პარტია "თავისუფალი საქართველოს" ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელი გოგი წულაია პარლამენტის მშენებლობაზე პრობაციონერების მუშაობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მისი თქმით, თბილისიდან სპეციალურად გამოგზავნილი სასჯელაღსრულების სამსახურის თანამშრომლები, ქუთაისში, პარლამენტის მშენებლობაზე, პრობაციონერებს უფასოდ ამუშავებენ:
"დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ პრობაციონერები პარლამენტის მშენებლობაზე არიან დასაქმებული. იმ ადამიანებს, ვისაც პირობითი აქვს მისჯილი, სახელმწიფო უფასოდ ამუშავებს. სააკაშვილის ახირების გამო, პარლამენტის სხდომა ქუთაისში 26 მაისს უნდა გაიმართოს, ამ დროისთვის კი ნამდვილად ვერ მოესწრებოდა მშენებლობის დასრულება, ამიტომაც მუშახელი დაამატეს. ხომ წარმოგიდგენიათ, რა სახით იქნება სამუშაოები შესრულებული? მშენებლობისთვის დახარჯული თანხები, გაწერილს უკვე ათჯერ აჭარბებს, ამიტომ ფულის დაზოგვის მიზნით, იპოვეს უფასო მუშახელი. პრობაციონერები, ძირითადად, გათხრით სამუშაოებზე არიან დასაქმებულნი. როგორც გავიგე, მათ სასჯელი შესრულებული სამუშაოების მიხედვით შეუმსუბუქდებათ". როგორც წულაია ამბობს, რომ მისთვის დასაქმებული პრობაციონერების რაოდენობა უცნობია, თუმცა უკვე კარგა ხანია მუშაობენ. მშენებლობაზე დასაქმებული მუშები ჟურნალისტებთან ამ ფაქტზე არ საუბრობენ, რადგან სამსახურის დაკარგვის ეშინიათ. ჭულაია აცხადებს, რომ "დიდი შანსია, აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებისთვის მათ არა მხოლოდ სამუშაო დაატოვებინონ, სხვა სახის რეპრესიებიც განახორციელონ''. "ვერსია" შეეცადა, "თავისუფალი საქართველოს" ქუთაისელი ლიდერის განცხადება გადაემოწმებინა, თუმცა პრობაციის ეროვნულ ბიუროში ეს ფაქტი არ დაგვიდასტურეს. ვერც პარლამენტის მშენებლობაზე დასაქმებულებთან გასაუბრება შევძელით, რადგან ისინი ჟურნალისტებთან საუბარს გაურბიან. თუმცა, პირად საუბარში, ეჭვის დონეზე ინფორმაციას არ უარყოფენ. 26 მაისამდე კი საკმაოდ მცირე დრო რჩება, ქვეყნის მთავარი საკანონმდებლო ორგანოს მშენებლობა კი დასრულების ფაზაში ნამდვილად არ არის. |