თავდაცვის სამინისტრო ძალიან დაბალი კვალიფიკაციის, არაპროფესიონალების ხელში აღმოჩნდა

თავდაცვის სამინისტრო ძალიან დაბალი კვალიფიკაციის, არაპროფესიონალების ხელში აღმოჩნდა

საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 21 წელი შეუსრულდა. ამ ხნის განმავლობაში არმიამ ქვეყანასთან ერთად რთული გზა გაიარა. ქართველმა ჯარისკაცებმა სამშობლოსთვის თავგანწირვა არაერთხელ დაამტკიცეს.

სამხედროებს პროფესიული დღე პარლამენტის სპიკერმა დავით ბაქრაძემ მიულოცა: „მათ ვუსურვებ, რომ, პრაქტიკულად, საკუთარი თავგანწირვისა და სიმამაცის ჩვენება ჩვენი ქვეყნის დასაცავად არასდროს დასჭირდეთ. თუმცა ყველამ, მტერმაც და მოყვარემაც – ვიცით და უნდა ვიცოდეთ, რომ საქართველოს მართლაც უმაღლეს დონეზე მომზადებული და მოტივირებული შეიარაღებული ძალები ჰყავს. ისინი ჩვენს ქვეყანას ყოველთვის დაიცავენ“.

მისი თქმით, ქართველი ხალხი ბოლო პერიოდში დიდი ცვლილებების მოწმეა - ხდება ქართული სამხედრო ტექნიკური კომპლექსის ჩამოყალიბება, რაც 2-3 წლის წინ, პრაქტიკულად, წარმოუდგენელი იყო:

„საქართველო დღეს ისეთ ურთულეს სამხედრო დანადგარებს უშვებს, როგორიც ჯავშანმანქანები და უპილოტო თვითმფრინავებია. ეს კი თავდაცვის სისტემაში დიდი სისტემური გარღვევაა. ამავდროულად, ეს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ძალიან მნიშვნელოვანი ზრდაა. ამასთან, ეს ყველა ჩვენი მოქალაქისთვის მნიშვნელოვანი და სასიცოცხლოა. ქვეყანა დაცული უნდა იყოს. ჩვენს შეიარაღებულ ძალებს ვუსურვებ, რომ მომავალშიც ასეთივე მომზადებულები და მოტივირებულები ყოფილიყვნენ, თუმცა – მშვიდობიან დროს“.

მოკლედ, თუ ბაქრაძის სიტყვებს ვენდობით, მალე დანა-ჩანგლით ბრძოლა წარსულს ჩაბარდება, ხოლო თუ სააკაშვილის პათოსს გავითვალისწინებთ, არ არის გამორიცხული, რომ საკუთარი წარმოების ფრთოსანი რაკეტები საქართველომ პლანეტის რომელიმე რეგიონში განათავსოს.

შეიარაღებულ ძალებში არსებულ რეალურ მდგომარეობაზე უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტს, ირაკლი სესიაშვილს ვესაუბრებით. 

2008 წლის აგვისტოს ტრაგედიის შემდეგ რამდენად შეძლო არმიამ არსებული ხარვეზების გამოსწორება; ამ თვალსაზრისით სამინისტროში არსებულ ვითარებას როგორ შეაფასებთ? 

- პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ თავდაცვის სამინისტრო ყველაზე დაბალი გამჭვირვალობით გამოირჩევ, ამიტომ ძნელია, რიგითმა მოქალაქეებმა, თუნდაც ექსპერტებმა გააკეთონ სრულყოფილი ანალიზი. ვხედავთ, რომ აგვისტოს ომის შემდეგ გარკვეული რეფორმები განხორციელდა; გაუქმდა საჰაერო და საზღვაო ძალები; გაერთიანებული შტაბი ფაქტობრივად აღარ არსებობს, რადგან მასში მხოლოდ სახმელეთო ჯარი შედის. 2008 წლის აგვისტოს შემდეგ სათავეში ჯერ დავით სიხარულიძე და მის შემდგომ ბაჩო ახალაია მოვიდა. თავდაცვის სამინისტრო ძალიან დაბალი კვალიფიკაციის, არაპროფესიონალების ხელში აღმოჩნდა.

სამხედრო პოლიცია, რომელიც თავისი არსით სამხედრო სტრუქტურაა, ბაჩო ახალაიამ თავის დაქვემდებარებაში მოიქცია - გაერთიანებულ შტაბს გამოაცალა. ეს უწყება ჯარზე კონტროლის, ჯარის სადამსჯელო მექანიზმად აქცია. როგორც ჩემთვისა არის ცნობილი, ამან გარკვეული უკმაყოფილება გამოიწვია. სამხედრო პოლიციის ძირითადი ფუნქცია დისციპლინაზე ზედამხედველობა და მისი განხორციელების უზრუნველყოფაა. ახალაიამ კი სამხედრო პოლიციელს არაფუნქციურად, შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებზე უხეში ჩარევის საშუალება მისცა. ამავე პერიოდში, ბაჩო ახალიამ გარკვეული წმენდები ჩაატარა; რამდენიმე ასეული სამხედრო ოფიცერი სამსახურიდან დაითხოვეს. გაიზარდა წვევამდელთა რაოდენობა შეიარაღებულ ძალებში. ამ დროს, თავისთავად, საკონტრაქტო მოსამსახურეთა რიცხოვნობა მცირდება. როგორც ჩანს, თავდაცვის სამინისტროს საკონტრაქტო მოსამსახურეების გარკვეული დეფიციტი აქვს. ეს, პირველ რიგში, ალბათ არასწორი მმართველობის შედეგია. მეორე მხრივ, შეიარაღებულ ძალებში შექმნილი გარემო მოქალაქეებისთვის მიმზიდველი არ არის. გარკვეული დისკომფორტი რაც შეიარაღებულ ძალებშია, პროფესიონალი კადრების გადინებაზე აისახება.

