რას ნიშნავს ევრაზიული კავშირი ვაშინგტონისთვის

რას ნიშნავს ევრაზიული კავშირი ვაშინგტონისთვის

 

ორ საკვანძო მოვლენას, კერძოდ კი, ავღანეთიდან ამერიკული ჯარის დაგეგმილ გაყვანას, და კრემლში ვლადიმერ პუტინის დაბრუნებას, რუსეთის საგარეოპოლიტიკურ წრეებში პოსტსაბჭოთა მეზობლებთან მოსკოვის ურთიერთობასთან დაკავშირებული მრავალწლიანი დებატების განახლება მოჰყვა. უკვე ყოფილი პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი ცდილობდა მიეჩუმათებინა მოსკოვის მისწრაფება პოსტსაბჭოთა სივრცეში დომინირებისკენ და მხარს უჭერდა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ავღანეთის ომის ირგვლივ თანამშრომლობის განვითარებას.

მიუხედავად ამისა, რუსეთი რეგიონალური პოლიტიკის ფარგლებში სულ უფრო აქტიურად უწყობს ხელს ინტეგრაციის გაძლიერებას უამრავი ეკონომიკური ინსტიტუტის და უსაფრთხოების სტრუქტურების საშუალებით. პუტინი დიდი ხანია, რაც მსგავსი მიდგომის მხარდამჭერია, და მან საკმაოდ დეტალურად აღწერა ეს შარშან რუსულ გაზეთ „იზვესტია“-ში, გააკეთა რა მოწოდება „ევრაზიული კავშირის“ შექმნის შესახებ. ეს ევროკავშირის მსგავსი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების გაერთიანებაა, რომელმაც მის წევრებს შორის ეკონომიკური კავშირები უნდა გააღრმავოს, საბოლოო ჯამში კი გზა გაუხსნას უფრო მტკიცე პოლიტიკურ ინტეგრაციას.

ზოგიერთი უცხოელი მიმომხილველი ევრაზიის კავშირის შექმნაში ხედავს შენიღბულად საბჭოთა კავშირის აღორძინების მცდელობას, იმ საბჭოთა კავშირის, რომლის დაშლასაც პუტინმა, როგორც ეს კარგადაა ცნობილი „[მეოცე] საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა“ უწოდა. რასაც არ უნდა მოასწავებდეს ევრაზიული კავშირის შექმნა, საბჭოთა კავშირი ის ნამდვილად ვერ გახდება. მოსკოვმა დიდი ხანია რაც უარი თქვა თავის მისიონერულ იდეოლოგიაზე და მეზობლების სუბსიდირების მიმართ არანაირ ინტერესს აღარ ავლენს. მეტიც, პუტინი და რუსეთის სხვა ხელმძღვანელები დაეთანხმნენ იმას, რომ მოსკოვი ვერ შეძლებს საკუთარ ორბიტაზე თოთხმეტივე ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის შენარჩუნებას. ევრაზიის კავშირი, ასევე სხვა ბოლო დროს შექმნილი რეგიონალური გაერთიანებები, ისეთები როგორებიცაა კოლექტიურ უსაფრთხოებაზე შეთანხმების ორგანიზაცია (CSTO), ევრაზიის ეკონომიკური თანამეგობრობა (EurAsEC) და ერთიანი ეკონომიკური სივრცე (SES) მოიცავს იმ საკვანძო სახელმწიფოთა ჯგუფს, რომელსაც რუსეთთან მჭიდრო ეკონომიკური კავშირები აქვს, და რომლის ხელმძღვანელობაც – საკუთარი ნებით თუ ნების საწინააღმდეგოდ – მხარს უჭერს შემდგომ ინტეგრაციას.

