სახალხო დამცველმა კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ 2012 წლის მარტში მოქალაქეთათვის ახსნა-განმარტებების ჩამორთმევის მასალების შესწავლისას არაერთი კონკრეტული უფლებადარღვევის ფაქტი დააფიქსირა.
ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, გიორგი ტუღუშმა შესაძლო უფლებადარღვევათა ფაქტების შესწავლა 15 მარტს საკუთარი ინიციატივით დაიწყო და შესაბამისი რეკომენდაციები და წინადადებები კონტროლის პალატის თავმჯდომარეს, ლევან ბეჟაშვილს გადაუგზავნა.
სახალხო დამცველმა ასევე კონტროლის პალატას მიმართა წინადადებით, დაიწყოს დისციპლინური წარმოება იმ მოხელეთა მიმართ, რომელთა ქმედებებმაც კონკრეტულ შემთხვევებში უკვე ხელყო მოქალაქეთა უფლებები და თავისუფლებები.
Presa.ge tv სახალხო დამცველის მიმართვის ტექსტს სრულად გთავაზობთ:
"როგორც მოგეხსენებათ, 2012 წლის 13 და 14 მარტს საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში (მათ შორის ქუთაისში, ზუგდიდში, ფოთში, ბათუმში, საგარეჯოში, გურჯაანში, ლანჩხუთში, ჩოხატაურში) საქართველოს კონტროლის პალატის მიერ "პოლიტიკური სუბიექტების მოჩვენებითი, თვალთმაქცური გარიგების გზით დაფინანსების ფაქტზე ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობისას ახსნა–განმარტებების მიცემის მიზნით" დაბარებულ იქნა ათეულობით ფიზიკური პირი.
მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს კონტროლის პალატის მიერ ზემოაღნიშნული პროცედურების წარმოებისას ხსენებული პირების ადვოკატებს ზოგიერთ შემთხვევაში არ მიეცათ შესაძლებლობა სრულყოფილად განეხორციელებინათ საკუთარი უფლებამოსილება. ასევე პრეტენზიები გამოითქმოდა მედიასაშუალებებისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შეზღუდვასთან დაკავშირებით, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ ამ უკანასკნელთ არ მიეცათ საშუალება დასწრებოდნენ ახსნა-განმარტებების ჩამორთმევის პროცესს. 14 მარტს კონტროლის პალატის ვებ-გვერდზე ასევე გამოქვეყნდა ამონარიდები გამოკითხულ პირთა ახსნა-განმარტებებიდან, რომლითაც საჯარო გახდა ისეთი კერძო საკითხები, რომლებიც შეეხებოდა ახსნა-განმარტების მიმცემ პირთა ჯანმრთელობას, შემოსავლებს და სხვა კერძო საკითხებს.
2012 წლის 15 მარტს, კანონით მონიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საკუთარი ინიციატივით დავიწყე ზემოაღნიშნული საკითხის შესწავლა, რათა შემეფასებინა, ჰქონდა თუ არა ადგილი საქართველოს კონტროლის პალატის მიერ განხორციელებული ადმინისტრაციული წარმოებისას როგორც ახსნა-განმარტების მისაცემად დაბარებული პირების, ისე ჟურნალისტების კანონმდებლობით გარანტირებული უფლებების დარღვევას.
აღნიშნული საქმის სრულყოფილი შესწავლის მიზნით, 2012 წლის 15 მარტს ჩვენს მიერ საქართველოს კონტროლის პალატისაგან გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია და მასალები წარმოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
2012 წლის 26 მარტის საქართველოს კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის წერილით გვეცნობა, რომ 2012 წლის 2 მარტს, ყველა პოლიტიკური სუბიექტისაგან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია მიმდინარე წლის 1 იანვრიდან 1 მარტამდე პერიოდში გაწეულ ფინანსურ ანგარიშბრუნვასთან დაკავშირებით.
როგორც ჩვენდამი გამოგზავნილ წერილშია აღნიშნული, ფინანსური ანგარიშგების დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად სამუშაო ჯგუფმა ცალკეული პოლიტიკური სუბიექტების, მათ შორის ააიპ "მოძრაობა ქართული ოცნების" მიერ წარმოდგენილ მასალებში უზუსტობები დაადგინა. გამომდინარე ზემოთქმულიდან მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, დარღვევის უფრო ამომწურავად შესწავლის მიზნით, დამატებითი ღონისძიებების გატარება და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე, რომლის საფუძველზეც მოხდა იმ პირთა გამოკითხვა, რომელთაც გარკვეული მომსახურება გაუწიეს პოლიტიკურ სუბიექტს.
როგორც წერილიდან ირკვევა, გამოსაკითხი პირები წარმოებისას დაბარებული იყვნენ მოწმის სტატუსით, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამის შესახებ თვალნათლივ მითითებული უწყებაში არ ყოფილა.
