ბატონო ირაკლი, გმადლობთ, რომ ხართ საინფორმაციო სააგენტო ,,ივერონის" რუბრიკა ,,ინტერვიუს" სტუმარი. ჩვენი საუბარი ყველაზე აქტუალური კითხვით მინდა, დავიწყო. რამდენიმე დღეში თქვენ სამეგრელოში, კერძოდ ზუგდიდში გადადიხართ და თქვენივე ინფორმაციით, ოქტომბრამდე, ანუ საპარლამენტო არჩვენებამდე კამპანიას სწორედ ამ რეგიონში წარმართავთ. რამ განაპირობა თქვენი ეს გადაწყვეტილება?
-პირველ რიგში, ეს ჩემი მშობლიური კუთხეა. გული მტკივა, როდესაც ვხედავ, რომ სამეგრელო ერთპიროვნული, კლანური მმართველობის ქვეშ მოექცა. პირდაპირ გეტყვით, ეკონომიკური, პოლიტიკური და მედიასივრცეAახალაიების კლანს აქვს ჩაგდებული ხელში და განვითარების საშუალებას არ აძლევს. სამეგრელო ჩიხად იქცა მაშინ, როდესაც ამ რეგიონს დიდი შესაძლებლობა აქვს, უკეთესი მომავლისა და ქართველებსა და აფხაზებს შორის ურთიერთობის აღდგენის ხიდი გახდეს. უპირველესად, მნიშვნელოვანია, სამეგრელო ეკონომიკურად და ინსტიტუციურად მყარად დადგეს ფეხზე. ჩემი და კოალიციის მთავარი ამოცანაა, თითეული ჩვენი თანამოქალაქის ოჯახში შევიდეთ და იმ ალტერნატივაზე დაველაპარკოთ, რომელსაც მათ ვთავაზობთ. ეს არის ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამები. რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ უნდა გავათავისუფლოთ სამეგრელო კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თარეშისგან. ჩვენი პირადი მაგალითით გვინდა, ხალხში შიში გავტეხოთ. უამრავი ადამიანი ელოდება ჩემს გადასვლას სამეგრელოში. დავიწყებ აქტიურ კამპანიას. ყველა სოფელს მოვივლი. გვექნება საშუალება, სამეგრელოს შევთავაზოთ სიახლე. 8 წელია, ამ რეგიონს სიახლე არ უნახავს. იქ არ არსებობს ალტერნატიული აზრი, ხალხი კი ამ აზრის მოსმენასაა მოწყურებული. სამეგრელოში დევნილთა დიდი საზოგადოებაა. აფხაზეთთან ჩვენი ურთიერთობის მომავალი კი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად სწრაფად დადგება სამეგრელო ფეხზე. აფხაზებს ჩვენი საერთო მომავლის პერსპექტივა უნდა დავანახოთ. აქედან გამომდინარე, ჩემთვის ეს თემა ძალიან ახლობელია. ერთი სიტყვით, ძალიან ბევრი მიზეზი არსებობს იმისა, რომ ამ რეგიონში გადასვლა გადავწყვიტე.
- სამეგრელო ყოველთვის იყო ხელისუფლების დასაყრდენი რეგიონი. თქვენ საუბრობთ "ახალაიების კლანზე", ეჭვი გაქვთ, რომ ხელისუფლება უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებს სწორედ ზუგდიდში აყალიბებს; ამ რეგიონში აქამდე კოალიციის ოფისის გახსნაც კი ვერ მოახერხეთ... რა გაძლევთ იმის გარანტიას, რომ ხელისუფლება რეგიონში სრულფასოვანი კამპანიის წარმოების შანსს მოგცემთ?
- პირიქით, გარანტია არის იმის, რომ ხელს მაქსიმალურად შეგვიშლიან, მაგრამ მათი მხრიდან ხელის შეშლა ჩვენთვის ბარიერი აღარ იქნება. მე იქ ვიქნები, ჩვენი წარმომადგენლებიც ხშირად ჩამოვლენ. ჩვენ გავტეხთ ერთპარტიულ და კლანურ დომინირებას მთელს სამეგრელოში - მხოლოდ ზუგდიდზე არ ვლაპარაკობ. თანადგომას გამოვუცხადებთ ყველას, ვინც ამ რეჟიმის რეპრესიების მსხვერპლი გახდა - გვერდით დავუდგებით არა მხოლოდ მორალურად, არამედ მატერიალურად, ყველა უკანანო განაჩენს გადავხედავთ.