მიუხედავად იმისა, რომ განგაში ახალ სსრკ-სთან დაკავშირებით გადაჭარბებულია, შეერთებულ შტატებს შეშფოთების საფუძველი აქვს. პოსტსაბჭოთა სივრცის ნაწილზე ინტერგაციის გაღრმავების ეკონომიკური და პოლიტიკური ლოგიკა საკმაოდ ძლიერია, რადგან რეგიონალური გაერთიანებები ხელს უწყობს სუსტი ეკონომიკების განმტკიცებას, განსაკუთრებით ცენტრალურ აზიაში. თუმცა, ასეთი ინტეგრაცია რუსეთის სპონსორობის პირობებში, სხვა სახის საფრთხის მატარებელია: რუსეთის მეზობელი ქვეყნების მოსკოვზე დამოკიდებულების ზრდა, რაც საფრთხეს შეუქმნის არა მხოლოდ მათ განვითარებას, არამედ მათ საგარეოპოლიტიკურ დამოუკიდებლობას.

ამ ეტაპზე შეერთებულმა შტატებმა დასკვნები არ უნდა აკეთოს და მოსაზრებები არ უნდა გამოთქვას, ვიდრე პუტინის განზრახვები ევრაზიულ კავშირზე კარგად არ გაირკვევა – განსაკუთრებით ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა თანაფარდობა ეკონომიკურ და პოლიტიკურ მიზნებს შორის და თავისუფლების ის ხარისხი, რომელსაც მოსკოვი მისცემს თავის მეზობლებს წევრობაზე გადაწყვეტილების მიღებისას.

მჭიდრო კავშირი?

პუტინის ინიციატივაა გამოყენებულ იქნას უკვე არსებული და მოქმედი მრავალმხრივი ინსტიტუტები, ისეთები, როგორებიცაა ჩანასახში მყოფი ერთიანი ეკონომიკური სივრცე, საბაჟო კავშირი, რომელიც აერთიანებს რუსეთს, ბელორუსს და ყაზახეთს, და ევრაზიის ეკონომიკური თანამეგობრობა (რომელიც თავის რიგებში აერთიანებს ასევე ყირგიზეთს და ტაჯიკეთს, ხოლო ბელორუსს, მოლდავეთს და სომხეთს მასში დამკვირვებლების სტატუსი აქვთ), როგორც სამშენებლო ბლოკები, რაც ხელს შეუწყობს უფრო მჭიდრო პოლიტიკური კავშირის შექმნას რუსეთს და მის მეზობლებს შორის.

ასეთ ევრაზიის კავშირს ექნება უფრო დაბალი სავაჭრო ბარიერები, შეთანხმებული ნორმები, რეგულირების წესები და სავალუტო პოლიტიკა, რასაც შემდგომში უფრო მჭიდრო პოლიტიკური გაერთიანება მოჰყვება. თუკი ეს ვინმეს ევროპული კავშირის განვითარების პროცესს აგონებს, ეს კეთდება შეგნებულად. პუტინი „იზვესტიის“ სტატიაში ამბობს, რომ ევრაზიის კავშირი შეიქმნება უშალოდ ევროკავშირის დარად, და ისეთ მოსაზრებასაც კი გამოთქვამს, რომ ძლიერი „ევრაზიული კავშირი“ ევროკავშირის ბუნებრივი პარტნიორი იქნება, რომელიც შეუთანხმდება ბრიუსელს მომავალში საერთო ეკონომიკური სივრცის შექმნაზე ატლანტიკის ოკეანედან წყნარ ოკეანემდე.

ეს ძალიან შორეული პერსპექტივაა, თუმცა ევრაზიასთან ეკონომიკურ ინტეგრაციას რეგიონის ქვეყნებისთვის პოტენციური უპირატესობები და პლუსებს გააჩნია. რეგიონალური ინტეგრაციული პროცესები მთელს მსოფლიოში მიმდინარეობს (თანაც არამხოლოდ ევროკავშირის ფარგლებში, არამედ თავისუფალ ვაჭრობაზე ჩრდილოამერიკული შეთანხმების, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის, ვაშინგტონის შეთავაზებული წყნარი ოკეანის პარტნიორობის ფარგლებში და ასე შემდეგ), მაგრამ ამ დროს პოსტსაბჭოთა სივრცე რჩება პერიფერიაზე. ჰორიზონტალური სავაჭრო კავშირების არარსებობა და მსოფლიო ბაზრებისგან იზოლირებულობა საშინლად უშლის ხელს რეგიონის განვითარებას და ხელს უწყობს მისი ქრონიკული ეკონომიკური ჩამორჩენილობის შენარჩუნებას.