წერილში ასევე აღნიშნული იყო, რომ "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 342 მუხლის მე–9 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს კონტროლის პალატა ხელმძღვანელობდა "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით" დადგენილი წარმოების წესების დაცვით, რომელსაც არაფერი აქვს საერთო მარტივ, ფორმალურ და საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესთან.
საქართველოს კონტროლის პალატის მიერ ადმინისტრაციული საქმის წარმოების პროცესში სხვადასხვა პირებისგან მიღებული ახსნა–განმარტებები არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის მასალები, რომლის საჯაროობის წესს, გამჭვირვალობის პრინციპის გათვალისწინებით, ადგენს საქართველოს კონტროლის პალატა.
საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულებისთვის აღნიშნულ საკითხთან (საქართველოს კონტროლის პალატაში მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოება) დაკავშირებით მიცემულ ახსნა–განმარტებებში სხვადასხვა მედიასაშუალებების ჟურნალისტები აფიქსირებდნენ საქართველოს ცალკეულ ქალაქებში (ქუთაისი, ზუგდიდი, ზესტაფონი, გორი და სხვა) საქართველოს კონტროლის პალატის მიერ პოლიტიკური პარტიების წევრების გამოკითხვისას ადმინისტრაციულ შენობებში მათი თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვისა და იმავდროულად, ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელების ხელშეშლის ფაქტებს, რასაც უკავშირებენ მხოლოდ კონტროლის პალატის საქმიანობას.
ამასთანავე, ნიშანდობლივია, რომ საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულებისთვის ზემოხსენებულ საკითხთან დაკავშირებით მიცემულ ახსნა–განმარტებებში საქართველოს კონტროლის პალატის მიერ გამოძახებული პოლიტიკური პარტიების ათეულობით წევრი, მოხალისეები და მათი კანონიერი წარმომადგენლები ხაზს უსვამდნენ იმ გარემოებას, რომ საქართველოს სხვადასხვა ქალაქების ადმინისტრაციულ შენობებში შესვლის შემდგომ სახელმწიფო დაცვის პოლიციის თანამშრომლები ატარებდნენ მათ დეტალურ შემოწმებას (როგორც დეტექტორით, ისე ხელით), ხდიდნენ ტანსაცმელს და ფეხსაცმელს, ართმევდნენ პირად ნივთებს და სხვა.
აღნიშნულ ფაქტს უფრო სარწმუნოს ხდის ის გარემოება, რომ 2012 წლის 15 მარტს, ზესტაფონში საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები თავად იმყოფებოდნენ იმ ადმინისტრაციულ შენობაში, სადაც გამოსაკითხ პირებს ახსნა-განმარტებებს ართმევდნენ. როგორც ჩვენმა დაკვირვებამ ცხადყო, მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში მოქალაქეთა გამოცხადების აღრიცხვას და მათ ახსნა–განმარტების მისაცემ ოთახში წარდგენას ახორციელებდნენ სახელმწიფო დაცვის პოლიციის თანამშრომლები. ისინი ყოველი გამოძახების შემდეგ ოთახში შესვლამდე შესაბამის პირს უტარებდნენ შემოწმებას დეტექტორით და ხელით. არ აძლევდნენ მოქალაქეებს საშუალებას, გამოსაკითხ ოთახში შეეტანათ პირადი ნივთები (ტელეფონი, საათი, საქაღალდე და სხვა). შემოწმება ანალოგიური სახით უტარდებოდათ ადვოკატებს, რომლებსაც ასევე არ მისცეს საშუალება გამოსაკითხ ოთახში შეეტანათ ჩანთები, რომლებშიც ჰქონდათ საკანონმდებლო აქტები. ახსნა–განმარტების მიცემის დასრულების შემდეგ სახელმწიფო დაცვის პოლიციის თანამშრომლები გამოკითხულ მოქალაქეებს არ აძლევდნენ საშუალებას გაჩერებულიყვნენ შენობაში, მათ შორის, ჩვენთან გასაუბრების მიზნითაც და უშუალოდ აცილებდნენ მათ შენობიდან. ერთ–ერთ შემთხვევაში მოქალაქის საპირფარეშოში გასვლისას სახელმწიფო დაცვის პოლიციის თანამშრომელმა უფლება არ მისცა მას გასულიყო დამოუკიდებლად. გამოკითხული მოქალაქეებიდან არც ერთმა არ იცოდა, თუ რა სახის წარმოება მიმდინარეობდა საქართველოს კონტროლის პალატაში და რა საფუძვლით იყვნენ დაბარებულნი.
