როგორც ცნობილია, შრომის ახალ კანონმდებლობაზე კოალიცია უკვე მუშაობს. იქიდან გამომდინარე, რომ დღეს, 3 მაისს მსოფლიო თავისუფალი მედიის დღეს აღნიშნავს, presage.tv „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ წევრს, ყოფილ ჟურნალისტს, ელისო ჩაფიძეს ესაუბრა, რომელიც მედიასთან დაკავშირებულ კანონმდებლობაზე მუშაობს და, რომელიც, შესაბამისად, შრომის კანონთა კოდექსშიც აისახება.
ელისო, თუ შეიძლება საზოგადოებას ავუხსნათ, რა ძირითად საკითხებზე იქნება აქცენტი გაკეთებული და კონკრეტულად რითი იქნებათქვენს მიერ მომზადებული შრომის კანონთა კოდექსი არსებულთან შედარებით უკეთესი?
- მოსახლეობის დაახლოებით 70% თავს თვლის დაუსაქმებლად, მათი ნაწილი შესაძლოა თვითდასაქმებულიც იყოს, მაგრამ მათი ანაზღაურება საცხოვრებელი პირობების შექმნის ადეკვატური არ არის. აქედან გამომდინარე, „ქართული ოცნება“ გამოვიდა რამდენიმე მნიშვნელოვანი ინიციატივით. პირველი, რაც რეალურად შეამსუბუქებს დაუსაქმებელი ადამიანების მდგომარეობას არის ის, რომ 160 ლარის ფარგლებში ადამიანის შემოსავალი გათავისუფლებული იქნება საშემოსავლო გადასახადისაგან. გარდა ამისა, ჩვენს კოალიციაში დისკუსიების დროს მომისმენია მოსაზრება, რომ ხომ არ მოხდეს ამ თანხის გადაანგარიშება ოჯახის თითოეული წევრის მიხედვით, თუ ოჯახში დასაქმებულია ერთი ადამიანი და დავუშვათ დანარჩენი ოთხი წევრი მის კმაყოფაზეა, მას არ დაებეგრება ხუთჯერ 160 ლარი, იმიტომ, რომ მისი ოჯახის დანარჩენი წევრებიც იყვნენ უზრუნველყოფილი საარსებო მინიმუმით.
ეს 160 ლარი რის მიხედვით განისაზღვრა?
- ისევ დღევანდელი სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, თუმცა ვფიქრობთ, რომ ესეც არ ასახავს იმ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, რაც არის ქვეყანაში.
ასევე ძალზე მნიშვნელოვანია მოსახლეობის საყოველთაო დაზღვევა ბისმარკის მოდელით, რომელიც რამდენიმე საუკუნეა, არსებობს ევროპის ქვეყნებში და ითვლება ქვეყნის ცივილიზებულობის დამადასტურებლად.
პროექტის განსახორციელებლად დაგეგმილია გარკვეული საბიუჯეტო თანხების გამოყენება, ასევე, ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ ის მზადაა, საკუთარი სახსრებიდან გაიღოს ამ პროექტის განხორციელებისათვის საჭირო თანხის დიდი ნაწილი, რომ საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ სრულფასოვანი ჯანმრთელობის დაცვის საშუალება.
ერთ-ერთი მაგალითი მსგავსი მოდელისა, არის საჩხერის საავადმყოფო, რომელიც არის იმ სტანდარტების შესაბამისი, როგორი ჯანმრთელობის დაცვაც არსებობს იაპონიაში, გერმანიასა და სხვა განვითარებულ ქვეყნებში. თუკი მსგავსი მოდელი მთელ საქართველოს მოიცავს, ბუნებრივია, ეს ძალიან კარგი იქნება.
საზოგადოებისთვის უფრო გასაგები რომ იყოს, ეგებ დავაზუსტოთ, ეს გულისხმობს თუ არა სახელმწიფო დაზღვევის სისტემაზეგადასვლას...
