აქვე, უნდა აღვნიშნოთ, რომ წინა კვირის საპარლამენტო სხდომებზე ყველაზე ატუალური სწორედ სარეზერვო ბატალიონების შექმნის პროექტის განხილვა იყო, რომელიც უშიშროების საბჭოსთან არსებულმა უწყებათა კომისიამ შეიმუშავა. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომისიის თავჯდომარემ, გივი თარგამაძემ კი განაცხადა, რომ მიესალმება სარეზერვო სამსახურში ვეტერანების ჩართვის სურვილს. მისივე თქმით, სარეზერვო სამსახურისთვის შეიქმნება 6 ბატალიონი, რომელიც თავდაცვის სისტემის მიერ დადგენილი ნორმების შესაბამისი ვეტერანებით დაკომპლეტდება. როგორც მთავრობა აცხადებს, სულ მალე, ამ პროექტზე ნატო-საქართველოს კომისიაც იმსჯელებს. სარეზერვო სამსახურის შექმნა შესაძლოა, ამდენი მითქმა-მოთქმის მიზეზი არ გამხდარიყო, რომ არა ერთი გარემოება: რამდენიმე კვირის წინ, ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ კონფლიქტურ ზონებში, კერძოდ, სამეგრელოში ხელისუფლების მიერ იქმნება “ბოევიკებით” დაკოპლექტებული არაფორმალური სამხედრო დაჯგუფებები და ამ “ბოევიკთა” სია, რეაგირებისათვის, საქართველოს უშიშროების საბჭოს გადასცა. ალასანიას განცხადებამ საყოვეთაო აჟიოტაჟი გამოწვია და ამ საკითხით საქართველოს პარტნიორი ქვეყნებიც დაინტერედნენ. ამ განცხადებას მოჰყვა აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ევროკავშირის დამკვირებელთა მისიისადმი უნდობლობის გამოცხადება და კონფლიქტის ზონაში მუშაობის თაობაზე უარი. სეპარატისტთა არგუმენტით, ევროკომისია არ, ან ვერ აკონტროლებს კონფლიქტის ზონას, სადაც, მათი თქმით, ალასანიას განცხადებაზე დაყრდნობით, ხელისუფლება არაფორმალურ სამხედრო დაჯგუფებებს ქმნის.
“მაესტრო”-ს ეთერში საუბრისას, ალასანიამ განაცხადა, რომ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ არა მისი განცხადება, არამედ, უშიშროების საბჭოს მიერ განსაჯაროებული დოკუმენტი გამოიყენა. “მოვიქეცი ისე, როგორც პასუხისმგებელობის მქონე პოლიტიკოსი მოიქცეოდა. ეროვნული უშიშროების საბჭოს გადასამოწმებელი მასალა მივეცი იმის თაობაზე, რომ სააკაშვილის დახმარებით, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი ასეთ არაფორმალურ ჯგუფებს ჰქმნის. ამ უწყებამ კი, საკუთარი წინდაუხედაობით, ეს ფაქტები განასაჯაროვა და სწორედ ეს გამოიყენა აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ. ეს ბოკერიას წინდაუხედავობა და სიბეცე იყო. ჩემი განცხადების შემდეგ, ის სახელები უნდა შეემოწმებინათ, მე კი, გამოსაკითხავად დავებარებინეთ,” - განაცხადა ალასანიამ. ყოველივე ამის შემდეგ, მთავრობა ქმნის რეზერვისტთა ბატალიონს, რაც იმის საფუძველს იძლევა, რომ გაჩნდეს შეკითხვა: რეზერვისტთა 6 ბატალიონი ზემოხსენებულ არაფორმალურ დაჯგოფებებში შემავალი ვეტერანი “ბოევიკებით” ხომ არ დაკოპლექტდება?.. “ქართული სიტყვა” ირაკლი ალასანიას თანაგუნდელს, “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთ ლიდერ ვიქტორ დოლიძესესაუბრა.
ბატონო ვიქტორ, არჩევნების წინ სარეზერვო ბატალიონების შექმნა რითია განპირობებული?
- ფაქტია: სარეზერვო ბატალიონი უნდა არსებობდეს, მაგრამ ამას შესაბამისი კანონმდებლობა სჭირდება და მის შექმნას შესაბამისი სამსახურები უნდა ახორციელებდნენ. კარგად ვიცით, თუ როგორ ხდება ანალოგიური ჯგუფების ჩამოყალიბება და ამას რა მიზანი ექნება. დიახ, ირაკლი ალასანიამ კარგად იცის, რაზეც ლაპარაკობს, შესანიშნავადაა გარკვეული კანონებში და ისიც იცის, თუ რა არის საჭირო სარეზერვო სისტემის ფორმირებისათვის, მაგრამ ამ შემთხვევაში, აბსოლუტურად სხვა რაღაცასთან გვაქვს საქმე. საქართველოში და, მით უმეტეს, ისეთ პატარა რეგიონში, როგორიც სამეგრელო, არაფერი იმალება, თუმცა მინდა, ხაზი გავუსვა, რომ მხოლოდ სამეგრელოში არ ხდება არაფორმალური სამხედრო დაჯგუფებების შექმნა, სხვა რეგიონებშიც იქმნება ანალოგიური დაჯგუფებები.