აღნიშნულ საკითხს კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდიდა უწყების შინაარსობრივი გაუმართაობა. უწყებაში ერთის მხრივ აღნიშნული იყო, რომ პირს უფლება (და არა ვალდებულება) ქონდა მიეცა ახსნა-განმარტება, ხოლო მეორეს მხრივ ხდებოდა მითითება ახსნა განმარტების მიცემის ვალდებულებაზე.
2012 წლის 20 აპრილს, ჩვენი მიმართვის საფუძველზე საქართველოს კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურისგან მივიღეთ ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობისას გამოსაკითხად გამოძახებული 40-მდე პირის მიერ მოცემული ახსნა–განმარტების ასლი.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ ხსენებული დოკუმენტაციის შესწავლის შემდეგ გამოიკვეთა ადამიანის უფლებათა შეზღუდვისა და დარღვევების ფაქტები, რომლებიც ქვემოთ არის წარმოდგენილი პარაგრაფებად, ხოლო თითოეული პარაგრაფის ბოლოს მოცემულია ჩვენი ხედვა და რეკომენდაციები აღნიშნული პრობლემების აღმოსაფხვრელად.
1. დასაბარებელ პირთა სტატუსი, მათი უფლებები და უწყებათა ბუნდოვანება - როგორც წარმოდგენილი მასალების შესწავლამ ცხადყო, ადამიანის უფლებათა კუთხით ერთ-ერთი მთავარი პრობლემა გახლდათ ახსნა-განმარტებების მისაცემად დაბარებულ პირთა სტატუსის ბუნდოვანება, რაც საკუთრივ წარმოშობდა დაბარებულ პირთა უფლებრივი მდგომარეობის ბუნდოვანებას.
როგორც ჩვენს მიერ მიღებული დოკუმენტაციიდან ირკვევა, გამოსაკითხ პირთა დაბარება ხდებოდა ახსნა-განმარტების მისაცემად და უწყებაში ნახსენები არ ყოფილა, რომ ისინი მოწმედ იყვნენ დაბარებულნი.
ამავდროულად, უწყებაში ერთი მხრივ საუბარი იყო გამოსაკითხი პირის უფლებებზე, სადაც მოხსენიებული იყო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლი (რომელიც შესაძლო ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის უფლებებს განმარტავს), ხოლო მეორე მხრივ უწყებაში მითითებული იყო მათ მიერ ახსნა-განმარტების მიცემის სავალდებულობის შესახებ. აღნიშნული ორი ჩანაწერი რიგ შემთხვევებში ურთიერთსაწინააღმდეგო შინაარსის მატარებლად გვევლინება. (მაგალითად შესაძლო სამართალდამრღვევს უფლება აქვს არ მისცეს ახსნა-განმარტება, ხოლო მოწმე ვალდებულია მისცეს ახსნა განმარტება).
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, ცალსახაა, რომ საქართველოს კონტროლის პალატის მიერ პოლიტიკური პარტიების წევრებისათვის გაგზავნილი უწყებები არ იყო მკაფიო, არ იძლეოდა შესაძლებლობას ადრესატებს ადეკვატურად შეეცნოთ მათი სამართლებრივი მდგომარეობა.
უწყებათა ნაწილში ასევე არ იყო მითითებული ზუსტი მისამართი, სადაც უნდა მისულიყვნენ ახსნა განმარტების მისაცემად შესაბამისი პირები. მართალია უწყებაში მითითებული იყო ქუჩა და შენობის ნომერი, მაგრამ მითითებული არ ყოფილა ქალაქი (მუნიციპალიტეტი).
მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი პირის მიმართ, რომელიც, შესაძლოა, სახელმწიფო კომპეტენტური ორგანოს მიერ დაბარებული იქნას მოწმის სახით ახსნა-განმარტების მისაცემად, დაკმაყოფილებული უნდა იყოს ადამიანის უფლებათა ის მინიმალური სტანდარტები, რომელიც უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციითა და იმ ადამიანის უფლებათა შესახებ არსებული საერთაშორისო შეთანხმებებით, რომლის მონაწილეც არის საქართველო.
ჩვენს მიერ მიღებული ინფორმაციით ირკვევა, რომ კონტროლის პალატის უფლებამოსილ მოხელეთა მხრიდან უწყებაში 252-ე მუხლის მითითება განპირობებული იყო იმით, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 256-ე მუხლი არ ითვალისწინებს მოწმისათვის უფლებების განმარტებას. ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი როგორც შინაარსობრივად, ასევე სისტემურად მოძველებული აქტია და საჭიროა სახელმწიფოს მხრიდან მიღებული იქნას ახალი საკანონმდებლო აქტი, თუმცა ამ კოდექსში მოწმისათვის სათანადო გარანტიების არარსებობა არ შეიძლება გახდეს საფუძველი შესაბამისი პირის უფლებების უგულებელყოფისა.