- ბიძინა ივანიშვილს ეჭვი აქვს, საკმაოდ მძიმე მდგომარეობა დაგვხვდება ხელისუფლებაში მოსვლისას - 2013-2014 წლებში საქართველოს უწევს დიდი ოდენობით საგარეო ვალის მომსახურების გადახდა, ამ თვალსაზრისით, ქვეყანა საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია, საგარეო ვალებიც გეომეტრიული პროგრესიით იზრდება, ამიტომ ივანიშვილი ფიქრობს, რომ საწყის ეტაპზე, სახელმწიფო მთლიანად საბიუჯეტო თანხებით ვერ შეძლებს სადაზღვევო სისტემის უზრუნველყოფას და ამიტომაც გადაწყვიტა, საკუთარი თანხიდან 800 მილიონი ლარი დახარჯოს ჯანდაცვის პროგრამებისათვის. თუმცა, გარკვეული პერიოდის შემდეგ, საქართველომ უნდა მიაღწიოს ისეთ მდგომარეობას, რომ სახელმწიფომ დამოუკიდებლად შეძლოს საკუთარი მოსახლეობისთვის ღირსეული ჯანდაცვის უზრუნვეყოფა.
თუმცა, დღეს საქართველოსთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჯანმრთელობის დაზღვევა, არამედ დაზღვევის სხვა ასპექტებიც,მაგალითად, რეგიონის მოსახლეობისა და საერთოდ, ქვეყანაში სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის, დიდი სტიმული იქნებოდამოსავლის დაზღვევის სისტემის დანერგვა, ამდენად, საინტერესოა, რა პოზიცია აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით „ქართულ ოცნებას“...
- ბიძინა ივანიშვილისა და მისი კოალიციის ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება სოფლის მეურნეობის აღორძინება და შესაბამისად, სოფლის მეურნეობის პროდუქციის მოყვანაში ხელშეწყობა. ეს იქნება ტექნიკით დახმარება თუ გრძელვადიანი იაფი კრედიტებით უზრუნველყოფა. ამის გარდა, სახელმწიფოს ჩარევით მოხდება ამ მოყვანილი პროდუქციის ევროპის ბაზარზე გატანაში ხელშეწყობა, რაც პირველ რიგში, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმებას გულისხმობს.
ხელისუფლებას კი ნაკლებად აქვს ამისი სურვილი, მაგრამ ვფიქრობთ, რომ 2012 წლის არჩევნების სამართლიანად და დემოკრატიულად ჩატარება კიდევ ერთი სტიმული იქნება ამ ხელშეკრულების გასაფორმებლად.
სხვათა შორის, უკრაინას მსგავსი ხელშეკრულების გაფორმებაზე ევროკავშირმა უარი სწორედ ტიმოშენკოს ფაქტორის გამო უთხრა. პოლიტიკური პროცესები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ეკონომიკურ გადაწყვეტილებებზეც.
სააკაშვილიც დაგვპირდა ორი დღის წინ, რომ ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის შესახებ ხელშეკრულება მისისაპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე მოხერხდება...
- ამას მხოლოდ მივესალმებით, რადგან ევროკავშირი ხელშეკრულებას გააფორმებს საქართველოსთან და არა მიხეილ სააკაშვილთან და თუ ამ ბერკეტებსა და მექანიზმებს გამოიყენებს საქართველოს თითოეული მოქალაქე, ამას მხოლოდ მივესალმებით, იმიტომ, რომ კოალიციის გაცხადებული პარტნიორები მხოლოდ აშშ და ევროკავშირი არიან.
თუმცა, მაშინ, როდესაც სააკაშვილი მსგავს განცხადებებს აკეთებს, ქვეყანაში სრულიად საპირისპირო რამ ხდება. პირველი და უმთავრესი, რასაც ევროპა ჩვენგან მოითხოვს, არის შრომის კანონთა კოდექსის შეცვლა. შრომის კოდექსი, რომელიც დღეს არსებობს საქართველოში, არის კაბალური, ადამიანის ღირსების დამამცირებელი, მასში არ არის განსაზღვრული სამუშაო საათები, ადამიანის სამსახურიდან დათხოვნის მიზეზები, მოტივი. ფაქტობრივად, ქართული შრომის კანონმდებლობა წარმოადგენს ძალზე ველური ურთიერთობების დაკანონების მცდელობას. „ქართული ოცნება“ აპირებს, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე შეცვალოს არსებული შრომის კოდექსი. მასში გაიწერება ძალიან მკაფიო ევროპული რეგულაციები, დამსაქმებლისა და დასაქმებულის ურთიერთვალდებულებები.
