სტადიონი ივანიშვილისათვის

სტადიონი ივანიშვილისათვის

 

"ქართული ოცნება" თავისი საარჩევნო კამპანიის დაწყებას 26 ან 27 მაისს თბილისში მასშტაბური ღონისძიებით გეგმავს, რისთვისაც შესაფერის ადგილს ეძებს - ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონს (ყოფილი "დინამო"), ან მიხეილ მესხის სახელობის სტადიონს (ყოფილი "ლოკომოტივი"), თუმცა ჯერჯერობით ისე ჩანს, რომ "ოცნებას" აქციისათვის არც ერთს არ დაუთმობენ.

"ქართული ოცნების" პრესსპიკერის, მაია ფანჯიკიძის ცნობით, კოალიციამ ღონისძიების ჩატარებასთან დაკავშირებით წერილობით თბილისის მერიას, პაიჭაძისა და მიხეილ მესხის სტადიონების ადმინისტრაციებს მიმართა, პასუხს კი კვირის ბოლოს ელოდება. 

მერიის პრესსამსახური და სტადიონების ადმინისტრაციები ამბობენ, რომ მათ კოალიციიდან რაიმე სახის მიმართვა გუშინ არ მიუღიათ.

"ჩვენ გაგზავნილი გვაქვს შეტყობინება, თხოვნა, რომ მოგვცენ ან ერთი, ან მეორე ადგილი ღონისძიების ჩასატარებლად 26 ან 27 მაისს. ტექნიკური მხარეები ახლა გვარდება. დამატებით დეტალებს - ზუსტ დროს, თარიღს და ადგილს მოგვიანებით შეგატყობინებთ.

"ვფიქრობთ, რომ პასუხი მერიიდან ამ კვირის ბოლოს გვეცოდინება. შესაბამისად, დეტალებზე ჯერ ვერაფერს გეტყვით, ეს რამდენიმე დღეში გადაწყდება", - უთხრა "რეზონანსს" ფანჯიკიძემ.

იმ შემთხვევაში, თუ სტადიონების ხელმძღვანელები კოალიციის თხოვნას უარით უპასუხებენ, ფანჯიკიძის განცხადებით, ისინი შეხვედრის ჩასატარებლად ალტერნატიულ ვარიანტს განიხილავენ.

მისივე თქმით, "ლაპარაკი ნაადრევია იმასთან დაკავშირებით, რა პასუხს მიიღებენ სტადიონების ხელმძღვანელობისგან".

"იქნებ უარს არც გვეუბნებიან?! მოვიცადოთ და ორშაბათის ბრიფინგზე ზუსტ ინფორმაციას მოგცემთ", - გვითხრა ფანჯიკიძემ.

საფეხბურთო კლუბ "დინამოს" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ლაშა დვალიშვილმა "რეზონანსთან" საუბრისას განაცხადა, რომ კოალიციისგან წერილობითი მიმართვა არ მიუღიათ.

"ჩემ ხელთ არსებული ინფორმაციით, ამ საკითხთან დაკავშირებით არავის არ მოუმართავს, ფედერაციაში და სტადიონზე არავინ მოსულა", - თქვა დვალიშვილმა.

თუმცა მიმართვის გაგზავნის შემთხვევაშიც კი, დვალიშვილი ამბობს, რომ "სტადიონზე რაიმე სახის ღონისძიების ჩატარება სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო ვერ მოხერხდება".

"სარემონტო სამუშაოები ორ თვეზე მეტია დაიწყო და წესით, მომდევნო სეზონის განახლებისთვის უნდა მოესწროს, სავარაუდოდ, აგვისტოს ბოლოსთვის. აგვისტოს ბოლომდე იქ ღონისძიების გამართვა ფიზიკურად შეუძლებელი იქნება.

"ვისაც ინტერესი აქვს, შეუძლია მივიდეს და ნახოს, რა სამუშაოები მიმდინარეობს სტადიონის გარე და შიდა პერიმეტრზე. სეზონის დასრულების შემდეგ ეს სამუშაოები კიდევ უფრო დიდ მასშტაბებს მიიღებს. აქედან გამომდინარე, სეზონის დასრულების შემდეგ შეუძლებელი იქნება "დინამოს" სტადიონზე რაიმე ღონისძიების ჩატარება. არა მარტო ხალხმრავალი ღონისძიება, საფეხბურთო მატჩის გამართვაც კი სტადიონზე შეუძლებელი იქნება", - ამბობს დვალიშვილი.

"რეზონანსს" დაახლოებით ასეთივე პასუხი გასცა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის უფროსმა ოთარ გიორგაძემ.

მისი თქმით, "ფეხბურთის ფედერაციისთვის არავის მოუმართავს. მაგრამ მომართვის შემთხვევაშიც კი, რაიმე სახის ღონისძიების ჩატარება "ლოკომოტივის" სტადიონზე სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო ვერ მოხერხდება.

"რეზონანსის" კითხვაზე, არის თუ არა დაგეგმილი საფეხბურთო მატჩი 26 ან 27 მაისს "ლოკომოტივის" სტადიონზე, გიორგაძემ უპასუხა, რომ "შესაძლოა, "ლოკომოტივზე" 26 მაისს საქართველოს თასის ფინალი ჩატარდეს.

მერიის პრესსამსახურის წარმომადგენლის, თეა შათირიშვილის განცხადებით, კოალიციის მიმართვა არც მერიის კანცელარიაში შეუტანიათ.

"მერიაში მსგავსი მომართვა ამ დროისთვის შემოსული არ არის. ამიტომ არც ის არის ჩვენთვის ცნობილი, თუ სად უნდათ შეხვედრის ჩატარება. როდესაც შეხვედრა კონკრეტულ ადგილზე იმართება, წერილში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული იმ ადმინისტრაციის სახელზე წერილობითი შეტყობინება. მერიაში ასეთი რამ შემოსული არ არის", - ამბობს შათირიშვილი.

მისივე თქმით, "მერიის ნებართვა იმ შემთხვევაშია საჭირო, თუ გზის გადაკეტვა ხდება, ან სხვა რაიმე სახის შეზღუდვები გზაზე. შეტყობინება ტერიტორიის შესახებ უნდა შეიტანონ მერიის კანცელარიაში, რაც ამ დროისთვის შემოტანილი არ არის. რამდენ ხანში უნდა განიხილოს მერიამ შეტყობინება, ამის გონივრული ვადა არ ვიცი, ვერ გეტყვით. ერთადერთი ის შემიძლია გითხრათ, რომ განცხადება კანცელარიაში უნდა მიიტანონ".