-როგორც ვიცი, თქვენ 4 მაისს უკვე ზუგდიდში იქნებით. 26 ან 27 მაისს კი კოალიცია ,,ქართული ოცნება" საარჩევნო კამპანიას თბილისში დაგეგმილი აქციით გახსნის. ჩამოხვალთ დედაქალაქში, თუ ანალოგიური აქცია რეგიონშიც ჩატარდება?
-აქცია სამეგრელოშიც გაიმართება. თუმცა მე დედაქალაქშიც მომიწევს ჩამოსვლა. ჩემი სამეგრელოში გადასვლა არ ნიშნავს, რომ ზუგდიდიდან არ გავალ. რაც შეეხება 26 მაისის აქციას, ეს თარიღი იმიტომ ავირჩიეთ, რომ 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. ამ დღეს ყველა მოქალაქეს, პოლიტიკური შეხედულებების განსხვავებულობის მიუხედავად, სოლიდარობა გვაკავშირებს. აქედან გამომდინარე, აქციისთვის სწორი თარიღი შევარჩიეთ. ჩვენ თითოეულ ადამიანს დავარწმუნებთ, რომ უკეთესი მომავალი მათ ხელშია. ჩვენ არ მივცემთ სააკაშვილს არჩევნების მოპარვის შანსს. ამაში ჩვენ ქართველი და უცხოელი დამკვირვებლების არმია დაგვეხმარება. მე მაქვს უცხოელი მეგობრების გარანტია, რომ ევროკავშირისა და ევროპარლამენტის წარმომადგენლები მიხეილ სააკაშვილს არჩევნებს არ ,,გაუპრავებენ".
-უკვე ცნობილია, რომ კოალიციიდან ზვიად ძიძიგური ქვემო ქართლში იყრის კენჭს, ირაკლი სესიაშვილი - კახეთში, თქვენ გადადიხართ ზუგდიდში... ხომ არ უნდა ვივარაუდოთ, რომ თქვენ სამეგრელოს მაჟორიტარი დეპუტატობისთვის იბრძოლებთ?
-მაჟორიტარობაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. ბუნებრივია, ბევრ ვერსიას განვიხილავთ. კარგია, რომ უკვე ასარჩევად გვაქვს საქმე, მაგრამ კენჭისყრის საკითხები კანონის შესაბამისობაში გადაწყდება - დაახლოებით ორი თვით ადრე საპარლამენტო არჩვენებამდე.
- ბატონო ირაკლი, გამარჯვებისთვის კიდევ ერთი პოლიტიკური ძალა -,,განახლებული საქართველოსთვის" იბრძვის. პარტიის საერთაშორისო მრჩევლის, რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენის მინდია გულუას განცხადებით, პარტიის მთავარი დასაყრდენი სამეგრელო და აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობა იქნება. აქედან გამომდინარე, ხომ არ მოიაზრებთ რეგიონში ამ პარტიას თქვენს კონკურენტად?
-სიმართლე გითხრათ, ბევრი რამ არ მსენია ამ პარტიაზე. მინდია გულუაც არ მინახავს სამეგრელოში ჩასული. ასე რომ, საერთოდ არ მაქვს წარმოდგენა მათ პოლიტიკურ კურსზე.
-ექპერტთა პროგნოზების მიხედვით, წინასაარჩევნო სცენარი წინასწარ არის დაწერილი და შედეგიც დაზუსეტებულია. არის მოსაზრება, რომ თქვენი კოალიცია დაახლოებით 30%-ს მიიღებს და დემოკრატიული არჩევენების ფასადს შეუქმნის ხელისუფლებას. ბატონო ირაკლი, პირდაპრ გკითხავთ, გაწყობთ არჩვენებში მეორე ადგილი?
-მე არაერთხელ განმიცხადებია, რომ ჩვენი მიზანი "ნაციონალური მოძრაობის" საპარლამენტო უმცირესობაში გადაყვანაა. ეს არის მიღწევადი ამოცანა. მე არ მსურს "ნაციონალური მოძრაობის" ქართული პოლიტიკიდან სრულიად წაშლა. ქართულ პოლიტიკაში მტრობა და გაუტანლობა, პერსონალიებზე აგებული პოლიტიკა უნდა დასრულდეს. ჩვენ ინსტიტუტების აგებაზე უნდა ვიფიქროთ და ამიტომაც პარლამენტი აღარასდროს უნდა გახდეს ერთი პარტიის სახლი. ბალანსი უნდა დამყარდეს. ჩვენ რომ უმრავლეობაში ვიქნებით, ამაში დარწმუნებული ვარ, მაგრამ პარლამენტში სხვა პარტიებიც იქნება და მათ შორის – "ნაციონალური მოძრაობაც". ჩვენ მათ ვასწავლით, როგორ ღირსეულად უნდა მოექცე ოპონენტს. პარლამენტში შეიქმნება ახალი, თანამშრომლომლობის სივრცე.
