„სახალხო კრების“ სპეციალური განცხადების თანახმად, კრებას არ სურს რაიმე ოპოზიციურ აქტივობას შეუშალოს ხელი, რადგან ორი აქციის ერთად მოწყობა საზოგადოებაში დაბნეულობას გამოიწვევდა და ეს კი ხელისუფლების წისქვილზე დაასხამდა წყალს.
ამასთანავე, ნინო ბურჯანაძის თქმით, „სახალხო კრების“ მიერ 26 მაისს დაგეგმილი აქციის შესახებ ცნობილი იყო „ქართული ოცნებისთვის“ და ამიტომ მათ მიერ აქციის დაანონსებას ნინო ბურჯანაძემ არაკორექტული უწოდა.
„ქართულ ოცნებაში“ კი განაცხადეს, რომ „სახალხო კრების“ აქციის შესახებ მათთვის ოფიციალურად არავის უცნობებია.
ყველაფერ ამას მოჰყვა გაზეთ „ალიას“ გუშინდელ ნომერში ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს გამოქვეყნება, სადაც დანარჩენ ოპოზიციასთან ურთიერთობაზე საუბრისას ივანიშვილი ამბობს - „ვის ველაპარაკო, ნინო ბურჯანაძეს? თქვენ იცით, ვინ გაუშვა მისი მეუღლე უცხოეთში?“ ამ ფრაზამ ნინო ბურჯანაძის გაღიზიანება გამოიწვია და განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ამ ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა მას ხელისუფლებასთან ალიანსში ყოფნა დასდო ბრალად. ბურჯანაძე ითხოვს, ივანიშვილმა ან უარყოს ეს ბრალდება, ან იგი არგუმენტებით გაამყაროს.
„მე კატეგორიულად მოვითხოვ ან უარყოს ან არგუმენტებით და საბუთებით დაასაბუთოს ბიძინა ივანიშვილმა ის ბრალდება, რომელიც მან ჩემს მიმართ წამოაყენა გაზეთ „ალიას“ კორესპონდენტთან საუბრის დროს, მას აუცილებლად მოუწევს ამ ბრალდებაზე პასუხის გაცემა, გარწმუნებთ მე ამას აუცილებლად უზრუნველვყოფ“, - ამბობს ნინო ბურჯანაძე.
უფრო კონკრეტულად რის გაკეთებას აპირებს ნინო ბურჯანაძე იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილს პასუხი აგებინოს ამ განცხადებაზე, იქნება ეს სასამართლო პროცესი თუ სხვა რამ, ამის გასარკვევად presage.tv ბურჯანაძის წარმომადგენელს ბაკურ ბაკურაძეს დაუკავშირდა.
ბაკურაძის განცხადებით, ნინო ბურჯანაძე ჯერ დაელოდება, რას გააკეთებს ბიძინა ივანიშვილი, თუ ის უარყოფს ამ ბრალდებას, მაშინ ბურჯანაძე აღარაფერს გააკეთებს, ხოლო თუ ივანიშვილი თავის ისტყვებს უკან არ წაიღებს, რას უპასუხებს ამას ბურჯანაძე, ეს მოგვიანებით გახდება ცნობილი.
რას აპირებს ბიძინა ივანიშვილი და მართლაც ფიქრობს თუ არა ის, რომ ნინო ბურჯანაძე ხელისუფლებასთან არის შეკრული, ამ კითხვებით presage.tv -მ მის პრეს-სპიკერს, მაია ფანჯიკიძეს მიმართა.
ფანჯიკიძე ამბობს, რომ საერთოდ არ ესმის, რატომ წამოიჭრა ეს საკითხი.
„ჟურნალისტმა დაუწყო ბატონ ბიძინას ამაზე ლაპარაკი და დაისვა ეს კითხვა. ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს არც ბიძინა ივანიშვილს, არც იმ ჟურნალისტს და არც საზოგადოებას. ბურჯანაძეს კი შეუძლია გასცეს ამ კითხვას პასუხი და ამით დამთავრდება ეს ამბავი. ბიძინა ივანიშვილი ამბობს - „კიდევ ვის დაველაპარაკო, ნინო ბურჯანაძეს? ბადრი ბიწაძე თქვენ გაუშვით უცხოეთში?“ აქ სადმე წერია სხვა რამე? ამაზე მეტს ვერაფერს გეტყვით. აქვე გეტყვით, რომ ეს ინტერვიუ არ ჩაწერილა დიქტოფონზე. ეს იყო ორ ადამიანს შორის საუბარი, რომლიდანაც შემდეგ ეს ინტერვიუ გამოვიდა, ამიტომ იქ ყველაფერს აქვს მნიშვნელობა. ფაქტი ერთია, რომ ეს შეკითხვები არსებობს, ეს კითხვები საზოგადოებასაც აქვს და პასუხი არ არის.