მიგვაჩნია, რომ საქართველოს კონსტიტუცია და ადამიანის უფლებათა შესახებ საერთაშორისო აქტები, რომლის მონაწილეც საქართველოა, სრულად აყალიბებს იმ სტანდარტებს, რომელიც გამოსადეგი იქნება მსგავს შემთხვევებში მოწმისათვის საკუთარი უფლებების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მისაწოდებლად.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს კონსტიტუცია ადამიანის უფლებებს პირდაპირი მოქმედების ძალას ანიჭებს და მას განიხილავს როგორც უშუალოდ მოქმედ სამართალს, ხოლო სახელმწიფო ყოველთვის შეზღუდული უნდა იყოს ამ უფლებებითა და თავისუფლებებით.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოგმართავთ რეკომენდაციით, მოწმეთა ახსნა-განმარტების მისაცემად დაბარებისას, უწყებაში აისახოს და დასაბარებელ პირებს განემარტოთ საკუთარი უფლებები და თავისუფლებები (მათ შორის დამცველის მოწვევის უფლება, საკუთარი თავისა და ახლობელ პირთა წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის უფლება და სხვა), ახსნა-განმარტების მისაცემად დაბარების საფუძველი და ეცნობოთ კონკრეტულად თუ რომელი ფაქტის (ფაქტების) შესახებ უნდა მისცენ ახსნა განმარტება.
2. არასამუშაო საათები და გართულებული შემოწმება - როგორც საქმეთა შესწავლამ ცხადყო, პრობლემატურ საკითხს წარმოადგენს არასამუშაო საათებში პირთა დაბარება ახსნა-განმარტებების მისაცემად. ბუნებრივია, როდესაც შესაბამისი ორგანოს მიერ ინფორმაციის დაგვიანებამ შეიძლება არსებითად იმოქმედოს საქმის საბოლოო ბედზე, სახელმწიფოს სრული უფლება აქვს ნებისმიერ დროს დაიბაროს ესა თუ ის პირი ინფორმაციის მისაწოდებლად. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ეს ვერ გამოდგება ამ კონკრეტულ შემთხვევებში გამოსაკითხ პირთა არასამუშაო საათებში ახსნა-განმარტებების მისაცემად დაბარების გასამართლებლად. გამოკითხულ პირთა დიდი ნაწილი არასამუშაო საათებში მათთვის ახსნა-განმარტებების ჩამორთმევას მტკივნეულად აღიქვამდა და მათში უკმაყოფილებას იწვევდა. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი მათგანისათვის მათივე განცხადებით ახსნა-განმარტების ჩამორთმევა რამდენიმე საათიანი დაგვიანების შემდეგ დაიწყო, რაც დამატებით დისკომფორტს უქმნიდა გამოსაკითხ პირებს.
როგორც თქვენთვის ცნობილია, 2007 წლის 6 ივლისის საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის №84 ბრძანებით დამტკიცებული "საქართველოს კონტროლის პალატის შინაგანაწესის" მე–2 მუხლის თანახმად, განსაზღვრულია საქართველოს კონტროლის პალატაში სამუშაო დროის დასაწყისი და დასასრული. ზემოთ მითითებული მუხლის შესაბამისად, საქართველოს კონტროლის პალატაში სამუშაო დრო, რომელიც წარმოადგენს კალენდარული დროის ნაწილს და რომლის განმავლობაშიც მოსამსახურე ვალდებულია განახორციელოს თავისი სამსახურებრივი უფლება–მოვალეობანი, იწყება 9:30 სთ–ზე და სრულდება 18:30 სთ–ზე. შესაბამისად, არამართებულად მიმაჩნიაადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული წარმოებისას მოწმეთათვის ახსნა-განმარტებების არასამუშაო საათებში ჩამორთმევა და საათობით დაყოვნება გაურკვეველი მიზეზით.