-ბატონო ირაკლი, გაერო-დან დაბრუნების შემდეგ, როდესაც თქვენ ოპოზიციაში გადახვედით, საზოგადოების დიდ ნაწილს სწამდა, რომ ირაკლი ალასანია მიხეილ სააკაშვილს ჩაანაცვლებდა. თუმცა თქვენ და თქვენი პარტია ,,თავისუფალი დემოკრატები" ხელისუფლების საპირწონე ძალა ვერ გახდით. რა იყო ამის მიზეზი და რამ განაპირობა თქვენი ბიძინა ივანიშვილთან მისვლა?
-ჩვენ ხელისუფლების ალტერნატიულ ძალად ჩამოყალიბება 2009 წელს დავიწყეთ. თუმცა მაშინ არ არსებობდა მექანიზმი. არ არსებობდა პოლიტიკური არჩევნები. ალტერნატივა ვერ გავხდებოდით. თუმცა ჩვენ - ,,თავისუფალმა დემოკრატებმა" და იმდროინდელმა ალიანსმა მოვახერხეთ და ხალხში რწმენა ჩავდეთ. რწმენა ხელისუფლებას არჩევნების და არა ქუჩის აქციების გზით შეცვლის. როდესაც პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა, პოლიტიკური მეგობრობის ხელი თავად გამოგვიწოდა. მისი სახით ჩვენ ძლიერი, მნიშვნელოვანი და ძალიან დიდი გამოცდილების მქონე პარტნიორი შევიძინეთ. დღეს ის არის ჩვენი კოალიციის ლიდერი. სწორედ მას შესწევს უნარი, მთელი კოალიცია გამარჯვებისკენ წაიყვანოს.
-მოარული ხმების თანახმად, კოალიცია ,,ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში თქვენ საქართველოს პრეზიდენტი გახდებით...
-ერთადერთი, რაზეც ახლა ვფიქრობთ, "ნაციონალური მოძრაობის" დამარცხებაა, რაც უმრავლესობაში მოსვლას გულისხმობს. არ დაგიმალავთ, რომ გვაქვს ამბიცია, კოალიციას საპრეზიდენტო არჩევნებში თავისი კანდიდატი ჰყავდეს, რომელიც გამარჯვებისთვის იბრძოლებს. იმაზე საუბარი, თუ ვინ იქნება ეს კანდიდატი, დღეს, ბუნებრივია, ნაადევრია, თუმცა, ეს ამბიცია გვაქვს და განვახორციელებთ კიდეც.
-თქვენ ხელისუფლება ,,ბანდფორმირებების მობილიზებაში" ამხილეთ. ამ განცხადების შემდეგ შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა თქვენ ჟენევის მოლაპარაკებების ჩაშლის საფრთხის შექმნაში დაგადანაშაულათ, როგორია თქვენი პასუხი?
-ეს არის უნიათო და უსუსური საჯარო მოხელეების მიერ გაფუჭებულ საქმეზე პასუხისმგებლობის სხვისთვის გადაბრალების მცდელობა. ეს აბსურდია. მე ერთს ვიტყვი, ჟენევის მოლაპარაკებები უნდა შევინარჩუნოთ. ქვეყანას სჭირდება ადგილი, სადაც კრიზისის შემთხვევაში მეორე მხარესთან გასაუბრება და დაკონტაქტება იქნება შესძლებელი. ასევე მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ ევროკავშირის დამკვირვებლები, იმიტომ, რომ ადმინისტრაციულ საზღვარზე ეს ერთადერთი საერთაშორისო "თვალია". არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ჩვენ დავიწყებთ მტკივნეულ, გრძელვადიან, მაგრამ აუცილებლად წარმატების პოტენციალის მატარებელ მოლაპარაკებებს აფხაზეთთან. ჩვენ აღვადგენთ ურთიერთობებს და რუსეთი გაიყვანს ჯარებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან.
-ბატონო ირაკლი, 2008 წელს, ყველაზე მტკივნეულ დღეებში თქვენ იყავით საქართველოს ელჩი გაერო-ში და ცდილობდით, ომის მთელი სიმძიმე რუსეთისთვის დაგეკისრებინათ. დღეის გადასახედიდან, როდესაც უკვე ოპოზიციაში ხართ, იყო თუ არა ქართული მხარე დამნაშავე ამ ომთან დაკავშირებით?