თუ ნინო ბურჯანაძისთვის ეს ასე მნიშვნელოვანია, შეუძლია ამ კითხვას პასუხი გასცეს. მის ულტიმატუმს მივიღებთ ცნობად, მაგრამ არ მგონია, რომ ამ ულტიმატუმზე რაიმე რეაგირება გვქონდეს“, - აცხადებს მაია ფანჯიკიძე presage.tv-სთან საუბარში.
მაინც რა არის წყალგამყოფი ივანიშვილსა და ბურჯანაძეს შორის, რა გახდა მიზეზი ასეთი ურთიერთბრალდებებისა? მოგეხსენებათ, თავიდან „ქართული ოცნების“ ლიდერის განცხადებით, ბურჯანაძეს იმის გამო ემიჯნება, რომ ბურჯანაძე ქუჩის აქციების მომხრეა, მოგვიანებით კი თავად „ქართული ოცნება“ აანონსებს საპროტესტო აქციას, რომლის მონაწილეებიც მაია ფანჯიკიძის თქმით, შესაძლოა ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონმაც ვერ დაიტიოს.
ყველაფერ ამის შემდეგ ივანიშვილთან ინტერვიუში კითხვა იძლევა ინტერპრეტაციის საშუალებას, რაც გვაფიქრებინებს, რომ შესაძლოა, ნინო ბურჯანაძე ხელისუფლებასთან თანამშრომლობდეს. ამაზე საპასუხოდ ბურჯანაძე უსვამს მას კითხვას - როდის ატყუებდა ივანიშვილი საზოგადოებას, მაშინ როდესაც აცხადებდა, რომ მას სჯერა, რომ ბურჯანაძე არის ამ ხელისუფლების წინააღმდეგ უკომპრომისო და შეურიგებელი მებრძოლი და არავითარ შემთხვევაში არ გაურიგდება ხელისუფლებას, თუ ატყუებს ახლა, ამ საგაზეთო ინტერვიუს მეშვეობით, როდესაც ამბობს, რომ „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ხელისუფლებასთან შეკრულია.
ბუნებრივია ჩნდება კითხვა, ხომ არ იცის ივანიშვილმა ბურჯანაძეზე რამე ისეთი, რაზეც ხმამაღლა საუბარს ერიდება, მაგრამ რის გამოც ბურჯანაძესთან პოლიტიკურ ურთიერთობას უფრთხის?
წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილს მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებასთან, რომლის წევრიც საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ნინო ბურჯანაძეც იყო, ხოლო ივანიშვილი კი ამ ხელისუფლების შიდა სამზარეულოს მეტ-ნაკლებად იცნობდა. ამ კითხვით presage.tv-მ უშიშროების მინისტრის ყოფილ მოადგილეს, ლაშა ნაცვლიშვილს მიმართა.
მისი თქმით, ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად რამდენიმე ასპექტის გათვალისწინება არის საჭირო. ლაშა ნაცვლიშვილი, პირველ რიგში, თავად იმ ინტერვიუზე საუბრობს, რომელმაც ნინო ბურჯანაძის გაღიზიანება გამოიწვია. ნაცვლიშვილი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ინტერვიუს აუდიოჩანაწერი არ არსებობს, რადგან ეს იყო ბიძინა ივანიშვილის და ჟურნალისტის საუბარი თავისუფალ რეჟიმში. ვინაიდან ეს საუბარი შემდეგ აღდგენილია ჟურნალისტის მეხსიერების მეშვეობით, ლაშა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ გასათვალისწინებელია აქცენტები, პაუზა, ლექსიკის წყობა და ა.შ. ამიტომ, ნაბეჭდ მასალასა და ბიძინა ივანიშვილის ნათქვამის აუთენტურობა ლაშა ნაცვლიშვილში ეჭვს იწვევს, თუმცა იგი აქვე ხაზს უსვამს, რომ ეს ეჭვი გამოწვეულია არა იმით, რომ ის ჟურნალისტს არ ენდობა ან მის კეთილსინდისიერებაში ეჭვი შეაქვს.
