ცენტრალური აზია და კავკასია: რამდენად ავნო WikiLeaks-მა შეერთებულ შტატებს?

ცენტრალური აზია და კავკასია: რამდენად ავნო WikiLeaks-მა შეერთებულ შტატებს?

ორ წელიწადზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც საიტმა WikiLeaks-მა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის უამრავი, ერთ დროს გასაიდუმლოებული დეპეშა გამოაქვეყნა. თუმცა სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, WikiLeaks-ის ეპიზოდს არც ისეთი ნეგატიური გავლენა მოუხდენია, როგორსაც თავიდან ელოდნენ.

სემინარზე, რომელიც ვაშინგტონში, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტთან არსებულ ელიოტის სახელობის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლაში გაიმართა, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწე ფილიპ კროულიმ დამსწრეთ დიპლომატიურ წერილებთან დაკავშირებულ სკანდალზე საკუთარი შეფასება გაუზიარა. ზოგადად და საერთო ჯამში, „ცა არ ჩამოქცეულა“, თქვა მან. „მაგრამ… მიაყენა თუ არა ამან ზიანი ეროვნულ უსაფრთხოებას ცალკეულ, კონკრეტულ შემთხვევებში ზოგიერთ ქვეყანაში? რა თქმა უნდა!“.

ორი ქვეყანა, სადაც WikiLeaks-ის მიერ გამოქვეყნებულმა დეპეშებმა ამერიკულ დიპლომატიას პრობლემები შეუქმნა, პაკისტანი და ავღანეთია. WikiLeaks-მა გააუარესა ამერიკული ურთიერთობები ავღანეთის პრეზიდენტ კარზაისთან, „როდესაც მან მიიღო ავტორიტეტული დოკუმენტები, რომლიდანაც შეიტყო, რომ [აშშ-ს ელჩი ქაბულში კარლ] აიკნბერი აშშ-ს მის შესახებ ცნობებს აწვდიდა“, აღნიშნა კროულიმ.

WikiLeaks-ის მიერ დიპლომატიური დეპეშების გამოქვეყნების მომენტისთვის, სახელმწიფო დეპარტამენტმა, კროულის თქმით, თავისი რეაქცია „პრობლემების სამ კალათად“ დააჯგუფა. პრობლემები პირველი კალათიდან შეგვიძლია შემდეგნაირად დავასათაუროთ: „რას შეიძლება ეს ნიშნავდეს აშშ-ს და სხვადასხვა უცხოური ქვეყნების მთავრობებს შორის ყოველდღიური თანამშრომლობის კონტექსტში?“

კროულის თქმით, რომელმაც თანამდებობა 2011 წლის მარტში დატოვა, საერთაშორისო რეაქცია არაერთგვაროვანი იყო. „ზოგიერთ შემთხვევაში არანაირ რეაქციას ადგილი არ ჰქონია, რადგან გამოქვეყნებული დოკუმენტების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა, კერძოდ ავტორიტარულ ქვეყნებში“. სხვა შემთხვევაში, ხშირად საქმე წინა ადმინისტრაციებს ეხებოდა, ასე რომ მოქმედ მთავრობებთან პრობლემა არ შექმნილა. მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში უცხოეთის ოფიციალუმა პირებმა გაგვაფრთხილეს, რომ „ღირებულ ინფორმაციას აღარ მოგვაწვდიან“.

მეორე პრობლემად სახელმწიფო დეპარტამენტისთვის იქცა „დეპეშებში მოხსენიებული ადამიანების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რეალური წუხილი“, აღნიშნა კროულიმ 18 აპრილის სემინარზე. დოკუმენტებში მოხსენიებული ზოგიერთი ადამიანი მოგვიანებით დააპატიმრეს, მოკლეს, მათზე ფიზიკურ ზემოქმედებას ახდენდნენ, თუმცა კროული აღიარებს, რომ ხშირად რთულია ამ მოვლენებს და სახელმწიფო დეპარტამენტის უკანონოდ გამოქვეყნებულ დეპეშებს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადგენა, რადგან ბევრი დაზარალებული მანამდეც წარმოადგენდა უცხოური მთავრობების მხრიდან თვალთვალის ობიექტს.

პრობლემების მესამე კალათა უკავშირდებოდა WikiLeaks-ის სკანდალით გამოწვეულ პოტენციურ გავლენას ამერიკის დიპლომატიური კორპუსის მომავალ მუშაობაზე მსოფლიოში და წინსვლას, რომელიც მიღწეულ იქნა ინფორმაციის გაცვლის საქმეში 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ. კროულის აზრით, „ზოგიერთ შემთხვევაში ისინი [ამერიკელი დიპლომატები] მართლაც შესანიშნავ დეპეშებს ადგენდნენ“. მისი ერთ-ერთი „ყველაზე საყვარელი“ დეპეშა დაღესტნურ ქორწილზეა.

კროულიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკის მთავრობას ჯერ კიდევ ძალუძს მისი საიდუმლო ინფორმაციის დაცვა და ამის დასტურად ის ფაქტი მოიყვანა, რომ გამოქვეყნებულ დეპეშებში არ აღმოჩნდა ისეთი ინფორმაცია, რომელიც ნეგატიურად აისახებოდა ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესზე. მან ხაზი გაუსვა ასევე კონფიდენციალობას, რომელიც თან ახლდა კომანდოსების პაკისტანურ ოპერაციას 2011 წელს უსამა ბენ ლადენის წინააღმდეგ.

კროულის აზრით, დღეს საელჩოს თანამშრომლები თავიანთ ინფორმაციას ელექტრონულ ფოსტას ან ტელეფონს უფრო ანდობენ, და არა დიპლომატიურ ფოსტას. „ასე რომ, ამ მხრივ, ინფორმაციის გადაცემა კვლავაც გრძელდება, შესაძლოა არა იმ მასშტაბით, როგორც ადრე, მაგრამ მაინც“, – განაცხადა მან.

შედეგად, ამერიკის მთავრობას, როგორც ჩანს, მოუხდა გარკვეული პოზიციების დათმობა, რომელსაც მან ინფორმაციის გაცვლის თვალსაზრისით, 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ მიაღწია. კროულიმ წუხილი გამოთქვა იმის თაობაზე, რომ აშშ „საბოლოო ჯამში აღმოჩნდება სიტუაციაში, როდესაც პოლიტიკის დამუშავების პროცესი განხორციელდება უფრო ნაკლები ისეთი ადამიანის მონაწილეობით, რომლებსაც აქვთ შესაძლებლობა დაინახონ მოვლენები სწორ პერსპექტივაში“, ხოლო „ინფორმაცია კვლავ სადღაც იყრის თავს, და არა იქ, სადაც საჭიროა“.

რიჩარდ ვაიცი ვაშინგტონში ჰადსონის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი
foreignpress.ge