გივი თარგამაძის -

გივი თარგამაძის - "ვასილიჩის" ქონებრივი დეკლარაცია

 

გივი ვასილის ძე თარგამაძე, შინაურებისა და "შავი სამყაროს" წარმომადგენლებისათვის "გივი ვასილიჩი", საქართველოში საკმაოდ იშვიათად იმყოფება. "ვასილიჩი" დიდ დროს უკრაინაში ატარებს.

გივი ვასილის ძე თარგამაძე, შინაურებისა და "შავი სამყაროს" წარმომადგენლებისათვის გივი "ვასილიჩი", იმის მიუხედავად, რომ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეა და საკანონმდებლო ორგანოში საკვანძო თანამდებობა აბარია, საქართველოში საკმაოდ იშვიათად იმყოფება. ის თითქმის არ დადის პარლამენტში, იშვიათად ხედავენ სახელისუფლო "ივენთებზე" და თითქმის მიუწვდომელია ჟურნალისტებისათვის. როგორც მასთან დაახლოებული პირები ამბობენ, "ვასილიჩი" დიდ დროს უკრაინაში ატარებს. 

როგორც "პირWელისთვის" კონფიდენციალურად გახდა ცნობილი და სააგენტოს წყარო მისი ერთ-ერთი ნათესავია, გივი "ვასილიჩი" ფაქტობრივად კიევში, საკუთარ ფეშენებელურ სახლში ცხოვრობს, რომელიც უკრაინის დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. "თავისუფლების ინსტიტუტის" ყოფილ წევრს და "ვარდების რევოლუციის" ერთ-ერთ შემოქმედს საკუთარი ბიზნესიც უკრაინაში აქვს აწყობილი და როგორც ამბობენ, საკმაოდ წარმატებულად. 

სხვათაშორის, უკრაინასთან კავშირში მაღალჩინოსანი "ვასილიჩის" ბიოგრაფიაში ბევრი ფაქტი დაგროვდა. მის სახელს უკავშირდება იარაღთან და შეიარაღებასთან დაკავშირებული სკანდალი, რომლის გამოც უკრაინის რადაში სპეციალური საგამოძიებო ჯგუფიც კი შეიქმნა, რომელიც კორუფციული გარიგებების სქემებს შიფრავდა და ეს სკანდალი იმდენად ხმაურიანი იყო, რომ აშშ-მდეც მიაღწია. გივი თარგამაძის სახელს უკავშირდება უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ქართველი სპეცრაზმელების, შს სამინისტროს წარმომადგენლებისა და "ზონდერების" უკრაინაში დამკვირვებლებად ჩაყვანაც. მის ანგარიშზეა ქართველ ე.წ. "კანონიერ ქურდებთან" თუ ავტორიტეტებთან ახლო ურთიერთობა და "შავი სამყროს" ავტორიტეტის, ვატო ყიფიანის უცნაური მოტივით საქართველოს ციხიდან გამოშვება. "ვასილიჩის" მეგობრები არიან "კრიმინალური ავტორიტეტები", ძმები შუშანაშვილები და ალბათ მათი "ავტორიტეტი" მეგობრებიც.... აღნიშნული მასალის მომზადების დროს, როდესაც თარგამაძის ბიზნეს-ინტერესების შესახებ ინფორმაციის მომზადებას ვცდილობდით, მისთვის არცთუ უცნობი და საკმაოდ ინფორმირებული პირები გვპასუხობდნენ: გივი "რევოლუციების ბიზნესით" არის დაკავებული! თუმცა, როგორც ჩანს, ამ მიმართულებით თარგამაძეს საქართველოს გარდა, არსად გაუმართლა! 

