ვინ არის თამაზაშვილი, მეტსახელად,

ვინ არის თამაზაშვილი, მეტსახელად, "ძიგო", რომელსაც ივანიშვილი, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, შსს-ში წამყვან თანამდებობაზე დანიშნავს

 

"როდესაც ჩვენ მოვალთ ხელისუფლებაში, თამაზ თამაზაშვილი დაიჭერს ერთ-ერთ წამყვან თანამდებობას შინაგან საქმეთა სამინისტროში _ მას ამის კარგი გამოცდილება აქვს", _ განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე. 

კახეთის პოლიციის სამმართველოს ყოფილი უფროსის, თამაზ თამაზაშვილის დაკავებას თავიდანვე ბიძინა ივანიშვილის გააქტიურებას უკავშირებდნენ _ თამაზაშვილის სიძე, ქალიშვილის ქმარი, ირაკლი ღარიბაშვილია, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ფონდის ხელმძღვანელი და ბანკი "ქართუს" სამეთვალყურეო საბჭოს წევრია. ამასთან, თამაზაშვილის დაკავებასთან ერთად, დედოფლისწყაროს გამგეობიდან გაათავისუფლეს ირაკლი ღარიბაშვილის მამაც – ტარიელ ღარიბაშვილი, რომელიც სოფელ ხორნაბუჯის გამგებლის თანამდებობაზე მუშაობდა. თამაზაშვილის აყვანა, ღარიბაშვილის გათავისუფლება და ბიძინა ივანიშვილის განცხადებების გავრცელება პოლიტიკაში მოსვლის შესახებ პარალელურ რეჟიმში ხდებოდა.

ბიძინა ივანიშვილი: "დღეს არის თამაზ თამაზაშვილის სასამართლო პროცესი, რომელიც არის ჩემი ახლობლის, ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრი. მას შემდეგ, როდესაც გავაკეთე განცხადება პოლიტიკაში მოსვლის შესახებ, ტრადიციული წესით, ავტომატის ჩადებით დააკავეს...

საინტერესოა როგორ განვითარდა მოვლენები მოგვიანებით: ირაკლი ღარიბაშვილი საღამოს ადის სამსახურში. იგი იმ პერიოდში გახლდათ საქველმოქმედო ფონდ "ქართუს" პრეზიდენტი. იქ შეკრებილი იყვნენ წამყვანი თანამშრომლები, რომლებიც გიგა ჩრდილელს ჰყავდა შეკრებილი. დაუძახეს ირაკლი ღარიბაშვილს და უთხრეს: "ჩვენ, ყველა გადავდივართ. გვათავაზობენ სამსახურს და შენც უნდა წამოხვიდე ჩვენთან ერთად". ირაკლიმ უთხრა, რომ ამის სურვილი მას არ გააჩნია, რაზედაც გიგამ შეახსენა: "შენი სიმამრიც ხვალვე გათავისუფლდება, თუ წამოხვალ". (ირაკლიმ ზუსტად ხუთი წუთით ადრე გაიგო სიმამრის დაკავების შესახებ), მაგრამ ირაკლიმ ამაზე უარი განაცხადა. ამის შემდეგ მე მქონდა თათბირი ირაკლისთან, შევთავაზე, "რადგან ოჯახია, შესაძლებელია, რამე თამაში გავახორციელოთ. იქნებ, ჯობდეს სიმამრი გავათავისუფლოთ". ოჯახში განიხილა ეს საკითხი ირაკლიმ, თამაზ თამაზაშვილსაც აცნობეს ამ წინადადების შესახებ. ბატონმა თამაზმა საკმაოდ მკვეთრი პოზიცია დაიჭირა და განაცხადა: საქმე ბევრია გასაკეთებელიო და ღარიბაშვილს უთხრა, არც ერთ შემთხვევაში არ წასულიყო სამსახურიდან. ასეთი ადამიანი გახლავთ თამაზ თამაზაშვილი. მისმა პოზიციამ გადაწონა და ჩვენი გადაწყვეტილებაც ამაზე დაფუძნდა _ ირაკლი ღარიბაშვილმა უარი განაცხადა სამსახურიდან წასვლაზე."

თამაზ თამაზაშვილი, რომელსაც კახეთში მეტსახელად "ძიგოთი" იცნობენ, 1997-2000 წლებში დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა, ხოლო შს კახეთის სამხარეო პოლიციას 2000-2002 წლებში ხელმძღვანელობდა.

"თამაზაშვილი დაახლოებული იყო დედოფლისწყაროს პოლიციის ამჟამინდელ ხელმძღვანელობასთან და კუდ-ის თანამშრომლებთან. საკუთარი თვალით მაქვს ნანახი, რომ ძალიან ხშირ და ახლო ურთიერთობაში იყო სამართალდამცველებთან, მიუხედავად იმისა, რომ ის ამ სფეროდან 9 წელია გათავისუფლებულია. ამას ადგილობრივი მოსახლეობაც ამჩნევდა და დაფარული არავისთვის ყოფილა.

თუკი თამაზაშვილს უკანონო იარაღი მანამდეც ჰქონდა, უცნაურია, რომ სამართალდამცველებმა ის სწორედ ბიძინა ივანიშვილის გააქტიურების შემდეგ აღმოუჩინეს.