მოწმეების და მათი კანონიერი წარმომადგენლების მხრიდან განსაკუთრებულად მტკივნეულად იქნა აღქმული ადმინისტრაციულ შენობებში შესვლის შემდგომ დაცვის პოლიციის თანამშრომლების მეშვეობით ჩატარებული დეტალური შემოწმება (არ იგულისხმება შემოწმება დეტექტორით), რომლის დროსაც თითოეული მოქალაქე ექვემდებარებოდა როგორც დეტექტორით, ისე ხელით შემოწმებას, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის გახდას, პირადი ნივთების ჩამორთმევას, რაც ცალსახად სცდება ადმინისტრაციულ შენობებში შესაბამისი ფუნქციის შესასრულებლად დაქირავებული დაცვის პოლიციის თანამშრომელთა უფლებამოსილებებს. როგორც ზემოთ აღინიშნა, დაცვის პოლიციის თანამშრომლების მიერ მოქალაქეებს ყოველგვარი სამართლებრივი არგუმენტაციის გარეშე ეზღუდებოდათ პირადი უფლებები. აღნიშნული პირები მოქალაქეებს საშუალებას არ აძლევდნენ გამოსაკითხ ოთახში შეეტანათ პირადი ნივთები (ტელეფონი, საათი, საქაღალდე და სხვა). შემოწმება ანალოგიური სახით უტარდებოდათ ადვოკატებს, რომლებსაც ასევე არ მისცეს საშუალება გამოსაკითხ ოთახში შეეტანათ ჩანთები, რომლებშიც ჰქონდათ საკანონმდებლო აქტები, რაც დაცვის უფლების ხელყოფის ტოლფასია.
შესაბამისად, მოგმართავთ რეკომენდაციით:
ა) მსგავს შემთხვევებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს დაცვის პოლიციის თანამშრომელთა ქცევის კონტროლს, რათა თავიდან იქნას აცილებული ახსნა-განმარტების მისაცემად დაბარებულ პირთა უფლებების არამართლზომიერი შეზღუდვა;
ბ) ახსნა-განმარტებების მისაცემად პირთა დაბარება (გარდა აუცლებელი საჭიროებისა) მოხდეს მხოლოდ სამუშაო საათებში.
ასევე მოგმართავთ წინადადებით, შეისწავლოთ ზემოაღნისნული ფაქტები და დასვათ იმ პასუხისმგებელ პირთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი, რომელთა უშუალო კომპეტენციაშიც შედიოდა შესაბამის ტერიტორიულ ერთეულებში ახსნა-განმარტების მიცემის პროცესში მოწმეთა უფლებების დაცვა.
3. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის გამოყენება - მიგვაჩნია, რომ მიმდინარე პროცესის ერთ-ერთ პრობლემურ საკითხს წარმოადგენდა საკანონმდებლო ბაზის არასრულყოფილება, არაკოდიფიცირებულობა და ბუნდოვანება. სწორედ აღნიშნული იქცა უფლებადაღვევათა არაერთი ფაქტის სათავედ.
ჩვენთვის აბსოლუტურად გასაგებია, რომ კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახური ახალი შექმნილია და სათანადო პრაქტიკა საქმიანობის დაწყების მომენტისათვის არ არსებობდა, თუმცა მიუხედავად ამისა როგორც ხსენებულმა ახსნა-განმარტებების ჩამორთმევის პროცესმა ცხადყო, უკვე თვალსაჩინოდ გამოიკვეთა არაერთი პრობლემა, რომელიც დროულად საჭიროებს გადაწყვეტას.
ერთ-ერთ პრობლემატურ საკითხად შეგვიძლია განვიხილოთ სამართლებრივი ბუნდოვანება, თუ რა პროცედურას ახორციელებს კონტროლის პალატა მოწმისადმი ახსნა-განმარტების ჩამორთმევისას და რომელი საკანონმდებლო აქტითაა რეგლამენტირებული აღნიშნული საკითხი. როგორც კონტროლის პალატიდან მიღებული პასუხით გვეცნობა, ახსნა-განმარტების მიღება ხორციელდება მხოლოდ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზე. მიმაჩნია რომ საკითხისადმი ასეთი დამოკიდებულება არ გამომდინარეობს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებიდან.
მოგეხსენებათ, რომ "საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, კონტროლის პალატა, რომელიც არის სახელმწიფო საფინანსო–ეკონომიკური კონტროლის უმაღლესი ორგანო, ახორციელებს აუდიტს, წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს, საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ ფარგლებში პარტიის დაფინანსებასთან დაკავშირებული კანონმდებლობის დარღვევაზე ადგენს სამართალდარღვევის ოქმს და იღებს დადგენილებას შესაბამისი სახდელის შეფარდების თაობაზე, რომელიც არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და რომელსაც გამოსცემს ადმინისტრაციული კანონმდებლობის შესაბამისად.
2008 წლის 26 დეკემბრის "საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ" საქართველოს კანონის მე–3 მუხლის პირველი პუნქტი.
1999 წლის 25 ივნისის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე–2 მუხლის პირველი ნაწილის "ა" ქვეპუნქტის მიხედვით, "ადმინისტრაციული ორგანოა – ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის და მმართველობის ორგანო ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი" (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს."
2008 წლის 26 დეკემბრის "საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ" საქართველოს კანონის მე–17 მუხლის მე–21 პუნქტისა და 1997 წლის 31 ოქტომბრის "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 341 და 342 მუხლები.