ახალი ევრაზიული კავშირის შექმნის ყველაზე დიდი უპირატესობა კოლოსალური ერთიანი ბაზრის შექმნა და საქონლისა და ადამიანთა გადაადგილებისთვის დაბრკოლებების შემცირება იქნება. მშრომელ მიგრანტებს ცენტრალური აზიიდან უფრო გაუადვილდებათ რუსეთში შემოსავლებისთვის გამგზავრება და მისი სახლში გაგზავნა კანონიერ საფუძველზე. ხოლო, რადგან სსრკ ხელს უწყობდა რეგიონალურ სპეციალიზირებას (მაგალითად, ცენტრალურ აზიაში მსუბუქი მრეწველობის ბევრი საწარმო იყო) და ვითარდებოდა მიწოდებისა და მომარაგების ჯაჭვი, რომელიც კვეთდა რესპუბლიკურ, ახლა კი სახელმწიფოთაშორის საზღვრებს, ინტეგრაცია ხელს შეუწყობს ასევე საწარმოო ხარჯების შემცირებას იმის ხარჯზე, რომ ინტეგრაციული სივრცის თითოეული წევრი იმ დარგებზე მოახდენს კონცენტრაციას, რომელშიც მას ფარდობითი უპირატესობ გააჩნია.

თუმცა, პოსტსაბჭოთა სამყაროში ეკონომიკური ინტეგრაცია, პოტენციური საფრთხეების შემცველიც არის. ევრაზიული კავშირი, წევრი ქვეყნების ეკონომიკის პოსტსაბჭოთა სივრცეზე ორიენტირებით, შექმნის ბარიერებს ამ ქვეყნებს და გარე სამყაროს შორის. სინამდვილეში, როგორც ჩანს, რუსეთის ერთ-ერთი მთავარი მიზანი – უცხოეთის დიდი სახელმწიფოების გავლენის სფეროს შეზღუდვაა, მაგალითად ჩინეთის – ცენტრალურ აზიაში და ევროკავშირის – უკრაინაში. ყაზახეთთან, ყირგიზეთთან და ტაჯიკეთთან ჩინეთის საგარეო ვაჭრობის მოცულობა რუსეთისაზე დიდია, რასაც მოსკოვის პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენის თანდათანობითი შემცირება მოსდევს. ისეთი ქვეყანა, როგორც ყირგიზეთია, რომლის ეკონომიკაც სერიოზულადაა დამოკიდებული ჩინურ ინვესტიციებსა და ჩინური საქონლის რეექსპორტზე, შეიძლება ძალიან დაზარალდეს, თუკი ევრაზიული კავშირი შეუზღუდავს ჩინეთის წვდომას მის შიდა ბაზრებზე. იმავდროულად, ევროკავშირი მოითხოვს უკრაინასთან ღრმა და ყოველმხრივი თავისუფალი სავაჭრო ზონის შესახებ შეთანხმების (DCFTA) გაფორმებას, რაც გაუიოლებს ამ ქვეყანას ევროპის ბაზარზე წვდომას და უკრაინულ ნორმებს და წესებს ევროპულს დაუახლოვებს. მოსკოვი არაერთხელ შეეცადა ამ პროცესის ჩაშლას, ემხრობოდა რა ისეთი პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების შენარჩუნებას, რომელიც უზრუნველყოფს რუსეთზე დამოკიდებული პოსტსაბჭოთა სივრცის შენარჩუნებას, რომელიც სულ უფრო სუსტდება გლობალიზაციის პროცესების და იმის გამო, რომ რუსეთი ვერ ახერხებს გახდეს მისი მეზობლებისთვის მიზიდულობის პოლუსი.

