ინფორმაციით, რომელიც მმართველი პარტიის კულუარებიდან Presage.tv-სთვის გახდა ცნობილი, ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისთვის „ნაციონალური მოძრაობა“ საარჩევნო სიის პირველ ნომრად რამდენიმე კანდიდატის, მათ შორის თბილისის მერ გიგი უგულავას და ყოფილ პირველ ნომერს, პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესაც განიხილავს. თუმცა ეს ორ კანდიდატი, სათადარიგო ვარიანტია.
მიხეილ სააკაშვილის პიარმრჩეველთა ჯგუფი კვლავ მუშაობს სქემაზე, რომელიც მოქმედ პრეზიდენტს 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ხელისუფლებაში კვლავ დარჩენის შესაძლებლობას მისცემს. ამასთან ის, კვლავ შეითავსებს მმართველი პარტიის ლოკომოტივის ფუნქციას.
მათ შორის განიხილება სააკაშვილის პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომის და საპარლამენტო არჩევნებში მაჟორიტარული წესით მონაწილეობის საკითხი. განიხილება ოლქიც, სადაც ასეთ შემთხვევაში სააკაშვილმა შესაძლოა კენჭი იყაროს - გლდანი. პარლამენტის თავმჯდომარეობა კი, მისთვის გაცილებით მომგებიანი იქნება, ვიდრე პრემიერმინისტრის პოსტი. იმის მიხედავად, რომ შარშან დამტკიცებული საკონსტიტუციო ცვლილებებით, პრემიერის უფლებამოსილებები სერიოზულად გაიზარდა. მრჩეველთა აზრით, ეს სვლა მიხეილ სააკაშვილს იმის შესაძლებლობასაც მისცემს, თავიდან აირიდოს ქვეყნის შიგნით პოლიტიკური ოპონენტების და ქვეყნის გარეთ კრიტიკოსი პოლიტანალიტიკოსების ბრალდებები, რომ რუსეთის და პუტინ-მედვედევის მსგავსად პოლიტიკური როქი გაითამაშა.
ამავე სცენარით განიხილება საპარლამენტო არჩევნებში შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილის მონაწილეობაც. სახელისუფლებო კულუარებიდან გამოსული ინფორმაციით, მერაბიშვილი გორის მაჟორიტარობისთვის ემზადება. გამარჯვებისთვის კი, „ქვეყნის ხერხემალი“ ისეთი ბერკეტის გამოყენებასაც გეგმავს, როგორიც გორის საფეხბურთო კლუბი „დილაა“. ამ გუნდზე შეფობა შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს აღებული და კლუბმა რამდენიმე ხმაურიანი და ძვირადღირებული ტრანსფერი უკვე განახორციელდა რაც სატურნირო ცხრილში „დილას“ მდგომარეობაზეც აისახა.
ამ მიზანს ემსახურება შს მინისტრის ხშირი დასწრება „ნაცმოძრაობის“ მიერ წინასაარჩევნოდ ორგანიზებულ პედაგოგებთან და კოორდინატორებთან. ასევე პოლიციის აღლუმის გამართვა კონფლიქტისზონისპირა ქალაქში.
უკვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ განიხილება ასევე ლელა წურწუმიას კანდიდატურა ისნის რაიონის მაჟორიტარად. ამ ინფორმაციას ცნობილი მომღერლისა და პროექტის „ცეკვავენ ვარსკვლავები“ აწ უკვე ყოფილი მონაწილის შესახებ სააგენტო „პირველი“ ავრცელებს.
ამავე ინფორმაციით, მმართველმა გუნდმა მომავალ პარლამენტში საბურთალოს რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატიც შეარჩია და ის ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ანდრია ურუშაძეა, რომელიც ამჟამად დედაქალაქის მერიაში სოციალურ საკითხებს კურირებს. ვაკის მაჟორიტარულ ოლქში კი, ნაციონალების ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გიორგი კარბელაშვილის წარდგენა საბოლოოდ გადაწყვეტილია.
ამ თემაზე მმართველ გუნდში კომენტარს ჯერ არ აკეთებენ. სატელეფონო ზარებს არ პასუხობს მომღერალი ლელა წურწუმია. „ნაციონალები“ წინასაარჩევნო გეგმების გახმიანებას 26 მაისს გეგმავენ. საზოგადოებას სიახლეებს ამ თემაზე ქუთაისიდან ექსკლუზიურად თავად პრეზიდენტი სააკაშვილი მიაწვდის.