რაც შეეხება საქართველოში მის სახელთან დაკავშირებულ ბიზნესს - ეს მშენებლობის ბიზნესია. კომპანია "ბლექსი გრუპის" მფლობელი "ვასილიჩის" ძმაა, რომელიც "ვარდოსნების" ხელისუფლებაში მოსვლის პირველ ხანებში გზების მშენებლობით იყო დაკავებული, მოგვიანებით კი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობაც დაიწყეს. თბილისის ყველაზე პრესტიჟულ უბნებში მშენებლობის უფლება და შესაძლებლობა სწორედ ამ კომპანიას ჰქონდა და აქვს დღესაც.

როგორც "პირWელისთვის" გახდა ცნობილი, ყვარლის ტბის დასასვენებელი კომპლექსი სწორედ თარგამაძის ბიზნეს-მეგობრების მიერაა აშენებული. მათვე ანდო სახელმწიფომ დურუჯის ტბის ანალოგიური კომპლექსის მშენებლობა. 

ცოტა ხნის წინ კი გივი თარგამაძის კუთვნილმა კომპანია "ბლექ სი სატმა" ქართულ საკომუნიკაციო ბაზარზე დაიწყო ოპერირება. 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში შპს "ბლექ სი სატმა" მაუწყებლობის ტრანზიტთან დაკავშირებული ავტორიზაცია მიმდინარე წლის 24 მარტს გაიარა. კომპანია მაუწყებლობის ტრანზიტის განხორციელებას აპირებს. 

"ბლექ სი სატი" (იგივე "მედიაქეიშენი") 2011 წლის მარტში შეიქმნა. მისი დირექტორი და 5%-იანი წილის მფლობელი მამუკა ცქიტიშვილია. გიორგი აბუაშვილს ეკუთვნის 10%, თამარ გრძელიშვილს - 10%, ლევან გიორგაძეს - 5% და კომპანიის 70%-ის მფლობელი შპს სწორედ თარგამაძის "ბლექ სი გრუპია". 

რამდენად კარგად დამკვიდრდება "ვასილიჩის" ახალი კომპანია საკომუნიკაციო სივრცეში ორ ძირითად ფაქტორზეა დამოკიდებული: პირველი - რა შედეგით დასრულდება 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები და მეორე - რამდენად მყარი პოზიციები ექნება მას სახელისუფლო გუნდში. 

რაც შეეხება მის მიერ შევსებულ დეკლარაციას: 3 წლის განმავლობაში გივი თარგამაძემ ხელფასის სახით პრეზიდენტ სააკაშვილზე მეტი თანხა მიიღო. 


2008-2010 წლებში გივი თარგამაძემ ხელფასის სახით 171 982.81 ლარი გამოიმუშავა, ხოლო საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა - 169 715 ლარი.

როგორც "პირWელის" მიერ თარგამაძის 2009, 2010 და 2011 წლების ფინანსური დეკლარაციების შედარებისას აღმოჩნდა, დეპუტატმა 2008 წლის 1 იანვრიდან იმავე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე მუშაობისას ხელფასის სახით 50 860.35 ლარი აიღო, 2009 წლის ანალოგიურ პერიოდში - 55 989.97 ლარი, ხოლო 2010 წლის 1 იანვრიდან იმავე წლის 31 დეკემბრამდე კი - 65 132.49 ლარი გამოიმუშავა.

ამასთან, 2009-2011 წლების დეკლარაციის ერთ-ერთ გრაფაში - "თქვენი, თქვენი ოჯახის საკუთრებაში არსებული ნაღდი ფული, რომლის ოდენობა 4000 ლარს აღემატება", აღნიშნულია, რომ 2009 წელს თარგამაძის მეუღლეს ნინო მუშკუდიანს ნაღდი ფულის სახით 3000 დოლარი ჰქონდა, 2010 წელს - 3500 დოლარი, 2011 წელს კი - 2500 დოლარი.

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, დეკლარაციის შევსების მომენტში, არც 2009, არც 2010 და 2011 წლებში თარგამაძეს ნაღდი ფულის სახით 4000 ლარზე მეტი არ გააჩნდა, შესაბამისად, დეკლარაციებში ეს გრაფა ცარიელია. 

