აბრების ჩამოხსნის შესახებ გადაწყვეტილება მმართველმა გუნდმა 2011 წლის დეკემბერში სისხლის სამართლის კოდექსში, საარჩევნო კოდექსსა და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების“ შესახებ ორგანულ კანონში შესული ცვლილებების შემდეგ მიიღო. ამ ცვლილებების მიხედვით კი პოლიტიკური სუბიექტის მიერ ნებისმიერი სახის ქველმოქმედება დასჯადი, ხოლო პოლიტიკური ნიშნით ამომრჩევლის მოსყიდვა სისხლის სამართლის დანაშაულია.
მართალია, ნაციონალებმა ქველმოქმედება კანონით აიკრძალეს, თუმცა დიდი აურზაურით მიღებულ კანონს, როგორც გაირკვა, თავადვე არ ასრულებენ.
ხობში არსებულ უფასო სასადილოს შესასვლელთან ძველი „ნაციონალური“ აბრა, მცირეოდენი ცვლილებით, რამდენიმე დღის წინ ისევ გამოჩნდა. „ქველმოქმედებს“ წარწერისთვის ამჯერად „სათნოების სახლი“ დაუმატებიათ.
იმის გასარკვევად, თუ რამდენად კანონიერია ადგილობრივი მუნიციპალური ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროექტის განხორციელებისას მმართველი პოლიტიკური პარტიის სახელწოდების მოხსენიება, უფასო სასადილოს ვეწვიეთ. პასუხების მიღება მისი მმართველისგან, ქეთინო ბუკიასგან ვცადეთ. თუმცა, თავდაპირველად იგი შენობის პირველ სართულზე არ დაგვხვდა. Presage.tv-სა და „მაესტროს“ ჟურნალისტებს კი ბენეფიციარები ღია კარებით დაგვხვდნენ და როგორც საკუთარ სახლში, ისე შეგვიპატიჟეს. ვიდეოკამერის ობიექტივში თავიდანვე მოხვდა სასადილოს ჩანგრეული იატაკი, სადილის მომლოდინე უმწეოები და კედლიდან მომზირალი მიხეილ სააკაშვილი.
გადაღების აკრძალვის მცდელობის მიუხედავად, მუშაობას სამზარეულოში ვაგრძელებთ, სადაც ანტისანიტარიული მდგომარეობა სპეციალური გამოკვლევის გარეშეც აშკარად ჩანს. მზარეულები ერთმანეთს წინსაფრის აუცილებლობას ახსენებენ და მის ძებნაში ერთმანეთს ეცილებიან. რამდენიმე წუთში სასადილოში მმართველი ბუკია ჩნდება, რომელიც ჟურნალისტების ვინაობას ადგენს, თუმცა არ ინტერესდება მათი მისვლის მიზეზით. ქეთინო ბუკია ტელეფონით ჩვენთვის უცნობ პირებს უკავშირდება და ჟურნალისტების მოულოდნელი ვიზიტის შესახებ ინფორმაციას აწვდის. „პრობლემის გაადვილების“ მიზნით მთავარ შეკითხვას, თუ რატომ არის გაკრული შენობის კედელზე „ნაციონალური აბრა“, წინასწარ ვატყობინებთ.
სატელეფონო საუბრის დასრულების შემდეგ სასადილოს მმართველი კომენტარზე უარს აცხადებს და შენობისკენ ჩქარი ნაბიჯით მიიწევს. ჩვენ ინტერვიუზე უარის მიზეზით ვინტერესდებით, თუმცა ქალბატონი ბუკია კარებს ცხვირწინ ისე გვიხურავს, რომ ლამის ხელებს გვიყოლიებს. ბუკია კარის სახელურს მთელი ძალით ებღაუჭება და ბენეფიციარებისგან გასაღების მორგებას ითხოვს. მას შემდეგ, რაც კარის ჩარაზვა სავარაუდოდ ვერ მოახერხეს, ქეთინო ბუკია ბენეფიციარებისგან ჟურნალისტების ჩამოშორებას და მათ მიმართ ფიზიკურ ანგარიშსწორებას მოითხოვს. ამის შემდეგ კარები იხსნება, ჩვენ მთავარ კითხვას ისევ ვსვამთ, მაგრამ ბუკია უკანა გასასვლელით გადის...
სასადილო ოთახში დარჩენილი მე და ოპერატორი, სოსო ხოფერია მოულოდნელად, საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში ვვარდებით და ბენეფიციარების თავდასხმის ობიექტები ვხდებით. უმწეო, მზრუნველობამოკლებული და თითქოს უსუსური მოხუცებისგან გამოვლენილი აგრესია ჩვენს გაოცებას იწვევს. სამწუხაროდ, დაგვრჩა შთაბეჭდილება, რომ ისინი „სხვა“ დაწესებულების ბენეფიციარებს უფრო შეეფერებოდნენ... კამერის დაზიანების მცდელობა, მჯიღების რტყმა და სიტყვიერი შეურაცხყოფების ატანა დატყვევებულმა ჟურნალისტებმა „ღირსეულად“ შევძელით, მაგრამ რკინის სკამის თავში აშკარად მოსალოდნელი ჩარტყმა უკვე მეტისმეტი იყო... სოსომ რკინის „ფეხები“ მოიგერია და თავის გახეთქვას გადამარჩინა...