"რიგ შემთხვევებში კანონმდებლობა ადმინისტრაციულ ორგანოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემის ვალდებულებას მოქალაქის განცხადების არარსებობის შემთხვევაშიც აკისრებს. მაგ: საგზაო პოლიციელი ვალდებულია, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის აღმოჩენისას ადმინისტრაციული სახდელი დაადოს მოქალაქეს". იხ. ზ. ადეიშვილი "ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის სახელმძღვანელო", თავი 11, ადმინისტრაციული წარმოება, 235 გვ. გარდა ამისა, იხილეთ სამართალდარღვევის ოქმის ან/და მის საფუძველზე გამოცემული ბრძანების/დადგენილების ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტად მიჩნევასთან დაკავშირებით საქართველოს საერთო სასამართლოების პრაქტიკა.
1999 წლის 25 ივნისის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე–2 მუხლის პირველი ნაწილის "დ" ქვეპუნქტი.
"მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 342 მუხლის მე–9 პუნქტის თანახმად, საქართველოს კონტროლის პალატა ამ მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე ადგენს ოქმს და იღებს დადგენილებას შესაბამისი სახდელის შეფარდების თაობაზე. ამ საქმის მიმართ გამოიყენება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალწარმოების წესები. ამავდროულად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 231–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოების წესი იმ ორგანოებში (თანამდებობის პირთა მიერ), რომლებიც უფლებამოსილნი არიან განიხილონ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები, განისაზღვრება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ამ კოდექსით, საქართველოს რესპუბლიკის სხვა ნორმატიული აქტებით...
ამდენად, მიგვაჩნია, რომ საქართველოს კონტროლის პალატა პარტიის დაფინანსებასთან დაკავშირებული კანონმდებლობის დარღვევაზე სამართალდარღვევის ოქმს და მის საფუძველზე მიღებულ დადგენილებას, რომელიც წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტს, ამზადებს და გამოსცემს როგორც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალწარმოების წესების, ასევე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი წესების გამოყენებით, ვინაიდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის "კ" ქვეპუნქტის დანაწესისამებრ, ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემის [...] მიზნით6.
ადმინისტრაციული კოდექსი ადმინისტრაციული წარმოების რამდენიმე სახეს განასხვავებს. მარტივი ადმინისტრაციული წარმოება, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება და საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციული წარმოების სამი ძირითადი სახეა. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ჩამონათვალი ამომწურავი არ არის და რიგ შემთხვევებში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოსაცემად შესაძლებელია სხვა სპეციალური წარმოების გამოყენება. ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში მითითებულია ადმინისტრაციული წარმოების სამი სხვა სახე: ადმინისტრაციული წარმოება კოლეგიურ ადმინისტრაციულ ორგანოში, ადმინისტრაციული წარმოება ნორმატიული აქტის გამოსაცემად და ადმინისტრაციული წარმოება საჩივრების განხილვასთან დაკავშირებით. ამავე დროს, კოდექსი ცალკე გამოყოფს წარმოების კიდევ ერთ სახეს – ადმინისტრაციულ წარმოებას დამოუკიდებელი ორგანოს მიერ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი შეიცავს ადმინისტრაციული წარმოების განსაკუთრებულ სახეს ადმინისტრაციული სანქციების დადებასთან დაკავშირებით. მიუხედავად ამისა, მარტივი, ფორმალური და საჯარო ადმინისტრაციული წარმოებები ადმინისტრაციული წარმოების სამი ძირითადი სახეა და ყველა სხვა წარმოება ერთ–ერთი მათგანის სახესხვაობაა". იხ. ზ. ადეიშვილი "ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის სახელმძღვანელო", თავი 11, ადმინისტრაციული წარმოება, 231 გვ.
შესაბამისად, მიმაჩნია, რომ კონტროლის პალატის უფლებამოსილი პირის მიერ მოწმისათვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევაზე უნდა გავრცელდეს როგორც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი ნორმები, ასევე ის დებულებები, რომლებიც განსაზღვრულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით და წინააღმდეგობაში არ მოდის სამართალდარღვევათა კოდექსთან.
ხსენებული დებულებების გამოყენება აღნიშნულ პროცესში ბევრ ბუნდოვანებას აღმოფხვრის და დაარეგულირებს ისეთ საკითხებს, როგორიცაა მოწმის მიერ ახსნა განმარტების მიცემა, დამცველისა და წარმომადგენლის მონაწილეობა, წარმოების მასალების გაცნობა და სხვა.