ჩვენ ვიცით ზუგდიდში ჩამოყალიბებული არაფორმალური სამხედრო დაჯგუფებაში შემავალი ადამინების სახელები, გვარები, აგრეთვე, - ვინ არიან, რას წარმოდგენენ, რამდენს უხდიან, რა იარაღი აქვთ. ამ დაჯგუფებებში განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის გასამართლებული პირებიც არიან. სწორედ ეს ადამინები გაუსწორდნენ განსაკუთრებული სისასტიკით 2011 წლის 26 მაისს მომიტინგეებს.
ეს დაჯგუფებები სააკაშვილს თავისი პოლიტიკური ამბიციების დასაკმაყოფილებლად სჭირდება. ოპოზიციის მიმართ მისი პოილიტიკა მხოლოდ ძალადობისკენ იყო და არის მიმართული. ირაკლი ალასანიამ ხმამაღლა განაცხადა ამ არაფორმალური სამხედრო დაჯგუფებების თაობაზე და ამით პრევენცია გააკეთა, რათა წერტილი დასმოდა იმ უკანონობას, რასაც ხელისუფლება ოპოზიციის მისამართით ჩადის. სამწუხაროდ, მის განცხადებას ამ დაჯგუფებების დაშლა არ მოჰყვა, უბრალოდ, მათ დისლოკაციის ადგილი შეუცვალეს.
ირაკლი ალასანიამ ისიც თქვა, რომ ზუგდიდში გადადის და წინასაარჩევნო კამპანიას იქიდან უხელმძღვანელებს. რატომ ზუგდიდიდან?
- ალასანია საერთოდ გადაბარგდა ზუგდიდიში, რათა ძმებ ახალიების კლანის საქმიანობას ხელი შეუშალოს. ახალიები ყველანაირ სიბინძურეს ჩადიან სამეგრელოში - აშინებენ, ავიწროებენ, სამსახურიდან აგდებენ და მას, ვინც მხარს სააკაშვილს არ უჭერს, სცემენ და ციხეში სვამენს. ახალაიების კლანს ამის უფლება ზემოდან, სააკაშვილისაგან აქვს მიცემული. ახალაიებს ხელში უჭირავთ სამეგრელო, ადამიანები ჩურჩულით ლაპარაკობენ, რადგან ახალაიების ეშინიათ. სამეგრელოს რეგიონი ძალიან მგრძნობიარე და საკმაოდ მრავალმრიცხოვანი რეგიონია. ამ ხალხის ყურამდე გვინდა, მივიტანოთ ჩვენი სიტყვა, ჩვენი პროგრამა. ირაკლი ალასანიას მიზანია, აღკვეთოს ახალაიების კლანის უკანონო ქმდებები და, საერთოდ, მათი ბოგინი სამეგრელოში.
საქართველოსათვის ყველა დიდი მოვლენა სამეგრელოდან იწყება: გავიხსენოთ გამსახურდია, შემდეგ, - “ვარდების რევოლუცია”.ახლაც ყველაზე მაღალი პოლიტიკური ტემპერატურა სამეგრელოშია და ალასანიამ საკმაოდ დიდი მისია იტვირთა. როგორც პოლიტიკურკულუარებში ამბობენ, იმ არაფორმალურ სამხედრო დაჯგუფებებში შემავალი “ბოევიკებისაგან” ხელისუფლება სარეზერვო ბატალიონისშექმნას აპირებს. შესაძლოა, ეს სიმართლესთან ახლოს იყოს?
- ამას ვერ დავადასტურებ, მაგრამ სააკაშვილს საარჩევნო კალაპოტიდან ამოვარდნის სურვილი აქვს და შეეცდება, საამისოდ ყველაფერი გააკეთოს. სააკაშვილს აწყობს დაძაბულობა ამ რეგიონში, მაგრამ არ გამოუვა, რადგან უკვე ჰყავს რეალური ძლიერი ალტერნატივა. ჩვენ სააკაშვილს პოლიტიკურ კალაპოტში მოვაქცევთ და ვაიძულებთ, არჩევნებამდე მივიდეს.
იმ შემთხვევაში, თუკი ირანსა და ისრაელს შორის დაპირისპირება სამხედრო კონფლიქტში გადავა, სააკაშვილის მხრიდან რუსეთთანომის პროვოცირებააო მოსალოდნელი, - აცხადებენ დამოუკიდებელი ექსპერტები. რამდენად შესაძლებელია მოვლენების ასეგანვითარება?
- დარწმუნებული ვარ, რომ ომი არ დაიწყება. 2012 წელი მთელი მსოფლიოსათვის მნიშვნელოვანი საარჩევნო წელია: რუსეთში, საფრანგეთსა და აშშ-ში არჩევნებია. დიდი ექვსეული, აშშ-ის თაოსნობით, მოლაპარაკებას აწარმოებს ირანთან, რათა თავიდან აიცილოს ისრაელისა და ირანის სამხედრო დაპირისპირება. მშვიდობიან მოლაპარაკებას შესაძლოა, ირანთან მიმართებაში, ეკონომიკური სანქციებიც დაემატოს. მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები მშვიდობიან პროექტებზე არიან ორიენტირებულნი. ამიტომ, გამოვრიცხავ ირან-ისრაელის ომს.
საქართველოს გეოგრაფიული სპეციფიკიდან გამომდინარე, უნდა ვეცადოთ, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონში სტაბილურობისა და დემოკრატიული განვითარების გარანტორი ვიყოთ. სააკაშვილის ხელისუფლება კი, დაპირისპირების გარანტორი და საფრთხის შემცველია არა მხოლოდ საქართველოსათვის, არამედ, - მთელი სამხრეთ კავკასიისთვის.