პირადად მე, მის მეზობლად ვცხოვრობ და ხშირად ვხედავდი, რომ თამაზაშვილი ბოლო დროს დედოფლისწყაროში თავისუფლად გადაადგილდებოდა და ფერმერულ საქმიანობას ეწეოდა, მიწის ნაკვეთებს ამუშავებდა. რამდენიმე სუპერმარკეტის მშენებლობაც ჰქონდა დაწყებული და არანაირ პოლიტიკურ პროცესებში ჩარევას არ ცდილობდა _ ამბობდა, მშვიდი ცხოვრება მინდაო. დაკავების ერთადერთი მიზეზი ისაა, რომ მისი ქალიშვილის მეუღლე ივანიშვილის ფონდს ხელმძღვანელობს. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს ძალადობის გამოვლინებაა და ხელისუფლების მხრიდან სადამსჯელო ოპერაციას ჰქონდა ადგილი. რაც შეეხება ფონდის ხელმძღვანელის მამის გამგეობიდან გათავისუფლებას, ცინიზმია, როცა გვარწმუნებენ, რომ ტარიელ ღარიბაშვილსაც თანამდებობის დატოვების სურვილი სწორედ ახლა გაუჩნდა. მით უმეტეს, ამ ფაქტის შეფასებისას დედოფლისწყაროს გამგებლის მოადგილე თავის მართლებას ცდილობს და უსირცხვილოდ აცხადებს, რომ, თურმე, ღარიბაშვილს "ოჯახური პირობების" გამო, განცხადება ივანიშვილის გამოჩენამდე ერთი დღით ადრე დაუწერია. უდავოა, რომ ღარიბაშვილს წასვლა აიძულეს, ანდა იმდენად დააშინეს, რომ გარიდება არჩია. დედოფლისწყაროს გამგებელს მინდა ვკითხო, თუ ღარიბაშვილი მართლაც თავისი სურვილით წავიდა და ხელისუფლების მხრიდან ზეწოლას ადგილი არ ჰქონია, მაშინ აგვიხსნან, რწმუნებულს გულის პრობლემები რატომ შეექმნა და რატომ არიან მისი ოჯახის წევრები ასე შეშინებულები?", – განაცხადა თამაზაშვილის დაკავებისასა პოლიტიკური მოძრაობა ,,თავისუფალი საქართველოს"'' დედოფლისწყაროს ორგანიზაციის თავმჯდომარემ თამილა გურაშვილმა.

როგორც დაკავებულის ახლობლები აცხადებენ, კახეთის პოლიციის ყოფილი უფროსი თამაზაშვილი თბილისში დააპატიმრეს. დაუდასტურებელი ინფორმაციით, დაკავების დროს თამაზ თამაზაშვილის ავტომანქანიდან ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს.

ჩხრეკა დედოფლისწყაროში, ძნელაძის ქუჩაზე მდებარე თამაზაშვილის საცხოვრებელ ბინაში, დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა ჩაატარეს. დაუდასტურებელი ინფორმაციით, იარაღი თამაზაშვილის ბინიდანაც ამოიღეს.

ბიძინა ივანიშვილი: "მას შემდეგ გავიდა ექვსი თვე. მიმდინარეობს გამოძიება. რაღაც დაჟანგულ ავტომატი ჩაუდეს. ეს გახლავთ პოლიციის გენერალი. ყოფილი თანამშრომელია.

მოგეხსენებათ, ჩვენს ქვეყანაში, სააკაშვილის საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, ნებისმიერი პიროვნებას შეუძლია დღეგამოშვებით კაცი მოკლას, შემდეგ მიაღწევ საპროცესო შეთანხმებას, ფულს გადაიხდი და გამოხვალ.

თამაზ თამაზაშვილის შემთხვევაში საპროცესო შეთანხმება ვერ შედგა. დარწმუნებული ვარ, სასამართლო ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, როგორც სააკაშვილს სურს.

თამაზაშვილმა პრინციპული პოზიცია დაიჭირა. მან საკუთარ თავისუფლებას ანაცვალა ის მიზნები, რაც ჩვენ გაგვაჩნია. იგი იქნება ჩვენი პარტიის წევრი."

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძეს გადაწყვეტილებით, ბიძინა ივანიშვილის თანაპარტიელ ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრს, კახეთის პოლიციის ყოფილ უფროსს თამაზ თამაზაშვილს სასჯელის სახით 3,6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. თამაზაშვილი სასამართლომ დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების საფუძველზე სცნო. აღნიშნული მუხლი ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვასა და ტარებას ითვალისწინებს.

როგორც თამაზაშვილის ადვოკატმა ლილი გელაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, დაცვის მხარე ერთი თვის ვადაში ამ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში აუცილებლად გაასაჩივრებს. მისივე თქმით, კახეთის პოლიციის ყოფილი უფროსი თამაზაშვილი ცოტა ხნის წინ საპატიმროში ნერვიულობის საფუძველზე შეუძლოდ გახდა, გულის შეტევის შედეგად იგი ციხის საავადმყოფოშიც გადაიყვანეს. ადვოკატის განმარტებით, ამ ეტაპზე თამაზაშვილი აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ ზეწოლა არ ხორციელდება.