 

თქვენ თავიდანვე გამჭვირვალობის დაბალ დონეზე  გაამახვილეთ ყურადღება...

–  სულ რამდენიმე ხნის წინ, სამინისტრო ერთ–ერთი ყველაზე გაუმჭვირვალე სახელმწიფო უწყებად აღიარეს. ბიუჯეტის კონტროლო სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან ფაქტობრივად არ ხორციელდება. მაგალითისთვის, სამინისტროს ჰყავს ორი პროფესიონალური სპორტული გუნდი. იმ ფონზე, როდესაც უწყებას ბოლო პერიოდში დაფინანსება შეუმცირდა და ყოველი თეთრი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას უნდა მოახმაროს.

სპორტის მიმართ პრეტენზიები არ მაქვს; პირიქით დიდი მოყვარული ვარ, თავად სპორტსმენი ვიყავი, მაგრამ არ შეიძლება თავდაცვის ბიუჯეტის ხარჯზე, სამინისტრომ ორი პროფესიული გუნდი შეინახოს. ამას ხაზს ვუსვამ, რადგან მსოფლიოში აპრობირებულია მოყვარული გუნდები, რომლებიც შეიარაღებული ძალების წევრებით კომპლექტება. ამ შემთხვევაში კი, პროფესიული გუნდები ლეგიონერებთან ერთად სამინისტროს ძვირი სიამოვნება უჯდება.

ასეთივე ვითარებაა შსს–ში, რომელსაც რაგბის და კალათბურთის გუნდები ჰყავს. უსაფრთხოებაზე აუცილებელი სახსრები ამ მიმართულებით გაედინება. გაურკვეველია ამას სპორტის სამინისტრო რატომ არ აკეთებს. ეს იმაზე მიუთითებს, რომ უპასუხისმგელო ხელისუფლება ანგარიშვალდებულად თავს არ თვლის. ეს დარღვევაა და ამაზე პასუხი უნდა აგონ.

 

რაც შეეხება ახალი სამხედრო ტექნიკის წარმოებას...

– სამინისტრომ იმ პროექტების დაფინანსება დაიწყო, რომლის ფარგლებშიც საბრძოლო მანქანები გამოვიდა. ასევე სხვადასხვა სამხედრო ტექნიკური საშუალებები. ეს ძალიან კარგი და მისასალმებელია, თუ შესაბამისი გათვლაა, ანუ სახელმწიფო ამას რამდენად სწორად გამოიყენებს, რამდენად ეფექტურია ეს ტექნიკური საშუალებები და რამდენად მისაღებ ფასად ჯდება ეს ყოველივე. ყველაფერი თუ არ გაითვალა, შეიძლება მოკლევადიან პერსპექტივაში ეს მისაღები იყოს, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში კი მისი წარმოება სახელმწიფოსთვის არაეფექტური და არამომგებიანი აღმოჩნდეს.

სხვა საკითხია, რამდენად ხარისხიანია ეს საშუალებები. სამხედრო ტექნიკის გამოცდა წლობით მიმდინარეობს და მხოლოდ ამის შემდეგ მიემართება შეიარაღებაში. მაგრამ, ჯანდაბას - ამაზე თვალს დავხუჭავთ. მთავარია კარგი, გამოსადეგი იყო და ამ სახსრების დახარჯვა რაციონალურად მოხდეს. პრეზიდენტმა ამ იარაღის პრეზენტაციებზე თქვა, რომ რეზერვისტებს ყუმბარმტყორცნები დავურიგოთო. ამ სფეროში ბევრი რომ არაფერი გაეგება, ეს ცნობილია, მაგრამ პირველ პირს ვიღაცამ ხომ უნდა განუმარტოს, თუ რაზე ილაპარაკოს. ასევე არასერიოზულია საუბარი იმაზე, რომ ჩვენ საექსპორტო ქვეყანა გავხდებით.  

 

ცნობისთვის, საქართველოს შეიარაღბული ძალები – სამხედრო ძალების ძირითადი და არასაომარ მდგომარეობაში ერთადერთი სამხედრო ორგანიზაცია, რომლის დანიშნულებაა საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა, აგრეთვე საქართველოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებათა შესრულება. სახელმწიფო მართვის ორგანოა საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, ხოლო ოპერატიული მართვისა - გაერთიანებული შტაბი. საქართველოს შეიარაღებული ძალები შედგება სახმელეთო ჯარებისაგან. შეიარაღებული ძალების რეზერვს აყალიბებს და ორგანიზაციას უწევს საქართველოს ეროვნული გვარდია.

შეიარაღბული ძალების რაოდენობა განისაზღვრება საქართველოს კანონით „საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ“. 2010 წლის მონაცემებით ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში ირიცხებოდა 37000 მდე სამხედრო მოსამსახურე. სახმელეთო ჯარები (35000), სამხედრო-საჰაერო ძალები (1300), სამხედრო-საზღვაო ძალები (400). რეზერვში ირიცხებოდა 60000 ადამიანი.

2012 წლისთვის საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობა (სამხედრო მოსამსახურეთა შტატი) განსაზღვრულია არა უმეტეს 37000 კაცისა.