ხელისუფლებისგან ეს თავიდანვე ახსნილი იყო იმით, რომ შრომის არსებული კოდექსით ინვესტიციების წახალისება სურდათ. თუმცა, ამ შრომის კოდექსს ინვესტიციების მოჭარბება საქართველოში ნამდვილად არ გამოუწვევია, მოხდა ის, რომ დასაქმებული ადამიანები აღმოჩნდნენ კაბალურ პირობებში. არსებული შრომის კოდექსი დისკრიმინაციულია ფეხმძიმე და მშობიარე ქალბატონებისთვის, მეძუძური დედებისთვის, ის არანაირ შეღავათებს არ ითვალისწინებს ასეთ მდგომარეობაში მყოფი ქალბატონების მიმართ, რომ მას გარკვეული დროის განმავლობაში შეუნარჩუნდეს სამსახური და მიეცეს დეკრეტული შვებულება, შესაბამისი დახმარება და ა.შ.
დღეს სახელმწიფო უწყებებში დასაქმებული ქალბატონებისთვის მცირე დროით, მაგრამ დეკრეტული შვებულების პერიოდი არსებობს,რაც იშვიათად ვრცელდება კერძო კომპანიებზე. კოალიციის პროექტის მიხედვით ქალბატონების შრომითი უფლებების დაცვა თანაბრადგავრცელდება თუ არა ყველა დამსაქმებელზე?
- ინვესტიციების შემოდინებას არა ასეთი პრივილეგიებით, არამედ სხვა მეთოდებით და თანაც, რეალურად უნდა შევუწყოთ ხელი. არა ისე, როგორც მაგალითად, დღეს „ზარალა“ აშენებს შენობას და გვეუბნებიან, თითქოს ტრამპის შენობა შენდება. ასეთი პიარფოკუსების ჩატარებას არ ვგეგმავთ, რეალურად ვაპირებთ ინვესტიციების მოზიდვასა და მათი დაცვის გარანტიების შექმნას. ამისთვის კი კაბალური შრომის კოდექსის ნაცვლად სჯობს, სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხი გაიზარდოს. ეს უფრო მეტად მისცემს დაცულობის გრძნობას ინვესტორს.
ამ კოდექსის ევროპულ რეგულაციებთან მოყვანას მოითხოვს ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია, საერთაშორისო პროფკავშირები, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში. პირადად დავსწრებივარ 4-5 კონფერენციას მაინც, სადაც თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმების წინაპირობად ანტიმონოპოლიურ კანონმდებლობასთან ერთად შრომის არსებული კანონმდებლობის შეცვლაც სახელდებოდა.
რამდენადაც ვიცი, შრომის კანონმდებლობაში ცვლილებები შევა მედიის კუთხითაც, რა დეტალებზე გაკეთდება აქცენტი?
- სხვათა შორის, 3 მაისი გახლავთ თავისუფალი მედიის საერთაშორისო დღე. თავისუფალი მედია არანაირად არ არის დაკავშირებული რომელიმე კონკრეტულ მთავრობასთან, თავისუფალი მედია უფრო საზოგადოების უფლებაა, იმ ასპექტში, რომ მიიღოს ზუსტი და ობიექტური ინფორმაცია მიმდინარე მოვლენების შესახებ. ამიტომ ვთვლი, რომ მედიის თავისუფლების დღე არის პირველ რიგში მოქალაქეების დღე.
რაც შეეხება მედიას, იქიდან გამომდინარე, რომ ვმუშაობ მედიასთან დაკავშირებულ კანონმდებლობაზე, ვთვლი, შრომის კოდექსში, ისევე როგორც სხვა პროფესიის ადამიანების მიმართ, ძალიან მკაფიოდ უნდა იყოს გაწერილი და რეგლამენტირებული ჟურნალისტის სამსახურში აყვანისა და მისი გათავისუფლების პირობები, იმიტომ, რომ ცალკეულ შემთხვევებში არსებული შრომის კანონი შეიძლება გამოყენებული იყოს ჟურნალისტის მიმართ მისი გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ. კონკრეტულ შემთხვევაში, რას ვგულისხმობ: თუკი ჟურნალისტმა საკუთარი სინდისის კარნახით მოამზადა პუბლიკაცია, რომელიც არ შეესაბამება მისი გამომცემლისა თუ დამფუძნებლის ინტერესებს ან პოლიტიკურ გემოვნებას, არსებული შრომის კანონით მას ახსნა-განმარტებასაც კი არ მისცემენ, ისე გაათავისუფლებენ სამსახურიდან.