ჩვენი რესპონდენტი ამბობს, რომ მას ეჭვი შეაქვს ადამიანის შესაძლებლობებში, აბსოლუტური სიზუსტით აღიდგინოს ისეთ საინტერესო რესპონდენტთან საუბარი, როგორიც არის ბიძინა ივანიშვილი.
„რაც შეეხება ქრისტიან-დემოკრატებს, ლეიბორისტებს, „ედპ“-ს და სხვა ე.წ. ოპოზიციურ პარტიებს, მათ პოლიტიკაში მოსვლის პირველივე დღიდან ბიძინა ივანიშვილმა უწოდა ხელისუფლებისგან მართული. მაგრამ არსად, არც ერთ განცხადებაში, ან ინტერვიუში ბატონ ბიძინას არც ნინო ბურჯანაძისთვის და მით უმეტეს, არც „სახალხო კრებისთვის“ ხელისუფლებასთან თანამშრომლობაში ბრალი არ დაუდია. კითხვა, რომელიც საზოგადოების ნებისმიერ წევრს შეიძლება დაებადოს, როგორ მოახერხა ადამიანმა საქართველოს დატოვება, როდესაც ჩვენი ქვეყნის თითოეული გოჯი უმკაცრესად კონტროლდება, ეს კითხვა აბსოლუტურად ლეგიტიმურია“, - ამბობს ლაშა ნაცვლიშვილი presage.tv-სთან საუბარში.
იგი გაკვირვებას გამოხატავს ნინო ბურჯანაძის გაღიზიანების მიმართ ასეთი არაპირდაპირი ნათქვამით. ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ ბურჯანაძის რეაქცია არის არაადექვატური და უფრო პოლიტიკურ ეპიცენტრში მისი ყოფნის სურვილით არის განპირობებული. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილს რომ ნინო ბურჯანაძის ხელისუფლებასთან თანამშრომლობაში დადანაშაულება სდომებოდა, ამას აქამდე გააკეთებდა. ამის არგუმენტად ნაცვლიშვილს მოჰყავს „სახალხო კრების“ წარმომადგენლების ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის ამსახველი ვიდეოჩანაწერი, სადაც „ქართული ოცნების“ ლიდერი ღიად აკრიტიკებს ნინო ბურჯანაძეს, თუმცა არსად ამბობს, რომ იგი ხელისუფლებასთან არის შეკრული. ამიტომ, ლაშა ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ ნინო ბურჯანაძის მიერ ბიძინა ივანიშვილის ჟურნალისტთან თავისუფალი საუბრის მნიშვნელობა გადაჭარბებულია.
„სავსებით ვიზიარებ მაია ფანჯიკიძის პოზიციას, რომ საზოგადოებაში უნდა არსებობდეს კითხვა ბადრი ბიწაძის საკითხთან დაკავშირებით, რადგან ეს კითხვა სავსებით ლეგიტიმურია და ამაში შეურაცხმყოფელს ვერაფერს ვხედავ. როდესაც ბატონმა ბიძინამ თქვა, რომ შუა უნდა გაიკრიფოს, მან მაშინვე დაასახელა ის პოლიტიკური ძალები, ვინც ხელისუფლებასთან თანამშრომლობს, მაგრამ ქალბატონი ნინო ბურჯანაძე არ უხსენებია. ამიტომ მიმაჩნია, რომ არ უნდა მოხდეს ჭიქაში ქარიშხლის ატეხვა. უფრო მარტივი იქნებოდა, ქალბატონ ნინოს ეთქვა, რომ ბადრი ბიწაძე არის პროფესიონალი კონსპირატორი და მან მარტომ, ან მეგობრებთან ერთად მოახერხა გაეცურებინა ეს მძლავრი უსაფრთხოების სისტემა და ასე დატოვა ქვეყანა“, - ამბობს ლაშა ნაცვლიშვილი.