"დიტერ ბოდენს, რომელიც საქართველოს დიდი მეგობარია, ხანგრძლივი შეხვედრა ჰქონდა ოპოზიციის ლიდერ ბიძინა ივანიშვილთან, მერწმუნეთ, ეს უფრო შედეგიანია საქართველოსათვის, ვიდრე სააკაშვილთან მასლაათი, რომლის დროსაც რაღაც გაურკვეველ მაკეტებს აჩვენებს გაოგნებულ სტუმრებს"
ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე თვალსაზრისს გამოხატავს კონსერვატიული პარტიის საერთაშორისო მდივანი ბიძინა გიორგობიანი, რომელსაც გერმანიაში დავუკავშირდით. - ბატონო ბიძინა, გერმანულენოვანი პრესა აქტიურად აშუქებს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს, წინასაარჩევნო სიტუაციას? - საბერძნეთში შექმნილი კრიზისის გამო გერმანულ მედიაში საქართველოს საკითხი აქტუალური არ იყო. არჩევნების მოახლოებასთან ერთად ინტერესიც გაიზრდება და მედიაც უფრო გააქტიურდება, მეც ხელს შევუწყობ. - საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ მაისში დაგეგმილი ნატოს სამიტს, ამ ბლოკში საქართველოს ინტეგრაციის თვალსაზრისით. გავრცელებული ინფორმაციით, ამის გამო გახშირდა ქართველ დიპლომატთა ვიზიტები გერმანიაში, რომელიც საქართველოს ნატოში ინტეგრაციის ერთ-ერთ შემაფერხებელ ქვეყნად განიხილება... - გერმანია არ არის და არც შეიძლება იყოს საქართველოსათვის შემაფერხებელი რამე საკითხში. ყველაზე მეტი ფინანსური დახმარება დამოუკიდებლობის შემდეგ საქართველოს სწორედ გერმანიისაგან აქვს მიღებული. გერმანია მხარს უჭერს და მომავალშიც დაუჭერს საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირთან, საქართველოში სამართლებრივი სახელმწიფოს ფორმირების პროცესსა და ევროპული ღირებულებების დანერგვას. ევროსტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის შემაფერხებელი ფაქტორი მხოლოდ ამჟამინდელი ნაცისტური რეჟიმი და პირადად მიხეილ სააკაშვილია, რომლის პოლიტიკური სახე საქართველოსათვის დიდ საფრთხეს შეიცავს. - პრეზიდენტმა სააკაშვილმა უარი განაცხადა მიეღო გერმანიის პარლამენტის, ბუნდესტაგის დეპუტატი ვიოლა ფონ კრამონი და დიპლომატი დიტერ ბოდენი. როგორი იყო ამ ფაქტზე გერმანელთა რეაქცია? - სააკაშვილს სერიოზულად დიდი ხანია აღარავინ აღიქვამს. მის დემარშს გერმანიასა და ევროკავშირის სტრუქტურებში სკანდალი არ გამოუწვევია. ვიმედოვნებ, არც ქალბატონი ფონ კრამონი და არც განსაკუთრებით პროფესორი ბოდენი არ აძლევენ დიდ მნიშვნელობას სააკაშვილის უზრდელობას. სამაგიეროდ, პროფესორ დიტერ ბოდენს, რომელიც საქართველოს დიდი მეგობარია, ხანგრძლივი და საინტერესო შეხვედრა ჰქონდა ოპოზიციის ლიდერ ბიძინა ივანიშვილთან. მერწმუნეთ, ეს უფრო შედეგიანია საქართველოსათვის, ვიდრე სააკაშვილთან მასლაათი, როდესაც რაღაც გაურკვეველ მაკეტებს აჩვენებს გაოგნებულ სტუმრებს. სააკაშვილს კარგად გამოსდის საუბარი თავისნაირებთან, მაგალითად, იმავე დონალდ ტრამპთან. - როგორ აფასებთ საქართველოში შექმნილ წინასაარჩევნო გარემოს, იმ კომპრომატების ომს, რომელიც დღითი დღე აქტიურდება? - წინასაარჩევნო გარემო, შემოდგომის მოახლოებასთან ერთად, ალბათ, კიდევ უფრო მეტად დაიძაბება. ოპოზიცია ყოველდღიურად ძლიერდება და ეს შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. იმ შემთხვევაში, თუ გრძელვადიანი დამკვირვებლების საშუალებით მოხერხდა პოლიციის ჩამოშორება საარჩევნო პროცესიდან და წარმატებით დასრულდა დამოუკიდებელი ტელეეთერის შექმნა, ვფიქრობ, ნაცპარტიას აღარ ექნება გარემოზე პირდაპირი და მავნებლური ზემოქმედების საშუალება. - როგორია თქვენი პოლიტიკური გეგმები? - ჩემი გეგმები მჭიდროდაა დაკავშირებული "ქართული ოცნების" გეგმებთან. ჩვენ, კონსერვატორები, ყოველთვის იმ პოლიტიკურ ძალასთან ერთად გამოვდივართ, რომლისთვისაც უმთავრესია საქართველო და ქართული ეროვნული ღირებულებების დაცვა. ჩვენ პოლიტიკური კოალიციის წევრები ვართ და აქტიურად ვმუშაობთ ჩვენს კოლეგებთან ერთად საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც. |