რა თქმა უნდა, რუსეთის მეზობლები ამჯობინებენ პირდაპირი კავშირების დამყარებას გარე სამყაროსთან, ამიტომ სკეპტიკურად ეპყრობიან რეგიონალურ ინტეგრაციას, რომელიც კიდევ უფრო მტკიცედ მიაბავს მათ რუსეთთან. თვალსაჩინოა შემდეგი რამ. ყაზახეთის, რომელიც ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე რუსეთის ყველაზე ახლო სტრატეგიული პარტნიორია (ამ ქვეყნის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა პირველმა წამოჭრა ევრაზიული კავშირის იდეა, და ეს 1994 წელსაც გააკეთა) და ასევე ბელორუსიის გარდა, რომელსაც არ აქვს დიდი არჩევანი, მას შემდეგ რაც, შარშან ანტისამთავრობო დემონსტრაციების დარბევის შემდეგ ევროპასთან ურთიერთობა გაწყვიტა, ამ პროექტის მიმართ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების უმრავლესობა დიდ ენთუზიაზმს არ ამჟღავნებს. ცენტრალური აზიის ყველაზე სუსტი სახელმწიფოები, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი, როგორც ჩანს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანდებიან, რადგან რუსეთი მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი საექსპორტო ბაზარი (მუშახელის ექსპორტის ჩათვლით) და ინვესტიციების წყაროა. უზბეკეთი და თურქმენეთი, რომლებიც მიისწრაფვიან შეზღუდონ თავიანთი დამოკიდებულება რუსეთზე „მრავალვექტორული“ საგარეო პოლიტიკის წარმოების ხარჯზე, და რომლებსაც საკმარისი პოლიტიკური და ეკონომიკური წონა აქვთ იმისთვის, რომ საკუთარ გზაზე იარონ, ახალი გაერთიანების მიღმა დარჩენას ამჯობინებენ. სომხეთიც კი, რომელიც სამხრეთ კავკასიაში რუსეთის ერთადერთი მოკავშირეა, ცალსახა პოზიციას არ ავლენს, რადგან მას არ აქვს საერთო საზღვარი მომავალი გაერთიანების შესაძლო წევრებთან და თან მოსკოვზე ზედმეტი დამოკიდებულებაც აშოთებს.

ყველაზე დიდი კითხვა უკრაინაა. კიევმა განაცხადა, რომ ევრაზიულ კავშირში არ გაწევრიანდება და ეს იმით დაასაბუთა, რომ წევრობა მას ხელს შეუშლის ევროპასთან შემდგომი ინტეგრაციის პროცესში. ფაქოტობრივად, ყველა უკრაინელმა პოლიტიკოსმა იცის, რომ ეს პროცესი პრიორიტეტული უნდა იყოს ისეთ ინტეგრაციულ პროექტებზე, რომლებშიც რუსეთია ხელმძღვანელი. თუმცა „უარი“ რუსეთს არ აწყობს. გარდა იმისა, რომ ის ცდილობს ხელი შეუშალოს უკრაინა-ევროკავშირს შორის თავისუფალ ვაჭრობაზე შეთანხმების ხელმოწერას, მოსკოვი მუდმივად და დაჟინებით სთავაზობს უკრაინას საბაჟო კავშირში გაწევრიანებას და ცდილობს შეუერთდეს უკრაინის მილსადენური ქსელის მესაკუთრეთა რიგს იმ ვალების კომპენსაციის სანაცვლოდ, რომელიც კიევს აქვს გაზპრომის მიმართ. რუსი ექსპერტები აღიარებენ უკრაინის მონაწილეობის მნიშვნელობას ევრაზიის კავშირში, რაც აღნიშნული პროექტის საერთო წარმატებას უზრუნველყოფდა, და მოსკოვი, ამისთვის, როგორც ჩანს მომავალშიც განაგრძობს კიევზე სერიოზულ ზეწოლას.