-მე მაშინ საქართველოს ხელისუფლების ინტერესებს არ ვიცავდი, მე ვიცავდი საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესებს. დღეს, ისევე, როგორც მაშინ, ფაქტია, რომ რუსეთმა სუვერენული ქვეყნის წინააღმდეგ ომი აწარმოა და ჩემი ქვეყნის მნიშვნელოვანი ნაწილის ოკუპაცია მოახდინა. ამაში არაფერი შეცვლილა და არასდროს შეიცვლება. სხვაა, შეიძლებოდა თუ არა, ეს ომი თავიდან აგვეცილებინა. ამ საკითხში მე ყოველთვის მქონდა ჩემი მოსაზრება და ყოველთვის ვეუბნებოდი მიხეილ სააკაშვილს, რომ მეტი ნდობა გამოეჩინა მოლაპარაკების პროცესისადმი. 2005 წელს მე ველაპარაკებოდი აფხაზებს იმაზე, რომ ხელი მოგვეწერა ერთობლივ დეკლარაციაზე. ეს დეკლარაცია სივრცეს გაუხსნიდა ჩვენს ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობებს. ნაკლები შანსი იქნებოდა ჩვენი ავანტურაში ჩართვის, მაგრამ სააკაშვილმა აირჩია სხვა - სამხედრო რიტორიკის გზა. 5,5 მილიარდი დაიხარჯა ჩვენ შეიარაღებაზე. აქედან ნახევარი "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა მოიპარეს. როგორი თავდაცვისუნარიანობა გვქონდა ომის დროს?! სად წავიდა 5,5 მილიარდი - კაცს არ მოუკითხავს! აქედან გამომდინარე, მე მიხეილ სააკაშვილთან, როგორც ლიდერთან მაქვს პრეტენზია, რომელმაც აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან ახლებური ურთიერთობების დალაგების ისტორიული შესაძლებლობა გაუშვა ხელიდან. ჩვენ ამ შესაძლებლობას დავიბრუნებთ.
- ბატონო ირაკლი, საუბრის ბოლოს არ შემიძლია, არ გკითხოთ ნინო ბურჯანაძეზე. რა გახდა იმის რეალური მიზეზი, რომ ბურჯანაძეს კოალიციისკენ მომავალი ყველა გზა ჩაუკეტეს? თავიდან იყო საუბარი, რომ ის აქციების მომხრე იყო. თუმცა აქციებს ახლა ,,ქართული ოცნებაც" აანონსებს. კოალიციაში "მრეწველების" მიღებით თქვენი და ბურჯანაძის საგარეო პრიორტეტების სხვაობაზეც ვეღარ ვისაუბრებთ. იქნებ, მისმა მკვეთრად გამოხატულმა ამბიციამ განაპირობა მისი "დაბლოკვა"?
-პირველ რიგში, როდესაც გოგი თოფაძემ კოალიციის დეკლარაციას ხელი მოაწერა, იქვე აღნიშნა, რომ ის იცვლის აზრს და იზიარებს მოსაზრებას, რომ საქართველო ევროატლანტიკურ სივრცეში უნდა გაწევრიანდეს. რაც შეეხება ნინო ბურჯანაძეს, ჩემი აზრი, მასთან დაკავშირებით იგივეა, რაც ადრე იყო. მას, ისევე, როგორც სხვა პოლიტიკოსებს, უფლება და შანსი აქვს, თავის ქვეყანას ემსახუროს. არავის აქვს ექსკლუზივი საქართველოზე და ქართულ პოლიტიკაზე. კოალიციაში მოფიქრებული გვაქვს სხვა პარტიებთან თანამშრომლობის ფორმა, - საერთო მაჟორიტარი კანიდიდატები რეგიონებში. ამ ფორმატით თანამშრომლობას ნინო ბურჯანაძესაც ვთავაზობთ. გულწრფელად გეტყვით, რომ არ მრჩება დრო, სხვა ოპოზიციური პარტიის წევრებზე ვიფიქრო, მთლიანად გადართული ვარ კამპანიაზე. მე ის ადამიანი არ ვარ, რომ ვინმეს ვინმესთან ურთიერთობა ავუკრძალო. ჩვენ ღია ვართ. ქალბატონ ბურჯანაძეს პოლიტიკაში რაც უნდა, ის უნდა აკეთოს, ეს მისი საქმეა. ჩვენ არ ვართ ერთი კოალიციის წევრები, მაგრამ მას პოლიტიკურ არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს.