დღეს საქართველოში დამლაგებელსაც რომ ინგლისური ენის ცოდნას თხოვენ, ცნობილია. ისიც კარგად ვიცით, რომ უცხო ენის ცოდნამ ბევრს შეუქმნა საკუთარი ყოვლისმცოდნეობის ილუზია. არა აქვს მნიშვნელობა, რომ, მაგალითად, დედალ–მამალ ძროხას ვერ არჩევ – მთავარია ინგლისური იცოდე და შეიძლება შაჰის ცოლობასაც გამოჰკრა ხელი. ჩემს ბოლო პუბლიკაციას „ზარალას ზარალი და ივანიშვილის მომენტი“ ერთი ასეთი „ენის მცოდნეც“ გამოეხმაურა და ჩემს ციტატაზე –„ტრამპი თბილისშიც და ბათუმშიც თაუერებს აშენებს, თაუერი კი ციხეს ნიშნავს. ვის და რაში დასჭირდა ციხეების კიდევ ერთი აღმაშენებელი საქართველოში, უცნობია“, დააკომენტა: „დევდარიანმა ინგლისური არ იცის. მას Tower-ი ციხე ჰგონია, რაც სიცრუეა. Tower-ი ითარგმნება როგორც კოშკი. ციხე ინგლისურად არის Prison, ხოლო ციხე-სიმაგრე - Castle. თუ ინგლისური არ იცი, რას მარიაჟობ ნეტავი“? იქვე ვიღაცამ მორიდებით ურჩია, ჩვენი ენა და კულტურა ვისწავლოთ, უკეთესიაო და პასუხად მიიღო: „ადამიანი, როდესაც სახის სერიოზული გამომეტყველებით აკეთებს იმას, რაზეც წარმოდგენა არა აქვს და ცდილობს კომპეტენტურად წარმოაჩინოს თავი და ვითომ სხვასაც ჭკუა დაარიგოს, მართლაც დაცინვისა და სარკაზმის ღირსია“. ამის დამწერს ზუსტად ცოდნია, სახის როგორი გამომეტყველებით ვწერდი სტატიას, თუმცა ნუ დავწვრილმანდებით და იმის გარკვევა ვცადოთ, თავად ამ კომენტატორმა რამდენად იცის ინგლისურიც და სხვა რამე–რუმეებიც. სიტყვა ტაუერს არა ერთი (Castle), არამედ მრავალი სინონიმი აქვს, მათ შორის: citadel, fortress, fort, obelisk, turret, column, fortification და ბევრი რომ არ გავაგრძელო, თვით მინარეთიც კი. თუმცა საყველპურო ინგლისურნასწავლებისთვის თითო სიტყვის დამახსოვრებაც დიდი საქმეა. სხვათა შორის, Tower-ის სინონიმების გრძელ ჩამონათვალშია აგრეთვე Prison, რომელიც სწორედ საპყრობილეს ნიშნავს. ახლა იმაზე, არის თუ არა ლონდონის ტაუერი ციხე. დღეს – აღარ, მაგრამ ბოლოს იგი ამ ფუნქციით მეორე მსოფლიო ომის დროს გამოიყენებოდა. სწორედ ტაუერის ტუსაღი იყო ნაცისტი რუდოლფ ჰესი. ტაუერს, როგორც ციხეს, გრძელი ისტორია აქვს. პირველი პატიმარი ტაუერში 1100 წელს ჩასვეს. ამის შემდეგ 800 წელზე მეტ ხანს იგი არაერთი დიდგვაროვანი პატიმრის სიკვდილით დასჯის ადგილიც იყო. ტაუერში მოკლეს ჰენრიხ მეექვსე (18–წლიანი პატიმრობის შემდეგ), 12 წლის ედუარდ მეხუთე და მისი 8 წლის ძმა, რიჩარდი. ამერიკის კონტინენტზე ინგლისური კოლონიის დამაარსებელი უილიამ პენი რელიგიური მრწამსის გამო ჩასვეს ტაუერში. ორლეანის ჰერცოგმა კარლოსმა ტაუერის ციხეში 25 წელი გაატარა. ზღვაოსანი და პოეტი უოლტერ რეილი 13 წლის განმავლობაში იყო ტაუერის ტუსაღი. ჰენრიხ მერვემ თავისი ცოლები – ანა ბოლეინი და კეტრინ ჰოვარდი ჯერ ტაუერში ჩასვა, მერე კი იქვე მოჰკვეთა თავები (ხურდაში ცოლისძმა და კიდევ ოთხი კაციც მიაყოლა). მისმა შვილმა – ედუარდ მეექვსემ დაპატიმრებებისა და სიკვდილით დასჯის სერიალი განაგრძო. მართალია, ედუარდი პროტესტანტი იყო, ხოლო მის შემდეგ ტახტზე ასული მისი და – მერი კათოლიკე, მაგრამ ტაუერი ისევ პატიმრობისა და სისხლიანი ანგარიშსწორების ადგილად დარჩა. ერთხანს თვით ელისაბედ პირველიც ტაუერის ტუსაღი იყო. სიკვდილით დასჯის შემდეგ მოჭრილ თავს შუბზე აგებდნენ, ხოლო უთავო ცხედრებს სამლოცველოს სარდაფებში მარხავდნენ. ამბობენ, რომ იქ 1500 ადამიანია დამარხული. 1282 წელს ტაუერში ერთად 600 ებრაელი ჩააგდეს, ხოლო 1307 წელს იქ ტამპლიერების ორდენის ხელმძღვანელები ისხდნენ. უკანასკნელად თავის მოკვეთით სიკვდილით დასჯა 1747 წელს გამართულა, მაგრამ ამით ტაუერის, როგორც საპატიმროს (რაკი სიტყვა „ციხეს“ სხვა დატვირთვაც აქვს, ასე ვთქვათ) ისტორია არ დასრულებულა. პირველი მსოფლიო ომის დროს ტაუერში 11 გერმანელი ჯაშუში დახვრიტეს. მეორე მსოფლიო ომის დროს იქ უამრავი სამხედრო ტყვე იჯდა, ხოლო მის კედლებში სიკვდილით უკანასკნელად 1941 წელს ვინმე იოზეფ იაკობსი დაუსჯიათ. თუმცა ეს ყველაფერი უკვე „არასაჭირო ცოდნაა“. მართალია, ეს საბჭოთა გამოცდილება არ არის, მაგრამ მაინც აღარავის სჭირდება. მთავარია, Tower-ს, Castle–ს და Prison–ს არჩევდე ერთმანეთისგან. ჩემს ინგლისურის „მასწავლებელს“ შექსპირი ორიგინალში კი არა, ქართულად მაინც რომ წაეკითხა (ბოლო–ბოლო, თეატრში ან ეკრანზე ენახა), ასე არ შეიცხადებდა იმას, რომ ლონდონის ტაუერი ციხეა. თუმცა, „გონივრული ეჭვი“ მღრღნის, რომ მას, უკეთეს შემთხვევაში, რუსთაველის თეატრში მხოლოდ „თაჩ მი“ აქვს, ნანახი. „თაჩ მის“ მოყვარული თიჩბორნის მოყვარულს ვერ გაუგებს. სხვათა შორის, ეს კარგი ინგლისელი პოეტიც ტაუერში იჯდა და 23 წლის ასაკში იქვე დასაჯეს სიკვდილით ელისაბედ პირველის წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობის გამო. ინგლისურის მცოდნე კომენტატორს მისი „ელეგიის“ ერთ ფრაგმენტს შევთავაზებ (თუ ეყოფა ინგლისურის მარაგი): I sought my death and found it in my womb, I looked for life and saw is was a shade, I trod the earth and knew it was my tomb, And now I die, and now I was but made; My glass is full, and now my glass is run, And now I live, and now my life is done. ინგლისურ ენას „ვარდების რევოლუციამდეც“ სწავლობდნენ საქართველოში, ოღონდ მაშინ ინგლისურის მცოდნედ ის ითვლებოდა, ვისაც ორიგინალში შექსპირის და ჯოისის (არ დამიკომენტოთ ახლა, რომ ჯოისი ირლანდიელი იყო – ვიცით! ბერნარდ შოუც ირლანდიელი იყო და ოსკარ უაილდიც, მაგრამ ინგლისურად წერდნენ!) წაკითხვა შეეძლო. ჩვენი ნორჩი მოხელეები რომ ინგლისურად მეტყველებენ, იმდენი მეც ვიცი, მაგრამ არ მიმაჩნია, რომ ინგლისურის დიდი მცოდნე ვარ. ისე კი, „ზარალას ზარალში და ივანიშვილის მომენტში“ მეტი თუ ვერაფერი ამოიკითხა ჩვენმა მოინგლისურე კომენტატორმა, დასანანია. ჩემი პროფესიული საქმიანობის განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატების ორ ელჩთან მქონდა შეხება. ერთიც და მეორეც მიიჩნევდნენ, რომ ინგლისური ვიცი, მაგრამ პრინციპული მოსაზრებით არ ვლაპარაკობ. არავითარი პრინციპი: ინგლისურ ენას პატივს ვცემ (ქართულის შემდეგ, ცხადია) და არ მინდა, მისი თუნდაც უნებლიე დამახინჯებით შეურაცხყოფა მივაყენო ვინმეს. ახლა წარმოიდგინეთ, ამერიკელების ინგლისურის მიმართ მაქვს ასეთი დამოკიდებულება და ბრიტანელებზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია! პირადად ჩემი აზრით, ბრიტანული ინგლისური პირველი ხარისხისაა, ამერიკული – მეორე ხარისხის, ხოლო ჩვენი მოინგლისურეების ჭიკჭიკი სულაც მესამეხარისხოვანია. რა ღირს მესამე ხარისხის საქონელი, ამას დიდი ანგარიში არ სჭირდება. |