კითხვაზე, ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს, რომელი პოლიტიკური პარტიის კანდიდატს მისცემდით ხმას? - შედეგები ასე გამოიყურება: „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი - 37 %, „ქართული ოცნება“ - 19 %, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა - გიორგი თარგამაძე - 10 %.
კითხვაზე, რომელი ოპოზიციური პარტიის ლიდერს ენდობით ყველაზე მეტად, ლიდერობს გიორგი თარგამაძე - 28 %, ბიძინა ივანიშვილიმა კი ხმების 21 % მიიღო.
ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა კვლევა GALLUP–ის მეშვეობით ჩაატარა. კვლევა მას შემდეგ დაიწყო, რაც აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევების შედეგები გამოქვეყნდა. შეგახსენებთ NDI-ს კვლევის შედეგებსაც, რათა შედარების საშუალება გვქონდეს.
კითხვაზე „ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას?“ NDI-მ ასეთი შედეგები დადო: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი - 29%;
ბიძინა ივანიშვილი - 12%,
გიორგი თარგამაძე - 5%.
მოგეხსენებათ, კითხვები და ეჭები NDI-ს კვლევის შედეგების მიმართაც არსებობდა, რადგან უცნობი იყო მეთოდოლოგია, რომლითაც ეს კვლევა ჩატარდა. ასევე მაშინ საუბარი იყო იმაზეც, რომ მოსახლეობა არაგულწრფელია ასეთი კვლევების დროს და ამიტომ როგორც წესი, ხელისუფლებისთვის სასურველი შედეგები იდება ხოლმე.
დღეს გამოქვეყნებულ IRI-ს კვლევის შედეგებთან დაკავშირებით presage.tv რამდენიმე პოლიტიკოსს და ექსპერტს ესაუბრა.
ფსიქოლოგი მარინა ჩიტაშვილი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ იმ ადამიანების კატეგორიას მიეკუთვნება, რომელსაც უბრალოდ არ სჯერა რეიტინგების პროგნოზების, განსაკუთრებით 6 თვით ადრე, ან წელიწადნახევრით ადრე. ჩიტაშვილი, პირველ რიგში, ხაზს უსვამს იმას, რომ ჩვენ არ ვიცით, როგორ ჩატარდა კვლევა. მეორეც, მას საეჭვოდ ეჩვენება ჯერ არდასახელებული კანდიდატის მიმართ ასეთი და ფსიქოლოგისთვის კიდევ უფრო გაუგებარია, რატომ არ სახელდება ეს კანდიდატი, რადგან არაფერს ნიშნავს, ვის დაასახელებს „ნაციონალური მოძრაობა“. არ შეიძლება ანონიმი შეადარო კონკრეტულ პირს.
„როგორც მოგახსენეთ, არ მჯერა იმ პოლიტიკური რეიტინგების, რომლებიც 6 თვით ადრე კეთდება, რადგან არავინ იცის, რა იქნება 6 თვის შემდეგ. მიმაჩნია, რომ ეს რეიტინგები რაღაცას დაემსგავსება სექტემბერში, ანუ მაშინ, როდესაც კონკრეტული კანდიდატი იქნება დასახელებული. აქვე ვიტყვი, რომ ვინაიდან კითხვა საპრეზიდენტო არჩევნებს ეხებოდა, მოგეხსენებათ, საპრეზიდენტო არჩევნები 2013 წელს არის და იქამდე ძალიან ბევრი რამ შეიძლება მოხდეს. პოლიტიკური რეიტინგი დამოკიდებულია სიტუაციაზე. ასე რომ, ამ კვლევებს ჩემი აზრით, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, გარდა იმისა, რომ ვიღაც აკეთებს ამ კვლევას“, - ამბობს მარინა ჩიტაშვილი.
ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ საინტერესო დამთხვევაა IRI-ს და NDI-ს მეთოდოლოგიას შორის და როგორც ჩანს, პარტიული დაპირისპირება სოციოლოგიურ დაპირისპირებას არ გულისხმობს. კერძოდ, ორივე ორგანიზაცია სვამს კითხვას, - ოპოზიციის ლიდერებს შორის ვის ენდობით უფრო მეტად? ექსპერტის თქმით, ეს არის არასწორი კითხვა, რადგან მას უსვამენ როგორც ნაციონალების მომხრეებს, ასევე მათ მოწინააღმდეგეებს. ამიტომ ბუნებრივია, საბოლოო შედეგში მიიღებენ ისეთი ოპოზიციონერის უპირატესობას, რომელიც ხელისუფლებისთვისაც მეტნაკლებად სიმპათიური იქნება. რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ ასეთი არის გიორგი თარგამაძე. ამის არგათვლა წარმოუდგენელია, ე.ი. კითხვარი სპეციალურად არის გაკეთებული იმისთვის, რომ მიიღონ ის შედეგები, რომლებსაც ღებულობს როგორც ერთი, ასევე მეორე ამერიკული ჯგუფი.
„ამიტომ დიდი ბოდიში ორივე ჯგუფთან და როგორც ხელისუფლების მაღალ რეიტინგს, ასევე ივანიშვილის დაბალ რეიტინგს აზრი ეკარგება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ IRI-ს კვლევის სრული შედეგები არ დადებულა, გამოქვეყნებულია ისევ ნაფლეთ-ნაფლეთ შედეგები. ჩვენ არ ვიცით, ამა თუ იმ კითხვაზე პასუხის გაცემაზე რამდენმა ადამიანმა თქვა უარი, რამდენმა არც ერთ კანდიდატს არ დაუჭირა მხარი და ა.შ. მოსახლეობის მიმართ შეურაცხმყოფელი დამოკიდებულების ეს სტრატეგია ახასიათებს როგორც ერთ, ასევე მეორე ჯგუფს და როგორც ჩანს, ორივე ემსახურება ხელისუფლებას.