განსაკუთრებით ეს ეხება მწვავე სტატიებს, ჟურნალისტურ გამოძიებებს, რეკლამის დამკვეთის წინააღმდეგ მომზადებულ მასალას და.ა.შ. არსებული შრომის კოდექსი და კანონი გამოხატვის თავისუფლების შესახებ ამ შემთხვევაში ვერანაირად ვერ იცავს ჟურნალისტს. ამ შემთხვევაში მხოლოდ ზოგადი დეკლარაციის დონეზეა გაცხადებული საქართველოს ჟურნალისტური ქარტიის მეორე მუხლში, რომ არავის არ აქვს უფლება, ჟურნალისტი აიძულოს, მოიქცეს საკუთარი სინდისის საწინააღმდეგოდ, მაგრამ რეალური საკანონმდებლო გარანტია იმისათვის, რომ ასეთ მდგომარეობაში მყოფ ჟურნალისტს ვინმე დაიცავს, არ არსებობს.
ამას კიდევ უფრო შეუწყო ხელი იმანაც, რომ კანონმა გამოხატვის თავისუფლების შესახებ პასუხისმგებლობა მედიაში გამოქვეყნებულ მასალებზე, ასევე ტელეკომპანიების მიერ გადაცემულ სიუჟეტებზე დააკისრა არა მის ავტორს, არამედ გამომცემელსა და დამფუძნებელს. ეს, თითქოს, ერთი მხრივ, ძალიან კარგი ნაბიჯი იყო ჟურნალისტების პასუხისმგებლობიგან გასათავისუფლებლად, მაგრამ სწორედ აქ არის ჩადებული ის ნაღმი, რომ ამით ფაქტობრივად, დამფუძნებელს ეძლევა უფლება, დაბლოკოს მისთვის არასასურველი მასალა, სწორედ იმ მოტივით, რომ გასაჩივრების შემთხვევაში პასუხისმგებლობა მოუწევს სწორედ მას და არა ჟურნალისტს. ასე რომ, ეს ბალანსი მედიაშიც არის აღსადგენი და მედიის წარმომადგენლებიც ბუნებრივია, არიან ჩვეულებრივი ადამიანები, მათ უნდა ჰქონდეთ წინასწარი გაფრთხილება სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში, უნდა ჰქონდეთ კომპენსაციის მიღების უფლება, უნდა ჰქონდეთ ფეხმძიმობის, მშობიარობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდში გარკვეული დაცვის უფლება და.ა.შ.
ალბათ, შრომის კოდექსში სხვა პროფესიის წარმომადგენელთა ინტერესიც იქნება გათვალისწინებული, თუმცა საინტერესოა, რა ბედიეწევათ მათ, ვისაც არ აქვს სამსახური. განვითარებულ ქვეყნებში არსებობს შემწეობა, რომლითაც სახელმწიფო უსამსახუროდ დარჩენილმოქალაქეებს ღირსეულად არსებობის საშუალებას აძლევს...
- ჩვენი მთავარი ამოცანა არის არა უმუშევრებზე შემწეობებისა და დახმარების გაცემა, არამედ უმუშევრობის დონის მინიმუმამდე დაყვანა. სოფლის მეურნეობის განვითარების შემთხვევაში ვფიქრობ, 3 მილიონი ადამიანი არ არის ის რაოდენობა, რომ საკუთარი ბაზრის კარგად დაცვისა და რეგულირების, ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის არსებობის პირობებში უმუშევარი დარჩეს.
საქართველოში მცხოვრები ადამიანების დასაქმება და მათთვის ღირსეული პირობების შექმნა არ არის შეუძლებელი, თუმცა ეს რა თქმა უნდა, დიდ ძალისხმევას მოითხოვს. იმ ადამიანების მიმართ, რომელიც დარჩება უმუშევარი, ვგულისხმობ, მოსახლეობის მაქსიმუმ 15%-ს, ჩემი პირადი შეხედულებაა, რომ მათი უფლებებიც ისევე იქნება დაცული, როგორც ცივილიზებულ ქვეყნებში.