ვის ეშინია ევრაზიული კავშირის?

ევროკავშირისგან განსხვავებით, საეჭვოა ევრაზიული კავშირი თანასწორთა პარტნიორობა იყოს. რუსეთის მოსახლობა 140 მილიონ ადამიანს შეადგენს, ხოლო ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან რიცხოვნებით მეორე რესპუბლიკაში, უკრაინაში, სულ 46 მილიონი მცხოვრებია. რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მოცულობა დაახლოებით 1,4 ტრილიონი დოლარია, რაც უკრაინის ან ყაზახეთის მშპ-ს 12-ჯერ აღემატება. მეტიც, ევროკავშირი იბადებოდა ნელ-ნელა, ნახევარი საუკუნის განმავლობაში, თანაც დემოკრატიულად არჩეული მთავრობების ნებაყოფლობითი გადაწყვეტილების საფუძველზე, მაშინ როდესაც პუტინს ევრაზიის კავშირის შექმნა 2015 წლისთვის სურს და არ აქვს მანდატი მინიჭებული არც რუსი და არც სხვა პოტენციური წევრი-ქვეყნების მოსახლეობისგან.

რამდენად უნდა აშფოთებდეს ეს დასავლეთს? ბევრი რამ დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ განხორციელდება ეს იდეა ცხოვრებაში. პუტინმა, რომელიც სულ უფრო მზარდი შიდა გამოწვევების პირისპირაა, რომელთაგან პირველი – მასების მხრიდან რუსეთის ავტორიტარული და კორუმპირებული პოლიტიკით უკმაყოფილებაა, შეიძლება დროებით ევრაზიული კავშირის შექმნის და განვითარების გეგმა თაროზე შემოდოს. ხოლო იმის გამო, რომ წელს, რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში უნდა გაწევრიანდეს, რეგიონალური ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა (რომელსაც ბევრი რუსი ჩინოვნიკი მსო-ს წევრობის ალტერნატივად მიიჩნევს) შეიძლება მეორე პლანზე გადავიდეს.

ვაშინგტონმა ევრაზიული კავშირის შექმნის წინადადება ღიად და უპირობოდ არ უნდა გააკრიტიკოს, ყოველ შემთხვევაში, ჯერ-ჯერობით. ფარისევლობა იქნებოდა ევრაზიაში რეგიონალური ინტეგრაციის წინააღმდეგ გამოსვლა და იმავდროულად ასეთი პროცესების მხარდაჭერა სხვა ადგილებში. შეერთებული შტატები პირადად არის დაინტერესებული იმით, რომ ცენტრალური აზიის რესპუბლიკები ვითარდებოდნენ და ყალიბდებოდნენ კარგად ფუნქციონირებად და წარმატებულ სახელმწიფოებად. აშშ-ს გასვლის შემდეგ ავღანეთიდან, ვაშინგტონს ბევრად უფრო გაუჭირდება რეგიონის განვითარების ხელშეწყობა, რეგიონის, სადაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს სუსტი სახელმწიფო მმართველობა, კორუფცია, ნარკოტრაფიკი და ისლამიზმი. ამ რეგიონში რუსეთის უფრო სერიოზული წარმომადგენლობა სჯობს ისეთი სახელმწიფოს დაშლას, როგორიც არის ტაჯიკეთი, რომელიც ნარკოვაჭრობით იკვებება და ანარქიისკენ მიექანება.

