე ანქვაბზე განხორციელებული მეექვსე თავდასხმა. პირველი 2005 წლის 28 თებერვალს, მისი აფხაზეთის „პრემიერ–მინისტრად“ დანიშვნიდან ორ კვირაში მოხდა. მაშინ მის ავტომობილს სოხუმის მისასვლელებთან ესროლეს. ანქვაბს დაზიანებები არ მიუღია.
მეორე თავდასხმა ზუსტად ერთ თვეში, 1 აპრილს განხორციელდა. ინციდენტი ისევ სოხუმის მახლობლად მოხდა, სოფელ აჩადარაში. მაშინ მის ჯიპს 17 ტყვია მოხვდა, თანმხლები მანქანის მძღოლი ფეხში დაიჭრა, თვითონ ანქვაბი უვნებლად გადარჩა.
მესამე თავდასხმა განხორციელდა 2007 წლის 21 ივნისს – ახალ ათონთან, სადაც ანქვაბს უნდა გაევლო, აფეთქდა ფუგასი. აფეთქება გამოწვეული იყო ასაფეთქებელი მოწყობილობის დეტონაციით ელვის დარტყმის შედეგად. აფხაზი სამართალდამცავების მიერ, ეს აფეთქებაც ანქვაბზე თავდასხმათა სიას განეკუთვნა.
2007 წლის 9 ივლისს ანქვაბის ავტომანქანას, გუდაუთა–სოხუმის გზაზე დაუშინეს ყუმბარმტყორცნიდან. ყუმბარა მოხვდა საბარგულს, რის შედეგადაც ანქვაბი და მისი მძღოლი დაიჭრნენ. ანქვაბმა მსუბუქი კონტუზია და რამოდენიმე ნაფლეთი ჭრილობა ზურგში მიიღო.
2010 წლის 23 სექტემბერს ანქვაბის სახლს გუდაუთის რაიონის სოფელ ლიხნში, სადაც ის ღამეს ათევდა, ყუმბარმტყორცნიდან ესროლეს. ყუმბარა იმ ოთახში ჩავარდა, სადაც ანქვაბს ეძინა. შედეგად – ანქვაბი ხელსა და ფეხში დაიჭრა.
ამ თავდასხმათაგან ყველაზე სახიფათო მაინც ბოლო, 2012 წლის 22 თებერვალს მომხდარი თავდასხმა იყო. როგორც მას სამართალდამცავები აღწერენ, თავდამსხმელები ახლოს იყვნენ მიზანთან. დაცვის ავტომანქანის მძღოლს რომ არ ევაჟკაცა, რომელიც ანქვაბის მანქანას ამოეფარა და დარტყმა საკუთარ თავზე მიიღო, ანქვაბი ვერ გადარჩებოდა. როგორც ჩანს, თავდამსხმელებმა ოდნავ დააგვიანეს და დაცვას მისცეს საშუალება ანქვაბს გადაფარებოდნენ.
„პრესაგე.ტვ–სთან“ საუბრისას კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ ანქვაბზე ბოლო თავდასხმასთან ყოფილი „პრემიერ–მინისტრის“ კავშირის ვერსია არადამაჯერებელია.
პაატა ზაქარეიშვილი: ამ ვერსიის სისწორეში ეჭვი მეპარება. ჩემთვის არადამაჯერებელია, რომ შამბამ იცოდა, თუ ვინ ახორციელებდა ანქვაბზე ტერაქტს. მითუმეტეს - მისი უშუალო მონაწილეობა განხორციელებულ თავდასხმაში. ეს ის ხალხი იყო, ვისაც არ აწყობს ანქვაბის ბრძოლა კორუფციის და კრიმინალის წინააღმდეგ. ვინც იგრძნო, რომ მათ კორუფციულ საქმიანობას წყალი შეუდგებოდა, თუ ანქვაბი თავისას გაიტანდა.
სერგეი შამბა ბოლო გახმაურებულ ტერაქტამდეც, არჩევნების შემდეგ, მოსკოვში ცხოვრობდა. ფაქტია, რომ სოხუმში მას კომფორტული გარემო არ აქვს, მაგრამ იქ ხშირად ჩადიოდა. თუ ამის შემდეგ ვეღარ დაბრუნდა, ეს ურთიერთობებში არსებული პრობლემების დაადასტურებელი იქნება, მაგრამ აბსურდია ანქვაბზე თავდასხაში მის მონაწლეობაზე საუბარი.
