"ქართული ოცნების" წნორის შტაბს ესროლეს

 

"კოალიცია "ქართული ოცნების" წნორის შტაბის უფროსის მალხაზ ლაზარიაშვილის განცხადებით, 29 აპრილს, დაახლოებით 19 საათზე დაუდგენელმა პირმა კოალიციის წნორის შტაბს ესროლა. იმ დროისთვის შტაბში მყოფი ნოდარ კუტიბაშვილი კახეთის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში აცხადებს, რომ ტყვია კედელმა აისხლიტა და აივანზე მყოფ ბავშვსა და მამაკაცს რამდენიმე სანტიმეტრით ასცდა. "ალია" კომენტარისთვის მალხაზ ლაზარიაშვილს დაუკავშირდა", - წერს გაზეთი "ალია" სტატიაში სათაურით ვინ და რატომ ესროლა ტყვია "ქართული ოცნების" წევრს?

"ჩვენ დავაფიქსირეთ, რომ ვიღაცამ გაისროლა შტაბისკენ. რა თქმა უნდა, პოლიციას შევატყობინეთ. მოვიდნენ, დაათვალიერეს შემთხვევის ადგილი, შეადგინეს ოქმი და გვითხრეს, რომ შეისწავლიან ამ საკითხს. ერთი გასროლის ხმა იყო. კედელზე არის ტყვიის კვალი. თანამშრომლები ვინც იყვნენ, ისინი ცხინვალში არიან ნამყოფი და ხმა რომ გაიგეს, მაშინვე მიხვდნენ, რომ ვიღაცამ გაისროლა. უფრო "გეკოს" გასროლის ხმა იყო. თან კვირა დღე გახლდათ, ხალხმრავლობაში შეიძლება ვერ გაეგოთ წესიერად, მაგრამ ფაქტობრივად სიჩუმეში თავისუფლად გაარკვიეს. ეს ხომ ადამინაი სიცოცხლეს ეხება არა? მსგავსი რამ როგორ შეიძლება", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მალხაზ ლაზარიაშვილი და შეკითხვას - "კონკრეტულად, რამდენი ადამიანი იმყოფებოდა იმ დროს შენობაში?" - პასუხობს:

"დაახლოებით ხუთი-ექვსი კაცი ვიყავით, ერთი თანამშრომლის შვილი იყო და სადაც ისინი იდგნენ, ზუსტად ნახევარ მეტრში გაიარა ტყვიამ. როცა გარეთ გავედით, არავინ აღარ იყო, მაშინვე წავიდნენ და ვერ დავინახე ზუსტად, ვინ ან რამდენი პირი იყო. დაველოდებით გამოძიების შედეგებს. როგორც შეგვპირდნენ, ჩაგვაყენებენ საქმის კურსში, თუ რამე ახალი ინფორმაცია ექნებათ".