მეორე მხრივ, ბოლო წლების გამოცდილება ცხადყოფს, რომ მოსკოვი ეკონომიკური შეღავათების და პრივილეგიების მინიჭების სანაცვლოდ პოლიტიკური სარგებლის მიღებას ცდილობს. აბსოლუტურად შესაძლებელია, რომ ის მოითხოვს ყირგიზეთში, სატრანზიტო ცენტრ მანასში ამერიკელების ბაზის გაუქმებას. მართალია, მოსკოვი ამ ცენტრის შენარჩუნებას დათანხმდა, ვიდრე ავღანეთში სამხედრო მოქმედებები გრძელდება, თუმცა ის აქ გრძელვადიან ამერიკულ წარმომადგენლობას ეწინააღმდეგება. მოსკოვმა შეიძლება გამოიყენოს ევრაზიის კავშირის წევრობა, როგორც ზეწოლის ბერკეტი და ბიშკეკს ამ ბაზიდან ამერიკელების გაყრა აიძულოს. ვაშინგტონი ასეთ ქმედებებს უნდა შეეწინააღმდეგოს.

აშშ-ს პოზიციას და დამოკიდებულებასაც უნდა განსაზღვრავდეს ასევე ქვეყნების ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების და მისი გაფართოვების ნებაყოფლობითობის ხარისხი. მოსკოვის მცდელობები (ჯერ-ჯერობით წარუმატებელი) გამოიყენოს ძალისმიერი მეთოდები უკრაინის მიმართ, არც თუ კარგი პრეცედენტია. ანალოგიურად, ნეგატიური მაგალითია მოსკოვის მოწოდება CSTO-ს ქვეყნების მიმართ, მიიღონ საერთო თანხმობის წესი წევრი სახელმწიფოების ტერიტორიაზე უცხოური სამხედრო კონტიგენტების განთავსებაზე. არსებითად, ეს რუსეთს მიანიჭებს ვეტოს გამოყენების უფლებას მეზობელ ქვეყნებში უცხოელი სამხედროების ყოფნაზე.

იმ შემთხვევაშიც, თუკი მოსკოვი არ ცდილობს სსრკს-ს აღდგენას, ისეთი პროექტები, როგორიცაა ევრაზიული კავშირი, ხაზს უსვამს მის პოსტ-იმპერიულ მსოფლმხედველობას, რაც ხელს უშლის იმას, რომ რუსეთს გათვლა ჰქონდეს მართლაც ნებაყოფლობით და ურთიერთსასარგებლო ინტეგრაციაზე, ასევე უბიძგებს მის მეზობლებს პრიორიტეტად აშშ-სთან, ევროკავშირთან და ჩინეთთან ურთიერთობების განვითარება განისაზღვრონ. მოსკოვი ხელს უწყობს რეგიონალურ ინტეგრაციას იმისთვის, რომ მეზობლები რუსეთის ორბიტაზე შეინარჩუნოს, გააძლიეროს რუსეთის გავლენა მათ პოლიტიკაზე, ასევე შეზღუდოს მათი შესაძლებლობა განავითარონ კავშირები უცხოურ ზესახელმწიფოებთან.

ევრაზიულ ინტეგრაციას შეუძლია ხელი შეუწყოს სტაბილურობას და კეთილდღეობას ამ რეგიონის დიდ ნაწილში, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ასეთი ინტეგრაცია იქნება ნებაყოფლობითი, არ მოწყვეტს მის წევრებს გარე სამყაროსგან და სასარგებლო იქნება ყველა მისი წევრი-სახელმწიფოსთვის. ჯერ-ჯერობით უცნობია ის, პასუხობს თუ არა პუტინის მიერ შემოთავაზებული ევრაზიის კავშირი ამ კრიტერიუმებს. დასავლეთმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს, და იმავდროულად მკაფიოდ განაცხადოს, რომ ის აბსოლუტურად სერიოზულად ეპყრობა რუსეთის მეზობლების უფლებას თავად აირჩიონ ის, თუ ვისთან სურთ საერთაშორისო თანამშრომლობა.

ჯეფრი მანკოფი – სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის (CSIS) მეცნიერ-თანამშრომელი
foreignpress.ge