რამდენად დამაკმაყოფილებელია ანქვაბის მოღვაწეობა რუსული მხარისთვის?
– ეს მათ უნდა ჰკითხოთ. პირადად მე მგონია, რომ რუსებს სხვა გზა არ აქვთ. ანქვაბი რეალური ლიდერია, ხალხის მიერ არჩეულია და ამ ფაქტს მოსკოვი ანგრიშს უწევს. შეიძლებ,ა სულაც არა არის ამ რეალობით გახარებული... თან, იმდენად ცალსახა იყო ანქვაბის წარმატება, რომ რუსეთი ვალდებულია ამას ანგარიში გაუწიოს.
ცნობისთვის, ალექსანდრე ზოლოტინსკის ძე ანქვაბი (აფხ. Алықьсандр Золотинска-иҧа Анқәаб) (დ. 26 დეკემბერი 1952, სოხუმი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, საქართველოს სსრ) – სეპარატისტული აფხაზეთის ე. წ. პრეზიდენტი 2011 წლის 26 აგვისტოდან.
1974 წელს დაამთავრა როსტოვის იურიდიული ინსტიტუტი, სკკპ–ს ცენტრალურ კომიტეტთან არსებული საზოგადოებრივ მეცნიერებათა აკადემია.
აქვს იურიდიული განათლება და მრავალწლიანი კომკავშირული მუშაობის გამოცდილება.
1975–დან 1981 წლამდე მუშაობდა აფხაზეთის ასსრ–ის იუსტიციის სამინისტროში, კომკავშირის აფხაზეთის საოლქო კომიტეტში, კომკავშირის გუდაუთის რაიონის რაიონული კომიტეტის პირველ მდივნად, შინაგან საქმეთა სამინისტროს გუდაუთის რაიონის რაიონული განყოფილების უფროსად.
1981–დან 1983 წლამდე მუშაობდა თბილისში საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის აპარატში ადმინისტრაციული ორგანოების განყოფილების ინსტრუქტორად, სოფლის მეურნეობის განყოფილების სამეცნიერო და ეკონომიკური ანალიზის სექტორის გამგედ, ადმინისტრაციული ორგანოების მმართველის მოადგილედ.
1984–დან 1990 წლამდე ხელმძღვანელობდა საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიტიკურ აპარატს მინისტრის მოადგილის რანგში.
1991 წელს არჩეულ იქნა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატად. 1992–1993 წლებში, ვლადისლავ არძინბას მთავრობაში იყო აფხაზეთის შინაგან საქმეთა მინისტრი.
1994–2000 წლებში ცხოვრობდა მოსკოვში, ეწეოდა ბიზნესს. სოხუმში დაბრუნებულმა დააარსა პირველი ოპოზიციური მოძრაობა „აითაირა“. 2004 წელს აპირებდა ე. წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას, მაგრამ ვერ შეძლო კანდიდატურის წამოყენება, რადგან ვერ აკმაყოფილებდა პრეზიდენტობის კანდიდატობის პირობებებს (სეპარატისტული აფხაზეთის ე. წ. კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტობის კანდიდატი უნდა ცხოვრობდეს აფხაზეთში ბოლო 5 წლის განმავლობაში).
ანქვაბმა გადაწყვიტა, ე. წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მხარი დაეჭირა სერგეი ბაღაფშისთვის, რამაც ამ უკანასკნელს დამატებითი ხმები მოუტანა.
2009 წელს არჩეულ იქნა რიგით მე-3 ვიცე-პრეზიდენტად. მოვალეობის შესრულებას შეუდგა 2010 წლის 12 თებერვლიდან.
სერგეი ბაღაფშის გარდაცვალების შემდეგ (29 მაისი, 2011) კენჭი იყარა ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე. 26 აგვისტოს „არჩევნების“ პირველსავე ტურში მოიპოვა გამარჯვება ხმების 54,86%-ით (სულ 58657 ხმა).
ალექსანდრე ანქვაბზე განხორციელებული რამდენიმე თავდასხმიდან, დღემდე არცერთი არ არის გახსნილი.