ამავდროულად მოგმართავთ რეკომენდაციით, კონტროლის პალატის მიერ შემუშავდეს გარკვეული ინსტრუქცია (რეგლამენტი), რომელიც იქნება კოდიფიცირებული დოკუმენტი და სადაც დეტალურად გაიწერება მოწმისათვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევის წესი, მოწმის უფლებები, მოწმესთან ურთიერთობის ეთიკური სტანდარტები და სხვა. აღნიშნული დოკუმენტი სავალდებულო ხასიათის მატარებელი უნდა იყოს თქვენთან დასაქმებული მოხელეებისათის და მისი დარღვევა უნდა იწვევდეს დისციპლინურ პასუხისმგებლობას.
4. პირადი საიდუმლოების ხელყოფა, იმ ტიპის ინფორმაციის შეკრებისაგან თავის შეკავება, რომელიც მიზნის მისაღწევად არაპროპორციულია - როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად: "ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, მის ფინანსებთან ან სხვა კერძო საკითხებთან, არავისთვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი თვით ამ ადამიანის თანხმობის გარეშე, გარდა კანონით დადგენილი შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ჯანმრთელობის, სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად."
პირადი საიდუმლოების დაცვა სახელმწიფოს ერთ-ერთ პოზიტიურ ვალდებულებას წარმოადგენს. საქართველოს კონსტიტუციის ხსენებული დებულება რეგლამენტაციას პოულობს სხვადსხვა საკანონმდებლო აქტებში (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, რომელის მესამე თავი ვრცელდება ყველა საჯარო დაწესებულებაზე (მათ შორის კონტროლის პალატაზე), საქართველოს საგადასახადო კოდექსი (საგადასახადო საიდუმლოება) და სხვა) და განსაკუთრებულ ადგილს უთმობს პირადი საიდუმლოების დაცვას.
პირადი საიდუმლოების განსაჯაროებას კონსტიტუცია დასაშვებად მიიჩნევს მხოლოდ იმ პირის თანხმობის შემთხვევაში, ვის შესახებაც არსებობს დაცული ინფორმაცია.
როგორც მოგეხსენებათ კონტროლის პალატამ არაერთხელ გაასაჯაროვა მოწმეთა ახსნა განმარტებები, რომელბიც შეიცავდა მოწმეთა და მათი ოჯახის წევრთა პირად საიდუმლოებას მიკუთვნებულ ინფორმაციას, რაც დაკავშირებული იყო როგორც მათ ფინანსებთან, ასევე ჯანმრთელობასთან.
ჩვენს მიერ კონტროლის პალატისგან გამოთხოვილ ინფორმაციაზე, ჰქონდათ თუ არა თანხმობა კონკრეტული პირებისაგან ინფორმაციის გასაჯაროებაზე - გვეცნობა, რომ საქართველოს კონტროლის პალატის მიერ ადმინისტრაციული საქმის წარმოების პროცესში სხვადასხვა პირებისაგან მიღებული ახსნა–განმარტებები არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის მასალები, რომლის საჯაროობის წესს გამჭვირვალობის პრინციპის გათვალისწინებით ადგენს საქართველოს კონტროლის პალატა.
მიგვაჩნია, რომ კონტროლის პალატის აღნიშნული მიდგომა წინააღმდეგობაში მოდის როგორც საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტთან, ასევე ეწინააღმდეგება ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსს. კონტროლის პალატამ ნებისმიერი პირადი საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გასაჯაროებისას მკაცრად უნდა დაიცვას როგორც კონსტიტუციის, ასევე ზოგადი დმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები და ინფორმაცია საჯარო გახადოს მხოლოდ შესაბამისი პირის თანხმობის არსებობის შემთხვევაში.
ჩვენს მიერ მიღებული ინფორმაციის თანახმად, მოწმედ დაკითხული პირები და მათი ადვოკატები აცხადებდნენ, რომ ხშირ შემთხვევაში კონტროლის პალატის უფლებამოსილი პირები მათგან მოითხოვდნენ ისეთი ტიპის ინფორმაციას, რომელიც არანაირ კავშირში არ იყო გამოსაკვლევ საკითხთან. ჩვენს მიერ შესწავლილი ახსნა-განმარტებებიდან, რომლებიც არაიდენტიფიცირებადი სახით მოგვეწოდა კონტროლის პალატიდან, დასტურდება იმ ტიპის ინფორმაციის შეგროვებაც, რომელიც არანაირ კავშირში არაა გამოსაკვლევ საკითხებთან, მათ შორის აღსანიშნავია ინფორმაცია პირის ნასამართლობის შესახებ, პოლიტიკური შეხედულებების შესახებ და სხვა. ადვოკატთა ნაწილი აცხადებდა, რომ მათ არ მიეცათ საშუალება შენიშვნები დაერთოთ ახსნა-განმარტებებზე, რასაც განიხილავდნენ როგორც მათი საქმიანობის შეზღუდვად.