ამით იმის თქმა არ მინდა, რომ ჩემი აზრით ხელისუფლებას მაღალი რეიტინგი არ აქვს და ა.შ. მე უბრალოდ მწყინს, რომ ეს ამერიკული ჯგუფები ასეთ იაფფასიან როლს ასრულებენ“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე presage.tv-სთან საუბარში.
კვლევის შედეგებით კმაყოფილია „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“. presage.tv-ს კითხვაზე, რით შეიძლება აიხსნას ერთი თვის წინ NDI-ს მიერ ჩატარებულ და ახლა IRI-ს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს შორის ამხელა განსხვავება, ლევან ვეფხვაძე პასუხობს, რომ, როგორც ჩანს, რაც უფრო ვუახლოვდებით არჩევნებს, უფრო მატულობს იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც გაერკვა თავის პოზიციაში და სწორედ ასეთი ადამიანების ხარჯზე სამივე პოლიტიკურ ძალას მომხრეები დაემატა. ვეფხვაძის თქმით, ამ კვლევის შედეგები აჩვენებს იმას, რომ თუკი ვინმე გადაინაწილებს ე.წ. გადაუწყვეტელი ელექტორატის ხმებს, ისევ ეს სამი პარტია იქნება.
„არასერიოზული იქნება, უკმაყოფილო ვიყო იმით, რომ ჩემს პოლიტიკურ ძალას დაახლოებით 2.5-ჯერ გაეზარდა რეიტინგი. მთავარი არის ის, რომ ამ პოლარიზაციის პირობებში სხვა პარტიების რეიტინგი 0-ის ფარგლებშია. ჩვენი პრობლემა კი უკვე აღარ არის 4-5%, ჩვენი პრობლება არის ის, რომ უფრო მყარად ვიყოთ წარმოდგენილები პარლამენტში, ვიდრე თუნდაც დღეს ვართ. მე ვვარაუდობ, რომ ეს ზრდა კიდევ გაგრძელდება სწორედ იმ ე.წ. გადაუწყვეტელი ამომრჩევლის ხარჯზე“, - ამბობს ლევან ვეფხვაძე.
„ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია აცხადებს, რომ სანამ ამ კვლევის შედეგებს არ ნახავს, შეფასების გაკეთება გაუჭირდება, რადგან ძალიან ხშირად პრესაში ამ მონაცემებს ავრცელებენ ნაცმოძრაობა ან ქრისტიან-დემოკრატები.
„ისინი დეზინფორმაციას შემოაგდებენ ხოლმე და ჩვენ კი არ უნდა შევუწყოთ ხელი დეზინფორმაციის გავრცელებას, რაც რა თქმა უნდა, მათ აწყობთ. ზოგადად ის მონაცემები, რაც ახლა ქვეყნდება, სრულიად არადამაჯერებელია და რეალობა დიამეტრალურად განსხვავებულია“, - აღნიშნავს ბაღათურია.
რესპუბლიკელი თინა ხიდაშელი ამბობს, რომ საყოველთაოდ ცნობილია მისი განწყობა ამ კვლევების მიმართ, რადგან უკვე ზუსტად 6 წელია, რაც ის ამ კვლევებზე კომენტარებს არ აკეთებს. ხიდაშელი აღნიშნავს, რომ როდესაც არ იცის მეთოდოლოგია და წარმოდგენა არ აქვს, როგორ ტარდება კვლევა, არ შეუძლია მასზე რაიმე სერიოზული კომენტარი გააკეთოს.
„ძალიან სამწუხაროა, რომ ყველაფერი ისევ იმ სტილში გრძელდება, როგორც ეს მთელი ამ ხნის განმავლობაში იყო. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, ვიცოდეთ, ვინ, როგორ და რა მეთოდოლოგიით ატარებს ამ კვლევებს და ამის შემდეგ შეგვიძლება ამაზე ვისაუბროთ. NDI-ს კვლევამ აჩვენა, რომ კითხვაზე - ოპოზიციიდან რომელ ლიდერს უჭერთ მხარს, პასუხების მიღების დროს, მეთოდოლოგია, რომელიც გაგვანდეს და გვითხრეს, იყო სრულიად არაადექვატური და არა ისეთი, როგორიც საერთოდ ასეთ კითხვაზე პასუხის მიღების დროს გამოიყენება ხოლმე. როდესაც ნაცმოძრაობის მხარდამჭერს ეკითხები, ოპოზიციიდან ვის ენდობიო, რა თქმა უნდა, ის საკუთარ სატელიტ პარტიაზე დაგელაპარაკება და ეს არ ნიშნავს, რომ ეს არის ოპოზიციური ამომრჩევლის განწყობა, როგორადაც ცდილობენ, რომ ამ კითხვაზე პასუხი ასე ვთქვათ, მიყიდონ საზოგადოებას. ეს ერთი მაგალითიც საკმარისია იმისთვის, რომ სერიოზული კითხვები და ეჭვები გამოვთქვათ კვლევის მეთოდოლოგიაზე“, - ამბობს თინა ხიდაშელი.