განწირული ადამიანის ხმით ჩემმა ყვირილმა „ბენეფიციარები“ ოდნავ დააშოშმინა, მაგრამ რკინის სკამით „შეიარაღებული“ მოხუცის „ვნება“ არ დაცხრა და შენობის გარეთ შეტევაზე უკვე რიყის ქვებით გადმოვიდა... სოსო ხოფერიას პოლიციაში დარეკვას ვთხოვ... ამ დროს ერთ-ერთი „უმწეო“ მიახლოვდება და „სიამაყით“ მეუბნება, ჩვენ კი არა, შენ დაგიჭერენ საცოდავო, კუდის უფროსი ჭაკუა ქეთინო ბუკიას მეგობარი მამაკაციაო...“ დაახლოებით 5 წუთში ინციდენტის ადგილზე 10-მდე პოლიციელი ჩნდება. 2 წუთში კი ყველა მათგანი გარბის და ჩვენთვის თავის არიდებას ცდილობს. იმავე ტერიტორიაზე აქტიურად მოძრავი სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული ახალგაზრდა მამაკაცი ეჭვს იწვევს, რომ პოლიციის მაღალჩინოსანია, თუმცა კამერის წინ კატეგორიულად უარყოფს. რამდენიმე წუთში კი იგივე პირი პოლიციის სამმართველოში უფროსის მოადგილედ მეცნობა და შენობიდან მაძევებს...
პოლიციის „რეაგირების“ იმედს ვკარგავთ და ტერიტორიის დატოვებას ვცდილობთ, თუმცა ჩვენს ყურადღებას ადევნებული ავტომანქანა იპყრობს, რომლის საჭესთანაც კუდი-ს ხობის სამმართველოს უფროსს, დიმა ჭაკუას, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის, დავით ჭაკუას უმცროს ძმას ვხედავთ. იგი ჟურნალისტების მანქანას დიდი სისწრაფით შორდება...
ხობის პოლიციის სამმართველოს ეზოში ავტომანქანით შევდივართ. შენობაში ჩართული კამერით ვმოძრაობ და ჟურნალისტების შეტყობინებაზე არრეაგირების მიზეზების დადგენას ვცდილობ... პოლიციელები უპასუხოდ მტოვებენ და ოთახებში იკეტებიან... პოლიციის უფროსის, ლექსო რაფავას სამუშაო კაბინეტს ყოველგვარი „დაბრკოლების“ გარეშე ვეძებ... პოლიციის შენობაში ასე თავისუფლად „ნავარდის“ შესაძლებლობა დიდიხანია არ მომცემია... მორიგე პოლიციელი რამდენიმე წუთში „აზრზე“ მოდის და მეორე სართულზე, უფროსის კაბინეტთან „წამიჭერს“... პოლიციელები შენობის დატოვებას და ზედ შესასვლელთან დაყენებული ავტომანქანის გაყვანას მოითხოვენ... საბოლოოდ, „მოქალაქე“ პოლიციის მოადგილე ჩემს გაძევებას ახერხებს...
პოლიციის შენობიდან მუნიციპალიტეტის გამგეობაში გადავდივართ და კითხვებზე პასუხების მიღებას გამგებლისგან, გოგა ღურწკაიასგან ვცდილობთ. მასთან შეხვედრის საშუალებას შენობის დაცვის თანამშრომელი არ გვაძლევს. სატელეფონო საუბარში კი ღურწკაია კომენტარზე უარს „მოუცლელობით“ ხსნის და „გაფრთხილებას“ იძლევა, „პრობლემებს ნუ მიქმნით!“
პრობლემები ჟურნალისტებმა კი არა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრობიდან ხობის გამგებლის სავარძელში ცოტა ხნის წინ გადასკუპებულმა ღურწკაიამ საკუთარ თავს თავადვე მაშინ შეუქმნა, როცა ტელეკამერების წინ ბეჟან გუნავას ცემის გამო თავი საქვეყნოდ „გაითქვა“. ხულიგნობის ბრალდებით გასამართლებულმა გოგა ღურწკაიამ 10-დღიანი სახდელი ხელისუფლების „მეცადინეობით“ მაშინ, არა წინასწარი დაკავების საკანში, არამედ ანაკლიის პატრიოტთა ბანაკში „მოიხადა.“
ხელისუფლების „ზონდერად“ შერაცხული ღურწკაია სხვა „თანამოაზრეებთან“ ერთად 2007 წლიდან აქტიურად მონაწილეობდა ოპოზიციის მიტინგების დარბევასა და მომიტინგეების ცემა-ტყეპაში. აშკარაა, რომ ხელისუფლებამ გოგა ღურწკაიას „ნაციონალური ღვაწლი“ დაუფასა და მაღალ თანამდებობებზე ყოფნის მყარი გარანტიები მისცა...