მოწმეთა ნაწილი ასევე მიუთითებდა მათ მიმართ კონტროლის პალატის მოხელეთა მხრიდან უხეშ მიმართვასა და კომუნიკაციის არასასურველ ფორმაზე. აღნიშნული საკითხის დადასტურებულად მიჩნევა ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციებით ცალსახად შეუძლებლად მიმაჩნია, თუმცა მსგავსი ინფორმაციის გავრცელება მიმაჩნია რომ უარყოფითად აისახება მიმდინარე პროცესზე. მიმაჩნია, რომ თქვენს მიერ დეტალურად უნდა გადამოწმდეს ყველა მსგავსი ფაქტი და თუ მსაგვის შემთხვევა დაფიქსირდება მოჰყვეს სათანადო რეაგირება.
გამომდინარე აღნიშნული მსჯელობიდან, მოგმართავთ წინადადებით, შეისწავლოთ ყველა ის ფაქტი, რომელიც დაკავშირებული იყო 2012 წლის მარტსა და აპრილში მოწმეთა ახსნა-განმარტებების გამოქვეყნებასთან და სათანადო წესით გაფორმებული თანხმობის არარსებობის შემთხვევაში დისციპლინური წესით დასაჯოთ შესაბამისი მოხელეები, რომლებმაც უზრუნველყვეს ახსნა-განმარტების მიმცემთა პირადი საიდუმლოების ხელყოფა.
მოგმართავთ რეკომენდაციით, უზრუნველყოთ მოწმეთათვის ახსნა-განმარტებების ჩამორთმევის სრული პროცესის ვიდეო და აუდიო ფიქსაცია, რომლის შესახებ წინასწარ ეცნობება ახსნა-განმარტების მიმცემ პირებს. აღნიშნული საშუალებას მოგცემთ თავიდან იქნას აცილებული როგორც არასწორი ინფორმაციის გავრცელება, ასევე უზრუნველყოთ კონტროლის პალატის მოხელეთა ქცევის კონტროლი.
5. პროცესთა საჯაროობა და მედია საშუალებები - საკითხთა შესწავლის დროს ჩვენი მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პროცესის საჯაროობასა და მედია საშუალებებისათვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საკითხს.
მედია საშუალებების ზოგიერთი წარმომადგენელი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავდა, რომ მათ შეეზღუდათ პროფესიული საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა.
როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის თანახმად: "ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, გამოთქვას და გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებით."
აღნიშნული დებულება აწესებს კონსტიტუციურ გარანტიებს ჟურნალისტური საქმიანობისათვის. ამავდროულად ინფორმაციის თავისუფლად მიღების უფლება არ გულისხმობს სახელმწიფო ორგანოებს მიერ განხორციელებულ ნებისმიერ პროცედურებზე ჟურნალისტთა ან სხვა დაინტერესებულ პირთა დასწრების უზრუნველყოფას.
მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ ჩვენს მიერ ვერ დადგინდა ჟურნალისტებისათვის მოწმეთა ახსნა-განმარტებების ჩამორთმევის პროცესზე დასწრების საშუალების არ მიცემის გამო მათი უფლებების დარღვევის ფაქტი, მიგვაჩნია რომ ის ფორმა, რა სახითაც კომუნიკაცია ხდებოდა ჟურნალისტებთან არ შეიძლება განხილული იქნეს როგორც საუკეთესო პრაქტიკა.
ჟურნალისტები სამართლიანად გამოთქვამდნენ პროტესტს იმასთან დაკავშირებით, რომ იმ ადმინისტრაციულ შენობებში, სადაც როგორც წესი ყოველგვარი დამატებითი ბარიერების გარეშე დაიშვებოდნენ, კონკრეტული საქმისწარმოების დროს დაუწესდათ შეზღუდვები. აღნიშნული კუთხით, მნიშვნელოვნად მივიჩნევ კონტროლის პალატის მიერ გატარდეს სათანადო ღონისძიებები, რათა მედია საშუალებების დაინტერესებულ წარმომადგენლებს მიეცეთ ხელმისაწვდომობა სრულყოფილ ინფორმაციაზე მიმდინარე პროცესის შესახებ, თუ ასეთი ინფორმაცია არ შეიცავს სახელმწიფო, კომერციულ ან პირად საიდუმლოებას.
იმედს გამოვთქვამ, რომ აღნიშნულ დოკუმენტში ასახული რეკომენდაციები და წინადადებები გათვალისწინებული იქნება თქვენს მიერ, რაც დადებითად წაადგება ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მდგომარეობის გაუმჯობესებას საქართველოში.
ამავდროულად, გატარებული ღონისძიების თაობაზე, გთხოვთ მაცნობოთ "საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლით დადგენილ ვადაში", - ნათქვამია სახალხო დამცველის მიმართავში.