უფრო უცნაური კი შეიძლება, ის არის, რომ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს 2009-2011 წლების დეკლარაციის მიხედვით, არც გაუნაღდებელი თანხა გააჩნდა. კერძოდ, 2009 წელს გივი თარგამაძეს მიმდინარე ანგარიში "ბაზისბანკში" ჰქონდა გახსნილი, მაგრამ ანგარიშზე თანხა არ იდო. უკვე 2010 წელს თარგამაძეს ანაბრები "თი ბი სი ბანკსა" და "ბაზისბანკში" აქვს გახსნილი, მაგრამ არც დეკლარაციის შევსების მომენტში (2.05.2010) ჰქონდა ანგარიშზე თანხა. ზუსტად ანალოგიური მდგომარეობაა 2011 წლის ფინანსურ დეკლარაციაშიც. 

აღსანიშნავია, რომ როგორც 2010, ისე 2011 წელს "თიბისი ბანკში" ანაბარი თარგამაძის მეუღლე ნინო მუშკუდიანსაც ჰქონდა გახსნილი, მაგრამ დეკლარაციის შევსების მომენტში ანგარიშზე თანხა არც მას ჰქონდა.

რაც შეეხება თარგამაძეების მოძრავ ქონებას, დეკლარაციის თანახმად, 2009 წელს ნინო მუშკუდიანმა მსუბუქი ავტომანქანა "ტოიოტა რავ4" 27 000 დოლარად გაყიდა და 55 000 დოლარად "ნისან ინფინიტი" შეიძინა, მაგრამ 2011 წელს ის 40 000 დოლარად გაყიდა, 20 000 დოლარი დაამატა და 60 000 დოლარად ავტომანქანა "BMW 5 გრანდ ტურიზმო" შეიძინა.

როგორც დეკლარაციებიდან ირკვევა, თავად გივი თარგამაძეს სამი წელია, საკუთარი ავტომანქანა არ ჰყავს.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2009 წლის დეკლარაციის მიხედვით გივი თარგამაძეს და მისი ოჯახის წევრებს უძრავი ქონება არ გააჩნდათ. 2010-2011 წლების დეკლარაციების მიხედვით კი, თარგამაძეებს მხოლოდ ერთი ბინა აქვთ თბილისში, მოსაშვილის #12-ში, 160 კვ.მ ფართობის. სხვა უძრავი ქონების ფლობა დეკლარაციაში აღნიშნული არ აქვთ. 

"გონივრული ეჭვის" მიხედვით კი, "პირWელისთვის" ცნობილი გახდა, რომ თარგამაძეების საკუთრებაშია საცხოვრებელი ბინა ჭავჭავაძის #5-ში; ასევე კიდევ ერთი ახლადაშენებული საცხოვრებელი ბინა მთაწმინდაზე და ფეშენებელური სახლი კუს ტბაზე. "პირWელი" შეეცადა კუს ტბაზე განთავსებული სახლის შესახებ ფოტომასალის მომზადებას, მაგრამ დაცვამ, რომელიც აღნიშნულ ტერიტორიას იცავს, ამის შესაძლებლობა არ მოგვცა.  

თარგამაძეების "მოკრძალებული" დეკლარაციის თანახმად, მისი ოჯახის არცერთი წევრი არც საქართველოში და არც სხვა ქვეყანაში, როგორც 2009, ისე 2010 და 2011 წელს სამეწარმეო საქმიანობას არ აწარმოებდა.

ამასთან, თარაგამაძის ოჯახს არც ფასიანი ქაღალდები გააჩნია და 2009-2011 წლებში მას და მისი ოჯახის არც ერთ წევრს 500 ლარზე მეტი ღირებულების საჩუქარი არ მიუღია.

ცნობისთვის, თარგამაძის ოჯახი მეუღლის - ნინო მუშკუდიანის და შვილების ნატალია და ეკატერინე თარგამაძეებისგან შედგება.